უკვე ცნობილია იმ მღველმთავრების ვინაობა, რომლებიც, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ახლად შექმნილ ეპარქიებს უხელმძღვანელებენ. როგორც წმინდა სინოდის განჩინებაშია აღნიშნული, მცხეთა-თბილისის ეპარქიას გამოეყოს გარდაბნის რაიონი და შეიქმნას გარდაბნის ეპარქია. მანგლისისა და წალკის ეპარქიის ნაცვლად შეიქმნას ორი ეპარქია მანგლისისა და თეთრიწყაროს და მეორე აგარა-წალკის ეპარქია. ურბნისისა და რუისის ნაცვლად ჩამოყალიბდეს რუისისა და ურბნისის ეპარქია და სურამისა და ხაშურის ეპარქია. სამთავისისა და გორის ეპარქია ჩამოყალიბდეს გორისა და ატენის და სამთავისისა და კასპის ეპარქიად. რუსთავისა და მარნეულის ეპარქიების რეორგანიზაციით შეიქმნას რუსთავის ეპარქია, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია.
სხდომაზე წმინდა სინოდმა ასევე იმსჯელა ორი ეპისკოპოსის თხოვნის საკითხზეც.
"წმინდა სინოდმა მოისმინა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტ თადეოზ იორამაშვილის თხოვნა ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების შესახებ და დაადგინა, მაღალყოვლადუსამღდელოესობის მიტროპოლიტი თადეოზი გათავისუფლდეს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მმართველობიდან და დაინიშნოს საქართველოს საპატრიარქოს ლიტურგიკული კომისიის წევრად და განესაზღვროს სტატუსი, ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს მარაბდელი მიტროპოლიტი. წმინდა სინოდმა ასევე მოისმინა მარგვეთისა და ზესტაფონის მიროპოლიტ ვახტანგ ახვლედიანის თხოვნა, ეპარქიიდან გათავისუფლების შესახებ და დაადგინა მაღალყოვლადუსამღდელოესი მიტროპოლიტი ვახტანგი გათავისუფლდეს მარგვეთისა და ზესტაფონის მმართველობიდან და დაევალოს შვედეთში ქართული სამრევლოების ჩამოყალიბება და მასზე მზრუნველობა. განესაზღვროს სტატუსი ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს ცურტაველი მიტროპოლიტი". - აღნიშნულია განჩინებაში.
წმინდა სინოდმა, მთავარეპისკოპოს დავით ტიკარაძის საკითხის შესახებ დაადგინა, რომ იგი დაინიშნოს საპატრიარქოს სიწმინდეების მოძიებისა და დაცვის კომისიის წევრად. განესაზღვროს სტატუსი ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს ადიშელი მთავარეპისკოპოსი.
სინოდის სხდომაზე ასევე განიხილეს სამღდელმთავრო კანდიდატების საკითხი და დაადგინეს, რომ არქიმანდრიტი მიქაილ გაბრიჭიძე გამორჩეული იქნას თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსად. არქიმანდრიტი დიმიტრი კაპანაძე გამორჩეული იქნას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსად, იღუმენი დამიანე ხუფენია გარჩეული იქნას სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსად, იღუმენი გიორგი ჯანდელიანი მარნეულისა და უჯარმის ეპისკოპოსად, იღუმენი სიმონ ცაკაშვილი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსად, მღდელმონაზონი იოანე შომახია აგარა-წალკის ეპისკოპოსად, მღდელმონაზონი გრიგოლ კაცია მარტოფისა და გარდაბნის ეპარქიის ეპისკოპოსად.