სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ამ წუთებში დასრულდა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილ სტუმრებსა და მრევლს ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა სვეტიცხოვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ჩვენ ვდგევართ იმ წმინდა ადგილზე, სადაც დაფლულია უფლის კვრათი და წმინდა ილია თერბიტელის ხალენი. ჩვენ ვდგევართ ისეთ ადგილზე, სადაც მრავალი ქართველის სისხლი დაღვრილა და სადაც მრავალი მეფეები და პატრიარქი განისვენებს. დღეს ცა და დედამიწა ზეიმობს რა უნდა ვთხოვოთ უფალს? მადლი რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულოვანთა აღმავსებელი". - აღნიშნა კათოლიკოს- პატრიარქმა.
ილია მეორემ ისურვა, რომ არ დავკარგოთ მადლი და წყალობა უფლისა. კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას ასევე აღნიშნა, რომ ყოველ ადამიანს და ერს აქვს თავისი ბედი. მისივე თქმით, ღმერთი ხედავს ადამიანის გულს და როცა ადამიანს გული წმინდა აქვს, მას მიენიჭება დიდი მადლი.
"ღმერთი ადამიანის გულს ხედავს, ჩვენ არ უნდა დავკრგოთ უფლისგან მონიჭებული და თვალისჩინივით გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს - ეროვნებას, ენას, მართლმადიდებელ სარწმუნოებას, იმ დროს როდესაც დედამიწაზე ასეთი ცვლილებები ხდება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით. ჩვენ უნდა წავიდეთ სრულყოფისაკენ, მაცხოვარი ამბობს, იყავით სრულყოფილი ვითარცა მადლი ჩვენი სრულყოფილ არს. მამაზეციერის მსგავსად სრულყოფას ადამიანი ვერ მიაღწევს, მაგრამ ეს სიტყვები მეტყველებს, რომ ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელია. ისეთი საქმეები უნდა გავაკეთოთ, რომ სრულყოფა გაგრძელდეს ზეციურ ქვეყანაში" . - აღნიშნა უწმინდესმა.