reportiori.ge - ვალერი გელბახიანი „ნაციონალური მოძრაობის“ 21 მარტის აქციის ჩანაფიქრებს შიფრავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:36
ინტერვიუ
ვალერი გელბახიანი „ნაციონალური მოძრაობის“ 21 მარტის აქციის ჩანაფიქრებს შიფრავს
20 მარტი, 2015. 06:48


 

- ბატონო ვალერი, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ 21 მარტს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის სცენარებს გვიხატავენ. რეალურად, რის მოლოდინი უნდა გვქონდეს 21 მარტის აქციისგან?

 

 

- ის მოლოდინი, რომელსაც ამ აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ქმნიან,  ჩვეულებრივი პიარ-ტექნოლოგიის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ვაღიაროთ, რომ შეძლო „ნაციონალურმა მოძრაობამ" შეძლო, რომ საკმაოდ საინტერესო გაეხადა საზოგადოებისათვის და პოლიტიკური წრეებისთვის ეს აქცია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, არც არაფერს არ გეგმავდნენ.  

 

 

რაც შეეხება ამ აქციის საფრთხეს, ან საშიშროებას - საამისოდ ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ. 21 მარტს, უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთხელ დააფიქსირებს, რომ ის არის ერთადერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი,  მობილიზება გაუკეთოს საზოგადეობის რაღაც ნაწილს, დააყენოს პოლიტიკური მოთხოვნები და გამოიყენოს ყოველგვარი რესურსები, რათა აიძულოს ხელისუფლება გადაადგმევინოს ესა თუ ის ნაბიჯი.

 

 

ამ შემთხვევაში, მათი მოთხოვნა, ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით,  წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა. ეს არის უბრალო მოთხოვნა, რომლის უკანაც ვერ ვხედავ შედეგს. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ისედაც კარგად იცის, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

 

 

- მაშინ, რა მიზანი ამოძრავებს „ნაციონალურ მოძრაობას", რა გამოდის?

 

 

- „ნაციონალურ მოძრაობას" უნდა ეს მთავრობა გადაარჩინოს, იმდენად, რამდენადაც მას სურს, რომ უუნარო მთავრობა მართავდეს ქვეყანას.

 

 

-რას გულისხმობთ?

 

 

- ხელისუფლების შენარჩუნებით „ნაციონალურ მოძრაობას"  შანსი ეძლევა, გაზარდოს მხარდამჭერთა რიცხვი და უცხოეთში მოიპოვოს უფრო მეტი პოპულარობა.  მათ დაწყებული ჰქონდათ რეფორმები, რომლითაც თავი მოსწონდათ და რომელსაც მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა საერთაშორისო ინსტიტუტების დონეზე, ამიტომ, ვინაიდან მათ რეფორმებს ახალი ხელისუფლების პირობებში დაემუქრა საფრთხე, მიიღეს მთავარი გზავნილი -  აუცილებლად გაგრძელდეს დაწყებული რეფორმები, ყოფილი ხელისუფლების დაბრუნების გზით.

 

 

გამოდის, რომ  რაც უფრო დიდხანს იქნება ეს ხელისუფლება მთავრობაში, მით უფრო დიდი შანსი ექნება „ნაციონალურ მოძრაობას"  მიზნებს დაუახლოვდეს, ამით კი დასავლეთს  უფრო და უფრო დაარწმუნებენ, რომ ყოფილი ხელისუფლებაა ერთადერთი და განუმეორებელი ხელისუფლება, რის გამოც მას ხელი უნდა შეეწყოს მთავრობაში  დაბრუნებაში. ეს არის „ნაციონალების" გათვლები, რაც საკმაოდ სწორი გათვლაცაა მათთვის.

 

 

ჩემი ინფორმაციით, მაღალ პოლიტიკურ წრეებში გაჩნდა  მოსაზრება, რომ საჭიროა სამთავრობო ცვლილებები, რათა საზოგადეობამ მიიღოს კიდევ ახალი იმედები.  იმედგაცრუებული ხალხი, უკვე, ამ მთავრობის შემყურე, კიდევ უფრო აგრესიული ხდება და უფრო და უფრო მეტ ტყუილად ეჩვენებათ ნებისმიერი ლიდერის დაპირება.

 

 

როგორც ვიცი, თავად ივანიშვილია უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილი - მას ხალხი ენდო, მაგრამ მისმა შემქნილმა გუნდმა ვერ გაამართლა, ამიტომ  მას უნდა რომ მდგომარეობა გამოასწოროს. გუნდის შიგნით, დღის წესრიგის  საგნადაა ქცეული მთავრობის შეცვლა. როგორც კი ამის თაობაზე გაიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ", მაშინვე წავიდა ამ მთავრობის  ტექნოლოგიურ შენარჩუნებაზე. ამიტომაც გამოდიან ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, რასაც ვერც ერთ მსურველს, რომელსაც შეუძლია რეალურად შეცვალოს მთავრობა, ვერ გააკეთებინებ ამ ეტაპზე. ამ სახით, პრაქტიკულად, ბლოკავს მთავრობის შეცვლის საკითხს „ნაციონალური მოძრაობა".

 

 

რა თქმა უნდა, მოთხოვნის შინაარსში ემთხვევა მათი ინტერესები, მაგრამ თუ  „ნაციონალების" მოთხოვნით ხელისუფლება შეიცვლება, ამით „ნაციონალები" იმარჯვებენ,  მათ მიეწერებათ ეს და მეტი მხარდამჭერი გაუჩნდებათ, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ამიტომ „ნაციონალების" ეს მოთხოვნა არ უნდა შესრულდეს!

 

 

- ამით რა შედეგს ვიღებთ?

 

 

- შედეგად მივიღებთ იმას, რომ კვლავ ეს მთავრობა შეგვრჩება ხელში და ისევ უშედეგო და უიმედო პროცესები გველის წინ... „ნაციონალური მოძრაობის" ნებას კი არ უნდა აჰყვეს ხელისუფლების ის ნაწილი, რომელიც ითხოვს რეფორმებს და მუდმივ ცვლილებებს, არამედ თავისი გზით უნადა იაროს. დღეს თავად ივანიშვილია ერთადერთი გამოსავალი, თუ დაბრუნდება ხელისუფლებაში და შეცვლის მთავრობას,  მაშინ უკვე „ნაციონალურ მოძრაობასთან" აღარ იქნება დაკავშირებული ეს პროცესები!

 

 

- რა ხდება, მართვის პრობლემაა?

 

 

- რა თქმა უნდა. რატომ არ შეიცვალა სტრუქტურები, რატომ დარჩა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილი მართვის სტრუქტურები? ამ ყველაფერს რომ უცვლელს დატოვებ, მერე არ უნდა გაგიკვირდეს შექმნილი სიტუაცია. ერთპარტიულ მმართველობაზე შექმნილი სისტემა უნდა შეცვლილიყო.   მე გეტყვით რამდენიმე სამინისტროს, რომლებიც საერთოდ არ არის საჭირო. ვერ ვხვდები, რა საჭიროა ციხეების სამინისტრო. რატომ უნდა ჰყავდეს პატიმრების მინისტრი დემოკარტიულ  ქვეყანას.  რა საჭიროა?! პატიმრების ქვეყანაა და მინისტრი სჭირდება? სამარცხვინოა! რად უნდა მინისტრი ციხეების მართვას? დეპარტამენტი იყო და  უნდა დარჩეს დეპარტამენტად.  ეს სამინისტრო თავის დროზე ბაჩო ახალაიას შეუქმნა სააკაშვილმა და დარჩა და დარჩა. მეორე, ინფრასტრუქტურის სამინისტრო რა საჭიროა, ამიხსნას ვინმემ?! ხომ გვაქვს ეკონომიკის სამინისტრო, ამ უწყებას უნდა  დაექვემდებაროს ეს სამისნიტროც!

 

 

- ბატონო ვალერი, ამ ქვეყანაში, ისე არაფერი არ ხდება, თუ საერთაშორისო დონეზე არ აქვს  მხარდაჭერა. რამდენად აქვს 21 მარტს საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერა?

 

 

- 21 მარტს, „ნაციონალური მოძრაობა" ეცდება ჩაჯდნენ კონსტიტუციიურ ფარგლებში, რომ მოიპოვონ მეტი მხარდაჭერა. რაიმე სახის  პორვოკაციული ქმედებები რომ განხორციელდეს, ეს თავისთავად მიეწერება ხელისუფლებას, ვინმემ ვინმეს რომ უბრალოდ პომიდორი ესროლოს, ესეც კი ხელისუფლებას დაბრალდება, რითაც „ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს მხარდაჭერას. ნებისმიერი რამ, რაც იმ დღეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს გასცდება, „ნაციონალები" წისქვილზე დაასხამს წყალს და ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას მსგავსი რამ.

 

 

ხელისუფლების ადგილზე, ყველანაირ ზომებს მივიღებდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დამეტოვებინა მარტო, თავის წმინდა პარტიულ ჩარჩოებში, მაგრამ რასაც ვხედავ, ყველაფერი პირიქითაა. არ ზრუნავს ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის" მარტო დატოვებაზე. დატოვეთ ეს პარტია მარტო და მარტოდდარჩენილი „ნაციონალური მოძრაობა" ვერაფერს ვერ  გაბედავს, დაიწყებს აქციას, დაამთავრებს და წავა სახლში.

 

 

- დაანონსებულ 21 მარტის აქციას გაგრძელება ექნება?

 

 

- 21 მარტი, მე დასაწყისი მგონია. არ იქნება განგრძობადი ხასიათის, იქნება საინფორმაციო ხასიათის. რაიმე ვადას მისცემენ ხელისუფლებას, რა ვადაშიც მოსთხოვენ ხელისუფლებას შეასრულოს ყველა ის მოთხოვნა, რასაც წაუყენებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იტყვიან, რომ ამა და ამ დროს მოვალთ, შევიკრიბებით და დავიშლებითო. 21 მარტის აქცია იქნება გამაფრთხილებელი, ხოლო გენერალურს ამის მერე დაგეგმავენ და მერე დაიწყება პერმანენტული აქციები. ამას ველოდები 20 აპრილიდან - მაისის ბოლომდე. ამ პერიოდში  შეეცდებიან  მდგომარეობის დაძაბვას, დაიწყება პალამენტის მუშაობის პარალიზება, რომ მერე ეს კრიტიკული მომენტები გამოიყენონ ვადამდელი არჩევნებისთვის,  მთავრობის დათხოვნისთვის, ან კიდევ რევოლუციისთვის.

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016