სასტუმრო „ვინოტელში" „ქართული სიძველეების კვლევის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდსა" და კომპანია „ქართულ თექას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს „ქართული სიძველეების კვლევის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის" მხრიდან ხელი ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ვიცე-პრეზიდენტმა, მისმა სამეფო უმაღლესობამ პრინცესა ანა ბაგრატიონ- გრუზინსკიმ მოაწერა, „ქართული თექას" მხრიდან კი - ქ/ნ ქეთევან გაგნიძემ.
„ქართული სიძველეების კვლევის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის" მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს „ქართული თექას" მიერ შექმნილ უნიკალურ ნამუშევრებს.
საქართველოში თექის დამუშავებას დიდი ისტორიული ტრადიციები გააჩნია. არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი თექის ფრაგმენტები ქრისტეშობამდე მეორე ათასწლეულით თარიღდება.
2011 წელს გაკეთდა განაცხადი, „იუნესკოს" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში წარდგენილ იქნას ქართული თექის წარმოების ტექნოლოგია.
„ქართული თექას" ნამუშევრები ეკოლოგიურად სუფთა და სამკურნალო თვისების მატარებელია. ბოლო დროს ,,ქართული თექას" ნაწარმმა ახალი სახე მიიღო. შენარჩუნებულია ტრადიციული ტექნოლოგია, ყოველივე ამან კომპანიის პროდუქციას უნიკალურობა მიანიჭა. თითოეული ნიმუში, კომპოზიციებით, დიზაინით და ფერთა გადაწყვეტით, ექსკლუზივია. ის აღიარება, რასაც დღეს კომპანია „ქართულმა თექამ" მიაღწია, იძლევა იმის წინაპირობას, რომ ისტორიულად ქართულმა ფენომენმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს საგამოფენო სივრცეში.