პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ჩაშლილ მოლაპარაკებებს განიხილავენ. თორმეტი არასაპარლამენტო პარტია, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოს არასამთავრობოებთან შეხვერდას გამართავს. განხილვის მთავარი თემა, წინასაარჩევნო გარემო და პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება.
"ჩვენ ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომლებიც მოლაპარაკებების პროცესში შეიქმნა. შევხვდებით იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც შეხვედრებს ესწრებოდნენ და მიღწეული შეთანხმებები ახსოვთ. მათი მხარდაჭერის მიღების იმედი გვაქვს, რადგან ეს შეიძლება გახდეს გადამწყვეტი, შემდეგი პროცესის განვითარებისთვის", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
არასაპარლამენტო ოპოზიციის მმართველ გუნდთან დავის საგანს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში" დაგეგმილი ცვლილებები წარმოადგენს. კერძოდ, საუბარია პარტიებისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსების გაზრდის საკითხზე და კანონში იმგვარი ცვლილებების განხორციელებაზე, რომლის საფუძველზეც, ფინანსებს პარლამენტს გარეთ მყოფი პარტიები მიიღებენ. ამ საკითზე ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში პოლიტიკურმა სუბიექტებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება ჩაიშალა. კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" პარტიების დაფინანსების საკითხი თვითთმართველობის არჩევნებისთვის გადადო.