reportiori.ge - ბერა ივანიშვილი: „დედამიწის ზურგზე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჩემი ოჯახია“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:26
ინტერვიუ
ბერა ივანიშვილი: „დედამიწის ზურგზე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჩემი ოჯახია“
ავტორი:
23 მარტი, 2015. 14:39



ჰოლივუდის ელიტაში ის ახალი და საინტერესო სახეა. ხშირად ჩნდება „წითელ ხალიჩებზე" და ყურადღებას იპყრობს. ბევრმა არ იცის,რომ ქართველია, მაგრამ თავისი წარმომავლობისთვის ხაზგასმა არასოდეს ავიწყდება. ბერა ივანიშვილს ყოველთვის და ყველგან განიხილავენ. ქართული „OK!" ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავს ლოს-ანჯელესში გამგზავრების წინ ეწვია და მისი ცხოვრების შესახებ ექსკლუზიური დეტალები შეიტყო. სად გაიცნო რეპერმა რიანა, ვინ ესწრებოდა მის დახურულ წვეულებას MTV-ს დაჯილდოების პრეფართიზე, რა აკავშირებს მომღერალს „ვივიენ ვესტვუდთან" და რამდენად დიდია მისი ყოფილი გატაცებების სია - ყოველივე ამის შესახებ, ბერა ივანიშვილიGRAMMY 2015-ის დაჯილდოეაზე გამგზავრებამდე გვესაუბრა.


ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი ბოლო წლებია საკუთარ კარიერაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ზრუნავს. დღესასწაულები სამშობლოში, ოჯახთან ერთად გაატარა. როგორც წესი, რამდენიმე კვირით ჩამოდის ხოლმე, მაგრამ 2 თვის მანძილზე მაინც რჩება.


- ბერა, ახალი წელი საქართველოში გაატარეთ და ისევ მიემგზავრებით. ამჯერად საით აიღეთ გეზი?

 

- ლოს-ანჯელესში მივფრინავ. თუმცა მომდევნო თვეებს ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკს შორის გავატარებ. ბევრი გეგმა მაქვს. წელს ჩემს კარიერაში, ალბათ, ყველაზე დატვირთული პერიოდი იქნება. პირველი ღონისძიება, რომელსაც აშშ-ში დავესწრები, Grammy 2015-ია. თუმცა ამ შემთხვევაში, არა ნომინანტის სტატუსით. საღამოს მეგობრებთან ერთად დავესწრები. ამის შემდეგ, New York Fashion week-ზე მივდივარ. პარალელურად, ჩემს ახალ ალბომზე ვაგრძელებ მუშაობას, რომლის დაახლოებით 40 % უკვე დასრულებულია. ლოს-ანჯელესში home studio მაქვს მოწყობილი და აქტიურად ვმუშაობ ჩაწერებზე. ჩემი შემოქმედების ძირითადი ნაწილი იქ იწერება. მყავს სტაბილური გუნდი, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობს. როდესაც საქმე ალბომს ეხება, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი სწორად შერჩეული გუნდია.

 

- ამბობენ, შტატებშიც ბევრმა გაიცნო თქვენი მუსიკა და მსმენელები იქაც გყავთ. ინტერნეტსივრცეში თქვენი და ჰოლივუდელი ვარსკვლავების ბევრი ფოტო ვრცელდება.


- უახლოეს მომავალში ბევრ კოლაბორაციას ვგეგმავ. ჯერ კონკრეტულ შემსრულებლებს არ დავასახელებ, მაგრამ გპირდებით, რომ მალე რამდენიმე ცნობილ სახელსაც გაიგებთ. ადრე დუეტებს არ ვწერდი, მაგრამ დღეს უკვე მაქვს რამდენიმე კოლაბორაცია. ამ შემთხვევაში, დამოუკიდებელი არტისტის სტატუსით ვმუშაობ. არც Sony-სთან და არც Universal-თან არ ვთანამშრომლობ, მაგრამ მაქვს დამოუკიდებელი ხელშეკრულებები.


- ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ საკუთარ Public imoge-ს ლოს-ანჯელესში ვინ ზრუნავს თქვენს იმიჯზე?

 

- საქართველოში ძირითადად დედაჩემის რჩევებს ვითვალისწინებ. აშშ-ში სხვადასხვა სტილისტებთან ვთანამშრომლობ. ხშირად ხდება, როდესაც დიდ ღონისძიებებს ვესწრები. სხვადასხვა ბრენდებთან ვთანამშრომლობ. თუ საზოგადოებაში ხშირად ჩნდები, ყოველთვის აქცევენ ყურადღებას შენს ჩაცმულობას. სტილს, მე რომელიღაც გამორჩეული ბრენდი არ მაქვს.

 

- ყოველთვის აქტუალური თემაა თქვენი და Hollywood-ელი ვარსკვლავების ფოტოები. ინტერნეტში ძალიან პოპულარულია თქვენი და რიანას ფოტოები. სად გაიცანით რიანა?

 

- რიანა დაახლოებით 5-6 წლის წინ გავიცანი. სხვათა შორის, ბევრი ძველი ფოტო დევს ინტერნეტში. მას მერე ძალიან გავიზარდე. რიანათან ერთად გადაღებული ფოტო ძალიან ძველია. მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ გავიცანი, მასთან განსაკუთრებული ახლო ურთიერთობა არ მქონდა. მოგვიანებით New York Fashion Week-ზე შევხვდით და სწორედ ამის შემდეგ დამპატიჟა Diamond Ball-ზე. ეს კერძო საქველმოქმედო წვეულებაა. მართალია, ერთმანეთს ყოველდღე არ ვხვდებით და მიმოწერა არ გვაქვს, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადამიანია ჰოლივუდში, რომელიც ყოველთვის ძალიან კარგად მხვდება.


- ბოლოს ერთ-ერთ წვეულებაზე  ჯასტინ ბიბერთან ერთად გადაგიღეს. ამავე საღამოზე იყვნენ მისი მეგობარი გოგო, კრის ბრაუნი და კიდევ არაერთი ვარსკვლავი...

 

- ეს ჩემი წვეულება იყო, რომელიც MTV-ს დაჯილდოების წინ გავაკეთე. საღამო მე, კრის ბრაუნმა და პია მიამ მოვაწყვეთ. სამივემ საკუთარი სტუმრები მოვიწვიეთ, ვერ გეტყვი, ჯასტინ ბიბერი ვისი მხრიდან იყო, მაგრამ მასთან ერთად საღამოს ძალიან ბევრი ცნობილი სახე დაესწრო. მანამდეც, შევხვედრივართ ერთმანეთს, თუმცა ოფიციალურად იქ გავიცანი. მე მგონი, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს MTV-ს დაჯილდოების წინა ღამეს მოხდა და Pre Party გამოგვივიდა.


- ჰოლივუდში დიდი სანაცნობო წრე, ალბათ, დასახული გეგმების განხორციელებაშიც დაგეხმარებათ. არ გაშინებთ ასეთი საჯარო ცხოვრება?

 

- ის იდუმალება, რაც მაიკლ ჯექსონის დროს იყო, როდესაც არტისტის პირადი ცხოვრება ფარდის უკან რჩებოდა, დღეს დაკარგულია. თითქოს ყველა რაღაც დიდი რეალითი შოუს ნაწილები ვართ და ჩვენს შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. ადამიანებს აღარ ჰყოფნით მხოლოდ ჩვენი შემოქმედება. მათ ჩვენი პირადი ცხოვრების დეტალები სჭირდებათ. სოციალურ ქსელშიც  ყველაზე მეტ მოწონებას პირადული ფოტოები იმსახურებს და არა რომელიღაც CD-ს ქავერი. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს მსმენელს ყველაფერი მივცე, ნაკლებად მზღუდავს ის, რომ ვიღაცას ჩემი პირადი აინტერესებს. მე და ჩემს ოჯახს დასამალი არაფერი გვაქვს, ასე რომ, თუ ვინმეს ჩემი სახელის „გაშავება" უნდოდა, ეს ვერც აქამდე მოახერხა და ვერც ამის შემდეგ მოახერხებს. როდესაც საკუთარი პრინციპები გაქვს, არაფრის დამალვა არ გჭირდება. რა თქმა უნდა, არის პერიოდი, როდესაც განმარტოება მინდა, მაგრამ მივეჩვიე ყურადღებას.

 

- პირადულ შეკითხვებს რაც შეეხება... თავს არიდებთ ხოლმე ხალხის ინტერესს?


- არც ამ თემასთან დაკავშირებით ვმალავ რაიმეს. რა თქმა უნდა, კონკრეტულ სახელებს არასოდეს ვამბობ, მაგრამ ჩემ გვერდით არაერთი ქალი ყოფილა. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემთან სიყვარული ჯერ არ მოსულა. ის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის, როგორც ჩემი მშობლების შემთხვევაში. მე ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ირგვლივ მუდამ სიყვარული და ოჯახური იდილია იყო. ჩემთვის სანიმუშო ადამიანი ყოველთვის მამაჩემი იყო. მისგან ვიღებდი მაგალითს. ასე რომ, ვიცი - სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის. რაც შეეხება ჩემს წარსულ გატაცებებს, ამაზე საუბარს არასოდეს ვერიდებოდი, მაგრამ არავის სახელს არ ვახსენებ. საკუთარ პირადზე ყოველთვის შემიძლია საუბარი, მაგრამ სხვის პირადზე ვერასოდეს ვილაპარაკებ. არაფერი გამიკეთებია ისეთი, რასაც დღეს ვნანობ.


- მუსიკალური სივრცის გარდა, ვიცი, რომ კინოინდუსტრიაში და მოდის ბიზნესშიც აპირებთ ჩართვას. რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?

 

- რაც შეეხება კინოს, ცნობილი რეჟისორი - სპაიკ ლი და მისი ძმა იღებენ ახალ ფილმს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ამჯერად მოლაპარაკებების პროცესში ვართ.  სცენარს უკვე გავეცანი და ძალიან მომეწონა. რა თქმა უნდა, აჟიტირებული ვარ - ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი კინოროლი იქნება. ვინაიდან მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, ფილმის დეტალებს ჯერჯერობით ვერ გავაჟღერებ. კიდევ ერთი გეგმა მოდის სამყაროს უკავშირდება. ამ სფეროში ჯერჯერობით დამწყები ვარ და კიდევ ბევრ რამეს ვსწავლობ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მუსიკა, მოდა, კინო - ეს ყველაფერი ძალიან მაინტერესებს. როგორც უკვე ვთქვი, ვიზუალს უდიდესი ყურადღება ექცევა და Fashion-იც ამისი ნაწილია. ჩემდაუნებურად, ისეთ სიტუაციებში აღმოვჩნდი და ისეთი შემოთავაზებები მივიღე, რომ ამ მიმართულებითაც დავიწყე ფიქრი. ახლო მომავალში, ალბათ, სხვადასხვა ბრენდებთან ვითანამშრომლებ. თუ ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, შესაძლოა რომელიღაც ბრენდის სახე გავხდე, მაგალითად, მარტში, მოდის კვირეულზე „ვივიენ ვესტვუდთან" ვაპირებ თანამშრომლობას. მისი წარმომადგენლობა დამიკავშირდა და La Fashion Week-ზე სწორედ მასთან ვითანამშრომლებ. ჩემს თავს მოდელს ნამდვილად ვერ დავარქმევ, მაგრამ სიტყვა „ბრენდის სახე" კარგად ჟღერს. ზოგადად, ვინტერესდები ამ სფეროთი. მომწონს ჩაცმა, ჩვენებებზე დასწრება. საბოლოოდ, მაინც თვითონვირჩევ, მაგრამ უკვე აღვნიშნე, რომ ყველაზე მეტად დედის აზრს ვითვალისწინებ. მახსოვს, როდესაც ბავშვობაში სტუმრად მივდიოდით, სამოსს დედა გვირჩევდა, გამოგვპრანჭავდა და ეს ძალიან მომწონდა.

 

- ჩაცმის სტილის გარდა, ყოველთვის კარგ ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებთ. რას აკეთებთ საამისოდ?

 

- სპეციალისტის პოზიციიდან ვერ ვისაუბრებ. ყველა ადამიანის სხეული ინდივიდუალურია და ვინმეს განსაკუთრებულ რჩევას ვერ მივცემ. უნდა იცოდე შენი მეტაბოლიზმი, კონკრეტული დიეტა. მე, მაგალითად, სწრაფი მეტაბოლიზმი მაქვს და ჩემთვის წონის მომატება გაცილებით რთულია, ვიდრე დაკლება. აქედან გამომდინარე, საკუთარი კონკრეტული დიეტა მაქვს. სტეროიდებს არ ვღებულობ. დღეში რამდენჯერმე ვიკვებები, 5-ჯერ მაინც. რაც შეეხება ვარჯიშს, დიდ დროს ვატარებ სპორტდარბაზში. მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის ერთად ვვარჯიშობთ და ჩემთვის  ამაში ბევრად დიდი ფილოსოფია დევს, ვიდრე მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა. გუნდური მუშაობა, გამძლეობა, მოთმინების უნარი, ტკივილის გადატანა და დისციპლინა - ამ ყველაფერს დარბაზში ვსწავლობ და ყოველთვის მეხმარება. სპორტდარბაზი ფაქტობრივად ადგილია, სადაც ვისვენებ და სხვა არაფერზე ვფიქრობ. მთელ ნეგატივს იქ ვტოვებ.

 

- ვიცი, რომ ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ...

 

- მშობლებთან არანაირი დისტანცია არ მაქვს. ამას უფრო რიდს დავარქმევდი. 60 წლის ასაკშიც კი, მშობლების რიდი მაინც მექნება და ყოველთვის ვეცდები ისე მოვიქცე, რომ მათთვის სამარცხვინო არ ვიყო. დედ-მამა ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ასეთივე ურთიერთობა მაქვს ჩემს და-ძმასთან. დედამიწის ზურგზე ჩემთვის  ყველაზე ძვირფასი ჩემი ოჯახია. საქართველოდან წასვლაც ყოველთვის ამიტომ მიჭირს. ვერ ვეგუები, რომ დილით ჩემს მშობლებს ვერ ვნახავ და ბედნიერ დღეს ვერ ვუსურვებ.


 

 

 

 

 

 

 

 

 

ნინუცა მაისურაძე


ჟურნალი „OK!“

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016