reportiori.ge - სკანდალური ინტერვიუ ვაზაგაშვილის დასთან - ზოია ვაზაგაშვილი აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილებს ასახელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 05:13
ინტერვიუ
სკანდალური ინტერვიუ ვაზაგაშვილის დასთან - ზოია ვაზაგაშვილი აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილებს ასახელებს
ავტორი:
23 მარტი, 2015. 16:25

 

 

 

„პრაიმტაიმი" წინა ნომერში წერდა იური ვაზაგაშვილის საქმის ახალი ფიგურანტის შესახებ. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, დაკავებული გია სოსანაშვილის გარდა, შემთხვევის ადგილზე ამოღებულია კიდევ ერთი პირის, კონკრეტულად ქალის დნმ. ჩვენი ინფორმაციით, ეს პიროვნება გამოძიებამ უკვე ოთხჯერ დაკითხა. ამის შესახებ სოფელ ყარაფილაშიც კარგად იციან, ვინაიდან ის მეზობელი სოფლის მკვიდრი გახლავთ. ადგილობრივები ვაზაგაშვილის საქმესთან ამ ქალბატონის შემხებლობას გამორიცხავენ.


დაკავებული გია სოსანაშვილის გარდა, კიდევ ვის შეიძლებოდა ჰქონოდა შეხება ვაზაგაშვილის აფეთქებასთან? ამ მიზნით ჩვენ სოფელ ყარაფილას ვესტუმრეთ და იმ ქალბატონთან გასაუბრება ვცადეთ, რომლის დნმ შემთხვევის ადგილზე ფიგურირებს. მრავალი მცდელობის მიუხედავად, მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა, თუმცა გავესაუბრეთ სხვა ადგილობრივებს, რომლებიც მას დადებით პიროვნებად ახასიათებენ, დნმ-ს კვალს კი იმით ხსნიან, რომ იური ვაზაგაშვილის თხოვნითვე ის ვაზაგაშვილების სასაფლაოს უვლიდა.


ამავე პოზიციაზეა აწ გარდაცვლილის და, ზოია ვაზაგაშვილიც, რომელმაც ჩვენთან საუბრისას საკმაოდ საეჭვო და, შეიძლება ითქვას, სკანდალურ ვერსიაზე გაამახვილა ყურადღება. მის ნაამბობს თუ გავყვებით, ასეთი სურათი იხატება:


იმ დღეს იური ვაზაგაშვილი ყარაფილაში მცხოვრებ მელაძეების ოჯახში იმყოფებოდა გასვენებაში. მელაძეების სახლი, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავიდან (იქ, სადაც იური ვაზაგაშვილი ააფეთექეს) დაახლოებით 100-150 მეტრში მდებარეობს. ამაღლებულ ფერდობზე მდებარე სასაფლაო პრაქტიკულად ამ სახლს გადაჰყურებს. შესაბამისად, სახლის მცხოვრებლებს სასაფლაოზე რაიმე საეჭვო გადაადგილება არ უნდა გამოჰპარვოდათ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სახლში მიცვალებული ასვენია და ჭირისუფლებსაც ფხიზლად ყოფნა უწევთ. აქვე თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მიცვალებულისთვის საფლავი დაკრძალვის წინა დღეს გაჭრეს, გამოდის, რომ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია იმ დღეებში სულ მხედველობის არეში უნდა ყოფილიყო.


შეამჩნიეს თუ არა რაიმე საეჭვო გარემოება მელაძეების სახლიდან? ამის გასარკვევად ჩვენ პირადად მათთან ვიმყოფებოდით, თუმცა შინ, მცირეწლოვანი ბავშვის გარდა, არავინ დაგვხვდა. ყოველ შემთხვევაში ასე გვითხრა პატარა გოგონამ, რომელსაც უფროსების კოორდინატები არ აღმოაჩნდა(!).


ყარაფილაში გავარკვიეთ, რომ ძმები მამუკა და ზაზა მელაძეები წარსულში სამართალდამცავ უწყებაში მუშაობდნენ. მეტიც, ზოია ვაზაგაშვილი ამბობს, რომ მამუკა მელაძე მიხეილ სააკაშვილის დაცვაშიც მსახურობდა.


ზოია ვაზაგაშვილი, ირაკლი ვაზაგაშვილის და:


- ძვირფასი ძმა მომიკლეს, სიმართლისთვის მებრძოლი ძმა. მთელ სოფელში მოიკითხეთ, თუ ერთი ვინმე მაინც გეტყვით აუგს.

 

- ამბობენ, შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი ქალის დნმ-ის კვალია აღმოჩენილიო...

 

- ქალი აქ არაფერ შუაშია. ის მაგას არ გააკეთებდა. ეს ამბავი კვალის დასაფარად არის აგორებული. აქ ბიჭების ხელი ურევია და ურჩევნიათ, კარგად გამოიძიონ. აქ არავითარი ქალი არ ყოფილა. ვინც დადიან და ცდილობენ კვალის დაფარვას, სჯობს, იმათ მიხედონ. ისე ვარ გამწარებული, არავის დავინდობ. იმ დღეს იმ სოსანაშვილის და მოსულა აქ, სოფელში, კიდევ კარგი, აქ არ დავხვდი, თორემ თავს გავუტეხდი. დადიან ის და მისი ადვოკატი და აქ ხალხს ეუბნებიან, ჩვენება შეცვალეთო. საქმეში აქ მცხოვრები ბიჭების ხელი ურევია და ნუ დაფარავენ. გამოაცხადეს, რომ კიდევ ერთი ადამიანის დნმ აღმოაჩინეს და ეს არის ყოფილი პოლიციელიო. მე ძალიან კარგად ვიცი,  ვინ არის ეს ყოფილი პოლიციელი, ამიტომ ჯობია, თავადვე თქვან ყველაფერი.


- ვისზე გაქვთ ეჭვი?


- ძალიან კარგად იციან უკვე, ვინც არიან და რა შეხება ჰქონდათ იმ სოსანაშვილთან. 75 წლის ქალი ვარ, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, ამ ხნის განმავლობაში არ მსმენია, რომ მიცვალებული ორ საათზე ადრე გაესვენებინოთ სახლიდან. არ ყოფილა შემთხვევა, რომ პირველ საათზე გაესვენებინოთ მიცვალებული. რატომ გაასვენეს მათ დედამისი ნაადრევად?! გამცენ პასუხი. ეს წარმოუდგენელია.


- ანუ რაზე მიანიშნებთ?

 

- კი არ მივანიშნებ, ვკითხულობ, რა საჭიროება იყო, რომ სასწრაფოდ გაესვენებინთ მიცვალებული?


- ნაადრევად გასვენება ვისი გადაწყვეტილება იყო?

 

- გარდაცვლილის შვილების, აბა, მე ხომ არ გადავწყვეტდი. მთელი  სოფელი გაგიჟებულია და აიტერესებთ, ასე რატომ გააკეთეს. მაგათი ერთ-ერთი ბიჭი იურასთან მუშაობდა, სახაჭაპურეში. 1000 ლარზე მეტ ხელფასს აძლევდა იურა. სახაჭაპურე რომ დაკეტა ჩემმა ძმამ, შემდეგ მაღაზიაში გადაიყვანა დაცვაში, ორი კვირით ადრე კი თვითონვე წამოვიდა იურასგან.


- სოსანაშვილს ახლოს იცნობდნენ?


- კი, ძმაკაცები ყოფილან. ორივე პოლიციაში მუშაობდა ადრე. ერთერთი სააკაშვილის დაცვაშიც მსახურობდა. ორივე ძმას ცნობდა კარგადო და პანაშვიდზეც რომ იყო, ეს კი იცით. სოსანაშვილმა ფული აიღო და ეს უბედურება გააკეთა. არ ვიცი, სხვას რა ინტერესი ჰქონდა. ის კი ვიცი, რომ ორ საათზე ადრე მიცვალებული არავის გაუსვენებია სახლიდან. აქ რაღაც ბუდობს და ჯობია, სიმართლე ითქვას.


„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მელაძეების ოჯახიდან მიცვალებულის ნაადრევი გასვენების თემით პროკურატურაც დაინტერესდა და ამჟამად გამოძიება კონკრეტულ დეტალებს ამოწმებს. როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, საგამოძიებო ორგანო არკვევს გია სოსანაშვილისა და ძმები მელაძეების ურთიერთკავშირსაც.

 

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"



 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016