reportiori.ge - სანდრო ბრეგაძე: ანი ნადარეიშვილი „ნაციონალებთან“ თავის პრეტენზიებს უკვე ვეღარ მალავს და ღიად აფიქსირებს უკმაყოფილებას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:26
ინტერვიუ
სანდრო ბრეგაძე: ანი ნადარეიშვილი „ნაციონალებთან“ თავის პრეტენზიებს უკვე ვეღარ მალავს და ღიად აფიქსირებს უკმაყოფილებას
ავტორი:
24 მარტი, 2015. 12:57

 

 

 

რატომ აღარ დაელოდა აქციის დასრულებას?


დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, სანდრო ბრეგაძე „ალიასთან" ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით გაღრმავებულ დაპირისპირებაზე საუბრობს.


ვინ დაუპირიპირდა სააკაშვილს? ვინ უძახა „ჩმორი" მის გარემოცვას? რატომ არის გამწარებული ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი? რა გეგმით გააგრძელებს „ნაცმოძრაობა" საქმიანობას?


„ალიას" სანდრო ბრეგაძე ესაუბრა:


- 21 მარტს, „ნაციონალური  მოძრაობის" აქცია ჩაფლავდა, მათთან მივიდა იმდენი ხალხი, რამდენიც ბაბუაჩემის ქელეხში, თვლით თუ არა, რომ ჩვენ ვნახეთ, „ერთიანი კრიმინალური მოძრაობის" დასასრულის დასაწყისი?


- „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაადასტურა, რომ მათი პოლიტიკური კატასტროფა ლეგალიზებულია, მათ დე იურედ ჩამოაყალიბეს ის, რომ პოლიტიკური სიკვდილის პერიოდში შევიდნენ, ამის გამო შიგნით არის სერიოზული პრობლემები, ფაქტობრივად, სერიოზული პრეტენზიები გამოითქვა სააკაშვილის წინააღმდეგ, იმიტომ რომ სწორედ, სააკაშვილი გახლდათ ის ადამიანი, რომლის უშუალო ახირებით დაიგეგმა და განხორციელდა ეს აქცია. სამარშრუტო ტაქსები თითქმის ცარიელი იყო, რომლითაც მათ მომიტინგეები ჩამოჰყავდათ. სააკაშვილი 21 მარტის აქციის ჩაფლავების გამო ისეთი გაცოფებულია, რომ ვერ აწყნარებდნენ. მასთან ლაპარაკი „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს აღარ სურთ. „ნაციონალები" დაშლის პირას არიან. საოცრად დიდი გულისწყრომა გამოიწვია ახალაიას კლანში იმ ფაქტმა, რომ მიტინგზე ერთხელ არავის უხსენებია ბაჩანა ახალაია, როგორც პოლიტიკური პატიმარი. ამ მიტინგზე ახალაიას კლანი ბოლომდე გაიწირა „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. ახალაიას კლანმა კი ამ აქციაზე ყველაზე მეტი ხალხი შეკრიბა. ბაჩანა ახალაიას აქტიურმა მხარდამჭერმა თეა თუთბერიძემ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს პირდაპირ ლაჩრები და „ჩმორები" უწოდა. „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა: „ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ლიდერის გასაგონად, თქვენ ხართ „ჩმორები" და არამხოლოდ! თუ რატომ, ამას თქვენც მიხვდებით და ვფიქრობ, სხვებიც..." ანი ნადარეიშვილი „ნაციონალებთან" თავის პრეტენზიებს უკვე ვეღარ მალავს და ღიად აფიქსირებს უკმაყოფილებას. როგორც მითხრეს, აქციის დამთავრებას აღარ დაელოდა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ „ნაციონალების" ბაზაზე შეიქმნება ახალ-ახალი პარტიები და ყველა გააკეთებს იმას, რომ მთელი 9 წლის მანძილზე რაც კი სიბინძურე ხდებოდა, მიხეილ სააკაშვილს შეაწმინდონ, ხოლო თვითონ მაქსიმალურად შეეცდებიან, თავი „გაითეთრონ", რათა პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩნენ, რაც, ცხადია, წარმოუდგენელია, მაგრამ ამის მცდელობა გამოჩნდება.


- ძებნილი ექსპრეზიდენტის გამოსვლა იყო ძალიან სუსტი. თქვენი აზრით, რატომ?


- დიახ, ასეთი სუსტი ორატორული გამოსვლა სააკაშვილს არ ჰქონია, მისი სიტყვა იყო წინასწარ ჩაწერილი და არა პირდაპირი ჩართვა, გამოსვლაში თითქმის არაფერი ილაპარაკა. იყო დაბნეული, დემორალიზებული და კონტექსტიდან ამოვარდნილი. ბოკერია თავის კლანთან ერთად ცდილობს, სააკაშვილს გაემიჯნოს, ბოკერიას კლანში მოიაზრება გივი თარგამაძე. შედარებით ზომიერი ჯგუფი დავით ბაქრაძის მეთაურობით, სააკაშვილით არის ძალიან უკმაყოფილო. სააკაშვილი ქვეყნის გარეთაა, ის მოწყვეტილია რეალობას, რატომღაც ეგონა, რომ აქციაზე მოვიდოდა 100 ათასობით ადამიანი, მაქსიმუმ 15 ათასი მოვიდა. ეს იყო თავიდან ბოლომდე გაკოტრებული ძალის გამარგინალების მძიმე ფაზა.


- „ნაციონალები" აქციაზე მოყრილ ხალხს დაჰპირდნენ, რომ მთავრობას იმპიჩმენტის გზით გადააყენებენ, ახლა ამბობენ, რომ 15 ხმა გვაკლია მთავრობის გადასაყენებლად და დამოუკიდებელ დეპუტატებზე, ასევე, „თავისუფალ დემოკრატებზე" ამყარებენ იმედს. ფიქრობთ, რომ „ნაციონალები" პარლამენტში მთავრობის იმპიჩმენტის გამოცხადებას შეძლებენ?


- „ნაციონალურ მოძრაობას" არავითარი შანსი არ აქვათ. პოლიტიკური ძალა რომ მილიონობით დოლარს ხარჯავს იმისთვის, ხალხი მოისყიდოს მიტინგზე მოსასვლელად და სამარცხვინო რაოდენობას ძლივს აგროვებს, ეს ძალა რომ საპარლამენტო გადატრიალებას ვერ მოახდენს, ცხადია. მთავრობის იმპიჩმენტის გამოცხადება არ გამოუვათ, მათი ჩანაფიქრი არის ერთი რამ, გადავლენ გეგმა „ბე"-ზე, ე.წ. პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკაზე. ისინი მიხვდნენ, რომ დიდი აქცია გამორიცხულია, ხალხს ვერ მოაგროვებენ, იმასაც მიხვდნენ, რომ სააკაშვილმა დაკარგა ქარიზმა, ის უკვე გაცვეთილი სახეა, ამიტომ ისინი გადავლენ წერტილოვან დარტყმებზე, მივარდებიან გამგეობებში, წამოწევენ სოციალურ თემებს ლოკალურად, მერიებში, რაიონულ ცენტრებში შექმნიან დაძაბულობის კერებს, მაგრამ მოდით, პირდაპირ ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობა" მოკვდა და ერთადერთი, ვისაც ეს არ სჯერა, არის სააკაშვილი. სააკაშვილი ქვრივი ქალივით ზის „ნაციონალური მოძრაობის" პანაშვიდზე და როგორც ქალი, დასტირის გარდაცვლილ ქმარს, არ მჯერაო, - ასე გაიძახის მიშაც, - არ მჯერა „ნაციონალური" მოძრაობის გარდაცვალებაო...


- დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ინფორმაციაა ძალიან მნიშვნელოვანი, რამდენი პროცენტი უჭერს მხარს სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას" და ქართული დიასპორა შეუერთდა თუ არა 21 მარტის აქციას ადგილებზე, რასაც ამას სააკაშვილი გაჰყვიროდა?


- სააკაშვილი დიასპორის წარმომადგენლებმა რომ დაინახონ, შეიძლება პიჯაკის გარეშე გამოუშვან, რადგან ისინი სააკაშვილის რეჟიმისგან გამწარებული ხალხია, რომლებიც მის რეჟიმს სხვადასხვა ქვეყნებში გაექცნენ, მათში სააკაშვილს არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში 5 კაცს იყიდის, მაგრამ საქმე ისაა, რომ მიშას, ბებიამისის გარდა, უკვე მხარს აღარავინ უჭერს. დღეს უკვე ლაპარაკია იმაზე, რომ შესაძლოა, სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდანაც გადაირჩიონ. ვისაც თავში ჭკუა მოეკითხება „ნაციონალურ მოძრაობაში", ის ფიქრობს, რომ სასწრაფოდაა გადასარჩევი პარტიის თავმჯდომარეობიდან სააკაშვილი.  თუ სააკაშვილს სურს თავისი პარტიის გადარჩენა, ის უნდა წავიდეს პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან, ის არის გაკოტრებული პოლიტიკოსი. მას ჰქონდა ასეთი ჩანაფიქრი, ნემო ბურჭულაძის შვილი, მუხრან ბურჭულაძე დაიქირავა იმისთვის, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დაეწყო და ახალ ზვიად გამსახურდიად გამოეცხადებინა საკუთარი თავი. სააკაშვილმა ვერ განსაზღვრა, რომ ის გამსახურდიას სრული ანტიპოდია. ზვიადი იყო პატიოსნების, ქრისტიანობის, სიმბოლო, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი რაინდი, ხოლო სააკაშვილი არის აღვირახსნილობის, სიბილწის, სიმრუშის, საქართველოს ტერიტორიების დამკარგავი და ყველა უბედურების სიმბოლო. ზვიად გამსახურდიას მერაბ კოსტავა ედგა გვერდით, ხოლო მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგას აკო მინაშვილი და ანჟელა მაზმანიანი.


- პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი, დასკვნას დებს, რომლის თანახმადაც ქართველ პროკურორებს ეძლევათ რეკომენდაცია, გააგრძელონ სისხლის სამართლებრივი დევნა სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის დაკავება გარდაუვალი გახდება?


- ეს დასკვნა სააკაშვილისთვის მოულოდნელი იყო, მათ პირდაპირ თქვეს, რომ სააკაშვილი დასაპატიმრებელია. ფაქტობრივად, დღეს სააკაშვილი შეფარებული ჰყავს უკრაინის ხელისუფლებას. ადრე თუ გვიან უკრაინელები მიხვდებიან, ვისთან აქვთ საქმე და ისინი ჩამოაცილებენ ხელისუფლებას სააკაშვილს. ვფიქრობ, ყველა ადამიანს მოუწევს პასუხისგება, ვინც ქვეყნის წინაშე დანაშაული ჩაიდინა. თუ მართალია სააკაშვილი, რის ეშინია, ჩამოვიდეს საქართველოში და მოითხოვოს ღია სასამართლო პროცესის გამართვა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, მაგრამ როცა სიმართლე არ არის მის მხარეს, რა უნდა დაამტკიცოს?! სააკაშვილი არის ერთი მხდალი და უსუსური, დამნაშავე არსება და ამიტომაც იმალება ქვეყნის გარეთ!

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016