reportiori.ge - დღეს მუსლიმები ყურბან-ბაირამობას ზეიმობენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:29
მსოფლიო
დღეს მუსლიმები ყურბან-ბაირამობას ზეიმობენ
15 ოქტომბერი, 2013. 11:09

მუსლიმანური სამყარო დღეს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. ისლამის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის ტრადიცია აბრაამ შუამავლის შთამომავლობიდან მოდის. ყურბან-ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, მუსლიმისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, რაც ქრისტიანისთვის აღდგომას. მსხვერპლშეწირვას მუსლიმები მთვარის კალენდრის, ზულჰიჯას თვის მეათე დღეს ზეიმობენ.

მსხვერპლშეწირვის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია დასაბამს ცნობილ ბიბლიურ სიუჟეტში იღებს, რომელიც აბრაამის მიერ, მისი შვილის, ისააკის მსხვერპლად შეწირვის მცდელობაზე მოგვითხრობს. თუმცა პირველპატრიარქ აბრაამის ნაცვლად, ყურანი წინასწარმეტყველ იბრაჰიმს იხსენიებს. მას სამსხვერპლოზე უფროსი შვილი, ისმაილი მიჰყავს და არა ისააკი - რომელიც ყურანის მიხედვით, იბრაჰიმის მეორე შვილია. მუსლიმთა წმინდა წიგნი გვიამბობს, რომ იბრაჰიმს ძილში ანგელოზი ჯაბრაილი მოევლინა და ალაჰის სურვილი გადასცა. მას უზენაესისთვის საკუთარი პირმშო უნდა შეეწირა. იბრაჰიმი დამორჩილდა ღვთის ნებას, გაემართა იმ ადგილისკენ, სადაც დღეს მექა დგას და რიტუალის აღსასრულებლად სამზადისს შეუდგა. როდესაც ალაჰმა დაინახა, რომ იბრაჰიმი მზად იყო მსხვერპლად გაეღო ერთადერთი შვილი - კრავი მოავლინა და ისმაილის ნაცვლად სწორედ მისი შეწირვა მოსთხოვა წინასწარმეტყველს - ნიშნად იმისა, რომ იბრაჰიმმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

მსხვერპლშეწირვის დღესასწაულზე მუსლიმი მამაკაცები მზის ამოსვლისთანავე კითხულობენ თაქბირს, ალაჰის განდიდების ლოცვას, რომელიც გრძელდება მეორე და მესამე დღესაც, ყოველდღიური ხუთჯერადი ლოცვის შემდეგ. ვინაიდან სრულიად მუსლიმთა კრებულისთვის, ლოცვა უმნიშვნელოვანეს გამაერთიანებელ ფაქტორს წარმოადგენს, სასურველია მან კრებულთან ერთად განადიდოს ღმერთი. სწორედ ამიტომ, თაქბირს კითხულობენ არა მხოლოდ სახლსა და მეჩეთში, არამედ ქუჩებსა და მოედნებზე. ალაჰს კაცები ხმამაღლა განადიდებენ, ხოლო ქალები - ჩუმად. ამ დღეს მუსლიმი ადრე უნდა ადგეს, განიბანოს, ჩაიცვას საუკეთესო ტანსაცმელი და მეჩეთში დილის ღვთისმსახურებაზე წავიდეს.

მუსლიმებს სწამთ, რომ ალაჰისადმი უზენაესი სიყვარულის გამოხატვის ნიშნად ამ დღეს ყოველმა მორწმუნემ უნდა შესწიროს შინაური ცხოველი. თუ ცხონება გსურს, აუცილებელია სიცოცხლეში ერთხელ მაინც მოილოცო მექა და სწორედ აქ, ალაჰისადმი მორჩილების გამოხატვისა და მისი კაცთმოყვარეობის მოხსენების ნიშნად შესწირო ყურბანი. თუმცა, რადგან ყველა მუსლიმს არ შეუძლია ამ წესის აღსრულება, დაშვებულია მსხვერპლშეწირვა იქ, სადაც ეს მოუხერხდებათ. ღრმადმორწმუნე მუსლიმები დღესასწაულის დადგომამდე ათი დღით ადრე საკუთარი სურვილით მარხულობენ, დაწყებამდე სამი კვირა მხიარულებისგან თავს იკავებენ, ხოლო ერთი კვირით ადრე დღესასწაულის სამზადისს შეუდგებიან. მსხვერპლი უნდა შეიწიროს ლოცვის შემდეგ და არავითარ შემთხვევაში ლოცვამდე - რაც, მათი რწმენით, ცხადყოფს, რომ უპირველესად ალაჰს არა საკლავი, არამედ, მუსლიმთა გულები სჭირდება.

დღესასწაულის სახელწოდებიდან გამომდინარე, ყურბან-ბაირამობის განსაკუთრებული რიტუალები სწორედ საკლავთან არის დაკავშირებული.

შეწირული ჩლიქოსანი ცხოველი სრულიად ჯანმრთელი უნდა იყოს. ამასთან, დაწესებულია ასაკობრივი ზღვარიც. მაგალითად, ცხვარი ასაკით 6 თვეზე ნაკლების არ უნდა დაიკლას, თხისა და მსხვილრქიანი ცხოველების შემთხვევაში კი მინიმალური ასაკი ორი წელია. აღსანიშნავია, რომ ერთი ცხოველი შეიძლება შეიწიროს მთელი ოჯახის სახელით. მაგალითად, ადამიანი მიიყვანს ცხოველს სამსხვერპლოსთან და როგორც წინასწარმეტყველი მუჰამედი წარმოთქვამდა, გაიმეოროს: „ეს მსხვერპლი არის ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და მათთვის ჩემი კრებულიდან, ვინც არ შესწირა მსხვერპლი". მუსლიმური ტრადიცია ამბობს, რომ შესაწირის სისხლის მიწაზე დაცემასთან ერთად, მორწმუნეს ცოდვები მიეტევება. ერთი ტრადიცია კი გვარწმუნებს, რომ განკითხვის დღეს, როდესაც ალაჰი კაცობრიობას ცოდვა-მადლს მოჰკითხავს, მართლები სწორედ მათ მიერ შეწირული ცხოველების საშუალებით მიაღწევენ სამოთხემდე. ამიტომ საკლავს სპეციალურ ნიშანს ასვამენ, რომ ჯოჯოხეთზე გადებული ხიდის გადასალახად, განკითხვის დღეს ადვილად იპოვონ მოწყალებისთვის გაღებული შესაწირი - რომელიც ახლა მათ ტრანსპორტად იქცევა.

დღესასწაულზე დაკლული ცხოველის ხორცი სამად ნაწილდება, ერთი გაჭირვებულებს უნაწილდებათ, ერთიც მეზობლებს, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა, ხოლო ერთს ოჯახში იტოვებენ.

თუმცა დღესასწაულის გული მაინც საუდის არაბეთში ასვენია. მექაში, ქააბას მოლოცვის შემდეგ, მინას ველზე ჩასული მომლოცველები შვიდ ქვას ესვრიან სამ სვეტს, რომლებიც სიმბოლურად სატანას, ბოროტებისა და ცდუნების მეფეს გამოსახავენ. სვეტები სწორედ იმ ადგილას არის აღმართული, სადაც გადმოცემის თანახმად იბრაჰიმ წინასწარმეტყველს ეშმაკმა გზა გადაუღობა, როცა ის სალოცავად მიდიოდა. ამ რიტუალის აღსრულებისას, მუსლიმი დაახლოებით იმავეს აკეთებს, რასაც ნათლობის წინ ქრისტიანი, როცა სამგზის შენერწყვავს სატანას და ბოროტებას დაგმობს.

აღნიშნულ დღესასწაულს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს თანამედროვე ისლამური თეოლოგიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს აღარ მისცეს საშუალება ტერორისტებს, რელიგია ძალადობის წყაროდ აქციონ. კაცობრიობის უმთავრესი მტრის, ტერორიზმის გასანადგურებლად, მუსლიმები ხშირად იხსენებენ იიდ-ალ ადჰას დღესასწაულის ნამდვილ მნიშვნელობას - სადაც ღმერთი უარს ამბობს მისი მორჩილების ნიშნად ადამიანის მსხვერპლად შეწირვაზე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016