„B & W GALLERY"- ში ფოტოგრაფ გიორგი ჩხაიძის პერსონალური ფოტოგამოფენა გაიმართა. ფოტოგრაფმა საკუთარი კოლექციიდან 35 ფოტო შეარჩია და დამთვალიერებელს წარუდგინა.
„15 წელია ფოტოებს ვიღებ. სხვადასხვა განწყობით მაქვს ყველა ფოტო გადაღებული. პროფესიით ვარ კინორეჟისორი, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ არ არის აუცილებელი მაინცდამაინც კინოკამერა გეჭიროს ხელში - შეგიძლია ერთი კადრით აჩვენო უდიდესი ემოცია", - განუცხადა „რეპორტიორს" ფოტოგრაფმა.
უმაღლესი ოსტატობით გადაღებული ფოტოები - ასე შეაფასა გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები კინორეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა.
„არაჩვეულებრივი გამოფენაა, აქ უმაღლესი ოსტატობა ჩანს თითოეულ დეტალში, აქ არის ფერის შეგრძნება, მოულოდნელი კომპოზიცია. ძალიან მახარებს, რომ დამახასიათებელი და თავისთავადი ფოტოგრაფი გაჩნდა ქართულ ფოტოხელოვნებაში", - განაცხადა კინორეჟისორმა.