ზვიად გამსახურია: საქართველოს ნატო-ში შესვლა სასაცილოა!
საქვეყნოდ ცნობილი ამბავია, რომ საქართველოს პირველ პრეზიდენტსა და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის პატრიარქს ზვიად გამსახურდიას რეგიონსა თუ მსოფლიოში განვითარებული პროცესების შესახებ არაერთი უზუსტესი პროგნოზი აქვს გაკეთებული, რომელიც სიტყვასიტყვით ახდა!
ასე, მაგალითად, 1991წლის 8 ოქტომბერს, როცა კრემლის მიერ წაქეზებული და შეიარაღებული პუტჩისტები საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დასამხობად კბილებს ილესავდნენ და რუსთაველის პროსპექტი სამშენებლო ნაგვით იყო ავსებული, ზვიად გამსახურდია უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ბნელი და სისხლიანი ძალების გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობას დაუხატა ის შემზარავი პერსპექტივა, რაც 24 წლის შემდეგ თავიდან ბოლომდე გაცხადდა.
პატივცემულო მკითხველო, სიტყვასიტყვით, ყოველგვარი შელამაზების გარეშე გაგახსენებთ ზვიად გამსახურდიას მაშინდელი გამოსვლის ტექსტს და თავად განსაჯეთ, შეცდა თუ არა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელმაც სამარეში ქართველი ერის უდიდესი სიყვარულიც ჩაიტანა და ენით აუწერელი სიძულვილიც.
„მე მინდა ძალზე გულწრფელი საუბარი თქვენთან და ქართველ ერთან... ჩემი ეს გამოსვლა არ გეგონოთ ულტიმატუმი ან რაღაც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანის განცხადება. ეს არის რეალობა, რასაც მე თქვენ ახლა მოგახსენებთ... მე მივცემ პირუთვნელ შეფასებას შექმნილ სიტუაციას და იმ მოსალოდნელ შედეგებზე გესაუბრებით, რაც შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას, ვინაიდან გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე, ვიდრე ყოველ თქვენთაგანს... სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით: ...ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდებით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ... ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და, კერძოდ, თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება ერთადერთი ხელისუფლება - შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეიარაღებული ბანდის ხელში... მათ შორის გაჩაღდება ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზი, კომუნიკაციები... საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება იგივე ლიბანიზაცია... საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და, საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას...
ეს არ არის მუქარა, ეს არ არის გადაჭარბება და ეს არ არის ჩემი პიროვნების, ვთქვათ, თავზე მოხვევა თქვენთვის, ანდა სურვილი, რომ მაინცდამაინც მე დავრჩე ამ პოსტზე, ჩემო ბატონებო, ეს არის რეალობა და მე გთხოვთ, გაახილოთ თვალი და გაუმართოთ თვალი აი, ამ რეალობას!"
პატივცემულო მკითხველო, ეს გაფრთხილება ქართველმა ერმა ყურად არ იღო; უფრო მეტიც, საქართველოს დამაქცევართა ავანგარდში ათასი ჯურის ნაძირალებთან და ნარკომანებთან ერთად ჩადგა წითელი ინტელიგენცია, რომელმაც ტყვია ესროლა საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. შედეგმაც არ დააყოვნა - დღეს საქართველოდ წოდებულ მიწას მართავს სამი „პრეზიდენტი", რომელთაგან ერთი სააკაშვილის მიერ აშენებულ ავლაბრის ავადსახსენებელ რეზიდენციაშია „წამოპლაცკარტებული", მეორე - სოხუმში, ხოლო მესამე - ცხინვალში. თუ ჭკუით არ ვიქნებით და სხვის დაკრულზე ბუქნაობას გავაგრძელებთ, გამორიცხული არ არის, ამ გასაცოდავებული და გაუბედურებული ქვეყნის მიწაზე კიდევ რამდენიმე „პრეზიდენტმა" ამოჰყოს თავი ახალ-ახალი „დედაქალაქებითა" და „რეზიდენციებით".
გამსახურდიას მეორე წინასწარმეტყველება უფრო გლობალური და ყოვლისმომცველია. 1992 წლის 3 ოქტომბერს დევნილობაში მყოფმა ზვიად გამსახურდიამ გროზნოში ინტერვიუ მისცა სანკტ-პეტერბურგში გამომავალ გაზეთს „ნაროდნაია პრავდას", სადაც უზუსტესი და უმძიმესი დიაგნოზი დაუსვა დასავლეთის იმ ბნელ და გავლენიან ძალებს, რომლებმაც თავის დროზე დიდი ალბათობით ამერიკის რეფორმატორი პრეზიდენტი ჯონ კენედიც კი იმსხვერპლეს.
ცნობილია, რომ 1963 წლის 22 ნოემბრის დალასის ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, კენედი ფართო აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდა და ამხილა საერთაშორისო მასონური ორგანიზაცია, როგორც მსოფლიო უბედურების, - გადატრიალების, არეულობებისა და გლობალური ომებისა თუ შიმშილობების გამომწვევი მიზეზი.
რუსულ „ნაროდნაია პრავდასთვის" მიცემულ ინტერვიუში ზვიად გამსახურდიაც საგანგებოდ საუბრობს იმ ტრანსკონტინენტური ძალების შესახებ, რომლებიც ყოველივე ეროვნულსა და ნაციონალურს ებრძვიან.
აი, რას ეუბნება საქართველოს პირველი პრეზიდენტი რუს ჟურნალისტს:
„მთავრობები, რომელთაც თქვენ დემოკრატიულს უწოდებთ, სინამდვილეში კარგა ხანია, განუდგნენ დემოკრატიას. დემოკრატია იქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბად. როცა ამ მთავრობებს სურთ, გააძლიერონ თავიანთი გავლენა და სამხედრო ყოფნა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ, მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისუფლება და თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, უბრალოდ, ამხობენ მას. ასეთ შემთხვევაში მათთვის არა აქვს მნიშვნელობა დამხობილი რეჟიმის ხასიათს: დემოკრატიულია იგი თუ ავტორიტარული. ეს მტაცებლური მიდგომა სხვა ქვეყნებისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები უკვე აღარც კი ცდილობენ, შენიღბონ თავიანთი ზრახვები და აშკარად და ცინიკურად თრგუნავენ სხვა ხალხთა ნებას. სწორედ ეს მოხდა საქართველოში. ისინი მიზნად ისახავენ ყველა სხვა ხალხის გენოციდს; პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთი განსაზღვრული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდ არის დაკავშირებული შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან და მთელი ძალით მიილტვის მსოფლიო ბატონობისაკენ. ზოგადად, მე მას ევროამერიკულ იმპერიალიზმს ვუწოდებდი. მთავარ დამკვრელ ძალას მასში წარმოადგენს აშშ. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გაღმიდან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ძეიმს ბეიკერის პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვა-კურთხევით. ჩემთვის არ არის უცხო პროროუსული განწყობა. მე მუდამ მივესწრაფოდი მჭიდრო კავშირს რუსეთთან და ვოცნებობდი, საქართველოს ჰყოლოდა ბუნებრივი მოკავშირე ამ თავისი დიდი აღმოსავლელი მეზობლის სახით, მაგრამ ეს არ აძლევდა ხელს დასავლურ სამყაროს და მის მორჩილ ხელისუფლებას რუსეთისა. ისინი განაგრძობენ ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებას კავკასიაში. შედეგად, ჩვენ ვდგავართ ამ კონფლიქტების დიდ ომში გადაზრდის სავსებით რეალური საფრთხის წინაშე. მე იმედი მაქვს, კონფლიქტებში ჩათრეული ხალხების; პირველ რიგში, რუსი ხალხის საღი აზრისა და გონიერებისა. ვიმედოვნებ, იგი შეიგნებს, თუ ვინ და რა ინტერესების კარნახით უბიძგებს რუს ჯარისკაცებს ახალი კავკასიური ომის უფსკრულისაკენ. ამ ომში ვერც ერთი მხარე ვერ იქნება გამარჯვებული. მხოლოდ დასავლეთი მოითბობს ხელს ახალი ომის ალზე. მე მწამს ხალხთა სიბრძნისა. ეს არის უკანასკნელი, რამაც უნდა გვიხსნას კატასტროფისაგან".
ძვირფასო მკითხველო, ვფიქრობთ, წინამდებარე ციტატის წაკითხვის შემდეგ, ეჭვი არავის შეეპარება იმაში, რომ ზვიად გამსახურდიას სახით საქართველომ არა მარტო პირველი პრეზიდენტი და ეროვნული მოძრაობის პატრიარქი, არამედ უდიდესი ანალიტიკოსი და პროგნოზისტი დაკარგა!
რაც შეეხება იმ პრეკონფერენციას, რომელიც 1991 წლის 3 ივლისს ზვიად გამსახურდიამ მოსკოვში გამართა, ეს სწორედ ის თემაა, რის გამოც საქართველოში დიდი ხანია ვაი-უშველებელი და გაწევ-გამოწევაა ატეხილი.
1991 წლის 32 ივლისს მოსკოვში სტუმრად მყოფ ზვიად გამსახურდიას ლატვიური გაზეთის - „Diena"-ს კორესპონდენტმა ჰკითხა - „ამბობენ, რომ საქართველო ნატო-ში შესვლას აპირებსო. მართალია ეს?" საქართველოს პირველი პრეზიდენტის პასუხი გახლდათ უკიდურესად ლაკონური, მაგრამ მრავლისმეტყველი - „ეს სასაცილოა!"
მეგობრებო, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი მართლაც სასაცილო იყო 1991 წელს, როცა დასავლეთმა თითი არ გაატოკა თავისუფლების გზაზე ახლადფეხადგმული ქვეყნი დასაცავად და იგი საჯიჯგნად რუსეთს მიუგდო; საქართველოს ნატო-ში შესვლაზე მკითხაობა მაშინაც სასაცილო იყო, როცა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ამერიკამ ოდენ წყალი და პამპერსები გამოგვიგზავნა რუსის ტანკების შესაჩერებლად და ნატო-ში შესვლაზე ტლიკინი სასაცილოა ახლაც, როცა ფრანსუა ოლანდმა გარკვევით განაცხადა, ნატო აწი აღარ გაფართოვდებაო!
საინტერესოა, კიდევ რა უნდა მოხდეს, რუსეთმა რომელი ტერიტორია უნდა წაგვგლიჯოს და მერამდენედ დაგვილეწოს ცხვირ-პირი,რომ ერთი მარტივი ჭეშმარიტება ვიწამოთ - არც ნატო და არც კატო გამძვინვარებულ მოსკოვს საქართველოსთვის არ დაუპირისპირდება!
პუტინმა საუკუნის საიდუმლო გათქვა, როცა განაცხადა - ყირიმში შესვლამდე მსოფლიოს ოთხ პოლიტიკურ ლიდერს დავურეკე და ვუთხარი - ყირიმი რუსეთის ისტორიული ტერიტორიაა და უნდა დავიბრუნოო!
იმ ოთხი პოლიტიკური ლიდერის გამოცნობა, რომლებსაც პუტინმა ადაურეკა, საყველპურო საქმეა. ვალოდია თიბილოვს, ხაჯიმბასა და გიგა ბოკერიას რომ არაფერს შეუთანხმებდა, გასაგებია - პუტინი დაურეკავდა ობამას, ანგელა მერკელს, ფრანსუა ოლანდსა და დევიდ კემერონს!
ამოდენა უკრაინა მიუგდეს საჯიჯგნად და, როგორ ფიქრობთ, საქართველოს არ გაწირავენ?!
ზვიად გამსახურდია არც აქ შემცდარა - საქართველოს ნატო-ში შესვლა, ნამდვილად სასაცილოა!
დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ-დასავალი"