ჯანსუღ ჩარკვიანი: ჯანსუღ, თუ მსოფლიო აღიარებს, შენც უნდა აღიარო, მერე რა, რომ ირმას ბაბუა ხარ!
ახალგაზრდა პიანისტი, თბილისის კონსეტვარტორიის პირველი კურსის სტუდენტი და პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის შვილიშვილი ირმა გიგანი დანიის 2015 წლის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე ოთხ ფინალისტთა შორის მოხვდა და ლაურეატობა მოიპოვა. 83 წლის ბაბუა 18 წლის შვილიშვილის გამარჯვებამ გააბედნიერა და საგანგებოდ ლექსიც უძღვნა.
ირმა გიგანი: - რამდენიმე თვის წინათ დანიაში საერთაშორისო კონკურსზე ჩემი ჩანაწერები გავაგზავნე. რაღაც დროის შემდეგ მოლოცვისა და კონკურსზე მიწვევის წერილი მომივიდა. ჩემს მსგავსად, ჩანაწერები გაგზავნილი ჰქონდა 44 ქვეყნის 164 პიანისტს. ამათგან მხოლოდ 20 კონკურსანტი შეარჩიეს, მათ შორის მეც ვიყავი. ჩავედი დანიაში, გაიმართა ტურები. პირველ ტურში, სავალდებულო პროგრამით, დანიელი კომპოზიტორის კარლ ნიუსენის ნაწარმოები დავუკარი. 12 კონკურსანტთან ერთად გადავედი მეორე ტურში. ფინალშიც გავედი და 3 კონკურსანტთან ერთად ლაურეატის წოდებაც მოვიპოვე. ეს იყო შეჯიბრი არა მარტო მუსიკოსებს, არამედ ქვეყნებს შორისაც. საქართველოს სახელით გამოსვლა უდიდესი პასუხისმგებლობაა, თავი არ დამიზოგავს, რომ ჩვენი ქვეყანა სათანადოდ წარმომეჩინა და გამემარჯვა. ქართველი ვარ და ამით ძალიან ვამაყობ.
- თქვენთან ერთად, სხვა ქართველმა პიანისტმა თუ მიიღო მონაწილეობა?
- დიახ, ორნი ვიყავით, მე და თამთა მაღრაძე. 9 დღე დავყავით დანიაში, ბოლო კონცერტი 7 მარტს გაიმართა. კონკურსის ტრანსლაცია ინტერნეტის საშუალებით ხდებოდა, 17 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალყურს. ბევრი წერილი მივიღე, დანიაშივე დამპატიჟეს ტურნეზე. ახლა კონცერტებისთვის ვემზედები. ბეთჰოვენის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მოწვევა მაქვს ისრაელიდანაც, რომელსაც შესანიშნავი დირიჟორი არნელ ბირონი აწყობს (ამ დირიჟორთან მჭიდრო კავშირი მაქვს, ისრაელში CD დისკიც ერთად ჩავწერეთ). ამ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ალექსანდრე კორსანტია, სერგეი ბაბაიანი და სხვა ნიჭიერი მუსიკოსები.
- დედაც და ბებიაც მუსიკოსები გყავთ... მკაცრი შემფასებლები არიან?
- საერთოდ, ოჯახი ჩემი დიდი გულშემატკივარია. როცა უცხო ქვეყანაში მაქვს კონცერტი, ყველა ერთად იკრიბება და მისმენს. ჩემი ყოველი წარმატება მათთვის უდიდესი ბედნიერება და სიხარულია. ერთიანი და შეკრული ოჯახი გვაქვს, მეგობრები ვართ და ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებთ. კონკურსზე დედა მახლდა, რომლის დადებითი ენერგიაც ძალიან მეხმარებოდა.
- როგორ გაგაცილათ ბაბუამ - ჯანსუღ ჩარკვიანმა?
- მითხრა, მალე ჩამოდიო... თვითონ ვერ ძლებს საქართველოს გარეშე. ერთხელ მთელი ოჯახი ერთად გავემგზავრეთ ისრაელში, ერთითვე უნდა დავრჩენილიყავით, მაგრამ ვერ გაძლო და მალევე დარუნდა. სხვაგან ყოფნა არ შეუძლია. სანამ თბილისის კონსერვატორიაში ჩავაბარებდი, უცხოეთიდან მქონდა მოწვევები - ავსტრიიდან, მოსკოვის კონსერვატორიიდან, წასვლას ვაპირებდი, მაგრამ მივხვდი, რომ ბაბუას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წარმატება უხაროდა, ჩემს წასვლაზე გული სწყდებოდა, ამიტომ აქ დარჩენა ვარჩიე და დღეს ბედნიერი ვარ, რომ თბილისის კონსერვატორიაში ქაბატონ მანანა დოიჯაშვილთან ვსწავლობ. უცხოეთში სამუდამოდ დამკვიდრებას არ ვაპირებ, ისე ვგეგმავ მომავალს, რომ საქართველოსთან კავშირი არ გავწყვიტო.
- ბაბუა კონცერტებზე გესწრება?
- დიახ და როცა ვმეცადინეობ, მაშინაც ჩემს გვერდით ზის. როიალი მის კაბინეტში დგას, როგორც კი დაკვრას ვიწყებ, თუ გვერდით ოთახშია, მაშინვე შემოდის.
ჯანსუღ ჩარკვიანი: - ირმასთვის ბევრი ლექსი მაქვს მიძღვნილი, ამ გამარჯვების აღსანიშნავად კი ეს მივუძღვენი:
„სიყვარული სიმღერაა ზეცისა,
სიძულვილი ღრიალია მხეცისა.
შენ გიმღერის ზეცა, უნეტარესო,
სიხარულით მეც ხომ გული ამევსო!
მზის ჩასვლისას გიმზერდი და არ ჩანდი,
მზე ამოდის და შენი მზე არ ჩადის.
სიყვარული ეფერება მზის მარჯნებს,
უცხოეთშიც უპატრონოდ იმარჯვებ.
შენი გვარი, დ იახ, არის მზის გვარი,
შენ გიგანი არ ხარ, შენ ხარ გრიგალი!"
მიაქციეთ ყურადღება, „უპატრონოდ" იმარჯვებ-მეთქი, დავუწერე. უცხოეთში მას „პატრონი" არ ჰყოლია, ყველაფერს თვითონ მიაღწია და ეს მახარებს!
ირმა გიგანი:ყოველთვის ჩემი თავის იმედი მაქვს, ისეთ კონკურსებს ვარჩევ, სადაც ვიცი, რომ ობიექტური შეფასება იქნება და შრომა დამიფასდება.
ჯანსუღ ჩარკვიანი: - შვილიშვილების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს, მაგრამ სულ სხვა მნიშვნელობას იძენს ის სიყვარული, როცა შვილიშვილი გეამაყება კიდეც. ვმეგობრობთ, როგორც თვითონ ამბობს, ძმაკაცები ვართ. ირმას ყველა კონცერტს ვესწრები, რუსეთშიც კი ვიყავი, მოსკოვში, სადაც ჯერ კიდევ სულ პატარა ბავშვმა დიდი წარმატება მოიპოვა - პუტინისა და კრემლის რუსეთზე კი არ გელაპარაკებით, იმ რუსეთზე, რომელმაც იცის ნიჭიერების ფასი. არ მავიწყდება, 6-7-მეტრიანი აფიშები იყო, კონსერვატორიის მთავარ დარბაზთან გაკრულ აფიშაზე კი ეწერა: „სესტრა მოცარტა" - როგორ შეიძლება, ეს არ გაგიხარდეს. რა თქმა უნდა, მთავარია ნიჭი, მაგრამ, შრომის უნარი თუ არ გაქვს, არაფერი გამოვა. ირმა ნიჭიერიც არის და შრომისმოყვარეც.
ირმა გიგანი: ბოლო წლებში მოსკოვში აღარ ვყოფილვარ, მოწვევა მქონდა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს წასვლაზე უარივთქვი. ეს იყო ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსკოვში ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, მათზე უარი ვთქვა. არ მავიწყდება იმ მძიმე დღეებში მათ მიერ საქართველოსთვის გამოჩენილი თანაგრძნობა.
ჯანსუღ ჩარკვიანი: - როცა კონკურსზე გამოდის, ვნერვიულობ, განვიცდი, რამდენჯერ ცრემლიც წამომსვლია, მაგრამ, როცა ბისზე გამოჰყავთ, ვმშვიდდები. უპირველესად, ყურადღებას ვაქცევ მაყურებლის რეაქციას, ტაშს (კონსერვატორიის დარბაზებში და კლასიუკრი მუსიკის კონცერტზე შემთხვევითი ხალხი არ დადის). პატივს ვცემ ლექსო თორაძეს, ალექსანდრე კორსანტიას, ხატია ბუნიათიშვილს. ირმას უკვე მათ შორის ვაყენებ. ჩემს თავს სიხარულით შევძახებ ხოლმე - ირმა მსოფლიომ აღიარა და, ჯანსუღ, მსოფლიო თუ აღიარებს, შენც უნდა აღიარო, მერე რა, რომ ბაბუა ხარ! ხშირად ჩავვარდნილვარ სიტუაციაში, სიცოცხლე აღარ მდომებია, მაგრამ ირმასათვის შემიხედავს და გადამიფიქრებია, მინდა, რომ დიდხანს ვუყურო. ძალიან თავმდაბალი ბავშვია, იშვიათად მინახავს ასეთი ახალგაზრდა - მაგრამ მიხარია, რომ ასეთია. ეს პატარა გოგო, თუმცა, პატარა აღარ არის, სიყვარულის გზით მიდის. სულ ვარიგებდი - მთავარია, გიყვარდეს საქმე, რომელსაც ემსახურები და გიყვარდეს სამშობლო!
- რა შეგიძლიათ შვილიშვილისთვის გააკეთოთ?
- ძალიან მიყვარს, ბევრი ლექსი მაქვს მიძღვნილი.
- პირველი როიალი ვინ უყიდა?
- ჯერ თაკოს ვუყიდეთ როიალი, მერე ირმამ გააგრძელა მასზე დაკვრა. ეს როიალი კი, რომელიც ჩემს კაბინეტში დგას და რაზეც მეცადინეობს, ბებიამ, მისმა მოსახელე ირმამ უყიდა. თაკო შვილს ყველანაირად ხელს უწყობდა, დღეში 4-5 საათს ამეცადინებდა და შვილი დაარწმუნა, რომ წარმატებისთვის აუცილებელი იყო შრომა.
- მეცადინეობა არ სწყინდებოდა?
- არა. ძალიან კარგი მეგობრები ჰყავს, კინოში, თეატრსა თუ კაფეში ერთად არიან, მაგრამ, როცა საქმე აქვს, როცა კონცერტისთვის ემზადება, თვეების მანძილზე არსად გადის, ზის და მეცადინეობს. მუსიკა მისთვის უპირველესია.
- შრომისმოყვარეობა ვისგან დაჰყვა?
- ძალიან საინტერესო მამა ჰყავს - ჯონი გიგანი, პრინციპული და ვაჟკაცი კაცი, ნათელი პიროვნება, მშრომელი. ირმა მას ჰგავს თვისებებით. ამასთანავე ჰგავს ბებიასაც - ჩემს მეუღლეს, რომელიც პროფესიონალი მუსიკოსია, ჰგავს დედასაც. მიხარია, რომ ირმა არამარტო პროფესიონალია, თავისი ქვეყნის პატრიოტიცაა. როცა უცხოეთში სასწავლებლად მიიწვიეს, დაფიქრდა და ბოლოს მითხრა:
ბაბუ, მე ის გოგო ვარ, რომ სხვაგან წავიდე?! და აქ დარჩა. ჩემს შვილიშვილს ასე დავლოცავ: რა სიყვარულიც მე გამაჩნია შენდამი და რა სიყვარულიც შენ გაქვს ჩვენს მიმართ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ასევე გეცოცხლოს!
გაუმარჯოს ირმა გიგანის საქართველოს, მის თაობას, რომლებმაც გაბრწყინებულ საქართველოში უნდა იცხოვრონ. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს!
ირმა გიგანი: - შენ ყველაზე მაგარი ხარ, ბაბუ!
ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"