reportiori.ge - “ჩაფლავების” ნაციონალური თავისებურებანი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:01
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
“ჩაფლავების” ნაციონალური თავისებურებანი
ავტორი:
26 მარტი, 2015. 15:05

 

 


ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ: ერთხელ მოლა მოწყენილი დაიარებოდა ქუჩებში. უცებ გვერდზე ვიღაცამ ჩაურბინა. სხვა გამვლელი დაინტერესდა და მოლას ჰკითხა:

_ მოლა, ხომ არ იცი, ეს კაცი სად გარბისო?


მოლამ იფიქრა: მთელი დღეა, მოწყენილი ვარ და მოდი, ცოტას გავერთობიო, და უპასუხა:


_ მეჩეთში ფლავს არიგებენ უფასოდ და იქით მიიჩქარისო.


_ უი, ეგ რა კარგი ამბავიაო! _ იყვირა გამვლელმა, სტაცა ქვაბს ხელი და მეჩეთისკენ გაქანდა. გზად ვიღაცამ მიაყვირა, _ სად გარბიხარო?, ამანაც უპასუხა, სად გარბოდა. ეს მესამეც მოტრიალდა და მას დაედევნა. ცოტა ხანში მოლა უყურებს მთელი ქალაქი ქვაბებისა და ჩამჩების რახარუხით მეჩეთისკენ გარბის და ყვირის: ხალხო, იჩქარეთ, მეჩეთში ფლავს უფასოდ არიგებენო!


მოლა ცოტა ხანს გაერთო, უყურა, უყურა და, ხალხი რომ აღარ დაშოშმინდა და ყველა მეჩეთისკენ გარბოდა, დაეჭვდა: ვაჰ, კაცო, ეგებ და მართლა არიგებენ ფლავს უფასოდ მეჩეთში და ემანდ უფლავოდ არ დავრჩეო. წამოავლო ქვაბს ხელი და თავადაც გაეშურა მეჩეთისკენ...


ასეთი მეთოდი "ნაციონალურ" მოძრაობას უკვე დიდი ხნის აპრობირებული აქვს.


თუ კარგად გავიხსენებთ და გონებაში აღვიდგენთ ფაქტებს, ნათელი გახდება, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ 2003 წლის ნოემბერში სწორედ ამ მეთოდით მიაღწია "ქუჩაში გამოსული ბევრი ხალხის" შთაბეჭდილების შექმნას, რომელიც ხელისუფლების უზურპაციისთვის გამოიყენა.


სრულიად უმიზეზო, უფრო ზუსტად, ერთი შეხედვით, "ჭირვეული ბავშვის" _ მიხეილ სააკაშვილის მიზეზიანობით დაწყებული ძალიან მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციები მოგვიანებით "ვარდების რევოლუციაში" გადაიზარდა.


არადა, 2003 წელს ჩატარებული არჩევნები, ფაქტობრივად, ერთადერთი იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სადაც სახელისუფლო საარჩევნო ბლოკმა საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოიპოვა! სწორედ ამიტომ მოინათლა სააკაშვილის მიერ გრიბოედოვის სახელობის თეატრის წინ შეკრებილი ხალხის პროტესტი "ჭირვეულობად".


ამ თავდაპირველ შეკრებებს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არც კი აღიქვამდა სერიოზულად _ "იყაყანებენ და დაიშლებიანო"...


ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. მერე კი დაიწყო!


და დაიწყო სწორედ იმით, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ყოველდღიურად გადმოსცემდა, _ ამა და ამ რაიონიდან დაიძრა მრავალრიცხოვანი კოლონა, რომელიც შეუერთდება საპროტესტო მიტინგს თბილისშიო.


და აჩვენებდნენ კადრებს საქალაქთაშორისო ტრასებზე მავალი ავტობუსებისა და ე. წ. „მარშუტკებისა".


ეფექტურად გამოიყენებოდა ე. წ. „პრობკების" მეთოდი, ანუ კოლონის წინ მიმავალი სამი-ოთხი დროშებგადმოშვერილი ავტომობილი სიგანეზე განლაგდებოდა, სვლას შეანელებდა და მთელ ტრასაზე ხელოვნურ საცობს წარმოქმნიდა. ამ ყველაფრის დასაგვირგვინებლად საჭირო იყო მხოლოდ და მხოლოდ ოდნავ შემაღლებულ ადგილზე განთავსებული "რუსთავი 2"-ის კამერა და მორჩა _ დიღმიდან თითქმის კასპამდე ხელოვნურად "გაჩხერილი" რამდენიმე ასეული ავტომობილის კოლონა მთლიანად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ მოპროტესტე-მომიტინგეებად საღდებოდა...


და გამოუცდელ, ჯერაც ჩამოუყალიბებელ საზოგადოებაში ძალიან სწრაფად და შედეგიანად მუშაობდა "ფლავის ეფექტი". "ვაჰ, ამათ, ნახე, რამდენი მხარდამჭერი ჰყოლიათ, მთელი საქართველო მორბის, მოედინება და მოზანზარებს, ემანდ, მე არ გამოვაკლდე მხოლოდ, _ წამოიძახებდა გულში თითოეული და მართლა გარბოდა ამ "ყველასაგან მხარდაჭერილი" ძალის მხარდასაჭერად.


თვით ზურაბ ჟვანიასაც კი ეტყობოდა "მოლას სინდრომი" _ თავიდან ის ერთგვარად არადამაჯერებლად გაიძახოდა, _ მთელი საქართევლო მხარს გვიჭერსო და ზოგჯერ ეღიმებოდა კიდეც სააკაშვილის ზედმეტად თავდაჯერებულ გამოხდომებზე, მაგრამ ბოლოს აშკარად თავადაც იფიქრა: მგონი, მართლა არიგებენ ფლავს მეჩეთში უფასოდო!


აი, რაც შეეხება 2015 წლის 21 მარტს, აქ ეს მეთოდი აშკარად და თვალნათლივ ჩაფლავდა!


მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალების" პირდაპირ მფლობელობაში არსებული ვითომ "არასამთავრობო" ორგანიზაცია "თავისუფალი ზონა" დილიდან გაჰკიოდა: "კოლონა დაიძრა ზუგდიდიდან", "კოლონა დაიძრა ბათუმიდან" "კოლონა დაიძრა ფოთიდან" _ ყოველივე ეს უკვე საკმაოდ გაზრდილ და ჩამოყალიბებულ ქართველ საზოგადოებაში მხოლოდ დამცინავ ღიმილს იწვევდა.


რა თქმა უნდა, არ გაჭრა არც "რუსთავი 2"-ის იმ ორიოდე კადრმა, სადაც ხელოვნური საცობის შექმნის გზით "ნაციონალების" მხარდასაჭერად მომავალი "უამრავი" ავტომობილის აღბეჭდვის მეტად უსუსური მცდელობა დავინახეთ მხოლოდ!


ეს ტელევიზია რომ, "გამარჯვებული" კი არა, რეალურად მოტყუებული და გაცუცურაკებული ხალხის ტელევიზიაა, უკვე შესანიშნავად იცის ყველამ და იმიტომ...


შენი ლოზუნგი მე!


ასე შეიძლება ვუწოდოთ "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთ მეთოდს, რომელსაც ისინი ასევე წარმატებით იყენებენ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან.


ყველას კარგად ახსოვს, რომ იმ პოლიტიკოსთა გაერთიანებამ, რომლებიც მანამდე ედუარდ შევარდნაძეს ყველა ვითარებაში და ყოველთვის კბილებით იცავდნენ, უცებ დაიწყეს სწორედ იმ ფრაზებისა და ლოზუნგების წამოსროლა, რომელთაც მანამდე ოპოზიციური პარტიების ლიდერები თუ, უბრალოდ, გაბრაზებული და აღელვებული ჩვეულებრივი ადამიანები წამოიძახებდნენ ხოლმე: "ქვეყანა კორუფციის ჭაობშია!", "მოგვაშორეთ კორუმპირებული ჩონოვნიკები!", "საქართველო კორუფციის გარეშე!" _ ეს ფრაზები სულ მალე გასაღდა "ნაციონალების" ლოზუნგებად.


მთავარი იყო ის, რომ "ნაციონალებს" ეს ლოზუნგები უფრო ხშირად და უფრო მეტ მედიასაშუალებაში ემეორებინათ და ემეორებინათ დაუსრულებლად. საზოგადოებამ უმალ დაივიწყა ყველა სხვა "ანტიკორუფციონერი" და დაუფიქრებლად მიანიჭა კორუფციის წინააღმდეგ "მთავარი" მებრძოლების სტატუსი "ნაციონალებს".


აი, რაც შეეხება 2015 წლის 21 მარტს, ამ შემთხვევაში ანალოგად შეიძლება ავიღოთ ის ფრაზები, რომლებსაც ზოგიერთი "არაქოცი" პოლიტიკოსი და, ამასთანავე, საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი ჯერ კიდევ 2013 წლიდან გაიძახის: "მთავრობა არ მუშაობს და უუნაროა", "გამარჯვებულის კმაყოფილებით გონებადაბნელებულ მთავრობას არ აქვს უნარი პრობლემების მოგვარებისა", "უუნარო მთავრობა უნდა შეიცვალოს!"


აი, ამ ლოზუნგებისა და თვალსაზრისების მითვისება აშკარად და თავხედურად სცადა "ნაციონალურმა მოძრაობამ".


ასევე, ორივე შემთხვევაში მოქმედებდა "ერთი ძირითადი სიტყვის პრინციპი" - 2003 წელს ეს სიტყვა იყო "კორუფცია", ხოლო 2015 წელს _ "უუნარო".


და, თუკი 12 წლის წინათ, საზოგადოებამ, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცოდა "ნაცების" რეალური სახე, ხარბად ყლაპა ეს "აბი გლუკოზა", ამჯერად უკვე კატეგორიული უარი განაცხადა იმავე "რეცეპტის" მიღებაზე და სრულიად მარტივად გამოხატა, რომ ადამიანებს ისევ "უუნაროები" და "უნიათოები" ურჩევნიათ მანიაკებს, კაცისმკვლელებსა და არაადამიანებს!


და, თუ საჭირო გახდება "აბი გლუკოზის" კვლავ გამოყენება, საზოგადოება მას არამც და არამც აღარ მიიღებს "ნაციონალთა" ხელით და შეეცდება, ვინმე უკეთესი "დასტაქარი" გამონახოს!


არ გამიშვა, გამაკავე!


ასეთი პარადოქსული ფორმულა ასახავს "ნაცების" მესამე ნაცად მეთოდს.


"ჩვენი მხარდამჭერი კოლონები მოემართებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მათ გზა გადაუღობეს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებმა, მაგრამ ჩვენი კოლონები აუცილებლად ჩამოაღწევენ. ადგილებზე ხდება ხალხის დაშინება, მაგრამ არაფერი გამოუვათ!"


ასეთი განცხადებები აღძრავს უხსოვარი დროიდან ადამიანის ფსიქიკაში ჩადებულ "არდამორჩილების" ინსტინქტს. ასეთი ხმამაღალი შეძახილები ადამიანებში იწვევს შემდეგი სახის ქმედებას _ "მაინც გავაკეთებ!" და მიუხედავად იმისა, რომ არავინ არაფერს უკრძალავს, ის მაინც პროტესტის სურვილით იმსჭვალება!


მახსოვს, 2003 წლის ნოემბერში კახეთში მომიწია ორიოდე დღით ყოფნამ. სწორედ იქ მოვისმინე საინფორმაციო საშუალებებში, _ "კახეთიდან დაძრულ კოლონებს პოლიციამ გომბორთან გადაუკეტა გზა და არ უშვებენ თბილისისკენ!". კარგად მახსოვს ყოველივე ეს, რადგან ვიფიქრე, თბილისამდე ჩასაღწევად კარგა გვარიანი ჯაფა დამადგება-მეთქი და ასეთი ფიქრებით გამოვწიე დედაქალაქისკენ.


გომბორზე იდგა, ჩვეულებისამებრ, ორიოდე "გაის" მანქანა და მათ ახლოს გაჩერებული 10-მდე დროშებიანი "მარშუტკაც" შევნიშნე. დამაინტერესა, რა ხდება-მეთქი და შევჩერდი. იქნებ არც დამიჯეროთ, "მარშუტკებიდან" გადმოსული კოლონის ხელმძღვანელები ვიღაცებს ურეკავდნენ ტელეფონით და სერიოზულ აღშფოთებას გამოთქვამდნენ: "გომბორზე ვართ და გზას არავინ გვიკეტავს! რას ჰგავს ეს?"


და ვიდრე მე ამ უცნაური საყვედურების ადრესატების დადგენას ვცდილობდი, უეცრად მოვარდა ე. წ. გომბორის „ტეკზე "15-მდე "გაის" მანქანა და 5-6 შინაგანი ჯარის "ბეემპე"!


როგორც კი მათ გზა ჩახერგეს, "მარშუტკების" მესვეურნი სასწრაფოდ შეცვივდნენ თავიანთ "მარშუტკებში" და "ეკვეთნენ" გზაზე შექმნილ "წინაღობას". შემდეგ ისევ გამოცვივდნენ "მარშუტკებიდან", თან ჩამოიყოლეს მიკროფონიან-კამერიანი "რუსთავი 2" და ისეთი ხმაური ატეხეს, მეც კი, მთელი ამ სურათის თავიდან ბოლომდე შემთხვევით შემსწრემ, ლამის დავიჯერე ამ ამბების რეალურობა.


ფაქტი იყო, რომ საქმე გვქონდა რეალურ საბოტაჟთან და, გარკვეული სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ, პოლიცია "ნაცებს" ეხმარებოდა "დაჩაგრულის" იმიჯის შექმნაში!


აქვე მინდა ისიც ვთქვა, რომ ეს ყოველივე მაშინვე გამოვაქვეყნე ქართულ პრესაში, თუმცა ეს ის დრო იყო, როდესაც გაბრიყვებულ საზოგადოებას მიშას ყველა მოწინააღმდეგე "შევარდნაძის დამცველი" ეგონა და, მიშას გარდა, არავის სიტყვებს არ იჯერებდა...


აი, რაც შეეხება 2015 წლის 21 მარტს, ალბათ, არ გაგიჭირდებათ გახსენება იმ ანალოგიური ფრაზებისა, რომლებსაც "ნაციონალების" ლიდერთა მხრიდან ისმენდით აქციამდე მთელი ერთი კვირის განმავლობაში... და, ალბათ, არც იმის დამატებაა საჭირო, რომ "ნაცების" ნაცადი მეთოდებიდან ესეც უკვე მოძველებული და არავითარი შედეგის მომტანი აღმოჩნდა...


საზოგადო მოღვაწეები


პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემთვის ყველაზე ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის შემოვინახე!


"აქციაზე იმყოფებიან ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ აზრს დღევანდელი აქციის შესახებ!" _ "კურიერის" ჟურნალისტის, აი, ასეთი ფრაზის შემდეგ მიკროფონთან რიგ-რიგობით მიდიან:


1. გიგა ნასარიძე


2. გია ჭანტურია


3. ნიკა ქავთარაძე


4. მიშა მშვილდაძე


5. ირაკლი საღინაძე


ასევე, იყვნენ სხვანი _ თეატრალური "მოღვაწენიც", მაგრამ მე მინდა, თქვენი ყურადღება ამათზე შევაჩერო...


არაერთხელ მითქვამს _ "ნაცებო"! ამაზე დიდი და სერიოზული "მოღვაწეები" არ აღირსოს მამაზეციერმა თქვენს რიგებს-მეთქი, მაგრამ ფაქტია, რომ ესეც ერთ-ერთი "ნაცთა"-ნაცადი მეთოდია, რომელმაც 2003 წლის ნოემბერში მოიტანა კიდეც არც თუ მცირე შედეგი.


იმ პერიოდში, ზემოჩამოთვლილთა გარდა, ზვიო ბლიაძის, გოჩა თანდარაშვილისა და კიდევ რამდენიმე მსგავსი პერსონის "საზოგადო მოღვაწეებად" გასაღებამ საზოგადოებად ჯერაც ჩამოუყალიბებელ მასაზე ეფექტიანად იმოქმედა და ეს "მოღვაწენიც", ზოგიერთ "გმირ ჟურნალისტთან" ერთად, ლამის "ერის სულიერ მამებად" მონათლეს.


მხოლოდ ერთს ვიტყვი: ჩემი სტუდენტობის პერიოდი მახსენდება. ხდებოდა ხოლმე _ სადმე სუფრაზე რომ მოვხვდებოდი ჩამოთვლილ "მოღვაწეებთან" ერთად, მავანი სუფრის წევრი ხელოვნების სადღეგრძელოს ჩვენი თამადობით წარმოთქვამდა...


მახსოვს, როგორ ვწითლდებოდი და ვლუღლუღებდი, _ "კარგი კაცო, ეგ ზედმეტია ახლა, ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს გართობაა, ხელოვნება გაცილებით მაღალი რანგია-მეთქი" _ და როგორ უიმედოდ ველოდებოდი, რომ რომელიმე მათგანი ამყვებოდა ამ დარცხვენაში.


მარტივად რომ გითხრათ, დავუშვათ, ალეკო მალხაზიშვილი ისე შეიფერებდა ხოლმე გალაკტიონ ტაბიძესთან ერთად სადღეგრძელოში მის მოხსენიებას, ზოგჯერ ეჭვიც მეპარებოდა, _ ამას ნაღდად რაღაც დიდი "ღვაწლი" მიუძღვის ქართველი ერის წინაშე და მიმალავს-მეთქი.


რა თქმა უნდა, ასევე იქცეოდნენ დანარჩენებიც. მაშინ კი მიკვირდა, მაგრამ ახლა ვხვდები, თურმე საზოგადო მოღვაწეები ყოფილან!


და მაინც, მათ შორისაც გამოვყოფდი ნიკა ქავთარაძეს, რომელმაც "საზოგადომოღვაწურსაც" კი გადააჭარბა, ისეთი ფრაზა თქვა:


"მიუხედავად უდიდესი წნეხისა, დღეს ამ აქციაზე მოსული ადამიანები მაინც ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს!"


ნიკუშ, ძამიკო, და კიდევ სხვა "საზოგადო მოღვაწენო"!


მოდით რა, ასე გეტყვით: წნეხი ის არის, რამდენიმე ათეული ქვებმოღერებული მუტრუკი რომ მოგდევს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელში ვიდეოკამერა გიჭირავს და შენს მიკროფონზე, "რუსთავი 2"-ის ლოგოს ნაცვლად, სხვა რომელიმე ტელევიზიის ლოგოა! წნეხი ის არის, რეგიონული აქციის გასაშუქებლად ჩასულ ჯგუფის წევრებს სასტუმროს ნომერში რიგრიგობით როცა გძინავთ, რადგან სასტუმროს შესასვლელთან "ნაცების" მოზრდილი ბანდა დაგხვდათ და ცხვირწინ ცეცხლსასროლი იარაღი გიტრიალათ! წნეხი ის არის, შენს ფანჯრებთან რამდენიმე თვე შავი ფერის ავტომობილი რომ "აბირჟავებს" 24 საათი...


წნეხი კიდევ ბევრნაირია და ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოთ ნურასოდეს ის, რაც იმ ადამიანებმა გამოცადეს, რომელთა დამწნეხავ, მწამებელ, მკვლელ მანიაკებს თქვენ დღემდე მხარდაჭერას უცხადებთ!


კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც აქამდეც არაერთხელ მითქვამს: აქ "პოლიტიკა" არაფერ შუაშია! სხვადასხვა პარტიის წევრი და მხარდამჭერი მეგობრები მრავლად მყავს, მაგრამ არაადამიანობის მხარდამჭერები, მაპატიეთ და, ვერასოდეს იქნებიან ჩემი მეგობრები!


სხვათა შორის, რამდენიმე ასეთი "მოღვაწე" დღეს, მიზეზთა გამო, ხელისუფალთა მხარდამჭერად გვევლინება და მთელი უბედურებაც სწორედ ის არის, რომ დღევანდელ ხელისუფალთაც ისინი მართლა "მოღვაწეებად" მიაჩნიათ... მაგრამ ამაზე სხვა დროს...


ახლა, დასკვნის სახით, მინდა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს მივმართო:


რუსეთით გვაშინებთ? ხალხმა ხომ უკვე საკუთარ ტყავზე გამოსცადა, რომ, "კრემლი" კი არა, ნებისმიერი "ოქროს ურდოც" კი გაცილებით სჯობია თქვენნაირ მანიაკებს და უტიფარ და სადისტ არაადამიანებს!


ყველაფერთან ერთად, თქვენ ძალიან მძიმე დებილებიც ხართ, ბატონებო! თანაც ორმაგი დებილები!


ერთი იმიტომ, რომ თავის დროზე ვერ მიხვდით, ადამიანთა ტანჯვა-წამება-ცემა-მკვლელობებზე აწყობილი ხელისუფლება, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაგემხობოდათ თავზე!


მეორე იმიტომ, რომ დღესაც ვერ ხვდებით ადამიანთა მტანჯველ-მწამებელ-მცემელ-მკვლელების იმიჯით ვეღარასოდეს მიაღწევთ ხელისუფლებამდე იმავე მოძველებული მეთოდებით, რომლებითაც ამ 12 წლის წინათ მიაღწიეთ!


აი, აქ კი, კიდევ ერთი მეთოდი მახსენდება "ნაცებისა":


"შეიძლება კეთილშობილი ბუნებისა არ არის, მაგრამ ძალიან ნიჭიერი და წარმატებულია!" _ ასეთი ხმების გავრცელება საკუთარ თავზე მათი ერთ-ერთი უსაყვარლესი მეთოდია...


არადა, ის, ვინც ზემოთ ნათქვამ აქსიომებს ვერ ხვდება და ვერ იაზრებს, "ნიჭიერი" კი არა, იშვიათი იდიოტია!


და ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ზუსტად ასეთივე იდიოტია ის, ვინც მათ ამას უჯერებს და ამ ადამიანებს "გზასაცდენილ ნიჭიერ ადამიანებად" მოიხსენიებს ხოლმე...


მომავალ "ფლავისჭამამდე", ბატონებო!




(წყარო: geworld.ge, ბაკურ სვანიძე)


 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016