reportiori.ge - პიარი არ გინდათ? - ანუ რა მისწერა ,,თრიალეთმა" გუბერნატორს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2024. 23:56
რეგიონები
პიარი არ გინდათ? - ანუ რა მისწერა ,,თრიალეთმა" გუბერნატორს
ავტორი:
26 მარტი, 2015. 17:27



,,ეს მოხდა გუბერნიის გადაწყვეტილებით. ნანეტაშვილის წერილები მართლაც შემოვიდა, მაგრამ თანხების გადარიცხვაზე უარი ვუთხარით. ვფიქრობდით, რომ რეგიონში არსებული სხვა მედიასაშუალებები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებოდნენ" - გვითხრა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა. ის ერთ-ერთია იმ გამგებლებს შორის, რომელთაც ტელეკომპანია ,,თრიალეთის" გენერალური დირექტორისგან ჯონი ნანეტაშვილისგან, ყოველთვიურად, თითო მუნიციპალიტეტისგან, 2 000 (ორი ათასი) ლარის გადარიცხვის მოთხოვნით, 2014 წლის აგვისტოში წერილები მიუვიდათ. პიარის გაწევის შესახებ თანხის მოთხოვნის ფაქტი რეგიონის ყველა გამგებელმა, მათ შორის, გორის მერმაც დაადასტურა.


შიდა ქართლის ადგილობრივი ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა ჯონი ნანეტაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორს ზურაბ რუსიშვილს, (ფოტოზე - ზურაბ რუსიშვილი) ხოლო მისგან მიღებული პასუხის შემდეგ, გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ასევე გორის მერს, თვეში 2 ან 3 ათას ლარიანი, თანაც ,,უდიდესი შეღავათიანი" მომსახურების გაწევის თხოვნით, 2014 წლის აგვისტოში, მისწერა.


იმ შემთხვევაში, თუ ყველა ადმინისტრაციული ორგანო ტელეკომპანია ,,თრიალეთთან", ყოველთვიურ 2 ათას ლარის თაობაზე, ხელშეკრულებას გააფორმებდა, ადგილობრივი ტელევიზია ბიუჯეტებიდან თვეში 10 ათას ლარს მიიღებდა, ხოლო 10 თვეში - 100 000 ლარს. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა ჯონი ნანეტაშვილს უარით უპასუხა.


,,ტელერადიო კომპანია ,,თრიალეთი" თქვენი საქმიანობის წარმოსაჩენად, მოსახლეობისთვის საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად, როგორც ტელევიზიით, ასევე რადიოში, გთავაზობთ, სხვადასხვა სახის მომსახურებას, როგორიცაა: საინფორმაციო ხასიათის სიუჟეტი, სარეკლამო კლიპი, მორბენალი სტრიქონი, განცხადების გამოქვეყნება, მერის, გამგებლის ან გამგეობის სამსახურის წარმომადგენლის ეთერში გამოსვლა და ასევე თვეში ერთი გადაცემის მომზადება გამგეობის მიერ გაკეთებული თუ დაგეგმილი საქმეების შესახებ" - წერია ,,თრიალეთის" გენერალური დირექტორის წერილში.


წერილში ასევე დაწვრილებით წერია, თუ რა ვადით და მომსახურების ტარიფებით შეუძლია მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტიდან თანხა გაიღოს. კერძოდ, ერთწლიანი ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით, ,,თრიალეთი" მომსახურების გაწევას ,,უდიდესი შეღავათებით" პირდებოდა.


,,იმ შემთხვევაში, თუ გაფორმდება ხელშეკრულება თვეში ორი ათას ლარზე, გაგიწევთ სამი ათასი ლარის მომსახურებას, ხოლო თვეში სამი ათას ლარიან ხელშეკრულებისას, გაგიწევთ ხუთი ათასი ლარის მომსახურებას ყოველ თვეზე" - აღნიშნულია წერილში.


,,თრიალეთისთვის" აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ასეთი თანამშრომლობის ხელშეკრულებები, საქართველოს სხვა რეგიონის ტელევიზიებთან არსებობს.


საინტერესოა წერილის ბოლო ორი აბზაცი, სადაც ვკითხულობთ:


,,გაცნობებთ, რომ საშემოდგომო სატელევიზიო სეზონის დაწყებისას ახალი პროგრამული ბადის მომზადებასთან დაკავშირებით, აუცილებელია ჩვენი ხელშეკრულება გაფორმდეს 1 სექტემბრამდე, ან 1 ოქტომბრამდე. ამ დროის შემდეგ გაგვიძნელდება ხელშეკრულების გაფორმება, განსაკუთრებით, გადაცემებთან დაკავშირებით" - ციტატის დასასრული.


ჯონი ნანეტაშვილი წერილის დასაწყისში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს უხსნის, რომ ხელისუფლებას სჭირდება ინფორმაციის გავრცელება და ასევე პიარი და რეკლამა.


,,თრიალეთის" გენერალური დირექტორი ჯონი ნანეტაშვილი ადასტურებს, რომ ასეთი წერილი მართლაც არსებობს. ,,სამწუხაროდ, ყველასგან უარი მივიღეთ. ამ შეთავაზების ძირითადი მოტივი ის იყო, რომ მოსახლეობას ჩვენი მეშვეობით ხელისუფლების გაკეთებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ" - გვითხრა ჯონი ნანეტაშვილმა. ჩვენს კითხვაზე, თუ რა მიზეზები დაუსახელეს ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა, ჯონი ნანეტაშვილი აღნიშნავს, რომ მიზეზად ბიუჯეტში თანხების არარსებობა დაასახელეს.


ხაშურის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უხსნის, რომ ხაშურის გამგეობის მხრიდან უარის მიზეზი მისი ახლადდანიშვნის ფაქტი წარმოადგენს: ,,მე ფაქტობრივად ახალი დანიშნული ვიყავი, ისიც არ ვიცოდი ზუსტად, რა თანხები იდო ბიუჯეტში".


ქარელის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ჯერ ჩვენ გვკითხა, რომელ წერილზე ვსაუბრობდით: ,,მაგათგან უამრავი წერილია შემოსული და რავიცი რომელზე მეკითხებით?". შინაარსის გაგების შემდეგ გულიაშვილმა გვიპასუხა, რომ  უარი ,,ამ ეტაპზე" უთხრეს. ,,თანხების მოძიების შემთხვევაში საკითხს განვიხილავთ-მეთქი. დაახლოებით ასე ვუპასუხეთ" - გვითხრა ზაზა გულიაშვილმა.


ხაშურის გამგებლის პასუხის ანალოგიური პასუხი გასცა ,,თრიალეთს" გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა. ,,ჯერ სულ ახალი ჩამოყალიბებული ვიყავით, ბიუჯეტიც არ გვქონდა და შესაბამისად უარი ვუთხარით" - აცხადებს დავით ონიაშვილი.


,,თრიალეთს" კონკრეტული პასუხი გასცა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა. ,,ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ამ ეტაპზე ასეთი მომსახურება არ გვჭირდება" - აცხადებს ზურაბ ჯირკველიშვილი.


ვიდრე ქვემო მოცემულ წერილს მუნიციპალიტეტები მიიღებდნენ, მანამდე წერილი შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმაც მიიღო. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ  ტელეკომპანიის ხელმძღვანელი გუბერნატორისგან გარკვეული სახის დახმარებას ითხოვდა, რათა ადგილი არ ჰქონოდა მუნიციპალიტეტების მხრიდან ხელშეკრულებების ,,დაბლოკვას". ,,ჩვენ მივწერეთ, რომ ეს უშუალოდ მუნიციპალიტეტების გადასაწყვეტია და მათთვის მიემართა" - გვითხრა გუბერნატორის მოადგილემ.  თუ რა სარგებელს იღებდა ნანეტაშვილი და მისი კომპანია წინა გუბერნატორების პერიოდში, ამას ქვემოთ, სტატიის მესამე ნაწილში ნახავთ.


მანამდე იხილეთ მუნიციპალიტეტების გამგებლების სახელზე გაგზავნილი წერილი ასლი.





,,ნანეტაშვილის საქმე" - რა მოხდება უარის შემდეგ?


ტელეკომპანია ,,თრიალეთსა" და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის ასეთი ტიპის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით პერიოდულად სიტუაცია იძაბება. ამის ნათელი მაგალითი 2006 წელია, როდესაც ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ,,თრიალეთი"  სატელევიზიო უარყოფით სიუჟეტებს ამზადებდა.


,,თრიალეთის" ჟურნალისტების საჩივრის საფუძველზე, ტელეკომპანიის მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრობიდან დაითხოვეს.


ამ თემაზე 2006 წელს, გაზეთმა ,,24 საათი" ვრცელი სტატია მიუძღვნა. სტატიის მიხედვით "ნანეტაშვილის საქმე" 2006 წლის ივნისში მაშინდელმა სახალხო დამცველმა წამოატივტივა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ წერილში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების" წევრის ბიზნეს-ინტერესები ამხილა. სოზარ სუბარმა საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს წარუდგინა 21-გვერდიანი ინფორმაცია, რომელიც, ძირითადად, ტელეკომპანია "თრიალეთის" თანამშრომლების ახსნა-განმარტებებისგან შედგებოდაა. მათი განცხადების თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ბადრი ნანეტაშვილი ტელეკომპანია "თრიალეთს" მართავდა და მის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა.


 სახალხო დამცველის წერილში მოყვანილ ფაქტებს 2006 წლის ივნისში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სწავლობდა.


თავდაპირველად, კომიტეტს ახსნა-განმარტებები ტელეკომპანია "თრიალეთისა" და გაზეთ "თრიალეთის" ყოფილმა ჟურნალისტებმა მისცეს. მათი თქმით, ბადრი ნანეტაშვილის პირადი დავალებით და მითითებით, ხაშურის, ქარელის, გორის და შიდა ქართლის რამდენიმე რაიონის გამგებელს აშანტაჟებდნენ და, გარკვეული ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გადარიცხვას სთხოვდნენ.


როგორც ტელეკომპანიის ყოფილი ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, მითითებებს ნანეტაშვილი ტელეკომპანია "თრიალეთის" შენობაში, საკუთარ კაბინეტში იძლეოდა. 


ბადრი ნანეტაშვილმა პროტესტის ნიშნად, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების" რიგები დატოვა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები "შეთითხნილია" და მას უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უპირისპირდებოდნენ.


ნანეტაშვილი, აგრეთვე, ირწმუნებოდა, რომ პარლამენტიდან მისი გაშვებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილიც იყო დაინტერესებული. დეპუტატის მტკიცებით, ტელეკომპანია "თრიალეთის" ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელმაც ნანეტაშვილის სასარგებლო ჩვენება მისცა, გოგორიშვილმა განუცხადა, რომ "ფრთხილად ყოფილიყო და თავი არ გაეფუჭებინა".


ბადრი ნანეტაშვილის განცხადებით, იგი ვეღარ დარჩებოდა იმ საპარლამენტო უმრავლესობაში, რომლის წევრები გიგა ბოკერია, დავით კირკიტაძე, დავით ბეჟუაშვილი და ხათუნა გოგორიშვილი იყვნენ. 


საპროცედურო საკითხთა კომიტეტში "მოწმეების დაკითხვა" რამდენიმე დღე გრძელდებოდა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ახსნა-განმარტებები მისცეს ქარელის რაიონის ყოფილმა გამგებელმა მალხაზ კორკოტაძემ და კასპის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გენადი ხაჩიძემ. პირველი მათგანის თქმით, 2003-2005 წლებში, როდესაც იგი ქარელის რაიონის გამგებელი იყო, როგორც ტელეკომპანია "თრიალეთთან", ასევე გაზეთ "თრიალეთთან" გაფორმებული ჰქონდა გარკვეული ხელშეკრულება საინფორმაციო მომსახურების გაწევის ვალდებულებით, რისთვისაც რაიონის ბიუჯეტიდან ოფიციალურად ირიცხებოდა გარკვეული თანხა.


"რაიონის გამგეობამ დააფუძნა საკუთარი გაზეთი, რომელიც ჩაიდო გაზეთ "თრიალეთში" და ამ მომსახურებაში გაზეთ "თრიალეთს" რაიონის გამგეობა თითო ნომერზე 250 ლარს უხდიდა, რაც თვეში 600 ლარამდე ადიოდა," - განაცხადა კორკოტაძემ.


მისივე თქმით, აღნიშნული ხელშეკრულებები, როგორც ტელეკომპანია "თრიალეთთან", ასევე გაზეთ "თრიალეთთან", თავს მოხვეული იყო, აღნიშნული ხელშეკრულებების დადების იდეა კი პარლამენტარ ბადრი ნანეტაშვილისგან მოდიოდა.


"ამ ხელშეკრულებების დადების გარეშე სხვაგვარად ვერ განხორციელდებოდა ჩვენი ურთიერთობა ვერც ბადრისთან, ვერც ტელეკომპანია "თრიალეთთან". ბადრიმ ყველაფერი იცოდა, რომ რაიონს უჭირდა, მაგრამ ამ ხელშეკრულებებს მაინც გვთავაზობდა," - აღნიშნა ქარელის რაიონის ყოფილმა გამგებელმა.


ქარელის რაიონის ყოფილი გამგებლისგან განსხვავებით, კასპის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გენადი ხაჩიძემ არ დაადასტურა პარლამენტარ ბადრი ნანეტაშვილთან მსგავსი ურთიერთობა და აღნიშნა, რომ მას კონტაქტები ჰქონდა პარლამენტარის ძმასთან ჯონი ნანეტაშვილთან, რომელიც ტელეკომპანიას ხელმძღვანელობს. 


საბოლოოდ, 2006 წლის 21 ივნისს საპროცედურო კომიტეტის დასკვნის საფუძველზე ბადრი ნანეტაშვილს პარლამენტარის სტატუსი ჩამოართვეს.


გაზეთი ,,ქართლის ხმა" - 2011 წელი

ვიცე-გუბერნატორ ნანეტაშვილის პრემიები და სარგებელი ბიუჯეტიდან



,,ქართლის ხმა"-მ 2010 წლის მაისში მოიძია დოკუმენტები იმისა, თუ რა ფორმით იცავდა შიდა ქართლის გუბერნია ბადრი ნანეტაშვილის ,,ინტერესებს" 2008-2010 წლებში, მაშინ  როდესაც ვიცე-გუბერნატორის პოსტი ტელეკომპანია ,,თრიალეთის" მფლბელს ბადრი ნანეტაშვილს ეკუთვნოდა.


ბადრი ნანეტაშვილი გუბერნატორის პოსტზე 2008 წლის 16 აპრილს, შიდა ქართლის გუბერნატორმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა #38 განკარგულების საფუძველზე დანიშნა. ,,ქართლის ხმა"-ს  2008 წლის აპრილის თვეში ვარძელაშვილმა განუცხადა, რომ ნანეტაშვილი კვლავ პარლამენტარობას ითხოვდა. ეს თავად ვარძელაშვილმა ოფიციალურ ინტერვიუში დაგვიდასტურა, რომლის აუდიო ჩანაწერი ,,ქართლის ხმის" რედაქციაში დღემდე ინახება. ნანეტაშვილის ხელფასი ვიცე-გუბერნატორის  თანამდებობაზე 2 250 ლარით განისაზღვრა.


ნანეტაშვილი ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას 2008 წლის 16 აპრილიდან 2010 წლის 1 მარტამდე იკავებდა და ფაქტობრივად 22 თვე იმუშავა. (ხელფასიდან სულ შემოსავალი 49 500 ლარი მიიღო).


ბადრი ნანეტაშვილი ამავე დროს სარგებლობდა ყველა იმ დანამატით და პრემიით, რომელსაც მაშინდელი გუბერნატორი თანამშრომლებზე იმეტებდა.


რაც შეეხება ხელისუფლებისადმი მსახურებას, ბადრი ნანეტაშვილი ,,ნაცინალური მოძრაობის" მმართველობის თითქმის 8 წლიან მონაკვეთში (2003-2011) ჯამში 6 წელი ,,ნაციონალურ მოძრაობას" ემსახურა სხვა და სხვა სახით, იყო პარლამენტარი, შემდეგ გუბერნატორის მოადგილე.


2008 წლის 18 აპრილს ვლადიმერ ვარძელაშვილმა #40 განკარგულებით ბადრი ნანეტაშვილს შემდეგი უფლებამოსილებანი მიანიჭა: ,,მიენიჭოს უფლებამოსილება, ცალკეულ შემთხვევებში, ოფიციალურ კორესპონდენციასა და დოკუმენტაციაზე (გარდა საფინანსო დოკუმენტაციისა) ხელმოწერაზე სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეს ბადრი ნანეტაშვილს." ეს ის პერიოდია, როდესაც საარჩევნოდ გუბერნიის პირველი პირები შვებულებაში გავიდნენ და მართვის ორგანოები ნანეტაშვილს ჩააბარებს. არჩევნების გასვლის შემდეგ (31 მაისი) ყველა თანამდებობას დაუბრუნდა.


იმავე 18 აპრილს ბადრი ნანეტაშვილის საკუთარი ტელეფონის ნომერი (899 10 13 31) აყვანილ იქნა სახელმწიფო ბალანსზე და ამ ნომერზე სააბონენტო ლიმიტი, ბიუჯეტის ხარჯზე, თვეში 80 ლარად განისაზღვრა.


2008 წლის 14 ნოემბერს ბადრი ნანეტაშვილმა ვარძელაშვილის #95 განკარგულებით, აიღო პრემია 2 300 ლარი. პრემიის საფუძველი - ,,გიორგობის დღესასწაული" გახდა. ფაქტობრივად, 2008 წლის შემოსავალი ბადრი ნანეტაშვილისა იყო 8 თვის ხელფასს (18 000) პლუს პრემია (2 300), რაც ჯამში გამოვიდა 20 300 ლარი(მხოლოდ 2008 წელი). ამ დროს უკვე შიდა ქართლში აგვისტოს მოვლენები მომხდარია და ხალხი გაჭირვებაში ცხოვრობს.


2009 წელი


2009 წელი ბადრი ნანეტაშვილისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ქონების ირგვლივ გარკვეული ცვლილებები და ამაზე ცალკე მოკვლევას შემოგთავაზებთ.


საჯარო რეესტისვე ამონაწერით, ვგებულობთ, რომ ბადრი ნანეტაშვილი ოფიციალურად ხდება მესაკუთრე ბინისა, რომელიც მდებარეობს თბილისში, ნუცუბიძის ქ. 12-ში და რომელსაც აშენებს ამხანაგობა ,,ნუცუბიძე 12″. აღნიშნული ბინის ფართობია 108 კვ.მე. დეკლარაციებში ეს ბინა 220 000 ლარადაა შეფასებული.


2009 წლის 23 თებერვალს (ე.წ. კაცების დღეს ანუ საბჭოთა არმიის დღეს)  ბადრი ნანეტაშვილმა ვარძელაშვილის #21 განკარგულებით, აიღო პრემია 2 250 ლარის ოდენობით. ვარძელაშვილმა პრემიების გაცემის საფუძვლად ქალთა დღეები (3 მარტი და 8 მარტი) დაუდო. მომდევნო პრემია ბადრი ნანეტაშვილმა 2009 წლის 12 ივნისის განკარგულების საფუძველზე 2 250 ლარი აიღო. ამჯერად, პრემიის გაცემის საფუძველი არ არსებობს.


2009 წლის ზაფხულში ბადრი ნანეტაშვილმა კიდევ ერთი  - ,,მარიამობის სადღესასწაულო" - პრემია 2 250 ლარი აიღო.


2009 წელს ვარძელაშვილმა ბადრი ნანეტაშვილს მეოთხედ პრემია ოქტომბრის თვეში მისცა. ამჯერადაც ნანეტაშვილმა ხელფასის ოდენობის პრემია 2 250 ლარი მიიღო. საფუძველი ვარძელაშვილის #61 განარგულებაში არ არის მითითებული.


სამწუხაროდ, ,,ქართლის ხმა"-ს არ მოეპოვება დოკუმენტი ახალი 2010 წლის საახალწლო და საშობაო პრემიების შესახებ, თუმცა ამ თარიღის აღმნიშვნელი პრემიის გამოკლებით ბადრი ნანეტაშვილის შემოსავალი 2009 წელს იყო 12 თვის ხელფასი (სულ 27 000 ლარი) პლუს 4-ჯერ აღებული პრემია (სულ 9 000 ლარი). ხელფასისა და პრემიების გაერთიანებით გამოდის, რომ ბადრი ნანეტაშვილმა  2009 წელს ბიუჯეტიდან ისარგებლა 36 000 ლარით.


2010 წელი


რაც შეეხება 2010 წელს, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს პრემიების შესახებ ამ წლის იანვარ-თებერვლის დოკუმენტები, თუმცა საახალწლო და საშობაო პრემიების შესახებ მხოლოდ ზეპირ ინფორმაციას ვფლობთ. რაც შეეხება ხელფასს, ნანეტაშვილმა 2010 წელს მიიღო იანვარ-თებერვლის ხელფასი, სულ 4 500 ლარი. თუკი შევაჯამებთ სამი წლის მონაცემებს, გამოდის, რომ ბადრი ნანეტაშვილმა  შიდა ქართლის გუბერნატორის და მისი ინტერესების დაცვაში აიღო: სულ 60 800 ლარი.


რა სარგებლობა მიიღო ,,თრიალეთმა" ნანეტაშვილის გუბერნატორობის პერიოდში?


2009 წლის 1 მაისს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გააფორმა ხელშეკრულება ადგილობრივ ტელეკომპანია „თრიალეთთან", რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტი სარეკლამო განცხადებებისა და მორბენალი სტრიქონის განთავსება იყო. ორკვირიანი ხელშეკრულების პირობების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღნიშნულ მომსახურებაში 620 ლარი გადაიხადა.


ამის შემდეგ, 2009 წლის 1 ივლისს გორის გამგეობამ საეთერო დრო შეისყიდა და უფრო მეტიც, სპეციალური გადაცემების მომზადება დაიწყო, რომელსაც სახელად ეწოდა: „ხელისუფლება გისმენთ". ამ გადაცემაში ძირითადად ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და მოსახლეობას უყვებოდნენ, რა კეთდება და რა არის გასაკეთებელი. ამავე დროს, საკმაოდ, მწირი იყო ასეთ დროს კრიტიკული სატელეფონო ზარები.  როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ პირობას დამკვეთი მხარე კატეგორიულად ითხოვდა. თუმცა, ეს პირობა ხელშეკრულებაში არ იყო ჩადებული. 1 ივლისის ხელშეკრულებით გორის მუნიციპალიუტეტის გამგეობა, ამ გადაცემაში მონაწილეობის მიღების სანაცვლოდ თვეში 2 000 ლარს იხდიდა. როგორც შემდგომ ვნახავთ, სხვა მუნიციპალიტეტები იგივე საეთერო დროის შესასყიდად ანალოგიურ დამატებით თანხებს იხდიდნენ.


2009 წლის 9 დეკემბერს გამგეობამ განახლებულ ხელშეკრულებაში მიუთითა, რომ „ხელისუფლება გისმენთ" კიდევ ერთი თვით გავა ეთერში. ამჯერად ეს 4 000 ლარი დაჯდა. 2009 წლის 16 დეკემბერს კი სხვა, ახალ და თანაც ორკვირიან ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ გადაცემა „ხელისუფლება გისმენთ" 1 იანვრამდე დაფინანსდება 2 000 ლარით. ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ გორის გამგეობამ, დეკემბრის თვეში, სულ 6 000 ლარი გადაიხადა იმ პირდაპირი ეთერისთვის, სადაც მათ გარდა არავინ უნდა ყოფილიყო. სულ 2009 წელს ,,თრიალეთმა" გორის გამგეობისგან მიიღო 16 620 ლარი.


2010 წელს გორის გამგეობამ განაახლა საკუთარი გადაცემის დაფინანსება.


მარტის თვეში კი გადაცემასთან ერთად, ხელისუფლებამ სარეკლამო კლიპების გაშვება დაიწყო. ეს თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიას ემთხვევა. მხოლოდ მარტის თვეში (თვითმმართველობის არჩევნების დრო) გორის გამგეობამ სარეკლამო კლიპების გასაშვებად 2 500 ლარი გადაიხადა.


ადგილობრივი ეთერით კი გადაცემა „ხელისუფლება გისმენთ" 2010 წლის მაისიდან-ივლისამდეც გადიოდა. ამ პერიოდში გამგეობამ 10 000 ლარის მომსახურება შეისყიდა. სულ 2010 წელს 12 500 ლარი.


კასპის მუნიციპალიტეტი


რაც შეეხება სპეციალურ გადაცემას „ხელისუფლება გისმენთ", მის დაფინანსებაში კასპის გამგეობას მონაწილეობა არ მიუღია.


ქარელის გამგეობა


გადაცემის - „ხელისუფლება გისმენთ" დაფინანსებაში თავისი წვლილი ქარელის გამგეობამაც შეიტანა. 2009 წლის 1 ივლისს დადებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ გადაცემაში გამგეობა თვეში 1 000 ლარს იხდის. ეს ხელშეკრულება 6 თვით დაიდო. ეს ის გადაცემაა, რომლის შესყიდვაში გორის გამგეობა თვეში 2 000 ლარს ხარჯავდა.


2009 წლის 15 აპრილს გამგეობამ გადაწყვიტა სხვა სახის საეთერო დროის შესყიდვა სამი თვით, ჯამში 4 500 ლარი გადაიხადა.


2010 წელს 10 თებერვალს ქარელის გამგეობამ საეთერო დროის შესყიდვა გააგრძელა და თებერვლიდან ივლისამდე ამის განხორციელება 4 800 ლარი დაუჯდა.


სულ ქარელის გამგეობას 15 000 ლარი დაუჯდა ,,თრიალეთის" მომსახურება.


ხაშურის მუნიციპალიტეტი


2009 წლის 1 ივლისს ხაშურის გამგეობამ ტელეკომპანია ,,თრიალეთის" გადაცემის - „ხელისუფლება გისმენთ" დაფინანსებაც დაიწყო. 6 თვის განმავლობაში ამ გადაცემის ფინანსებს ხაშურის გამგეობა თვეში 1000 ლარს ამატებდა.


2010 წლის 4 იანვრის ხელშეკრულებით, ხაშურის გამგეობამ გადაცემის - „ხელისუფლება გისმენთ" დაფინანსება შეამცირა და თუკი წინა წელს თვეში 1000 ლარს იხდიდა, ამჯერად 875 ლარამდე ჩამოვიდა.


2010 წლის 1 თებერვალს ტელეკომპანიამ „თრიალეთი" 5 თვით ხაშურის გამგეობას საეთერო დრო მიჰყიდა 5 000 ლარად.


ჯამში ნანეტაშვილის ვიცე-გუბერნატორობის პერიოდში ,,თრიალეთმა" ხაშურის გამგეობისგან 11 875 ლარით ისარგებლა.


საბოლოო ჯამში, ტელეკომპანია ,,თრიალეთმა" გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებისგან მიიღო  50 000 ლარი. ამას დავუმატოთ სამი წლის განმავლობაში მიღებული სარგო და პრემია ერთად. ფაქტობრივად ნანეტაშვილის ვიცე-გუბერნატორობა ბიუჯეტს 110 800 ლარი დაუჯდა.


 

 

 

(წყარო: qartli.ge)

 

 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016