საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების წარსულზე საუბრობს. ხაბურძანიას თქმით, აღნიშნული პარტიის დღეს მოქმედ ლიდერებს არათუ პოლიტიკური საქმიანობის, ქუჩაში გავლის უფლებაც არ უნდა ჰქონდეთ.
„ნაციონალების" რა კონტრაბანდულ სქემაზე საუბრობს უშიშროების ყოფილი მინისტრი და რას ფიქრობს ის ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე?
„რეპორტიორს" უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ესაუბრა:
- „ნაციონალური მოძრაობა" დღეს არის ფულიანი კრიმინალების ჯგუფი და ამ ჯგუფს აყოლილი 12 ათასამდე აქტიური ადამიანი, რომლებიც ცდილობენ, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და რაც გააკეთეს 9 წლის განმავლობაში, გააკეთონ იმაზე უარესი. ამ ადამიანებს პოლიტიკაში ყოფნის კი არა, ქუჩაში გავლის უფლებაც არ უნდა მიეცეთ!
„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების უმეტესობა, მე რომ ვიყავი ხელისუფლებაში, იმ პერიოდიდან მახსოვს. ძალიან აქტიურები იყვნენ სააკაშვილი, ბოკერია, თარგამაძე, ბობოხიძე... საშუალო რგოლში აქტიურობდნენ ახალაიები, სანოძე, ამირან მესხელი, რომელსაც დღეს არავინ ახსენებს, არადა, წლების განმავლობაში, თუ ვინმეს დანაშაულები ჩაუდენია, ამირან მესხელი არის იმ ყველაფრის სულისჩამდგემელი, არქიტექტორი, ტვინი... დღეს კი ამ ადამიანს არავინ ახსენებს. მგონი, საქმეც კი არ არის მის წინააღმდეგ აღძრული.
ეს ადამიანები დღეს რომ ირონიულად ყვირიან „რუსეთი-რუსეთიო..." მე კარგად მახსოვს, სააკაშვილი იმ დროს რუსების ნაჩუქარი დაჯავშნილი მანქანით რომ მოძრაობდა. საკრებულოს თავმჯდომარე იყო მაშინ... დღეს რომ რუსული წარმოების მანქანაში ჩაჯდეს ღარიბაშვილი ან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უბრალოდ ხელისუფლებასთან ასოცირდება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდება?!
- ვინ აჩუქა სააკაშვილს ის მანქანა?
- ჩემი ინფორმაციით, 2 ვარიანტი იყო, გამოუგზავნა იგორ გიორგაძემ ან ტარიელ ონიანმა. მაშინ ამის გასარკვევად არ მეცალა და არ დამიზუსტებია. სააკაშვილს პუტინმა დღესაც რომ თავზე ხელი გადაუსვას და უთხრას - მოგცემ იარაღს, ხალხს, იომე და მოდი ხელისუფლებაშიო, გამკეთებელია.
მე გეტყვით, რას საქმიანობდნენ „ნაციონალები" ჩემს დროს - მაგალითად, გივი თარგამაძე დასდევდა მანქანებს, რომლებსაც კონტრაბანდული საქონელი შემოჰქონდათ საქართველოში. მთელი საბაჟო ვერ აკონტროლებდა მათ ისე აქტიურად, როგორ გივი თარგამაძე აკეთებდა ამას. ვითომ ჟურნალისტურად მუშაობდა, მაგრამ ფაქტია, რომ გივი თარგამაძე იმ დროიდანვე ცდილობდა, ჩართულიყო ამ სქემებში, მერე, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, კონტრაბანდის სქემის კურატორი იყო გივი თარგამაძე. ახლა შეიძლება გაიქცეს სასამართლოში და მიჩივლოს, მაგრამ ვერც მიჩივლებს, იმიტომ, რომ მე მაშინ ამის თაობაზე მქონდა ინფორმაცია.
- რა ტიპის კონტრაბანდა იყო?
- თურქეთიდან შემოდის საქონელი, ძირითადად ტანსაცმელი, რომელიც მიდის რუსეთში. ამ სფეროს კურატორს აუცილებლად ჰქონდა კავშირები ვლადიკავკაზში, ასევე რუს ჩინოვნიკებთან, დიდი ალბათობით სპეცსასმახურებთანაც და ამ ტვირთს რომ არაფერი მოსვლოდა საქართველოში, ამის გარანტორი იყო მაშინ გივი თარგამაძე.
- თქვენ ეს საიდან იცით?
- ვლადიკავკაზში მოქმედი ჯგუფებისგან ვიცი, რომ ამ საქმის კურატორი 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში გივი თარგამაძე იყო. საუბარია უდიდეს ფულზე. ამით საქართველოს ზარალი არ მიდგომია, მაგრამ გივი თარგამაძე იღებდა დიდი ოდენობით შავ ფულს.
- დაახლოებით რა თანხაზეა საუბარი და სად მიდიოდა?
- დაახლოებით, წელისწადში მილიონზე მეტი და გაამრავლეთ ახლა ეს მინიმუმ 9 წელზე. ამოიღოს საბაჟომ სტატისტიკა და დათვალოს, რამდენ მანქანას აქვს გავლილი ტრანზიტით თურქეთიდან ვლადიკავკაზისკენ. ეს ფული მიდიოდა თარგამაძის ჯიბეში ან პარტიულ საქმიანობაში.
- რამდენი ხანია, რაც ამ ინფორმაციას ფლობთ?
- რუსეთში ყოფნისას დავინტერესდი ამ საკითხით.
- რატომ არ მიაწოდეთ ეს ინფორმაცია სამართალდამცავ სტრუქტურებს საქართველოში? დღევანდელ ხელისუფლებას მაინც...
- სამართალდამცავმა უწყებებმა კარგად იციან ამ სქემის თაობაზე. ეს სქემა დღესაც მუშაობს. დღეს ამას ვინ აკონტროლებს, არ ვიცი, არ გამოვრიცხავ, ისევ გივი თარგამაძე აკონტროლებდეს და ეს თუ მართლა ასეა, კარგად ყოფილა ამ ხელისუფლების საქმე. ეს სქემა არსებობს და შესაძლებელია, არსებული ხელისუფლება ვერც კი გაერკვა ამ სქემაში, იმიტომ რომ ადგილებზე ისევ ძველი კადრები მუშაობენ და ესენი ხომ არ ეტყვიან ახალ ხელმძღვანელებს, ყოფილი ხელისუფლების დროს დანაშაულს ჩავდიოდითო?!
- ქვეყნის საგარეო კურსზე მინდა გკითხოთ. ბოლო პერიოდში დიდი ხმაური მოჰყვა დეპუტატების - გოგი თოფაძის და ზაზა პაპუაშვილის განცხადებებს რუსეთთან მიმართებაში. საუბრობენ, რომ ქვეყანა ნელ-ნელა იცვლის საგარეო კურსს და ამას გვაჩვევენ ერთეული დეპუტატების გამოსვლებით. თქვენ რა ცვლილებას ხედავთ ქვეყნის საგარეო კურსის მხრივ?
- ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება არ მომხდარა, არ ხდება და ცალკეული დეპუტატების განცხადება არაფერს ნიშნავს. ეს ხალხი გამოდის და საუბრობს სიმართლეს. გულწრფელი ადამიანების მოსაზრებაა. რაც შეეხება ხელისუფლებას, ისინი დაშანტაჟებული არიან დასავლური კურსის ე.წ. მიმდევრებისგან და ამ დინებას მიჰყვება მთავრობაც, რაც, სად მიგვიყვანს, კაცმა არ იცის. ოლანდის განცხადებაზე რომ თქვა, თითქოს ის განცხადება არ ნიშნავს იმას, რაც ოლანდმა თქვა, უნდა იყო ძალიან ცუდი დემაგოგი. დღეს საგარეო კურსი არც არსებობს, წინა ხელისუფლების მიერ არჩეულ კურსს მიჰყვება ახლანდელიც. მარგველაშვილი 9 მაისის ღონისძიებაზე არ მიდის. რა შუაშია ქვეყნის საგარეო კურსთან 9 მაისი? ანგელა მერკელმა, რომელმაც თავიდან უარი თქვა, გადაიფიქრა და ახლა თანხმობას აცხადებს. ევროპა თავის თამაშს თამაშობს. ჩვენ რა თამაშს ვთამაშობთ?! წადი, ადამიანო, არაფორმალური საუბრის საშუალება გეძლევა, პრეზიდენტი ხარ, აქ მაინც არაფრად გთვლიან და საგარეო მიმართულებით მაინც გააკეთე რამე სიკეთე! საზოგადოებაში არსებული პროტესტი რუსეთის მიმართ ჩვენ გვღუპავს, იმიტომ რომ მახინჯი პროტესტია. ეს არის დეფი გოგიბედაშვილის დონის პროტესტი - „Stop Russia! GRU-ზინები!"
- აბაშიძე-კარასინის ფორმატმა ამოწურა თავისი შესაძლებლობა და ეს ფორმატი უნდა გაუქმდესო...
- აბაშიძე-კარასინის ფორმატი კი არ უნდა გაუქმდეს, პირიქით, უნდა გაფართოვდეს. მარტო აბაშიძე-კარასინი არ უნდა საუბრობდნენ ამ საკითხზე, მთავრობის წევრებიც უნდა ჩაერთონ. დადის ეს ორი კაცი, ხვდებიან ერთმანეთს და არც ერთია ეგვიპტელი და არც მეორე -ვენეციელი. არც ერთია საკითხის გადამწყვეტი და არც - მეორე. ამ მოლაპარაკებაში უნდა ჩაერთოს მთავრობა, ხელისუფლება, ქვეყნების პირველი პირები. მე ვიყავი ერთადერთი მინისტრი, რომელსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა თავის რუს კოლეგასთან. ჩემს დროსაც კი, მინისტრებს არ ჰქონდათ კავშირი მათ რუს კოლეგებთან. ადამიანს თუ არ იცნობ, არ ელაპარაკები, რომელი პრობლემის მოგვარებაზე ან დარეგულირებაზეა საუბარი?! 20 წელია ვცხოვრობთ ილუზიაში, რომ მიგვიღებენ სადღაც. ჩვენ ლოდინის, ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს. ამ საკითხში ეფექტურობის თვალსაზრისით პრემიერ-მინისტრი უნდა აქტიურობდეს. პრემიერი რუსეთში უნდა ჩავიდეს რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად. არ უნდა ეშინოდეს „ნაციონალების" რეაქციის. „ნაციონალები" მაინც ბევრ ვერაფერს გააკეთებენ, ყველაზე დიდი 12 ათას კაცს გამოიყვანენ ქუჩაში და წავლენ მერე სახლებში. პრემიერი თუ ჩამოიტანს რაიმე შედეგს, ამით მთავრობა დიდ ავტორიტეტს მოიპოვებს საზოგადოებაში.
- რაზე უნდა ესაუბროს პრემიერი რუსეთის პირველ პირს?
- პირველ ჯერზე, შეხვედრა შეხვედრისთვისაც საქმეა. მე რომ ვიყო ქვეყნის პირველი პირი, ნომერ პირველ საკითხად დავაყენებ რუსეთის მხრიდან იმის აღიარებას, რომ არასდროს არ მიიღოს თავის შემადგენლობაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
- და მათგან თუნდაც თანხმობას სარწმუნოდ მიიჩნევდით?
- ნებისმერი დიდი სახელმწიფო არღვევს ნებისმიერ ხელშეკრულებას, თუ მის საქმეს სჭირდება. გაიხსენეთ, აშშ-მ საერთაშორისო სამართალი აბსოლუტურად დაარღვია, როცა თითქოს კეთილი განზრახვით გადაწყვიტა, შეეწყვიტა გენოციდი იუგოსლავიაში. ასეთი უამრავი შემთხვევა იყო.