reportiori.ge - ლუკა კურტანიძე: დიდი ხანია, ამის თქმა მინდა ხმამაღლა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:19
ინტერვიუ
ლუკა კურტანიძე: დიდი ხანია, ამის თქმა მინდა ხმამაღლა...
27 მარტი, 2015. 18:17




„თარგამაძე, ბოკერია, ბარამიძე, მინაშვილი, გაბაშვილი და ძმანი მათნი..." - ეს იმ ადამიანთა ჩამონათვალია, რომელთა პოლიტიკური ველიდან განეიტრალებასაც ლუკა კურტანიძე ითხოვს.

„თუ ტირანი და დამნაშავე არ დაისჯება, საზოგადოება არასდროს დაიჯერებს, რომ შენ გსურს სამართლიანობა.  საზოგადოებაში არ უნდა არსებობდეს მოსაზრება, რომ ქვეყანაში სამართლიანობის  დამკვიდრება არ მოხდება. ამისთვის სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები და უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ სამართლიანობა აღდგენადია!"- ამბობს დეპუტატი.

 

„რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე ესაუბრა:


- ვიქნები რადიკალური და ვიტყვი, რომ პოლიტიკოსები, რომელთა გამოსწორებაც არ იქნება, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრებისგან  იზოლირებული უნდა იყვნენ. ასეთებად მიმაჩნია თარგამაძე, ბოკერია, ბარამიძე, მინაშვილი, გაბაშვილი და ძმანი მათნი... ეს ადამიანები სასაწრაფოდ უნდა განეიტრალდნენ პოლიტიკური ველიდან. ხოლო ის ადამიანები, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, მაგალითად, სააკაშვილი, ადეიშვილი  - სამართლებრივი დევნა უნდა გაგრძელდეს იმ ფაქტებზე, რაც მათ ჩაიდინეს.  თუ ტირანი და დამნაშავე არ დაისაჯა, საზოგადოება არასდროს დაიჯერებს, რომ შენ გსურს სამართლიანობა. საზოგადოებაში არ უნდა არსებობდეს მოსაზრება, რომ ქვეყანაში სამართლიანობის  დამკვიდრება არ მოხდება. ამისთვის სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები და შეიქმნას პრეცედენტი, რომ სამართლიანობა აღდგენადია. არ შევეგუებით იმ ადამიანების ბოგინს, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში ქართველი ერი სიმწრისგან გმინავდა. არაფრის ფასად არ მიღირს და ვერ შევუქმნი ვერანაირად კომფორტს „ნაციონალებს", რომ მშვიდად იყვნენ. ვერასდროს იქნებიან „ნაციონალები" მშვიდად, სანამ ჩვენ, დღეს ხელისუფლებაში მყოფი ხალხი ვარსებობთ. ყოველთვის შევახსენებთ იმას, რასაც ისინი სჩადიოდნენ ამ ხნის განმავლობაში.


- 2 წლის განმავლობაში ეს რატომ ვერ მოხერხდა?

 

- 2 წელი არ არის ბევრი დრო. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ უნდა გამოგვეაშკარავებინა ადამიანები, დაინახავდნენ თუ არა საკუთარ დანაშაულს, შეცდომებს, მაგრამ საპირისპირო შედეგი მივიღეთ.

მე რომ შს მინისტრი ვიყო, გივი თარგამაძეს და მისნაირებს არ ასცდებოდათ ყოველდღე დაკითხვა და იმ ინფორმაციებზე, რასაც ისინი ავრცელებენ ყოველდღიურად, ყველაფერზე მოვთხოვდი პასუხს და მტკიცებულებებს. ალბათ, რადგან ასეთი ვარ, ამიტომ არ ვარ  შს მინისტრი.

უნდა დავიწყოთ ლიდერებით - სააკაშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, გაბაშვილი, თარგამაძე, თაქთაქიშვილი, მინაშვილი - ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც გამოირჩევიან რადიკალიზმით. არიან ტექნიკური შემსრულებლებიც, რომლებიც გამოირჩეოდნენ სისასტიკით, მაგრამ ისინი არ ჩანან, ჩუმად არიან - საბოლოო ჯამში  ამ ადამიანებს უნდა გაეცეთ შესაფერისი პასუხი!


-„26 მაისის" უშუალო მონაწილე ხართ. ამ საქმის გამოძიებით კმაყოფილი ხართ?

 

- არ ვარ კმაყოფილი იმ  დასკვნით. ეს მოვლენა იმაზე  ბევრად უფრო სასტიკი იყო, ვიდრე ის სასჯელი, რაც ამ ამბის მომწყობმა ადამიანებმა მიიღეს. ვფიქრობ, არაადეკვატურია სასჯელი, რომელიც მიიღეს დამნაშავეებმა. მე მგონია, რომ ხელახალი გამოძიებაა საჭირო, რათა გამოძიება უფრო კარგად ჩაუღრმავდეს ყველა ფაქტს. ეს დღე დაღად დააჩნდა მთელ საზოგადოებას. გამოძიების შედეგი კი ყოველი ჩვენგანის მოთმინებაზე გადის.

ამ საქმეში ფიგურირებს სააკაშვილი, რომელმაც წინა ღამით დაღვრილი სისხლი გადარეცხა და საზეიმო ღონისძიება გამართა. პირველ რიგში ეს ადამიანია დასასჯელი! ახლაც ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ სააკაშვილი  2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ  1 წლის განმავლობაში კვლავ პრეზიდენტი იყო. მე რომ იმ პერიოდში პარლამენტში ვყოფილიყავი, ფიზიკურად გავუსწორდებოდი მას. მართალია, არ არის პარლამენტი ფიზიკური ანგარიშსწორებების ადგილი, მაგრამ ეს იქნებოდა ერთადერთი გამონაკლისი ჩემი მხრიდან და ეს იქნებოდა არა ერთი ადამიანის, ლუკა კურტანიძის საქციელი, ეს იქნებოდა მთელი საზოგადოების ნების გამოხატვა. თუ მას 10 ტყვიას ესვრიან, მე-11 იქნება ჩემი და ეს იქნება პოლიტიკური ტყვია!

ყველა საქმე, რომლის ირგვლივაც არსებობს კითხვები, უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავე დასჯილი, ეს ყველაფერი კი უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად, რადგან ნებისმიერ მათგანს ჰყავთ ოჯახები, შვილები... მომავალ თაობას არ უნდა დავუტოვოთ აგრესია და ყველა სასჯელი დაფუძნებული უნდა იყოს მტკიცებულებებზე. არ უნდა ფიქრობდნენ, რომ მათი მშობლები ხელსუფლებამ იმიტომ დასაჯა, რომ ვინმესთვის პოლიტიკურად მიუღებლები იყვნენ. მე რომ თარგამაძე ან გაბაშვილი ვნახო წაქცეული და მათზე  ამდროს ვინმე ძალადობდეს, მე ვიქნები პირველი, ვინც მათ წამოაყენებს, მაგრამ ფეხზე რომ დავაყენებ, მერე მოვთხოვ პასუხს მთელი სისასტიკით ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინეს, მაგრამ ეს არ უნდა  გადაცდეს ადამიანურ ზღვარს. როცა რამე ადამიანურ ზღვარს სცილდება, ამას საზოგადება არ გპატიობს.

დიდი ხანია ამის თქმა მინდა ძალიან ხმამაღლა - ის კადრები, სადაც აღბეჭდილია, რა სისასტიკეც ჩაიდინეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როგორ აუპატიურებდნენ ადამიანებს, როგორ ამცირებდნენ ოჯახის წევრების თვალწინ... უნდა დასვა დღევანდელი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც არ აღიარებენ, რა დანაშაულები ჩაიდინა მათ გუნდმა, ჩაკეტო ოთახში და იძულებით აყურებინო ყველაფერი ის, რაც ხდებოდა რეჟიმის დროს. დღეს ბევრი ითმენს ისევ, მაგრამ ყველამ იცოდეს, რომ ის ადამიანები, ვისზეც გადაიარა იმ ყველაფერმა, არიან პოტენციური მკვლელები და როდის იფეთქებს ყოველივე ეს, არავინ იცის.


- ამ ადამიანებმა, ასე თუ ისე, იციან იმ კადრების შინაარსი, სამაგიეროდ, არ იცის იმ 12 ათასამდე მხარდამჭერმა, რომლებიც 21 მარტის აქციაზე „ნაციონალურ მოძრაობას" „ამაგრებდნენ".

 

- ვინც ფულით მიიყვანეს, იმათ უნდა შევეშვათ, მაგრამ ვინც ფანატიკოსი მიშისტია,  იმათ უნდა ვაჩვენოთ. ამ ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ სინამდვილე. ამის მერე სხვანაირად მოიქცევიან.

 

- ელით თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდება ხელისუფლებაში?

 

- რეჟიმს, რომელმაც ამხელა  სისასტიკე ჩაიდინა, გაწირა ყველა, საქართველოში არასდროს  ექნება უკან დაბრუნების შანსი. ვერასდროს დაბრუნდებიან. რაც შეეხება სააკაშვილს, საქართველოში ამ ადამიანის დაბრუნება მის ფიზიკურ ლიკვიდაციას გამოიწვევს.


- ვისი მხრიდან?

 

-იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ოჯახების თვალწინ გააუპატიურეს. თუ სააკაშვილი არ დაისჯება, მერწმუნეთ, ოდესმე სადღაც იფეთქებს და ეს ცუდად აისახება ყველაზე და ყველაფერზე. 


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016