reportiori.ge - პეტერე მამრაძე - ის, რაც არასდროს უთქვამს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:26
ინტერვიუ
პეტერე მამრაძე - ის, რაც არასდროს უთქვამს...
18 მარტი, 2015. 00:16


 

მედიაჰოლდინგრეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივ პროექტ - „რეპორტიორის თვალით..."  სტუმარია  მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი, „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე:

 


- ბატონო პეტრე, თქვენზე ამბობენ, იმდენი რამ იცის ქართული პოლიტიკის სამზარეულოდან,  ბევრისთვის ძალიან საშიშიაო. როგორ ფიქრობთ, ვისთვის ან რატომ ხართ საშიში?

 

- საშიში, არა მგონია, ვიყო, შესაძლოა, სიმართლე იყოს ზოგიერთებისთვის საშიში, მე კი, ყოველთვის ვამბობ სიმართლეს, არაფერს სიმართლის გარდა და თანაც იმ სიმართლეს, რაც მიმაჩნია, რომ ჩვენმა ხალხმა აუცილებლად უნდა იცოდეს, ვინაიდან ბევრი უბედურება იმის გამო დატრიალდა ჩვენს თავს, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია არ ჰქონდა  იმაზე, რა ხდებოდა ქვეყანაში.


 - პროფესიით ფიზიკოსი - როგორ მოხვდით პოლიტიკაში?

 

- ვხედავდი, რა ხდებოდა ქვეყანაში 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში. ვხედავდი, რომ ქვეყანა იშლებოდა. 1992 წელს  სანკტ-პეტერბურგში ვიმყოფებოდი და გადავწყვიტე ქვეყანაში ჩამოსვლა. ამ დროს უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სახელმწიფო პოლიტიკურ ასპარეზზე დავიწყებდი საქმიანობას. ჩამოვედი, გამიწიეს რეკომენდაცია, დავინიშნე სანდრო კავსაძის თანაშემწედ, ამის მერე მოვხვდი პარლამენტში „მწვანეთა პარტიის" სიით, ზურაბ ჟვანია იყო მაშინ ჩვენი ლიდერი.


- რა იყო თქვენი პირველი სახელმწიფო თანამდებობა?

 

- მე გახლდით საქართველოს ვიცე-პრემიერ სანდრო კავსაძის თანაშემწე. ის იყო ვიცე- პრემიერი ადამიანის უფლებათა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის დარგში. ეს იყო ჩემი პირველი თანამდებობა, ხოლო მეორე - საქართველოს პარლამენტის წევრი.


- ბატონო პეტრე, თქვენი მოღვაწეობის გარკვეული პერიოდი უკავშირდება ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობას.  შეგვიფასეთ მისი მოღვაწეობა.

 

- შევარდნაძე საქართველოში 1992 წლის 7 მარტს ჩამოვიდა.  ამ დროს ქვეყანაში  კატასტროფული ვითარება იყო. ცნობილი „თბილისის ომის" შემდეგ, უკანონო შეიარაღებული ფორმირებები დათარეშობდნენ, იყო ყოველდღიური სროლა, ანარქია, განუკითხაობა... ფაქტობრივად, არ არსებობდა სახელმწიფო.  მაშინ ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, რომ შევარდნაძემ, მაშინ უკვე 64 წლის კაცმა, რომელსაც არანაირი მხარდაჭერა, არანაირი ძალა არ ჰქონდა და ფორმალურად იყო სახელმწიფო საბჭოში, თავგანწირული მუშაობით, ნიჭით, ჭკუით და ნებისყოფით მოახერხა იმდენი, რომ ქვეყანამ დაიწყო დალაგება, ამიტომაც ამბობდა მაშინ  საერთაშორისო დონეზე არაერთი პოლიტიკოსი, რომ შევარდნაძემ გადაარჩინა ერი და სახელმწიფო.


1994 წელს შევარდნაძემ დაარწმუნა მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, რომ შესაძლებელი იყო, საქართველოში რეფორმები დაწყებულიყო. მათ ამის არ სჯეროდათ, ვერ შეასრულებს საქართველო ჩვენს სტანდარტებსო, თუმცა, შევარდნაძემ თავისი გავლენით მოახდინა მათი დარწმუნება და ამის მერე ქვეყანაში დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდა, ეროვნული ვალუტის შემოღება, ჰიპერინფლაციის, კუპონიზაციის დასასრული. ქვეყანა ფეხზე დგებოდა... 1998 წელს ნობელის ლაურეატმა ჰარი ბეიკერმა, რომელიც ქვეყანაში ჩამოვიდა  და არსებული სიტუაცია შეისწავლა, თქვა - საქართველო არის ჩემპიონი  საერთაშორისო საბაზრო რეფორმების გატარების კუთხით მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეშიო. ამას მივუმატოთ, რომ შევარდნაძის ინიციატივით დაიწყო პროექტები - საქართველოზე გაევლო ვეებერთელა  ნავთობ და გაზსადენებს, რითაც ქვეყანა დამატებით მნიშვნელობას შეიძენდა მსოფლიოში. ამ საკითხზე რომ დაიწყო საუბარი, მე ვარ  მოწმე, როგორი სკეპტიციზმი იყო გამოვლენილი უცხოელების მხრიდან, არ სჯეროდათ, რომ ეს შესაძლებელი იყო, თუმცა, ამ პროექტების განხორციელება შეძლო ქვეყანამ.


საგარეო პოლიტიკა და ეროვნული უშიშროება - ამაზეც ძალიან ბევრი რამის მოყოლა შეიძლება. „მშვიდობიანი  კავკასია",  შერიგება ოსებთან და აფხაზებთან, რომელიც იმ დონემდე მივიდა, რომ 2004 წელს, შევარდნაძის გადადგომის შედეგაც კი, ავტობუსები დადიოდნენ ცხინვალში. არ იყო პრობლემები, ინტეგრაცია ხდებოდა ხალხის. იგივე ხდებოდა აფხაზეთთან მიმართებაშიც.  მახსოვს, ჩემი თანდასწრებით, ბონში, ჰანს დიტრიხ გენშერმა თქვა, რომ ის, რაც შევარდნაძემ გააკეთა, მთელი რეგიონის, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მხრივ, ეს არის ორქიდეა საგარეო პოლიტიკისა და  მოვა დრო და ის შევა ქრესტომათიულ  სახელმძღვანელოებში ნიმუშად იმისა, თუ რის გაკეთება შეიძლებოდა ურთულეს სიტუაციაშიო. ეს ყველაფერი ხომ იყო, მაგრამ ნახეთ, რა ხდება - 1998 წელს გამოჩნდა გამოკვეთილი ნიშნები, რომ საქართველოს ეკონომიკა გადადიოდა ჩრდილში,  ჰარი ბეიკერი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც განგაში ატეხა  -  მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის სტანდარტები გადასახადის გადახდის მხრივ იმდენად მაღალია, რომ ქართული ბიზნესი ამას ვერ გადაიხდის და იძულებული იქნება,  ჩრდილში გადავიდეს, ეს კი კორუფციის აღზევებას მოასწავებსო. ისინი ვერ შეცვლიან თავიანთ სტანდარტებს, ამიტომ მოვუწოდებ ევროპას და ამერიკას, პირდაპირ დაფინანსებაზე გადავიდნენ, ეს გადაარჩენს ქვეყანას, რომელიც სრული ჩემპიონია რეფორმების მხრივო. მაგრამ ეს ასე არ მოხდა.  


შევარდნაძე  ჩემი თანდასწრებით სთხოვდა  და უხსნიდა უცხოელებს - ან გადასახადის სტანდარტი შევამციროთ, ან პირდაპირი ინვესტიციები უნდა ჩაიდოსო. ეს არ მოხდა მაშინაც კი, როცა უკვე მეორე თავდასხმა განხორციელდა ედუარდ შევარდნაძეზე და ეს მოდიოდა ჩრდილოეთიდან. მაშინ ისევ    სასწაულებრივად გადარჩა. 1995 წელს, პირველი თავდასხმის დროს, მეც გახლდით მის მანქანაში ვახტანგ რჩეულიშვილთან ერთად და ვიცი, ეს იყო სასწაულებრივი გადარჩენა და  მაშინ  მას წარბიც არ შეუხრია... ამის მერე მოხდა ეთნიკური წმენდა გალში.  ვითარება რთულდებოდა...  სიტუაციას დაემატა პირადი ფაქტორი, ქალბატონი ნანული შევარდნაძის  ძალიან მძიმე ავადმყოფობა, რასაც ძალიან ბევრი ენერგია, დრო და ნერვები მიჰქონდა და მან უკვე დაიწყო ვიწრო წრეში საუბარი, რომ  ჯობდა,  გადამდგარიყო, თუნდაც ვადაზე  ადრე,  იმიტომ, რომ ვითარება იყო ასეთი   - სულ მეუღლის გვერდზე ყოფნა უნდოდა.


- ეს რომელ წლებში ხდება?

 

- ეს ხდება 2000 წლიდან. ამ პერიოდიდან, შევარდნაძე უფრო  და უფრო შორდებოდა რეალობას. ამ დროს უკვე კორუფციამ აკრიფა თავისი ძალა, სიჩქარე...


თვითონ შევარდნაძე არასდროს გაკარებია კორუფციას. უფრო მეტიც, მას დანაზოგები და ჰონორარები ჰქონდა, მარტო ონასისის პრემია 200 ათასზე მეტი იყო, მე მახსოვს, რომ მას პირადი  ფული დაუხარჯავს ახალგაზრდობის სასახლისთვის და სხვა რამეებისთვის შეუწირავს ფული, როგორც ქველმოქმედს. შევარდნაძე ამბობდა - ან ჩვენ დავამარცხებთ კორუფციას, ან კორუფცია დაგვამარცხებს ჩვენ, ხელისუფლებას და სახელმწიფოსაცო.... ვაი რომ, ეს მართლაც ასე მოხდა. კორუფციამ იმ დროს ტოტალური ხასიათი მიიღო, შევარდნაძე კი ამ დროს შორდებოდა რეალობას და  ეს აღიარა კიდეც გადადგომის შემდგომ.


იმ პერიოდში მის ირგვლივ იმატეს ადამიანებმა, რომლებიც მას არ აწვდიდნენ სწორ ინფორმაციას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვუთხრა საზოგადოებას, რომ მაშინ მე ამას ვახერხებდი,  მქონდა სერიოზული მხარდაჭერა უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას მხრიდან. ამ ფონზე, როცა ჩვენ ერთს ვეუბნებოდით, ხოლო თანამდებობის პირები - სხვას, რთული ვითრება შეიქმნა. ამ ვითარებაში მომწიფდა სიტუაცია, რამაც  განაპირობა „ვარდების რევოლუცია."  მართალია, ამ დროს შევარდნაძე იყო მოდუნებული, მაგრამ მას რომ გარემოცვა ჰყოლოდა ჯანსაღი, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. ამ დროს დომინირებდა „აღზევებული ლექი" და ეს  მოვლენა არ შემწყდარა დღემდე, ლექი არ დაილექა.  


- დაგვისახელეთ ედუარდ შევარდნაძის პერიოდში სამი წარმატებული და სამი წარუმატებელი სფერო...

 

- დადებითი - ერის და სახელმწიფოს გადარჩენა სრული დაშლისა და განადგურებისგან, ეს არის ისტორიული წარმატება,  ამას დავუმატოთ სისხლიანი კონფლიქტების შეჩერება და ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმები.


წარუმატებელი - 1998 წლის შემდეგ, როცა  კორუფცია მძლავრდებოდა, არ იქნა მიღებული შესაბამისი  ხისტი და მტკივნეული ზომები. არ იყო გაკეთებული აქცენტი ახალი ინსტუტუტების მშენებლობაზე და ის, რომ შევარდნაძემ არ შექმნა თავისი პოლიტიკური გუნდი, მან ეს გააკეთა შეგნებულად. ამბობდა, ყველას პრეზიდენტი უნდა ვიყო და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერიო. მან გუნდი არ შექმნა და ეს ძვირად დაუჯდა ქვეყანას.


- ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მთავრობის კანცელარიაში ჩაატარა ე.წ.  საკადრო წმენდა. თქვენ ამ დროს შეინარჩუნეთ პოსტი. როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება მაშინ, როცა საქმე ეხებოდა შევარდნაძის დროინდელ კადრს?

 

- საქმე სხვანაირად იყო. სააკაშვილი 1992 წელს გავიცანი, როცა ის კიევიდან ჩამოვიდა და ქალბატონ მარიკა დარჩიას რეკომენდაციით მოვიწვიე ჩვენს სამსახურში. ბატონმა სანდრო კავსაძემ მაღალ თანამდებობაზე დანიშნა. მაშინ მიხეილ სააკაშვილი 24 წლის იყო, მას მერე ჩვენ მჭიდრო ურთერთობა გვქონდა და მიცნობდა, რომ მე მქონდა შეულახავი პრესტიჟი, როგორც არაკორუმპირებულ ადამიანს.  ამიტომაც დამხვდა ხალხი ასე, როცა „ვარდების რევოლუციის" დროს პარლამენტიდან გამოვედი. მე თანამდებობა არ შემინარჩუნებია. კონსტუტუციით შეიქმნა მთავრობის კანცელარია. პრემიერად დაინიშნა ზურაბ ჟვანია და იქ შემომთავაზეს ხელმძღვანელობა და ასე გავაგრძელე მე საქმიანობა. მახსოვს, სააკაშვილი საჯაროდ ხუმრობდა, ამ შენობაში ძველი დარჩა ეს ერთი საათი და  პეტრე მამრაძე, სხვა ყველაფერი გამოვცვალეთო.


- რაც შეეხება მიხეილ საკაშვლს, რა იყო მისი მმართველობის დადებითი და უარყოფითი მხარეები?

 

- „ვარდების რევოლუციის" მერე არსებობდა ზურაბ ჟვანიას გუნდი, იყო პარლამენტი, რომლის თავმჯდომარეც ქალბატონი ნინო ბურჯანაძე გახლდათ.  ამ დროს დაიწყო მანამდე არნახული მასშტაბის და სიღრმის რეფორმა. მთელმა მსოფლიომ, ცალკეულმა მოღვაწეებმა, მსოფლიო ბანკის სავალუტო ფონდმა ერთხმად აღიარეს, რომ უპრეცედენტო იყო ესოდენ მოკლე დროში, ესოდენ ეფექტიანი რეფორმების გატარება - ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუტების შენება, კორუფციის  აღმოფხვრა, პოლიცია, არმია, საბაჟო   - სხვათაშორის, ივანიშვილის პირდაპირი დახმარებით... თითქოს მაგიური ჯოხი ჰქონდა ახალგაზრდა ხელისუფლებას და რასაც შეეხებოდნენ, ყველაფერი ძალიან მალე შენდებოდა.


მართალია, ეკონომიკური ზრდა იყო ძალიან მაღალი პირველი სამი-ოთხი წლის განმავლობაში. ეს ხდებოდა 2003 წლის ნოემბრიდან 2007 წლის ნოემბრამდე. 8-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტი. ინვეტიციები შემოდიოდა არნახული ნაკადის სახით და 2007 წელს შემოვიდა  2 მილიარდ დოლარზე მეტი. გამყარდა ეროვნული ვალუტა. ხდებოდა საგარეო ვალის გასტუმრება იმ ტემპებით, როგორც შეთანხმებული ვიყავით საერთაშორისო ინსტრუქტროებთან, 300 მილიონი დოლარი იყო დარჩენილი, ფაქტობრივად -  0.


ეს ერთი მხარეა, მაგარ მეორე მხარეა საინტერესო, რა ხერხებით და ბერკეტებით მიმდინარეობდა ესოდენ სწრაფი და ეფექტიანი რეფორმების ჩატარება? ძირითადად უკანონო, უსამართლო მეთოდებით. ადამიანებს რომ აპატიმრებდნენ, ისინი მართლაც რომ კორუმპირებულები იყვნენ, ამტკიცებდნენ იმით, რომ მერე მილიონებს იხდიდნენ, მაშინ, როცა მათი ხელფასი იყო 170 ლარი. მინისტრის ხელფასი იყო ამ ოდენობის და მაშინ მეც ამ ოდენობის ხელფასი მქონდა. მათზე საქმე არავის აღუძრავს, არც რამე დაუმტკიცებიათ, უბრალოდ აპატიმრებდენ. ასეთი უსამართლობის  ფონზე მიმდინარეობდა სტრუქტურების  წმენდა. ადამიანებს არაფერს უმტკიცებდნენ, უბრალოდ ემუქრებოდნენ და ისინი წერდნენ განცხადებას წასვლაზე. სხვანაირად, რეფორმებს ასე სწრაფად ვერ ჩაატარებდნენ. მათმა  მანიკიერმა პრინციპმა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, განაპირობა ის, რომ ავტორიტარული და მერე სადისტურ  მექანიზმზე დაფუძნებული სისტემა აშენდა.


2007 წლის 7 ნოემბერი, მომიტინგეების დარბევა, „იმედის" დარბევა, არის თარიღი, როცა ქვეყანას მსოფლიოს თვალში დაეკარგა დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი, რის შემდეგაც ქვეყანამ მილიონიანი ინვესტიცია დაკარგა. ეს იყო სიგიჟე და იმის ნიშანი, რომ სისტემამ უკვე გადაუხვია წუმპისკენ.


გაჩნდა, ე.წ. ობშიაკი, ალბათ ადრეც იყო, მაგრამ გამოკვეთილად არ ჩანდა, დაიწყო ბიზნესის დატერორება. სოზარ სუბარის ცნობილი წერილი დაწერილია 2009 წლის 14 იანვარს - ნეოქურდებზე, როცა პირდაპირ ხელს ადებს სააკაშვილს და მის თანამზრახველებს. იქ სიმართლე წერია, აი ასეთი რამ მოხდა. 300 ათასმა კაცმა გაიარა რეპრესიები, წაართვეს წილები. ბევრს, მიუხედავად ბიზნესიის დათმობისა, მოუწია ციხეში ჩაჯდომა, სადაც იყო წამება და არააადამიანური მოპყრობა, სასამართლო გადაიქცა ჯიბის სასამართლოდ, სადაც განაჩენი დგებოდა მხოლოდ მაშინ, თუ პროკურატურა მოითხოვდა ვინმეს გაშვებას. ასეთი სისტემა შეიქმნა და ამაზე ბევრი დაიწერა უცხოურ გამოცემებში. მაგალითად, თომას ჰამერბერგი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, წერდა, რომ საქართველოში ადამიანები მზად არიან, დაიბრალონ ნებისმიერი დანაშაული, თუნდაც ჯაშუშობა, ჩააბარონ მთელი თავისი ქონება, ოღონდ აიცილონ სასტიკი მოპყრობა ციხეებში.


ყურადსაღებია ის, რაც მათ ჩაიდინიეს საგარეო პოლიტიკის დარგში და კონფლიქტების მოგვარების სფეროში წლების განმავლობაში. გაიხსენეთ 2004 წლის სისხლისღვრა ცხინვალში, ასევე 2008 წელი, როცა ეს მავნე პოლიტიკა სააკაშვილმა დააგვირგვინა სამხედრო პოლიტიკური ავანტიურის განხორციელებით. ომი ნამდვილად არ დაუწყია ლაჩარს, რომელიც გორში პანიკურდ გაიქცა  საფრანგეთის საგარეო მინისტრის და მისი დელეგაციის თვალწინ, გორელი ქალების და ბავშვების თვალწინ, მაშინ, როცა არაფერი ხდებოდა. მას  ომის დაწყება ნამდვილად არ შეეძლო. ჩვენს ტერიტორიაზე ძირძველი ქართული ქალაქი დაბომბა, გვიან ღამით. ეს იყო სამხედრო-პოლიტიკური  ავანტიურა, რომელიც საქართველოს ძვირად დაუჯდა.. დღეს კი, დავით აღმაშენებლის ძეგლიდან (რომელიც დიღომში გადაიტანა სააკაშვილმა) 40 კილომეტრში დგანან რუსის ტანკები და როგორ არ დავეთანხმოთ უცხოელ პოლიტოლოგებს, თუნდაც  ლინკოლნ მიტჩელს, რომლის ცნობილი ნათქვამია - პუტინს რომ პირადი აგენტი გამოეგზავნა საქართველოში  „ვარდების რევოლუციის" წინ, ის აგენტიც კი ვერ გაართმევდა თავს პუტინის დავალებას უკეთესად, ვიდრე ეს თავისი ხელით გააკეთა სააკაშვილმა.  „ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში"- ასე ერქვა იმ წერილს. რუსულ საქმეს კი საქართველოში აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი.


-სხვათაშორის, თქვენსა და  რუსეთის „საეჭვო ურთიერთობებზე" საუბრობდნენ ბევრს... რა გაკავშირებდათ რუსეთთან?

 

- არაფერი და ეს კარგად იცის სააკაშვილმა. იცოდა, რომ ჩემთვის უმთავრესი ეროვნული ინტერესებია. ამიტომაც მეპყრობოდა სააკაშვილი პატივით.


- ერთმნიშვნელოვნად - სააკაშვილის მმართველობა წარმატებული იყო თუ წარუმატებელი?

 

- ჯამში ეს იყო სრულიად წარუმატებელი და დანაშაულებრივი ქმედება, ეროვნული ინტერესების ნამდვილი ღალატი. ეს იყო ისეთი ღალატი, რომელიც წლების განმავლობაში უფრო და უფრო ძვირად დაუჯდება ქვეყანას, რაც იმდენად ფარავს იმ საჭირო  და კარგ რეფორმებს, რომლებიც შესრულებული იყო მოკლე დროში, რომ შედეგი არის სრულიად უარყოფითი. ეროვნულ სხეულზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დასაბუთა, რომ თუ დანაშაულებრივი მეთოდებით ებრძვი უსამართლობას, საბოლოო ჯამში მეტ უსამართლობას  იღებ.


- როგორ ფიქრობთ, როგორ შევა  საქართველოს ისტორიაში ექს-პერმეირი ბიძინა ივანიშვილი?

 

- ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც უდიდესი ქველმოქმედი. ლეგენდებად არიან ქცეულები სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, ჩვენ, ქართველი ხალხი დღემდე მადლობელი ვართ მათი, მაგრამ ივანიშვილმა იმდენი გააკეთა საქართველოთვის, ვიდრე ამ ადამიანებმა ყველამ ერთად.


აქტიურად ეხმარებოდა სააკაშვილს ყევლა დადებითი რეფორმის გატარებაში, არამარტო ფულით, არამედ რჩევითაც - მისი რჩევით შეიცვალა სახელმწიფო სამსახურებში ხელფასები, მისი ფონდიდან იყო გადახდილი, ამიტომ აღმოიფხვრა კორუფცია.  მისი რჩევით მოხდა როტაციები საბაჟოზე და საბაჟო ჩამოყალიბდა თანამედროვე სამსახურად. 


ცნობილია მისი დახმარება ჯარისთვის და პოლიციისთვის... ადამიანი, რომელსაც არაფრით არ უნდოდა პოლიტიკაში მოსვლა,  სძაგდა ეს სფერო,  როცა დაინახა, არ იყო სხვა გზა, გადადგა ნაბიჯი და შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში. მის გარეშე ვერ მოხდებოდა ძალების მობილიზება და სადისტური რეჟიმის გასტუმრება. სააკაშვილი ნამდვილად არ აპირებდა მშვიდობიანი გზით წასვლას. ადამ მიხნიკის სიტყვებს მოვიყვან. ამ გამოჩენილმა უფლებადამცველმა, მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულმა ადამიანმა  თქვა - მსოფლიოს ყველა მილიარდერი ვერ მოიპოვებდა იმხელა საერთო სახალხო მხარდაჭერას, რაც მოიპოვა ივანიშვილმა საქართველოში. მიხნიკმა თავისი თვალით ნახა ქუჩაში გამოსული 300 ათასზე მეტი ადამანი, რომლებიც ივანიშვილის გვერდზე დგებოდნენ, რომ ეს რეჟიმი დაემხოთ. ასეთ პიროვნებად დარჩება საქართველოს ისტორიაში   ივანიშვილი.


 - თქვენ იცნობდით და იცნობთ უამრავ პოლიტიკოსს. გაიხსნეთ  ყველაზე დიდი ტყუილი, რომელიც პოლიტიკოსისგან მოგისმენიათ?

 

- ამ საკითხში აბსოლუტურად  ჩემპიონი არის მიხეილ სააკაშვილი.


- კონკრეტულად რომელი ტყუილით?

 

- მაგალითად, აგვისტოს ომის დროს, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ და გავიმარჯვეთ და ა.შ. მერე კი ამის აღნიშვნა საზეიმოდ. ეს ხომ სასწაულია?! ეს ისტორიას დარჩება. კარგად ვიცნობ სააკაშვილს. მას ახასიათებს სპონტანური ტყუილები, მძევალია საკუთარი ფსიქიკის.


- ბევრის წარმატებაზე და წარუმატებლობაზე ვისაუბრეთ.  თქვენ, წლებია, აქტიურად  ხართ ჩართული და როცა არ  ხართ,  აქტიურად ადევნებთ  თვალყურს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. უშუალოდ თქვენ რამდენად ხართ კმაყოფილი საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობით?

 

 - გეტყვით პირდაპირ. ერთი მხრივ, კმაყოფილი ვარ, რომ გაცილებით მეტი შედეგი დავინახე, ვიდრე ველოდი. მაგალითად, შევარდნაძესთან მანქანაში აფეთქების შემდეგ  მე პარლამენტში ხელი დავადე ჯაბა იოსელიანს, იგორ გიორგაძეს,  როგორც ადამიანებს, რომლებიც ამ ყველაფერს ახორციელებდნენ.  მაშინ ცოცხლების რიგებიდან ამომშალეს და ეს  კეთილმოსურნეებმა მითხრეს -  ფიზიკურად მოისპობიო, მაგრამ ხომ ხედავთ, გადავრჩი. მერე ვინ და როგორ წავიდა ციხეში, ყველამ იცის და სწორედ იმ ბრძოლამ მიიღო ახალი მასშტაბი. ამაში ჩემი წვლილი  ნამდვილად არის. ყოველთვის ვატყობდი ჩემს თავს, რომ  ბუნებით  ვარ მეცნიერი, ანალიტიკოსი. უფრო მიტაცებს მოვლენების ანალიზი, ვიდრე იმაზე ფიქრი, როგორ შევცვალო არსებული რეალობა.

ზურაბ ჟვანია მსაყვედურობდა - შენ არ გაქვს პოლიტიკური ამბიციაო, ამაზე მიუთითებდა როგორც მინუსზე. „პოლიტიკაში თუ ხარ, უნდა გქონდეს დიდი ამბიცია, რაც შენ  საერთოდ არ გაქვსო". კი ბატონო, ვეუბნებოდი (მოწმეები მყავს, ზურა აღარ არის) - ზურა, ჩემთვის შენ ხარ პოპულისტი და დემაგოგი, იმიტომ, რომ შენც კი, ძალიან ხშირად ამბობს ისეთ რამეებს, რასაც მე ჩემს თავს არ ვაკადრებ და არ  ვაკადრებ ქართველ ხალხს, იმდენად რეალობას აცილებულ რამეს ამბობს-მეთქი. ტრაგედია არის ის, რომ შენს უკან მოდიან იმ დონის პოპულისტები და დემაგოგები, რომ შენ მათი სანდლების შეკვრის ღირსი არ ხარ-მეთქი. ამას ხუმრობით ვეუბნებოდი და გამართლდა კიდეც. 2003 წელს სასოწარკვეთილი მეუბნებოდა, რომ მისი რეიტინგი გაცილებით დაბალი იყო სააკაშვილის და ნათელაშვილის რეიტინგებზე. ასეც მოხდა. მე შეგნებულად არ გადავაბიჯე იმ ზღვარს, მე არასოდეს არ ვაკადრე ქართველ ხალხს  ყალბი ლოზუნგები. არ ვიცი, ეს სისუსტეა თუ სიძლიერე, მაგრამ ასეა. მე მართალი ვარ ჩემს თავთან და ჩემს ხალხთან, რომ ასე გავაკეთე.


-თქვენი შეფასებით,  ვინ არის პეტრე მამრაძე?

 

 - ქართველი კაცი, რომელიც ეცადა, თავისი მოკრძალებული წვლილი  შეეტანა ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობაში, ასე  იღვაწა და დღესაც ამ შემართებით ვარ. მე ვარ კაცი, რომელიც არასდროს გაკარებია კორუფციას. არ გადაჰყოლია  კარიერის კეთებას, მაგრამ მაინც, საბოლოო ჯამში, ჯობს, საზოგადოებამ შეაფასოს, რა გამოვიდა და რა - არა. ჩემს თავს არასდროს ვანიჭებდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას, შეიძლება ნახოთ ჩემი ყველა საჯარო გამოსვლა და  დარწმუნდებით, რომ არც ერთი პოპულისტური, დემაგოგიური გამოსვლა, რომელიც მოემსახურებოდა პირადად ჩემი იმიჯის გამტკიცებას, არ გამიკეთებია.


 

ინტერვიუს ვიდეოვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე: http://reportiori.ge/?menuid=75&id=59714

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016