ვიდეო, რომელიც „რეპორტიორმა" ორი დღის წინ საზოგადოებას შესთავაზა, საკმაოდ პოპულარული გახდა სოციალურ ქსელებში. ვიდეოში პრეზიდენტმა გოგონას დასცინა, რამაც დამსწრე საზოგადოების აღტაცება გამოიწვია. „კვირის პალიტრა" დიალოგის მთავარ მონაწილეს, თამთა აშორტიას ესაუბრა.
აშორტიას თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პრეზიდენტთან კითხვა წინასწარ იყო შეთანხმებული,სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, არასდროს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი და არც არასოდეს იქნება.
„იმ ვიდეოში, რაც გავრცელდა, ჩემი გამოსვლის ნაწილი ამოჭრილია, გარდა ამისა, კითხვა არც დამასრულებინეს და მიკროფონი ჩამომართვეს. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, არ ვარ კმაყოფილი. ვიდეო ისე დაჩეხეს, რომ მარტო სააკაშვილის ხმა ისმოდა და რასაც მე ვპასუხობ, არაფერი ჩანს. ჩემი დაცინვით სააკაშვილს თავისი თავის კარგი პიარი გამოუვიდა. მან ჩემს დასმულ პრობლემებს არ მიაქცია ყურადღება და სხვა რაღაცეებზე დამიწყო ლაპრაკი, ხოლო მისმა მომხრეებმა კევის ღეჭვაზე გადაიტანეს აქცენტი".
სტუდენტი პრეზიდენტთან საღეჭი რეზინით საუბარს უტაქტობად არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანს ისე მიმართავს, რა დონეზეც პატივისცემას იმსახურებს. სააკაშვილი კი მისგან პატივისცემას ნამდვილად არ იმსახურებს.
მისი თქმით, არ უნდა გაკვირვებოდათ, რომ ვიღაცამ მიხეილ სააკაშვილს სიმართლე პირში მიახალა, რადგან ყველა ქართველის მოვალეობაა, რომ სააკაშვილს პირში უთხრას სიმართლე.