reportiori.ge - 4 რამ, რაც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს მარაბდის ბრძოლის შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024. 10:33
სხვადასხვა
4 რამ, რაც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს მარაბდის ბრძოლის შესახებ
ავტორი:
28 მარტი, 2015. 12:42


 

 

მოგების ტოლფასი დამარცხება


მარაბდის ბრძოლა XVII საუკუნის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება იყო, რომელიც ქართველთა მარცხით დასრულდა. ყიზილბაშებისთვის ეს პიროსის გამარჯვება გამოდგა, რადგან სწორედ მარაბდის ველზე განცდილი დიდი ზარალის შემდეგ ჩაიშალა შაჰ აბასის განზრახვა, საბოლოოდ დაეპყრო და ირანის ნაწილად ექცია ქართლ-კახეთი, რომლის დაკავებასაც სეფიანთა ირანი შაჰ თამაზ I-ის დროიდან თავგამოდებით ცდილობდა, მაგრამ თბილისის აღების მიუხედავად, მთელი ქვეყნის დამორჩილებას თითქმის ვერასდროს ახერხებდა. მარაბდის ბრძოლა სწორედ შაჰ აბასის აგრესიული კავკასიური პოლიტიკის ნაწილი იყო და გულისხმობდა ამიერკავკასიის დამორჩილებასა და ირანისთვის დაქვემდებარებას.


მარაბდის ბრძოლა 1625 წლის 1-ელ ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობა ორივე მხრიდან დიდმა ძალებმა მიიღეს. ეს იყო იმდროინდელი კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო ეპოპეა, რომელმაც გავლენა მოახდინა როგორც საქართველოზე, ისე ირანის ექსპანსიურ პოლიტიკაზე კავკასიაში. მიუხედავად მარაბდასთან გენერალურ ბრძოლაში დამარცხებისა, ქართველებმა შეძლეს ომის გაგრძელება და ქვეყანაში შემოსული ირანული საარმიო ნაწილების განადგურება.

 

 

ირანის ჯარი


ირანის ერთ-ერთმა უდიდესმა შაჰმა, აბას I-მა თავის ჯარში მნიშვნელოვანი სამხედრო რეფორმების გატარება გადაწყვიტა, რაშიც ორი ინგლისელი თავგადასავლების მაძიებელი ძმა დაიხმარა. ძმები ანტონ და რობერტ შირლები სპარსეთში 1598 წელს ჩავიდნენ, რათა ირანი წაექეზებინათ, რომ ანტიოსმალურ კავშირში შესულიყო. 1587 წელს, როცა აბასი ირანის შაჰი გახდა, სახელმწიფოს 60 ათასამდე მეომრის მობილიზება შეეძლო, რომელთა დიდ ნაწილს ცხენოსანი ჯარი შეადგენდა. ყიზილბაშები ჯარის დიდ ნაწილს წარმოადგენდნენ და ბევრი სამხედრო თანამდებობაც ეკავათ. შაჰმა მათი რაოდენობა თითქმის გაანახევრა და მისი მმართველობისას ირანში სულ 30 ათასამდე ყიზილბაში ჯარისკაცი შემორჩა. ძმები შირლებისა და სხვა ევროპელი სამხედრო პირების დახმარებით აბასმა ჩამოაყალიბა არმიის მთავარი ბირთვი, 40 ათასი გაწვრთნილი მებრძოლისგან შემდგარი ჯარი, საუკეთესოდ აღჭურვილი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით. ამ 40 ათას მეომარში შედიოდნენ არტილერისტებიც, ანუ თოფჩები, რომელთა მეთაურს თოფჩიბაში ეწოდებოდა. ირანს იმ დროისთვის ძლიერი არტილერია ჰქონდა. თოფოსან ჯარს სპარსელები თოფანგჩილარს უწოდებდნენ, თოფოსნებს კი თოფანგჩის. ამ შენაერთის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს იტალიელი მოგზაურის, პიეტრო დელა ვალეს (1586-1652) დოკუმენტები. ძმები შირლების რჩევით, შაჰმა თოფანგჩილარის რაზმები ძირითადად ირანელი გლეხებისგან ჩამოაყალიბა. იყვნენ ცხენოსანი თოფანგჩებიც. დელა ვალეს ცნობით, თოფოსანთა შენაერთი შაჰ აბასის საყვარელი საჯარისო ნაწილი იყო და მის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევდა.


ჯერ კიდევ შაჰ თამაზ I-ის დროს ირანში შეიქმნა 4,5-5 ათასი მეომრისგან შემდგარი გვარდია, რომელსაც ყორჩილარს უწოდებდნენ (ყორჩი მონღოლურად მშვილდოსანს ნიშნავს). შაჰ აბასის დროს მათი რაოდენობა გაიზარდა და 12 ათას მეომრამდე ავიდა. ისინი შეიარაღებული იყვნენ მუშკეტით, ხმლით და ზოგჯერ ცულით. ყორჩილარის მეომრები განსხვავდებოდნენ დანარჩენი ყიზილბაში ჯარისკაცებისგან, თუმცა ბრძოლის დროს მათაც ხშირად ეხურათ ტრადიციული ყიზილბაშური ქუდები. ყორჩილარის მეთაურს ეწოდებოდა ყორჩი-ბაში და ირანის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა. მარაბდის ბრძოლაში ირანელთა სარდალი ისა-ხანი სწორედ ამ ტიტულს ატარებდა. აქედან ჩანს, რომ შესაძლოა საქართველოში შემოსულ ირანულ ლაშქარში ყორჩილარის ნაწილებიც ყოფილიყო.


შაჰ თამაზ I-ს დროს დაიწყო თურქმან ღულამთა ფორმირებაც და მათი დაწინაურება სამხედრო და სამოქალაქო ასპარეზზე, რაც მისი მემკვიდრეების დროს, განსაკუთრებით შაჰ აბას I-ის მმართველობისას აქტიურად მიმდინარეობდა. ირანის ისტორიის ცნობილი მკვლევარი კავეჰ ფაროკი წერს, რომ ისევე როგორც ოსმალები, ირანელებიც იყენებდნენ ქართველ და სომეხ მონებს მეომრებად. ზრდიდნენ ღულამების მსგავსად, ასწავლიდნენ მუშკეტის, მშვილდ-ისრის, ხმლის, შუბისა და ცულის გამოყენებას. XVII საუკუნის ფრანგი მოგზაური ტავერნიე აღნიშნავდა: „ღულამები იმით გამოირჩევიან, რომ მათი ამბოხება ძალიან იშვიათია, რადგან რამდენადაც ისინი სხვადასხვა ერის მონები არიან, მათ არა აქვთ არც დამაკავშირებელი ძაფი და არც ნათესაური კავშირი; და როცა მეფეს რომელიმე მათგანის დასჯა სურს, ის იყენებს მათ მეთაურს საკუთარი ბრძანების შესასრულებლად". შაჰ აბასის დროს ღულამთა რიცხვი არ აჭარბებდა 15 ათასს. სასახლის გვარდია (ყულის ჯარი) ეწოდებოდა კარგად შეიარაღებულ და გაწვრთნილ 3 ათას მეომარს, რომლებიც ყველგან დაჰყვებოდნენ თავიანთ მბრძანებელს.


ყიზილბაშები, რომელთა დიდი ნაწილი წარმოშობით თურქმანი იყო, ცხენოსან ჯარში კვლავ ტრადიციას მისდევდნენ და ცეცხლსასროლი იარაღი მათ შეიარაღებაში არ დომინირებდა. ისინი იყოფოდნენ ასკაციან რაზმეულებად, რომელთაც უზბაშები მეთაურობდნენ. ჯარში სასტიკი დისციპლინა სუფევდა და ყველა დამრღვევი სასტიკად ისჯებოდა. ამ რეგულარული სამხედრო ნაწილების გარდა, ირანს უზარმაზარი არმიის შეკრება შეეძლო ომის დროს, თუმცა საბრძოლო თვისებებით არარეგულარული ჯარი ბევრად ჩამორჩებოდა ღულამების კორპუსს. ომის დროს გაწვეული ირანელი გლეხები შეიარაღებულები იყვნენ მსუბუქად და ომისთვისაც მოუმზადებელნი, ამიტომ მთავარ ძალად მაინც ღულამების რეგულარული ნაწილი მიიჩნეოდა. ირანის არტილერიის ნაწილი მართლაც გამართული ზარბაზნებითა და გაწვრთნილი არტილერისტებით იყო შედგენილი. ირანელები იყენებდნენ ზამბულაკებსაც, პატარა ქვემეხებს, რომლებიც აქლემის ზურგზე მაგრდებოდა და ამიტომ ძალიან სწრაფი და მობილური იარაღი გახლდათ.


მარაბდასთან ბრძოლისას ირანელებმა 50 ათასი მეომარი გამოიყვანეს, რომელთაგან 12 ათასი საუკეთესოდ შეიარაღებული და გაწვრთნილი თოფოსანი ანუ თოფანგჩი იყო. დანარჩენი კი რჩეული მხედრობა და ქვეითი ჯარის ნაწილები. არმიის მთვარსარდალი იყო შაჰ აბასის სიძე, ისა-ხან ყორჩიბაში, ხოლო თანაშემწე სარდლები იყვნენ შირვანის ბეგლარბეგი ყაზახ-ხან ჩერქეზი, ერევნის ბეგლარბეგი ამირგუნე- ხანი (ყვითელი ჯიქი), აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰბენდე-ხანი და ისპაჰანის ტარუღა, ქართველი ბატონიშვილი, ხოსრო-მირზა. უნდა ითქვას, რომ ამ 50 ათას მეომარს შორის ბრძოლის დაწყებისას შაჰბენდე-ხანი არ იდგა. ის მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდა თავისი ჯარით და ბრძოლის ბედის გადაწყვეტაში დიდი როლი შეასრულა. ირანის არმია ბრძოლაში თავდაცვითი წყობით იდგა და ქართველებს მთელ ფრონტზე ძლიერ ცეცხლს უპირისპირებდა ზარბაზნებითა და თოფებით, ხოლო შაჰბენდე-ხანის გამოჩენის შემდეგ კონტრშეტევაზე გადავიდა.



ქართლ-კახეთის ჯარი


XVII საუკუნის ქართული არმია ძალიან ჩამორჩებოდა როგორც ევროპის, ისე ირანის არმიას განვითარების დონით, შეიარაღებითა და ტაქტიკით, ამიტომ დიდად არ განსხვავდებოდა XIV-XV საუკუნის ქართული ფეოდალური ლაშქრისგან. ქართველი მეომრების დიდი ნაწილი გლეხობისგან შედგებოდა, რომლებიც ქვეითად იბრძოდნენ და აღჭურვილი იყვნენ ჯაჭვის პერანგით, მუზარადით, ფარით, ხმლით, შუბით, მშვილდ-ისრით ან უკეთეს შემთხვევაში თოფით. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, ჯაჭვის პერანგის ხუთი სახეობა არსებობდა - სამანქანი, ზეიდალი, ხოსროვანი, ქირაფქა და ჯაბალა. ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოში პირველად თემურ-ლენგს უნდა გამოეყენებინა XIV საუკუნეში. XV საუკუნესა და შემდეგ კი ქართულ წყაროებში უკვე ჩნდება ცნობები ზარბაზნების, თოფებისა და ზამბულაკების შესახებ. თავდაპირველად ასეთი იარაღი თურქეთიდან და რუსეთიდან შემოდიოდა, უფრო გვიან საქართველოშიც გაჩნდა თოფხანები. ცხენოსნების საწვრთნელად იყენებდნენ სხვადასხვა თამაშსა და შეჯიბრებას, ასევე ნადირობას. ამიტომ ქართველი მხედრები გამოცდილი და გაწაფული მეომრები იყვნენ. ინდივიდუალურად არაფრით არ ჩამორჩებოდნენ და ხშირად აღემატებოდნენ კიდეც მოწინააღმდეგეს.


ყველაფერთან ერთად, ქართლ-კახეთი მტერს ძალიან ჩამორჩებოდა არმიის რიცხოვნობით და 50 ათასი სპარსელის წინააღმდეგ სულ 20 ათასი მეომარი გამოჰყავდა. მიუხედავად ამისა, ქართველებს ჰქონდათ რამდენიმე უპირატესობა: თავიანთ მიწაზე იბრძოდნენ, შესანიშნავად იცნობდნენ ადგილმდებარეობას და რაც მთავარია, იცოდნენ, რომ სამშობლოსთვის და ყველაფერი იმისთვის იბრძოდნენ, რაც მათთვის ძვირფასი იყო. ეს მათ სიმამაცეს მატებდათ და ბრძოლაში გამარჯვების იმედს აძლევდათ. კიდევ ერთი უპირატესობა ქართველებისა ის იყო, რომ ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი რაზმები, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ჯარის ნაწილები არ იყვნენ, არარეგულარული ირანული სამხედრო ნაწილების ჯარისკაცებს ბევრად აღემატებოდნენ, როგორც სამხედრო ხელოვნების ფლობით, ისე სიმამაცითა და ბრძოლაში გამოცდილებით, რადგან XVI-XVII საუკუნეების განმავლობაში ქართველები მუდმივ ომებში იყვნენ ჩართული.


ქართველთა კიდევ ერთი დიდი უპირატესობა გიორგი სააკაძე იყო, მრისხანე მებრძოლი და ჭკვიანი სარდალი, რომელმაც სახელი გაითქვა როგორც კავკასიაში, ისე ირანსა და ავღანეთში, როგორც შესანიშნავმა მხედართუფროსმა. სააკაძე გამოცდილი იყო როგორც ირანელთა წინააღმდეგ, ასევე მათ მხარდამხარ ბრძოლაში, ამიტომ კარგად იცოდა შაჰ აბასის არმიის ძალა და შესაძლებლობა. 1609 წელს მან გაიმარჯვა ტაშისკარის ბრძოლაში ყირიმელ თათართა წინააღმდეგ. საქართველოდან გაქცევის შემდეგ ირანელებთან ერთად მონაწილეობდა ყანდაჰარის, ბაღდადის აღებასა და სხვა ბრძოლებში. 1625 წელს მარაბდის ბრძოლამდე, სააკაძე შაჰის ჯარს შემოუძღვა საქართველოში, თუმცა ჩუმად დაუკავშირდა ქართველებს და მტერი მარტყოფის ველზე გაანადგურა. ქართველებს ალბათ შეცდომა მოუვიდათ, როცა ბრძოლაში მთავარსარდლად მეფე თეიმურაზ I დაადგინეს, რომელიც ვერც დიდი გამოცდილებით დაიკვეხნიდა და ვერც სამხედრო ნიჭით, მაგრამ იგი მეფე იყო, რაც უმთავრესად მის უმაღლეს მხედართმთავრობასაც გულისხმობდა. დანარჩენი სარდლები იყვნენ: ზურაბ არაგვის ერისთავი, მისი ძმა დავით ერისთავი, ქვემო ქართლის სპასპეტი ბარათა ბარათაშვილი, იასე ქსნის ერისთავი, თეიმურაზ მუხრანბატონი, მისი ძმა ქაიხოსრო მუხრანბატონი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, დავით ჯანდიერი და მანუჩარ ათაბაგი, ასევე ოთხი ეპისკოპოსი - მროველი (რუის-ურბნისის ეპისკოპოსი), ალავერდელი, რუსთველი და ხარჭაშნელი.


თათბირზე ყველა სამხედრო მეთაურმა გამოთქვა აზრი, როგორ წარემართათ ბრძოლა მტრის დიდ და უკეთ შეიარაღებულ ჯართან. გიორგი სააკაძის აზრით, ქართველები კოჯორ-ტაბახმელის მთებში უნდა დარჩენილიყვნენ და მტრის შემოტევას იქ დალოდებოდნენ, რათა თავად აერჩიათ მომგებიანი პოზიცია და არ მიეცათ ალყის შემორტყმის საშუალება მრავალრიცხოვანი ირანელებისთვის. მას ემხრობოდა ბაადურ ციციშვილიც. ზურაბ ერისთავი, მანუჩარ ათაბაგი, ბარათა ბარათაშვილი და ძმები მუხრანბატონები მტერზე იერიშს მოითხოვდნენ. ასეც მოხდა. გადაწყდა დილით ადრე, გამთენიისას შეეტიათ მტრისთვის. ბრძოლაში მხედართმთავრად თეიმურაზ I დანიშნეს. ბრძოლის წინ ჯარი რუისის ეპისკოპოსმა, მროველმა დომენტი ავალიშვილმა აზიარა და დალოცა. საინტერესო ფაქტია მარაბდის ბატალიაში ცხრა ძმა ხერხეულიძის მონაწილეობა და მათგან გამოჩენილი გმირობა.

 

ბრძოლა


ირანელები ბრძოლას მომზადებული დახვდნენ, მით უმეტეს, ცეცხლსასროლი იარაღის მაქსიმალური გამოყენებისთვის საუკეთესო პირობები ჰქონდათ. მათ სანგრები გათხარეს, მიწაყრილებზე ზარბაზნები დადგეს, შემდეგ 12 ათასი თოფოსანი განალაგეს ოთხ რიგად. პირველ რიგში ცალ მუხლზე ჩაჩოქილი თოფოსნები იდგნენ, მეორე რიგში ფეხზე მდგომები, მესამე-მეოთხეში აქლემებზე ამხედრებული მეთოფეები და ზამბულაკის მსროლელები. მუშკეტერთა მასას ერთიანი მძლავრი ცეცხლით უნდა შეეჩერებინა მოწინააღმდეგე. ჯარის მეწინავე ნაწილს ამირგუნე-ხანი ანუ სარუ ასლანი (ყვითელი ჯიქი) მეთაურობდა. ცენტრში მძლავრი კავალერიული შენაერთი იდგა ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით, დანარჩენ ნაწილებს ხოსრო მირზა და ყაზახ-ხან ჩერქეზი ედგნენ სათავეში.


მეფე თეიმურაზმაც განალაგა ჯარი საომრად. წინ კავალერია დააყენა, უკან - ქვეითი ჯარი, თუმცა რომელ სარდალს რა ადგილი ეჭირა, არ არის ცნობილი. შეტევა ქართველებმა დაიწყეს. სათოფე მანძილამდე ნელი, მწყობრი ნაბიჯით იარეს, სათოფეზე კი იარაღი მოიმარჯვეს და ცხენები გააჭენეს. სპარსელთა თოფოსანმა ჯარმა ერთიანი ცეცხლი გაუხსნა ქართულ კავალერიას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერ მოახერხა ნიაღვარივით წამოსული მხედრობის შეჩერება და ქართველებმა მოახერხეს ირანელთა რიგების გადათელვა. ბრძოლაში დაიჭრა ამირგუნე-ხანი. განსაკუთრებული სიმამაცით იბრძოდნენ გიორგი სააკაძე და ზურაბ ერისთავი. ყაზახ-ხან ჩერქეზი თავის ჯართან ერთად გაიქცა, უკან ავთანდილ სააკაძე და დავით ერისთავი მიჰყვნენ თავიანთი მხედრობით. მალე მარჯვენა ფლანგიც დამარცხდა, რომელსაც ხოსრო- მირზა სარდლობდა. ისა-ხან ყორჩიბაშმა რჩეული ნაწილებით უკან დაიხია და ქართველებმა მისი ბანაკიც ჩაიგდეს ხელთ. ირანულ ბანაკში უამრავი სიმდიდრე აღმოჩნდა, რასაც ქართველები სწრაფად დაესივნენ და ნადავლის აკრეფა დაიწყეს.


სწორედ ამ დროს, როცა ავთანდილ სააკაძე და დავით ერისთავი მტერს შორს გაეკიდნენ და თვალს მიეფარნენ, ხოლო ქართველთა რიგები არეული იყო, ბრძოლის ველზე შაჰბენდე-ხანის ჯარი გამოჩნდა, რომელსაც ისა-ხან ყორჩიბაშისა და ხოსრო-მირზას ნაწილებიც შეუერთდნენ და ერთობლივი იერიში მიიტანეს ქართლ-კახეთის არეულ ჯარზე. ბრძოლა განახლდა, მაგრამ უკვე გამოჩნდა, რომ შემცირებული და დაფანტული ქართველები წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ მტრის უზარმაზარი არმიის მჭიდრო რიგებს. დაეცა თეიმურაზ მუხრანბატონი, დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, დაიღუპნენ ეპისკოპოსები - რუსთველი და ხარჭაშნელი, დაეცა ბაადურ ციციშვილიც. დაიღუპნენ დროშის მცველი ძმები ხერხეულიძეები. გიორგი სააკაძე და თეიმურაზ I მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ ბრძოლის ბედის შემოტრიალება უკვე აღარ შეეძლოთ. ქართველთა ნაწილმა თავს უშველა, ხოლო დანარჩენი მარაბდის ველზე უსულოდ ესვენა.


ბრძოლის შედეგები ასეთი იყო: დაიღუპა 14 ათასამდე ირანელი და 10 ათასამდე ქართველი. ეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა იყო, რომელშიც ქართული ლაშქარი დამარცხდა, მაგრამ ვერც მტერმა მოიპოვა დიდი გამარჯვება, რადგან დაეღუპა არმიის დიდი ნაწილი და უცხო ქვეყანაში ბრძოლისთვის ძალები აღარ ეყო. ბრძოლაში ქართველთა დამარცხება დიდწილად არახელსაყრელ პირობებს და სარდალთა არასწორ მოქმედებას შეიძლება მივაწეროთ. მარაბდის ბრძოლაში გამოიკვეთა ქართველ სარდალთა, განსაკუთრებით თეიმურაზ I-ის სისუსტე, ჯარის ტაქტიკური გაუმართაობა, ჭარბ ძალებთან მინდორზე შეტაკება და სხვა სამხედრო პრობლემები. მეთაურთა გასამართლებლად შეიძლება მოვიყვანოთ ის არგუმენტი, რომ ჯარის მუდმივად შენახვა, გამოკვება და თვეების განმავლობაში 20 ათასი კაცის იარაღქვეშ ყოფნა ფეოდალური ქვეყნისთვის, რომელიც მძიმე ვითარებაში იმყოფებოდა, ძვირად ღირებული იქნებოდა. სარდლობამ გადაწყვიტა, სანამ ეს 20 ათასი მეომარი მათ ხელთ იყო, დაერტყა და ერთიანად დაემარცხებინა მტერი. შემტევი მხარე კი ძირითადად იძულებულია, მიიღოს მოწინააღმდეგის პირობები, რომელიც თავდაცვით პოზიციას იკავებს. ეს ყველაფერი ერთად მარცხის მიზეზი გახდა. საბოლოოდ, სააკაძემ მოახერხა ირანელთა ამ შემოტევის მოგერიება პარტიზანული ტაქტიკის გამოყენებით და ამით შაჰ აბასის კიდევ ერთი ცდა ქართლის მთლიანად დაპყრობისა, უშედეგოდ დასრულდა.


ნიკა ხოფერია

წყარო „ისტორიანი"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016