reportiori.ge - მამუკა არეშიძე: დაიწყო მასობრივი მკვლელობები... ამას მოჰყვება გატაცებები ბიზნესმენების, პოლიტიკური მოღვაწეების, ჟურნალისტების...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 07:18
ინტერვიუ
მამუკა არეშიძე: დაიწყო მასობრივი მკვლელობები... ამას მოჰყვება გატაცებები ბიზნესმენების, პოლიტიკური მოღვაწეების, ჟურნალისტების...
ავტორი:
30 მარტი, 2015. 14:22

 

 


ქალაქში სერიული მკვლელი დადის, იური ვაზაგაშვილის ვანდალური მკვლელობის შემდეგ, ვაზაგაშვილის ახლობლები, ექსპერტები და საზოგადო მოღვაწეები კიდევ ერთ ხმაურიან მკვლელობას აანონსებდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს არ იქნებოდა უკანასკნელი მკვლელობა, - ყველას დაგვსჯიან, ვინც კი სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის, ყველას გაგვანადგურებენ, ვინც წინა რეჟიმს კონკრეტული ფაქტებითა და კონკრეტული სიებით დავუპირისპირდებით, ვისაც ჩვენს გაუბედურებაში ბრალი მიუძღვისო. 28 მარტს საკუთარ სახლთან მოკლული ბესიკ ხარძიანი არაერთხელ შეხვედრია მამუკა არეშიძეს და მისი პრობლემების შესახებ დეტალურად უამბია. კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „ქრონიკის" კითხვებს პასუხობს.

 

- ბატონო მამუკა, ბესიკ ხარძიანმა ხელისუფლება გააფრთხილა, ნუ ეთამაშებით სახელმწიფოს, აღადგინეთ სამართალი, თორემ 70-იანი წლების სიცილია განმეორდებაო... იური ვაზაგაშვილის შემდეგ ბესიკ ხარძიანი მოკლეს, როგორ ფიქრობთ, სერიული მკვლელობები გაგრძელდება?


- როცა გავრცელდა ინფორმაცია ბესო ხარძიანის მკვლელობაზე, ერთმა ბიზნესმენმა დამირეკა, რომელიც ასევე იბრძვის თავისი ქონების დასაბრუნებლად და ზუსტად ეს ფრაზა გაიხსენა, რომელიც ბესო ხარძიანმა „იმედის" ეთერში თქვა... ამ ბიზნესმენმა მითხრა, - რა გარანტია მაქვს, არ მომკლავენ, ამიტომ არ ჯობია, მე თვითონ მოვკლა ისინი, ვიდრე სამართლიანობის აღდგენას დაველოდოო. აი, ეს არის ზუსტად 70-იანი წლების სიცილია. როგორც ჩანს, აქეთ მიდის საქმე. ვიღაცას მობეზრდება პროკურატურასა და სასამართლოებში უშედეგო სირბილი და ამის გაკეთებას დაიწყებს. მე პარალელს ვავლებ ბესო ხარძიანისა და იური ვაზაგაშვილის მკვლელობებს შორის და ახლა აგიხსნით, რატომ... მართალია, სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ორივე პიროვნებამ სამართლებრივი თვალსაზრისით ძალიან წინ წაიწია, ორივე პიროვნებამ ძალიან სერიოზული პრობლემა შეუქმნა იმ ადამიანებს, ვისაც ებრძოდნენ და ორივე მოკლეს. ეს არის ანგარიშსწორება ზუსტად იმ პირების მიმართ, ვინც შეძლეს საკუთარი სამართლიანობისთვის ბრძოლა და შედეგების დადება. სხვათა შორის, ეს ორივე მკვლელობა არის მთელი საქართველოსთვის სიგნალი, _ ნუ იბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის, ყველას ასეთი ფინალი გექნებათ და მაინც არაფერი გამოგივათ. სხვათა შორის, სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების მკვლელობა არ არის მხოლოდ ეს ორი შემთხვევა, არსებობს სხვა შემთხვევებიც, რომლებიც ნაკლებ გახმაურებულია. ასევე, სამართლიანობისთვის მებრძოლი ხალხის მისამართით არის მუქარები, დაშინება, შანტაჟი, ზეწოლა და ა.შ. რა მინდა გითხრათ, როცა მე და ჩემნაირი ადამიანები თქვენი გაზეთისა და სხვა მედიასაშუალებებით გამოვდივართ და ვაცხადებთ, რომ ხელისუფლებაში არსებობს ჩანერგილი მეხუთე კოლონა, ძალოვან სტრუქტურებში ჩაბუდებული არიან პიროვნებები, ვისი მეშვეობითაც იმართება ეს პროცესები, ხელისუფლებას არ უნდა ამაზე რეაქცია მისცეს. ჩვენ, ვინც ვითვლებით ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ ადამიანებად, ხშირად ამის გამო გვიჩნდება შიშის გრძნობა, იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლება ჩვენსავე ინიციატივას მოგვიტრიალებს, არამედ იმის გამო, რომ ქვეყანაში ქაოსის ნიშნები შეიმჩნევა, როცა ასეთი ხმაურიანი მკვლელობები ხდება, ეს არის ქაოსის მანიშნებელი სიგნალი. ოპონენტი მოგვიბრუნდება და გვიპასუხებს, რომ ასეთი ტიპის მკვლელობები ხდება ყველგან მსოფლიოში, მათ შორის დემოკრატიულ ქვეყნებში - იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში, აშშ-ში... რასაკვირველია, ხდება, მაგრამ ეს მკვლელობები ხდება კონკრეტული ბიზნესგარჩევების, ან პოლიტიკური გარჩევების გამო, მაგრამ რაც აქ ხდება, ეს არის ხელჩართული სისხლიანი ბრძოლა სამართლის აღდგენის მომხრეთა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის. ეს არის ფრონტი, სადაც კლავენ ისეთ ადამიანებს, ვინც სამართლიანობის აღდგენის კუთხით არის შემტევი და ვინც უკვე შედეგებს იმკის. ეს არის უკვე სოციალური დაპირისპირება და არა ცალკეულ ჯგუფებს შორის ჩხუბი და კამათი. სოციალური დაპირისპირების სავარაუდო კატასტროფის შედეგებს ხელისუფლება უნდა ხვდებოდეს.

 

- კონკრეტული ძალა ქვეყანაში ქმნის ქაოსს, იკარგება დაცულობის შეგრძნება, და თითოეული ჩვენგანი, ვინც სამართლიანობისთვის ვიბრძვით, შესაძლოა, სამიზნე აღმოვჩნდეთ. რა უნდა დაუპირისპიროს ამას ხელისუფლებამ?


- რასაკვირველია, დაცული არავინ ვართ, ბესო ხარძიანმა შემთხვევით არ გაიხსენა 70-იანი წლების სიცილია. იმ პერიოდში დაიწყო მასობრივი მკვლელობები, გატაცებები ბიზნესმენების, პოლიტიკური მოღვაწეების, ჟურნალისტების... ვისაც უნდოდა, რომ იტალია ყოფილიყო დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა, ყველა ამ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, დაწყებული იტალიის პრემიერ-მინისტრიდან, რომელიც გაიტაცეს და მოკლეს, დამთავრებული რიგითი  ჟურნალისტებით. ეს მაშინ იტალიისთვის კატასტროფა იყო, რომ არა ძლიერი ადამიანები და კარაბინერები, რომლებმაც იტალიაში სისხლის ტბა დააყენეს, ალბათ, იტალია ვერ გამოვიდოდა ამ პრობლემიდან. ვშიშობ, რომ შესაძლოა, ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ქართველი საზოგადოება. ახლა იცით, რა დაიწყება? ბიზნესმენები, ვისაც საშუალება აქვს, დაიწყებენ საკუთარი დაცვის არმიების შექმნას და დაიწყებენ იმ ადამიანებთან ანგარიშსწორებას, ვინც თავის დროზე ისინი ციხეებში გამოამწყვდია, ქონება წაართვა და ღირსება აყარა. რა გარანტია გვაქვს, რომ საქართველოში ეს არ მოხდება?! დაიწყება ბანდიტური, კლანური გარჩევები, ამას ექნება სოციალური ფორმა, გაითვალისწინეთ, ეს ტერმინი სხვა რამეს გულისხმობს. საზოგადოების ერთი ფენა, რომელიც გაერთიანებულია სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, დაუპირისპირდება მეორე ფენას, რომელიც მათ ამ პროცესში ეწინააღმდეგება. ეს მოხდება არა მიტინგებით, პრესითა და სოციალური ქსელით, არამედ სისხლით.

 

- ბესიკ ხარძიანი მკვლელობის პირველივე წუთში გარდაცვლილის ოჯახმა მკვლელობის სავარაუდო შემკვეთად გიორგი უდესიანი დაასახელეს. ეს პიროვნება ასევე ფიგურირებდა ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სოსანაშვილის საქმეში, ის მისი შვილის ნათლიაა. რატომ არ იკითხება ამ დრომდე უდესიანი?


- გეთანხმებით, უდესიანის გვარმა სოსანაშვილთან მიმართებაში გაიჟღერა, რომელთანაც ნათელმირონობა აკავშირებს, ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთანაც უდესიანის გვარმა გაიჟღერა, ის გახლდათ მისი ბიზნესმეწილე, კუს ტბის აქციების თანამფლობელი, საკონტროლო პაკეტი ხარძიანს ეკუთვნოდა, უდესიანმა გამოამწყვდია ციხეში ხარძიანი და მისი ქონება მიითვისა. წინა ხელისუფლებაში უდესიანი იყო გავლენიანი, ის იყო ზონდერჯგუფების კურატორი, უდესიანს პროკურატურა ვერ დაკითხავდა, რადგან ის ქვეყნიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება" მოვიდა, ხან ბარსელონაში იყო, ხან გერმანიაში, ბოლო დროს კიევშიც შეამჩნიეს.


- ბატონო მამუკა, თქვენი აზრით, ბესო ხარძიანის მკვლელობა შეკეთილია?


- დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის შეკვეთილი მკვლელობა. სწორედ იმიტომ, რომ ბესიკ ხარძიანი სამართლიანობისთვის თავდაუზოგავად იბრძოდა და შედეგებიც ჰქონდა.


რამდენადაც ბესო ხარძიანისგან ვიცი, ქურასბედიანი, რომელიც კუს ტბას ხელმძღვანელობდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მას შეხვდა, ის აპირებდა კუს ტბის ხარძიანისთვის დაბრუნებას, მაგრამ ერთ დღეს დაურეკა და უთხრა, პროკურატურასთან გვაქვს საქმე „გაიასნებულიო". როგორც მითხრა ბესო ხარძიანმა, მან ლაშა ნაცვლიშვილთან მოაგვარა სიტუაცია და დევნილი აღარ იყო. ბადრი ქურასბედიანს ბესიკ ხარძიანისთვის უთქვამს, დავით ჩხატარაშვილი არის ლაშა ნაცვლიშვილის მრჩეველი და მისი საშუალებით პრობლემები მოგვარებულია, ბიზნესს აღარ დაგიბრუნებო. ამის შემდეგ ბესო ლაშა ნაცვლიშვილს ოჯახში ესტუმრა, მას ნაცვლიშვილი სახლში არ დახვდა, დაუტოვა კოორდინატები და შეტყობინება, რომ მას აბრალებდნენ ცუდ საქმეში მონაწილეობას და დაკავშირებოდა, თუმცა ლაშა ნაცვლიშვილი მას არ დაკავშირებია. ბესოსგან ვიცი,  რომ ზუსტად ჩხატარაშვილი და უდესიანი აპირებდნენ არაბებისთვის კუს ტბის 40 მილიონ დოლარად მიყიდვას. როგორც გითხარით, ამ დროისთვის ლაშა ნაცვლიშვილი ჩხატარაშვილის მრჩეველი იყო და ეს საქმე ერთმანეთშია გადაჯაჭვული. როგორც მოგეხსენებათ, ლაშა ნაცვლიშვილი წავიდა და ეს საქმეც ჰაერში გამოეკიდა. თუმცა ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში არიან ჩართული, დარწმუნებული ვარ, ისინი დღემდე თანამდებობებს იკავებენ, მეტიც, პროკურატურაში არიან.


- ხომ არ იცით, ამჟამად უდესიანი სად იმყოფება?


_ როგორც გითხარით, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ის იმყოფებოდა ბარსელონაში, ერთი თვის წინ კი მას თვალი მოჰკრეს კიევში იმ ცნობილ სასტუმრო „ჰილტონში", სადაც ძალიან ხშირად „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, მათ შორის ძებნილი ზურაბ ადეიშვილი და სხვები იკრიბებიან, სადაც ხშირად ნომერს იღებს და ღამეს ათენებს მიხეილ სააკაშვილი.


- მკვლელობიდან 3 საათში გავრცელდა გია უდესიანის განცხადება, ის უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, აცხადებს, რომ ეს მკვლელობა ძალიან შემზარავია და ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია, ნუ მოიხსენიებენ მას მკვლელად, იგი თავს დამნაშავედ არ თვლის ამ კონკრეტულ საქმეში...


- დავუშვათ, ეს ასეა, ჯერ ერთი ძალიან გამოუდია თავი გია უდესიანს, რადგან ხარძიანი თვლიდა, თუ მის თავს რაიმე უბედურება ტრიალებდა და მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები იყო, ამას სწორედაც გია უდესიანს უკავშირებდა, მეორე ბიზნესმოწილე ბადრი ქურასბედიანზე კი მას ასეთი რამ არასდროს უთქვამს. ეხლა არ ვიცი, ასე უცბად რატომ გაიგიჟა თავი უდესიანმა, რატომ იგივეს არ აცხადებდა, როცა ბესიკ ხარძიანი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე ლაპარაკობდა. დავუშვათ, არ არის გია უდესიანის მიერ შეკვეთილი მკვლელობა, ამ შემთხვევაში მე გითხარით, რომ იმ ძალებზეა ლაპარაკი, ვინც ცდილობს, მოსპოს ის ადამიანები, ვინც მათ მიერ გაკეთებულ საქმეებს აქტიურად ასაჯაროებს. ეს შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობის" გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამ საქმით არის დაკავებული.


- თქვენ როგორ ფიქრობთ, ხარძნიანის მკვლელობის საქმე გაიხსნება?


- მოპედის პოვნამ საქმის გახსნის იმედი გამიჩინა, ვფიქრობ, საქმე უნდა გაიხსნას, როგორც ვაზაგაშვილის მკვლელობის შემთხვევაში პროკურატურას ხელმოსაკიდი მაშინვე გაუჩნდა, შეცდომა დაუშვა მკვლელმა და საქმემ წინ წაიწია, როგორც ჩანს, ასე უნდა მოხდეს ხარძიანის მკვლელობის შემთხვევაშიც, რადგან მკვლელმა, ნივთმტკიცების სახით მოტოციკლეტი დატოვა. ისე, როგორც წესი, ასეთი ტიპის მკვლელობები ძალიან რთული გასახსნელია. დასავლეთშიც კი, სადაც მაღალი ტექნოლოგიური საშუალებებია, ასეთი ტიპის მკვლელობისას ხშირ შემთხვევაში მკვლელს ვერ პოულობენ. ყველა უნდა დაიკითხოს, ლაშა ნაცვლიშვილი, დავით ჩხატარაშვილი, გია უდესიანი, ის ადამიანები, ვისაც ხარძიანი მოიხსენიებდა. ვინც უცხოეთშია, მათზე ძებნა უნდა გამოცხადდეს. ხარძიანის ოჯახის წევრებს აქვთ საფუძველი, რომ მკვლელობის სავარაუდო შემკვეთად უდესიანი დაასახელონ, შესაბამისად, უდესიანი როგორც მინიმუმ, უნდა დაიკითხოს იქ, სადაც ახლა იმყოფება, მაგრამ არ გამოვრიცხავ იყოს აბსოლუტურად სხვა ჯგუფი, რომელიც ცდილობს, ქვეყანაში შექმნას ქაოსი, ახდენს სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების დაშინებას და მეორე მხრივ, ცდილობს, ხაზი გაუსვას ხელისუფლების სისუსტეს, აჩვენებს ადამიანებს, რომ ეს ხელისუფლება თქვენს უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ ჯობია ისევ ჩვენთან მოილაპარაკოთ, ეს არის ირიბი გზავნილი, მაგრამ გზავნილი იმ მიზნით, რომ ადრე თუ გვიან ვიღაცა მიხვდეს, რომ ეს ნაბიჯი გადადგას და მოლაპარაკება ისევ მათთან აწარმოოს, ვინც უკანონო ქონება ჩამოართვა.


- და მაინც, ხელისუფლებამ რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატაროს?


- მოდით, ერთ რამეს მოგიყვებით... როდესაც მე, გია კორკოტაშვილმა და ბესიკ ხარძიანმა 2012 წელს შევქმენით „სოლიდარობა", ამ ორგანიზაციის ამოცანა იყო სამართლიანობის აღდგენის პროცესში დავხმარებოდით ხელისუფლებას, საზოგადოებას და რაღაცნაირად ეს პროცესი გაგვეაქტიურებინა. ამ ორგანიზაციამ 7 თვის თავზე მუშაობა შეწყვიტა ზუსტად იმიტომ, რომ ყრუ კედელს ვაწყდებოდით, პირველ რიგში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ახლა არც კი მიკვირს, დავით ჩხატარაშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი პროკურატურაში იყვნენ და ჩვენ როგორ მოვახერხებდით რამის გაკეთებას? ყრუ კედელი, კიდევ რბილი ნათქვამია, სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან იყო წინააღმდეგობა. როგორც ბესო ამბობდა, მათი მხრიდან მუქარაც მოდიოდა, გაჩერდით, თორემ უარესს მოგწევთო, იყო ასეთი შემონათვალიც. მუშაობა შევწყვიტეთ, რადგან მივხვდით, რომ სამართალს ვერ ვიპოვიდით, ეს მერე, 2014 წელს შეიცვალა სიტუაცია და ხელისუფლებამ გარკვეული ქმედებები დაიწყო, განსაკუთრებით კი 2014 წლის დეკემბრიდან გააქტიურდნენ. ქრონოლოგიურად მახსოვს, როდის იყო ხელისუფლება სტაგნაციური, პასიური და როდის გააქტიურდა, ამასობაში ბევრი პროკურატურიდან გაიქცა, ჩხატარაშვილი დააკავეს, მაგრამ ქვედა დონეზე პროკურატურაში კვლავ შემორჩენილები არიან მეხუთე კოლონის წარმომადგენლები ისევე, როგორც შს სამინისტროში, ლაშა ნაცვლიშვილმა აუცილებლად უნდა გასცეს კითხვებს პასუხი, მას გვერდით რატომ ჰყავდა ჩხატარაშვილი და რატომ იყენებდნენ ამ პიროვნებას ბიზნესმენებთან საქმეების „გასაიასნებლად"?!.

 

- ამ კვირის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?


- დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს პრესკონფერენცია იყო მოუმზადებელი, გული დამწყდა. დავიწყოთ იმით, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დგას ტრიბუნასთან და კითხულობს სიას მთავრობის მიღწევებისა, აი, რამდენჯერ მილაპარაკია, თუნდაც თქვენთან ინტერვიუში. რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს თავისი გაკეთებული საქმეების ხალხთან მიტანას, ამის პასუხი იყო პრემიერის მიერ ტრიბუნიდან სიის წაკითხვა, ვერ ვხვდები, ამას რატომ აკეთებს პრემიერი და საზოგადოება ამ სიკეთეებს ყოველდღიურ რეჟიმში რატომ არ უნდა იგებდეს. პრემიერ-მინისტრი მეორეხარისხოვანი საკითხებით, წვრილი საწარმოების გახსნით კი არ უნდა დაკავდეს, არამედ მოიკითხოს უზარმაზარი პროექტები, კანცელარიის  დერეფნებში რომ არის გაჩხერილი, მოჰკითხოს ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, რა ხდება ამ მიმართულებით, რატომ არის შეჩერებული ხელოვნურად უზარმაზარი პროექტები? ეს ერთი, მეორე, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხშირ შემთხვევაში გადაიღო ბიძინა ივანიშვილის სტილი, ვიღაცას მოსწონს თუ არა ივანიშვილის სტილი, ეს მისია, მაგრამ შენ, როცა პრემიერ-მინისტრი ხარ, უნდა გქონდეს შენი საკუთარი სტილი, კონფრონტაციულ რეჟიმში საზოგადოებასთან საუბარი კონტრპროდუქტიულია, მით უმეტეს, მედიასთან... კი ბატონო, არის ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც დაკავებულია მხოლოდ ხელისუფლების უარყოფითი საქმეების წარმოჩინებით, ანგაჟირებულია ეს ნაწილი და ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას... ჟურნალისტიკაში დიდი გამოცდილება მაქვს და ძალიან კარგად ვხვდები, ვინ ვის დაკვეთას ასრულებს და ვინ რამდენს იღებს, მაგრამ პრემიერის მხრიდან კონფრონტაციულ რეჟიმში ჟურნალისტებთან საუბარი და ასეთი რაღაცების თქმა, არ შეიძლება. საერთოდ, ეს ტონი ჟურნალისტებთან არ ვარგა, არც საზოგადოებასთან...


- ბატონო მამუკა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი და პრემიერი ერთმანეთს დიდი ხანია არ ელაპარაკებიან, ეს მართალია?


- მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ასე იყო... განსაკუთრებით კი ამ წლის დასაწყისში, ნათესავებთან დაკავშირებულმა თემამ და ზოგიერთმა სხვა თემა გახდა მიზეზი, რომ პირადი ურთიერთობები მათ შორის დაიძაბა, რაღაც პერიოდის მანძილზე მათ შორის კონტაქტები შეწყვეტილი იყო, მაგრამ ამ დროის ინფორმაციით, მათ შორის კონტაქტი აღდგა, საქმე ის გახლავთ, როცა ბიძინა ივანიშვილს ეკითხებიან, თქვენსა და პრემიერს შორის კონტაქტი რატომ არ არის, აღდგა თუ არა ეს კონტაქტი, ბატონ ბიძინას პასუხი ასეთია, - მე მინდა ირაკლიმ მარტომ მართოს ქვეყანა, ამაში არის ლოგიკა, ბუნებრივია...

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016