reportiori.ge - უკრაინის სახელისუფლებო წრეებში ლაპარაკობენ, რომ ეს დასკვნა, ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილის განაჩენია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:56
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
უკრაინის სახელისუფლებო წრეებში ლაპარაკობენ, რომ ეს დასკვნა, ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილის განაჩენია
ავტორი:
30 მარტი, 2015. 17:03

 

 

 

ეს კიდევ არაფერი. მიშა რის მიშაა, ერთი ისეთი რამე არ გაეკეთებინა, რომ უკრაინის პრეზიდენტი შოკში არ ჩაეგდო


რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავარი პროკურატურის უცხოელ მრჩეველთა ჯგუფმა, მთავარი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების რამდენიმეთვიანი შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ 2007-2012 წლებში საქართველოს მთავრობის ქმედებები, რომლებიც მიმართული იყო სამთავრობო ინსტიტუტების გამოყენებით ბადრი პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის კუთვნილი ქონების უკანონოდ ჩამორთმევისკენ, ასევე, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შესწავლით, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მოხდა ძალის გამოყენება, აღნიშნული მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდაჭერისთვის და სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა გაგრძელდეს მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის. პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფში გაწევრიანებული არიან: სერ ჯოფრი ნაისი - გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ადვოკატი, მოშე ლადორი - ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი მთავარი პროკურორი და პოლ კოფი - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი. პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფის მიერ დადებული აღნიშნული დასკვნა რიგით მეორეა. პროკურატურაში არსებობს კიდევ ერთი დასკვნა, რომლის თანახმადაც ქართველ პროკურორებს ეძლევათ რეკომენდაცია, გააგრძელონ სისხლის სამართლებრივი დევნა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, 2005 წელს, პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.


პროკურატურის უცხოელ მრჩეველთა ჯგუფის ამ დასკვნას უკრაინის სახელისუფლებო წრეებში უფრო დიდი რეზონანსი მოჰყვა, ვიდრე საქართველოში და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლების გარკვეული წრეები არათუ დაინტერესებულნი არ არიან სააკაშვილისა და მისი კრიმინალური რეჟიმის გასამართლებით, ბევრს აკეთებენ იმ ბრალდებების ჩასაფარცხავად, რაც მიშასა და მისი გუნდის წევრების მისამართით გაჟღერდება ხოლმე. წესით, ეს დასკვნა ჩვენს პოლიტიკურ წრეებში სერიოზული განსჯის თემა უნდა ყოფილიყო, რადგანაც, ლოგიკურად, ამ დასკვნის საფუძველზე ინტერპოლმა სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა უნდა გამოაცხადოს და ეს დრო ძალიან მალე მოვა. თუმცა, ჩვენში ამხელა ამბავი, სხვა, უმნიშვნელო პოლიტიკური თემებით გადაიფარა. იმედია, ოდესმე ადამიანთა ვინაობასაც გავიგებთ ჩვენი ხელისუფლებიდან, ვინც სააკაშვილსა და მის ბანდიტებს ეფოფრება. თუმცა, უკრაინას დავუბრუნდეთ.


ამ დასკვნამ უკრაინის ხელისუფლება ძალიან ააწრიალა. ერთი, რომ საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს სააკაშვილისა და მისი კრიმინალების წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის შეწყვეტას და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. მეორეც, დასკვნას ხელს აწერენ მიუკერძოებელი და უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტები, თანაც უკრაინის დიდი მხარდამჭერი ქვეყნების წარმომადგენლები - ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის. სწორედ ამ ფაქტორმა შეაშფოთა უკრაინის ხელისუფლების ძალიან ბევრი ლიდერი და მიხეილ სააკაშვილს ახლა ყველა სხვა თვალით უყურებს - როგორც დასაკლავად განწირულ საქონელს. უკრაინის სახელისუფლებო წრეებში ლაპარაკობენ, რომ ეს დასკვნა, ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილის განაჩენია და მას, ადრე თუ გვიან, მოუწევს საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა. ამის შესახებ პოროშენკოს გარემოცვაც ლაპარაკობს. უკრაინის რადას სპიკერს, ვლადიმერ გროისმანს კიდევ ერთხელ ურჩევია პოროშენკოსთვის, - დროზე გაუშვი სააკაშვილი და მისი ხალხი სახლში, თორემ ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდებით, მალე სააკაშვილს ინტერპოლი დაუწყებს ძებნას და ნამეტანი უხერხული იქნება, ინტერპოლის ძებნილი უკრაინის მთავარი რეფორმატორი და ქვეყნის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი იყოს, ამას უკრაინელები არ გვაპატიებენ, ხალხმა იმიტომ არ დაღვარა სისხლი, რომ უკრაინა საეჭვო წარსულის მქონე ქართველებმა მართონო. მოკლედ, გროისმანი არ ჩერდება და ყველაფერს აკეთებს, რომ სააკაშვილი უკრაინას მოაცილოს. თუმცა, მარტო გროისმანი არ არის მოწადინებული, მიშა უკრაინიდან დაიფრინოს. პოროშენკოს გადაუწყვეტია, ამერიკისა და ევროკავშირის იმ გავლენიან პოლიტიკოსებს შეხვდეს, ვისთან შეთანხმებითაც სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნა გადაწყვიტა თუ გადააწყვეტინეს და ისევ მათთან შეთანხმებთ, მიშა უკრაინიდან მოიშოროს.


ეს კიდევ არაფერი. მიშა რის მიშაა, ერთი ისეთი რამე არ გაეკეთებინა, რომ უკრაინის პრეზიდენტი შოკში არ ჩაეგდო. სააკაშვილმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ კიევში კომუნისტების დროინდელი კაბინეტი აქვს და საერთოდ, დისკომფორტს განიცდის იმ არაკომფორტული სამუშაო პირობების გამო, რაც მას უკრაინაში დახვდა. სააკაშვილი, ასევე, აცხადებს, რომ ამის მიუხედავად, მზად არის, რომ უკრაინის თავისუფლებისა და ამ ქვეყანაში რეფორმების გასატარებლად, ყველაფერი მოითმინოს. თუმცა, როგორც ყოველთვის, ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსისთვის გადაუცია ხარჯთაღრიცხვა იმ მოთხოვნილებებისა, რაც მას, როგორც პრეზიდენტის მრჩეველს, ნორმალური მუშაობისთვის სჭირდება. სააკაშვილს, არ მეტი,  არც ნაკლები, მისთვის უკვე გამოყოფილი ხარჯების 700 პროცენტით გაზრდა მოუთხოვია. ეს ფურცელი პოროშენკოს მაგიდაზე მოხვდა, რადგან ხელი მას უნდა მოეწერა იმ ბრძანებისთვის, რომელიც სააკაშვილს, როგორც პრეზიდენტის მრჩეველს, ახალ ხარჯებს დაუკანონებდა. პოროშენკოს სააკაშვილის მიერ გამოგზავნილი ეს არზა სულ ნაკუწ-ნაკუწ უქცევია, ცხადია, სააკაშვილისთვის ხარჯები არ გაუზრდია, ერთი გრივნაც კი არ მოუმატებია და ძალიან გაბრაზებულა, მაგას თავი ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ხომ არ ჰგონია, ჩვენ ქამრების შემოჭერისა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ მოგვიწოდებს, თავისთვის კი მოინდომა დალხენილი ცხოვრებაო. პოროშენკო განსაკუთრებით იმას გაუბრაზებია, რომ, სააკაშვილის გარდა, მის არც ერთ უცხოელ მრჩეველს (პოროშენკოს სულ 4 უცხოელი მრჩეველი ჰყავს) აზრადაც არ მოსვლია სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზეზით ხარჯების გაზრდის მოთხოვნა და რაც დახვდათ, იმ პირობებში მუშაობენ. ამ ამბავმა ვლადიმერ გროისმანის ყურამდეც მიაღწია და მას პოროშენკოსთვის არცთუ ვიწრო თათბირზე უთქვამს, ხომ გითხარი, სააკაშვილს ფეხებზე ჰკიდია უკრაინა და აქ მხოლოდ საკუთარი პერსონის რეაბილიტაციას ცდილობს, ეს არის უნამუსო ადამიანი, უკრაინა რუსეთთან ომშია ჩაბმული, უამრავი დევნილი გვყავს, ისინი ვერ დაგვიბინავებია და ვერ დაგვიპურებია, უცხოეთის ქვეყნები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები სამოწყალოდ გვეხმარებიან, სააკაშვილი კი ამ დროს საკუთარ კომფორტზე ფიქრობსო. მოკლედ, მიშა ჩვეულ ფორმაშია, მალე პოროშენკოს კერძო თვითმფრინავს, იახტასა და ავლაბარში რომ ოხრად დარჩა, მთლად ისეთ რეზიდენციას ვერა, მაგრამ ფეშენებელურ აპარტამენტს ნაღდად მოსთხოვს. ეს დამთხვეული ვერ იოკებს ამ სიხარბეს, გინდ ომში ჩაბმულ უკრაინაში იყოს და გინდ, მასზე არანაკლებ დაქცეულ საქართველოში. ჯერ სად ხართ, მიშა მალე მთელ უკრაინას გააოცებს თავისი ხუშტურებითა და არაადეკვატური საქციელით. ეგ ხომ მაგისი მოწოდებაა.

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016