reportiori.ge - ვლადიმერ პაპავა: განათლების სისტემას ყველაზე დიდი ზარალი ე.წ. ,,რეფორმების“ დროს მიადგა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:59
ინტერვიუ
ვლადიმერ პაპავა: განათლების სისტემას ყველაზე დიდი ზარალი ე.წ. ,,რეფორმების“ დროს მიადგა!
15 ოქტომბერი, 2013. 20:43

- თქვენ უკვე იცნობთ იმ პრობლემებს, რომლებიც არსებობს უნივერსიტეტში და იცით, რამდენად მწვავეა სტუდენტების დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი. ამჟამად  არსებული პრობლემებიდან რომლის მოგვარებას მიიჩნევთ პრიორიტეტულად და როგორ, რა გზით აპირებთ ამას?

- ზოგადად, ერთი პრობლემის გადაჭრით ყველაფერს ვერ მოვაგვარებთ. უნივერსიტეტში   სხვადასხვა სახის პრობლემებია დაგროვილი. საქმე გვაქვს არა მხოლოდ სტუდენტების რეგისტრაციისა და ტექნიკური სახის პრობლემებთან, არამედ პროფესორებთან დაკავშირებულ საკითხებთანაც. პროფესორებისა და სტუდენტების თანაფარდობის საკითხი ერთ-ერთია დღეს არსებულ პრობლემებს შორის. მოსაწესრიგებელია, ასევე, პროფესორების მოწვევის მექანიზმი.

არსებობს ბევრი სასამართლო პროცესი, სადაც კონკურსში დამარცხებული პროფესორები ჩივიან და სხვათაშორის,  ზოგი მათგანის ჩივილი საკმაოდ საფუძვლიანიცაა!

რაც შეეხება  სტუდენტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, სამწუხაროდ, შეცდომები იყო წელსაც, IT- სისტემამ იდეალურად ვერ იმუშავა, გვქონდა  ბევრი ხარვეზი, მაგრამ, წინა წლებთან შედარებით, მცირედი გაუმჯობესება მაინც შეიმჩნევა. რაც მთავარია, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ტექნიკური სამსახურის შეცვლასთან დაკავშირებით. ორი დღეა, მას სათავეში ჩაუდგა ტარიელ ზარანდია და ვიმედოვნებთ,  შემდეგი რეგისტრაციისთვის, სტუდენტებს პრობლემები აღარ შეექმნებათ.

პრობლემაა ასევე, ქართულენოვანი ლიტერატურის საკითხი. ჩვენ კარგად გვესმის ეს და წინასაარჩევნო პროგრამითაც გვქონდა განსაზღვრული მისი მოგვარება, თუმცა, მოგეხსენებათ, სახელმძღვანელოები ერთ დღეში არ ითარგმნება და ამისთვის დროა საჭირო. ჩვენ შევხვდით სხვადასხვა ფაკულტეტების დეკანებს და ყველა ფაკულტეტს მოვთხოვეთ, წარმოადგინონ ვრცელი სია იმ სახელმძღვანელოებისა, რომლებიც სათარგმნი ან დასაწერია. ცხადია, ყველა ამ მასალას ერთად ვერ ვთარგმნით და ვერც დავწერთ. ამისთვის არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსი არ არსებობს. პირდაპირ გეტყვით: პრიორიტეტული იქნება ის სახელმძღვანელოები, რომელიც უფრო ვრცელ კონტინგენტზეა გათვლილი.

ჩვენ გყავს მთარგმნელთა ჯგუფი. ეს ჯგუფი იქნება არა მუდმივი, არამედ - მობილური. თუმცა, თუ ფაკულტეტი თვლის, რომ მას ჰყავს პროფესორთა ის გუნდი, რომელსაც შეუძლია ამ სამუშაოს შესრულება, რა თქმა უნდა,  ჩვენ მათ ხელს არ შევუშლით.

მე მივმართე სტუდენტურ თვითმმართველობასაც, რათა გავარკვიოთ, რომელი წიგნების ნაკლებობაა ბიბლიოთეკაში. ველი თვითმმართველობიდან ამ სიის წარმოდგენას...

მას შემდეგ, რაც გვეცოდინება, რომელ წიგნებზეა საუბარი, ჩვენ გავააქტიურებთ ამ ლიტერატურის ციფრულ ფორმატში გადაყვანის სამუშაოებსაც...

ასევე, ვაპირებთ, ახალ IT-სამსახურთან თანამშრომლობით, უნივერსიტეტი უზრუნველვყოთ საჰაერო ინტერნეტით, რადგან აჟამად ის სრული სიმძლავრით არ ფარავს მთელ ტერიტორიას. IT-დეპარტამენტს საკმაოდ თანამედოვე ტექნიკური ბაზა  აქვს.

- გამოდის, პრობლემა იყო პერსონალში და არა ტექნიკურ აღჭურვილობაში...

- შესაძლოა, საქმე გვქონდა ზოგი თანამშრომლის კომპეტენტურობასთან, კვალიფიკაციასთან, გულგრილობასთან... მთავარია არა ის, რომ შევიძინოთ ახალი ტექნიკა, არამედ ის, რომ გამოვიყენოთ არსებული შესაძლებლობები.

- შეიძლება ვთქვათ, რომ IT-სამსახურის უფროსის შეცვლა იქნება ბაზებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების წინაპირობა?

- ასე მარტივად ვერ ვიტყვით. ჩვენ იგი  სამსახურში ავიყვანეთ არა  მუდმივი, არამედ საცდელი ვადით. თუ გაამართლებს, - დარჩება, თუ არა -  ისევ გვექნება პრობლემა ახალი კადრის მოძიებასთან დაკავშირებით.

- სტუდენტების მიერ, უნივერსიტეტის ერთ-ერთ პრობლემად სახელდება ენების სწავლებასთან დაკავშირებული საკითხი. რა იგეგმება ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

- ეს ნამდვილად სერიოზული პრობლემაა. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სტუდენტებს ეს პრობლემა ყველაზე მეტად აზარალებს. ფაკულტეტის დეკანმა,  ნანა მაჭარაშვილმა შეიმუშავა ახალი მიდგომა, რომლის მიხედვითაც, მოხდება სტუდენტების დაყოფა ენის ცოდნის დონის მიხედვით. აქამდე ისინი მხოლოდ ორ ჯგუფად, სუსტებად და ძლიერებად იყოფოდნენ. მისი ინიციატივა ასევე ითვალისწინებს უცხო ენებისთვის გაცილებით მეტი დროის დათმობას. თუ ეს მიდგომა გაამართლებს კონკრეტულ ფაკულტეტზე, ჩვენ მას სხვა ფაკულტეტებზეც დავნერგავთ.

- ჩვენ ახლა ვსაუბრობთ უნივერსიტეტში არსებულ იმ პრობლემებზე, რომელიც აქ წლების განმავლობაში გროვდებოდა.  რამ გამოიწვია ის, რომ თსუ-ში წლების განმავლობაში იცვლებოდა კადრები, თუმცა პრობლემები უცვლელი რჩებოდა? ადამიანური რესურსის, ფინანსების ... რის ნაკლებობით ახსნიდით ამას?

- ეს პრობლემები არ შექმნილა ერთ წელიწადში ან ბოლო წლების განმავლობაში. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს გამოვლილი აქვს მძიმე 90-იანი წლები. ცხადია, ამან უნივერსიტეტზეც იქონია გავლენა. ქვეყანაში იყო ღრმა კრიზისი, რომლის შედეგადაც მწირი იყო უნივერსიტეტის დაფინანსება, პრაქტიკულად, სასწავლო პროცესი სიბნელესა და სიცივეში წარიმართებოდა, პროფესორები იღებდნენ გროშებს და ფეხით დადიოდნენ სამსახურში, მაგრამ სასწავლო პროცესი არასდროს ჩაშლილა. ამან, ცხადია, დაღი დაასვა იმას, რომ პროფესორებს აღარ ჰქონდათ შესაძლებლობა, ეზრუნათ საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ისინი ორიენტირებულნი იყვნენ არსებული ცოდნისა და საკუთარი თავის გადარჩენაზე. მათ, ლექციების წასაკითხად, სხვადასხვა უნივერსიტეტებში სიარულიც უწევდათ. ამ დროს, სამწუხაროდ, შემცირდა შესაძლებლობა, გამოწერილიყო სამეცნიერო ლიტერატურა, წიგნები, ჟურნალები... ცხადია, ეს აისახებოდა სასწავლო პროცესზე და პროფესორ-მასწავლებლების დონეზე.

უფრო მეტს გეტყვით: ყველაზე დიდი ზარალი უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემას მიადგა ე.წ. ,,რეფორმების" დროს, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2004 წელს! აქ მთავარი შეცდომა იყო მექანიკური მიდგომა სისტემისადმი. მაგალითად, მექანიკურად მოხდა ჩვენს უნივერსიტეტში ფაკულტეტების გაერთიანება. ამის შედეგად, დაიკარგა მთელი რიგი მიმართულებებისა, ზოგი პროფესორი აღმოჩნდა უნივერსიტეტს მიღმა... მათ შორის, ისინიც, ვინც სერიოზული პედაგოგიური გამოცდილების მქონეა და რა თქმა უნდა, ეს სერიოზული დანაკლისია უნივერსიტეტისთვის!

პირდაპირ გეტყვით: გარკვეულწილად, ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ ზეწოლასაც! და, სწორედ ეს პოლიტიკური ზეწოლა იდგა ფსევდორეფორმების უკან...

მაშინ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ არ უნდა ეარსება  კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებს... როცა პროფესორში ჩაკლავ კრიტიკული აზროვნების გამოხატვის სურვილს, ბუნებრივია, ის ვერ გაზრდის სტუდენტს. თუმცა, დღეს, საბედნიეროდ, რეალობა შეიცვალა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ მეტია თავისუფლება, ნაკლებია შიში და მე მიხარია, რომ გვყავს ძალიან აქტიური სტუდენტობა. საერთოდ, ყველ ადამიანშია პროტესტის გრძნობა, მაგრამ ახალგაზრდა ადამიანში მისი გამოხატვის სურვილი და შესაძლებლობა ბევრად დიდია. როცა არსებობს ასეთი პროტესტი,  თავისთავად, ეს ძალიან კარგია.  პროტესტი საზოგადოების, ქვეყნის მოწყობის, უნივერსიტეტში, ფაკულტეტზე არსებული პრობლემების მიმართ, ეს ასეც უნდა იყოს. შესაძლოა, ჭეშმარიტება არ იყოს პროტესტის გამომხატველის მხარეს, მაგრამ ამ მუხტის არსებობა ნიშნავს, რომ საზოგადოებაში მიდის  ჯანსაღი პროცესი.

- წლების განმავლობაში, სტუდენტები აპროტესტებდნენ სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობას და მიიჩნევდნენ, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯებოდა. რას ფიქრობთ ამ პრობლემის შესახებ?

- სტუდენტური თვითმმართველობა, ესაა უმაღლესი განათლების კანონით, ბოლონიის პროცესით გათვალისწინებული სტრუქტურა და შეუძლებელია, ის საერთოდ არ არსებობდეს!

- თუმცა, უნდა არსებობდეს კონტროლის მექანიზმები...

- როგორც იცით, მუშაობა მიდის განათლების ახალ კანონზე და ის ითვალისწინებს იმასაც, თუ როგორ დაიხვეწოს სტუდენტურ თვითმმართველობებთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა, აქ გვაქვს ერთი პრობლემა: კანონს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ ამზადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ამ კანონის იმ ნაწილს, რომელიც სტუდენტურ თვითმმართველობებს ეხება - სპორტის და ახალგაზრდობის დეპარტამენტი. როცა მე შევხვდი სტუდენტურ თვითმმართველობას, შევთავაზე, გავაჩინოთ გრანტის, სტუდენტური პროექტების დაფინანსების  სისტემა, ხოლო პროექტების შერჩევა მოხდეს საკონკურსო წესით...  ეს საშუალებას მოგვცემს, თვითმმართველობას ჰქონდეს მეტი გახსნილობა  სტუდენტებთან, რათა პროცესები იყოს გამჭვირვალე. სხვათაშორის, ისინი ამ წინადადებას საკმაოდ დადებითად შეხვდნენ. ბუნებრივია, ეს გაზრდის კონტროლის შესაძლებლობასაც...

- რა ცვლილებები იგეგმება სხვა უნივერსიტეტებთან ურთიერთობის თვალსაზრისით?

- ამ მხრივ, იგეგმება სერიოზული ცვლილებები. თუმცა, არის პროცესები, რომელსაც ვერ დააჩქარებ. ,,ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ" შექმნა $30 000 000-იანი პროგრამა. პროგრამა ითავლისწინებს, თბილისში არსებული სამი უნივერსიტეტის ბაზაზე, ამერიკული ტიპის საინჟინრო სკოლის შექმნას. ამერიკულმა მხარემ შეარჩია ხუთი უნივერსიტეტი, რომელიც სამ ჯგუფადაა დაყოფილი, ხოლო ქართული მხარიდან შეირჩა სამი უნივერსიტეტი. სამივე ჯგუფში, რომელსაც ხელმძღვანელობს ორს - ორი ამერიკული და ერთს- ერთი  ამერიკული უნივერსიტეტი... სამივე ჯგუფში მონაწილეობს თსუ. რა თქმა უნდა, ამ კონსორციუმებს შორის არჩევანს აკეთებს ამერიკული მხარე. ვინც ამ პროგრამას გაივლის, მას ექნება ამერიკული დიპლომი. წინაპირობა კი არის ის, რომ ამ მიმართულებებმა აკრედიტაცია გაიარონ არა საქართველოს, არამედ ამერიკული სისტემით. ამ პროგრამის რეალიზაცია უნივერსიტეტს აძლევს თვისობრივი განვითარების, ამერიკული საუნივერსიტეტო სივრცის ელემენტების დანერგვის შესაძლებლობას.  ეს კი, მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია.

საკმაოდ საინტერესო ურთიერთობა შეიძლება ჩამოყალიბდეს კემბრიჯის უნივერსიტეტთან, რომელიც ფოკუსირებულია აღმოსავლეთმცოდნეობაზე. ჩვენ უკვე გვეწვია კემბრიჯში ამ მიმართულების ხელმძღვანელი და გამოთქვა სურვილი, ჩვენს უნივერსიტეტში გამოგზავნონ სტუდენტები სპარსული ენის შესასწავლად. ესეც, ცხადია, იქნება ერთობლივი პროგრამა ინსტიტუციურ დონეზე.

ჩვენ დაგეგმილი გვაქვს შიდა ცვლილებებიც. იცით, როგორი დრამატული ცვლილებების პირობებში იყო კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, როდესაც პარლამენტმა იგი მიიღო, შემდეგ მას ვეტო დაადო პრეზიდენტმა. იქამდე, შეიცვალა უნივერსიტეტის სტატუსი. ამ ცვლილების გამო, ჩვენ მოგვიხდა ახალი წესდების მიღება, და ახლაც, ახალი კანონიდან გამომდინარე, ჩვენ კვლავ ვცვლით წესდებას... არაა გამორიცხული, ამის შემდეგაც მოხდეს ცვლილება, რადგან ჩვენ ვართ საჯარო სამართლის იურიდიული პირი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აპირებს ამ სტატუსის შერბილებას და ახალი, სპეციალური საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შემოღებას. ეს სტატუსი მოგვცემს მეტ მოქნილობასა და თავისუფლებას. არაა გამორიცხული, ეს ცვლილებები მოხდეს წლის ბოლომდე.

დაგეგმილ ცვლილებებს შორისაა, შევქმნათ პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტი, რომელიც აქამდე არ არსებობდა.

გეგმები და ამოცანები ბევრია და ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერ მოხერხდება ერთ დღეში ან ერთ თვეში. საჭიროა დრო.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016