reportiori.ge - თეოდორე გიგნაძე: მამაკაცისა და ქალის შესაძლებლობებს შორის, არსებობს განსხვავებები, რომელსაც ვერსად წაუვალთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:01
ინტერვიუ
თეოდორე გიგნაძე: მამაკაცისა და ქალის შესაძლებლობებს შორის, არსებობს განსხვავებები, რომელსაც ვერსად წაუვალთ!
15 ოქტომბერი, 2013. 20:46

ქალისა და მამაკაცის თანსწორუფლებიანობის ხაზგასასმელად მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იმართება საპროტესტო აქციები, იქმნება ორგანიზაციები, იწერება სტატიები, წიგნები... რას ფიქრობენ სასულიერო პირები გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით და როგორია მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, - ამის შესახებ რეპორტიორი" თბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს ესაუბრა:


- მამაო, ეწინააღმდეგება თუ არა გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვა მართლმადიდებლურ სწავლებას?

- მიმაჩნია, რომ ჩვენს რეალობაში, მისწრაფება სქესობივი თანასწორობისკენ ანტიეროვნული და ანტიქრისტიანულია. ნამდვილი ქართული მენტალიტეტი და ქრისტიანობა არასდროს გულისხმობდა ქალთა სქესის ჩაგვრას. პირიქით, ჩვენ ვიცით ქართველი ქალის მანდილის ძალა, როდესაც ორი გააფთრებული მამაკაცი ერთმანეთს ებრძოდა. არც ეკლესია ეწინააღმდეგებოდა ქალთა სოციალურ დაწინაურებას. საქართველოს შემთხვევაში, შეიძლება თამარისა და რუსუდანის მაგალითებიც გავიხსენოთ. მსოფლიოშიც არაერთი ქვეყანაა, სადაც უმაღლესი ხელისუფლება ქალის ხელში ყოფილა, რაც არასდროს იწვევდა ეკლესიის პროტესტს. პირიქით, სწორედ ეკლესია ადგამდა მათ გვირგვინს და სცხებდა მირონს.  

ჩვენს ქვეყანაში, ქალის როლი კარგად ვლინდება დედისადმი, დისადმი, მეუღლისადმი, ქალიშვილისადმი დამოკიდებულებაში... ისინი ქართველი კაცისთვის  ასოცირდება სიწმინდესთან.

არ არსებობს არცერთი მსოფლმხედველობა, ფილოსოფლიური თუ რელიგიური დოქტრინა ან თანამედროვე ჰუმანისტური შეხედულებები, რომელსაც ქალი აეყვანოს იმ სიმაღლეზე, როგორც ეს გააკეთა ქრისტიანობამ.

ის, რომ ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა, ნიშნავს იმას, რომ იგი არაა მონო-ერთეული. ადამიანი უფალმა  მამაკაცად და დედაკაცად შექმნა. ამავდროულად, ისინი არიან ერთი ბუნებისანი. ჩვენ ვიცით, რომ უფალს ევა ცალკე მიწისგან არ შეუქმნია, არამედ - ადამისგან. მათ აქვთ ერთი ბუნება და ორი პიროვნება. ღმერთიც ხომ ბუნებით ერთია და პიროვნულად მრავალი - მამა, ძე და სულიწმინდა. ბუნებით ერთობა მაშინ დაირღვა, როცა ადამიანი ცოდვით დაეცა.  ბიბლიაში კარგად ჩანს, რომ მათ ამის შემდეგ ერთმანეთს დაუწყეს მომხმარებლური, ანგარებიანი თვალით ყურება. დაიწყო გაუცხოება და ამის შემდეგ ჩაიცვეს შესამოსელი. ეს ეპიზოდი სიმბოლური და ღრმა აზრის მატარებელია. ჩვენ აქ ვხედავთ მამაკაცსა და დედაკაცს შორის პირველ პრობლემას. ამის მიზეზი ღმერთისგან დაცილებაა. თუ ჩვენ გვინდა ქალსა და კაცს შორის ჰარმონიული ურთიერთობა, ღმერთისკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი. ამას არ სჭირდება არანაირი სამსახურებისა და ორგანიზაციების შექმნა.

 

- რა შემთხვევაში უშვებს ეკლესია განქორწინებას და აქვს თუ არა მნიშვნელობა, ქალი იქნება განქორწინების ინიციატორი თუ მამაკაცი?

- მაცხოვარი გვასწავლის, რომ არავითარ შემთვევაში არ შეიძლება განქორწინება. ამით იზღუდება მამაკაცის უფლება, რადგან კაცს როცა მოესურვებოდა, მაშინ შეეძლო ცოლის მოცილება. განქორწინება მხოლოდ ღალატის შემთხვევაშია გამართლებული. ეს ეხება როგორც მამაკაცის, ისე ქალის ღალატს.

პავლე მოციქულის ეპისტოლეებში პირდაპირაა მინიშნებული, რომ ცოლ-ქმრული ერთობა იმდენად დიადი რამაა, ამას იგი ქრისტესა და ეკლესიის ერთობას ადარებს. ამ ეპისტოლეებზე დაყრდნობით, ეკლესია გვასწავლის, რომ ოჯახი მცირე ეკლესიაა. ეკლესია ემსახურება ქრისტეს, მაგრამ ქრისტე თავს სწირავს ეკლესიისთვის.

ხშირად იშველიებენ სწავლებას, რომ ცოლი უნდა ემორჩილებოდეს ქმარს და ეშინოდეს  მისი. არსებობს ღვთის შიშიც, მაგრამ ეს შიში არ ნიშნავს მონობას. პირიქით, სადაც მონობაა, იქ ქრისტიანობა კვდება. წმინდა წერილი გვასწავლის, ცოლებს არ მოვეპყროთ ცუდად, რადგან ეს ყოველივე ისევ ჩვენ გვექცევა დაბრკოლებად ღვთისაკენ მიმავალ გზაზე...

ქრისტიანობა და აქედან აღმოცენებული ქართული მენტალიტეტი არ აკნინებს ქალის მდგომარეობას. უბრალოდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მამაკაცს და დედაკაცს აქვთ განსხვავებული ფუნქციები, უნარები, თვისებები, რომლითაც ერთმანეთს ავსებენ. ქალს შეუძლია გააჩინოს შვილი და ეს არ შეუძლია მამაკაცს. არ მეგულება ქალი, რომელმაც იცის დედობის გემო და თავის ქალობას, მანდილოსნობას გაცვლის კაცობაში, თუნდაც იმიტომ, რომ მან იცის, რა საოცრებაა, როცა მისი წიაღიდან ახალი სიცოცხლე ჩნდება. სწორედ დედის უპირველესი ვალია, არა მხოლოდ გააჩინოს, არამედ აღუზარდოს უფალს, სამშობლოს ღირსეული ადამიანი. ჩვენ ხომ არ გვახსოვს, ვინ იყო ცხრა ძმა ხერხეულიძის მამა... დედა ყველამ ვიცით!

წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაც იცავს მამაკაცთა უფლებებს, მოდის და მეუბნება რომ სურს, დაიცვას ჩემი, როგორც მამაკაცის უფლებები. მაგრამ მეუბნება, ჩემთვის არაა მთავარი ის, რომ ვიყო ქმარი, რომ უნდა მყავდეს შვილი, უნდა წავიდე ომში პირველი და ტყვიას პირველი შევხვდე, ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობაზე ვიზრუნო, არამედ, თუ ოჯახში ვინმე შემოვარდება, ქალი ჩემზე წინ უნდა გავუშვა, მძიმე სამუშაო ცოლმა შეასრულოს... გამოდის, რომ მართმევენ კაცობას და უნდათ, რომ ჩემი უფლებები დაიცვან...

ესაა ემანსიპაციის პრინციპიც: ქალს ართმევენ სინაზეს, ეუბნებიან, რომ დედობა მნიშვნელოვანი არაა, უყალიბებენ მკვლელის მსოფლმხედველობას და არწმუნებენ, რომ უნდა ხოცონ საკუთარ მუცლებში ბავშვები. იმდენად რყვნიან და აკნინებენ ქალს, რომ თუ მას ტრანსპორტში ადგილს დაუთმობენ, შეურაცხყოფილად უნდა მიიჩნიოს თავი. ეს ისეთივე ბრძოლაა ღვთის განგებულების წინააღმდეგ, როგორც მტკიცება იმისა, რომ კაცმა კაცი და ქალმა ქალი შეიძლება შეირთოს.

 

- მამაო, გენდერული თანასწორობის მომხრეები ხაზს უსვამენ ქალის და კაცის გონებრივი შესაძლებლობების იდენტურობას. თქვენი აზრით, გამართლებულია თუ არა მსგავსი მსჯელობა?

- მამაკაცი და დედაკაცი ერთი მთლიანობის სხვადასხვა ნაწილია და ისინი არ არიან იდენტურები. ეს მრავალფეროვნება გარდა იმისა, რომ აისახება ანატომიაში, ფსიქიკასა და შინაგან სამყაროშიც ვლინდება. ყველამ ვიცით, რომ კაცი გონების ძალით ამყარებს კავშირს გარესამყაროსთან, ქალი - გულით. მადლობა ღმერთს ამისთვის! ცნობილია, რომ ქალს მეტად შეუძლია სიყვარული, ვიდრე კაცს, ცხოველებშიც ასეა. ადამიანი, რომელსაც სახლში ძაღლი არასდროს ჰყოლია, კინოლოგები ურჩევენ, რომ მოიყვანოს დედალი ძაღლი, რადგან ის უფრო თვინიერი, ერთგული და მოსიყვარულეა.

ქრისტეს ყველაზე ერთგული მოწაფეები, ვინც თავი გასწირა და ბოლომდე გვერდით ედგნენ, იყვნენ მენელსაცხებლე დედები. ამიტომ გახდნენ ისინი ღირსნი, ყოფილიყვნენ პირველნი, ვისაც აღდგომილი მაცხოვარი გამოეცხადა. ეს სწორედ მათი გულმხურვალე სიყვარულის გამო მოხდა. ათეიზმის მძვინვარე პერიოდში ეკლესიური ცხოვრებაც ხომ სწორედ ქალებმა აღადგინეს დედათა მონასტრებში. ქალს აქვს ერთგულებისა და სიყვარულის საოცარი უნარი და მას ეს არ უნდა წაართვა! არის რაღაც, რაც მხოლოდ მამაკაცს აქვს... მაგალითად, ძალოსნობა არის როგორც ქალების, ისე - მამაკაცებისთვის. კაცების შეჯიბრში ქალები არ მონაწილეობენ, რადგან რაც უნდა ძლიერი იყოს ქალი, ის მამაკაცს ვერ აჯობებს. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ გენდერულ თანასწორობაზე, ქალი ფიზიკურად სუსტ არსებადაა შექმნილი...

ადამიანმა ბევრი რამ შეიძლება გააპროტესტოს. მაგალითად, შეიძლება გააპროტესტოს დედამიწის მიზიდულობა და უნდოდეს, რომ დაფრინავდეს, ან არ მოსწონდეს ის, რომ დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს, შეურაცხყოფილად გრძნობდეს თავს და უნდოდეს, პირიქით, მზე ბრუნავდეს ჩვენს ირგვლივ. ასე, შეიძლება, ვიღაცას სურდეს, რომ ნორმად მიიჩნეოდეს, ქალმა ქალი და კაცმა კაცი შეირთოს... ქალს შეიძლება არ მოსწონდეს ის, რომ დაფეხმძიმდა და ხორცმეტად, ადვილად მოსაშორებელ ხორცად მიიჩნევდეს ნაყოფს. ადამიანებს ქრისტეც არ მოსწონდათ და მოკლეს იგი. ადამიანს აქვს მინიჭებული თავისუფლება და რასაც უნდა, იმას კადრულობს...


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016