ანუ, მრისხანება კოჰაბიტაციასა ზედა..
კოაბიტაციის შესახებ გიორგი მარგველაშვილის განცხადება, კერძოდ, „კოაბიტაცია 27 ოქტომბერს დამთავრდება!", ჩემი აზრით, უნდა ნიშნავდეს: სანამ წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, სანამ გზაში ვართ, უნდა შევეგუოთ მოწინააღმდეგესთან ერთად სიარულს არჩევნების დღით მონიშნული ვადის დასრულებამდე.
ნუ მივაწერთ მარგველაშვილის ამ განცხადებას მაინც და მაინც დასავლეთელი მეგობრების პოლიტიკური რჩევის შედეგს. სანამ ისინი ამ აზრამდე მივიდოდნენ, აი,რა თქვა მაცხოვარმა მთაზე წარმოთქმულ ქადაგებაში:
„შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგიხარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში" (მათე 5,25).
ეს მეტაფორა, თუ დავუკვირდებით, ჩვენს კონკრეტულ სინამდვილეში სამოქმედო გეგმად წარმოგვიდგება, და ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების მსურველ მეტოქეს („ნაციონალურ მოძრაობას") მხოლოდ გარკვეული პერიოდით, გარკვეულ სიტუაციაში უნდა დაუზავდე, შეურიგდე, სანამ გზაში ხარ, სანამ მიმდინარეობს გარდამავალი პერიოდი, აიტანო ვითარების საბოლოო დაწმენდამდე, რადგან მეტოქის ბუნებაა გაცემა, ღალატი, ვითარების არევა, პროვოკაციის ორგანიზება (და არა მაინც და მაინც პირდაპირი მნიშვნელობით ქრისტეს შეგონების გაგება - მსაჯულს გადაგცემსო და ა. შ.). მაშასადამე, სანამ დაპირისპირებულს გზიდან აცდენა, დამარცხება, შენი იდეის მატერიალიზების გაცუდება შეუძლია, - დაუზავდი.
მაგრამ ბიბლიის კომენტატორები აქ სხვა ასპექტს ხედავენ - სამართლისკენ, სასამართლოსკენ მიმავალ გზაზე მეტოქესთან დაზავების შესაძლებლობას... სასწრაფო აუცილებლობასაც კი!
ეს შეგონება იესო ქრისტეს მთის ქადაგებიდანაა:
„დაინახა ხალხი და ავიდა მთაზე. როცა დაჯდა, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები.
მან გახსნა ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა" (მათე 5, 1-2).
ეუბნება და უქადაგებს ხალხს - უბრალოს, არაპრივილეგირებულს - „მარილს მიწისას", ასწავლის და შთააგონებს მართლად ცხოვრების წესს - ქრისტეს მცნებებს.
შეურიგდითო თქვენს მეტოქეს, ამბობს მაცხოვარი...
უთუოდ ამას გულისხმობდა უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი, როცა ინტერვიუში, რომელიც გაზეთმა „საქართველო და მსოფლიომ" ჩამოართვა, განაცხადა, რომ კოაბიტაცია ახალი პრეზიდენტის არჩევისთანავე არ დასრულდება, რადგან იგი პროცესია.
ეს პროცესი მხარეთა თანაბარუფლებიანობის (კოაბიტაციის ნაირსახეობა) პირობებში 27 ოქტომბრის შემდეგაც გაგრძელდება.
სიტყვა გადაეცემა სამართალს!
P. S. ღვთისმეტყველთა საქმეში დილეტანტური შეჭრის ეს ცოდვა, უფალმა მომიტევოს, მაგრამ მე ასე წავიკითხე მათეს სახარების პირობითი ქვეთავი „მრისხანებასა და მკვლელობაზე".