reportiori.ge - "რატომ დაჭრეს დანით ზურგში გურამ დოჩანაშვილი?" - ლეილა კვირიკაშვილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:59
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
"რატომ დაჭრეს დანით ზურგში გურამ დოჩანაშვილი?" - ლეილა კვირიკაშვილი
ავტორი:
31 მარტი, 2015. 10:34

 

 

"ყველა სიახლის" წინა ნომერში 1989 წლის ცხრა აპრილზე ვწერდი და ვიდრე ქრონოლოგიურად გადავალ სხვა უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, მინდა, 1956 წელში გადავინაცვლოთ და გავაცოცხლოთ ერთი ისტორია, რომელმაც სახელმწიფო უშიშროების არქივებიდან რამდენიმე წლის წინ გამოაღწია. იმხანად ახალგაზრდების იმ ჯგუფს, რომელიც მიძინებულ საზოგადოებაში ანტისაბჭოთა განწყობით გამოირჩეოდა, კომუნისტები სარეველებს უწოდებდნენ.

 


1956 წლის 15 დეკემბერს საქართველოს სსრ უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა დააკავეს თბილისის სკოლის მოსწავლეები. ესენი იყვნენ: 47-ე საშუალო სკოლის მეთერთმეტეკლასელი ჯონდო, იგივე თემურ მეტრეველი, 42-ე სკოლის მეათეკლასელი ანატოლი მიქაძე, თბილისის მუსიკალური სკოლის მეათეკლასელი მერაბ კოსტავა, 42-ე საშუალო სკოლის მეთერთმეტეკლასელი ზვიად გამსახურდია, პირველი საშუალო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები: თეიმურაზ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, ვლადიმერ სიხარულიძე.

 


საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე სტალინის კულტის დაგმობისა და "დემოკრატიული განვითარების კურსის" აღების გამო, საქართველოში უკმაყოფილების მუხტმა იფეთქა. აქცენტი სტალინის ქართველობაზე იყო გადატანილი და ამიტომ სტალინის კრიტიკა ქართველმა საზოგადოებამ ეროვნულ შეურაცხყოფად მიიღო. 1956 წლის სამი მარტიდან საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისში, რომელიც საბჭოთა არმიის ნაწილებმა სისხლში ჩაახშვეს. რუსთაველის პროსპექტი დაღუპულთა გვამებით რომ არ გავსებულიყო, ისინი მტკვარში გადაყარეს. ოფიციალური მონაცემებით, იმ დღეს თბილისში მოკლეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა და დააშავეს უამრავი ადამიანი.ამ საზარელი ტრაგედიის გამოძახილი იყო თბილისელი ახალგაზრდების, სკოლის მოსწავლეების მიერ არალეგალური გაერთიანების ჩამოყალიბება. ამ ორგანიზაციას "გორგასლიანი" უწოდეს და მათ მიერ დაბეჭდილი ანტისაბჭოთა პროკლამაციები 1956 წლის ორ დეკემბერს რუსთაველსა და პლეხანოვზე, საცხოვრებელი სახლების კედლებზე გამოიკრა. ამ დღეს "გორგასლიანის" ორ წევრზე - გურამ დოჩანაშვილსა და ჯონდო მეტრეველზე უშიშროების თანამშრომლების ძალისხმევით თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც დოჩანაშვილი ზურგში მძიმედ დაიჭრა. 15 დეკემბერს კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, "გორგასლიანის" წევრები დააპატიმრეს.

 


1956 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ წერილი გრიფით "სრულიად საიდუმლოდ" მოსკოვში გაიგზავნა. ადრესატი სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, იუსტიციის გენერალ-მაიორი მალიაროვი იყო. თბილისიდან გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: "1956 წლის ცხრა მარტს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ უკმაყოფილო ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა არალეგალური ფორმირება შექმნა, რომლის მიზანს საბჭოთა წყობილების საწინააღმდეგო საქმიანობა წარმოადგენდა. ჯგუფის წევრები ნაციონალისტურად იყვნენ განწყობილი, ამჟღავნებდნენ რუსი ეროვნების ადამიანების მიმართ აგრესიას და მართავდნენ ქუჩებში დებოშს. ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს მძიმედ დაიჭრა ამ ჯგუფის წევრი გურამ დოჩანაშვილი. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი დაპატიმრებული არიან. დაიწყო გამოძიება, რომელიც გამოავლენს ამ დაჯგუფების საქმიანობას, სრულ შემადგენლობას და დაადგენს მათ მოკავშირეებს".

 


ზურგში დანით მიყენებული ჭრილობის გამო, გურამ დოჩანაშვილი თბილისის მეორე საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში დააწვინეს (მკურნალი ექიმი იყო გვარად მესხი). 1957 წლის 30 იანვარს დოჩანაშვილიც დააპატიმრეს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის 31 იანვარს ორჯერ გაიყვანეს დაკითხვაზე. იმის შიშით, რომ ეს ახალგაზრდა საპატიმროში არ მომკვდარიყო, პოდპოლკოვნიკ ნადირაძის ბრძანებით, სასწრაფოდ გაათავისუფლეს "მდგომარეობის გაუარესების" გამო.სასამართლოს საჯარო სხდომა 1957 წლის სამი აპრილიდან ხუთ აპრილამდე გაიმართა. სასამართლოს თავმჯდომარეობდა გიორგაძე, მსაჯულები იყვნენ: თამაზაშვილი და ჩხაიძე. ბრალდებულებს სასამართლომ ასეთი განაჩენი გამოუტანა: ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ზვიად გამსახურდიას, ოთხ-ოთხი წელი შეუფარდეს: მერაბ კოსტავას, ანატოლი მიქაძეს, ვლადიმერ სიხარულიძეს. სამ-სამი წელი მისცეს: თემურ მეტრეველს, თამაზ გუნჯუას, თეიმურაზ ცერცვაძეს, გურამ სხირტლაძეს და გურამ დოჩანაშვილს. სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი და საშეღავათო პირობები და მსჯავრდებულებს განსაზღვრული სასჯელი შეეცვალათ პირობითი მსჯავრით, საგამოცდო ვადით.

ზვიად გამსახურდია - Zviad Gamsakhurdia"გორგასლიანი" კომუნისტურ ხორცსაკეპში გაზეთ "კომუნისტის" 1956 წლის 15 დეკემბრის ნომერშივე გამოჩნდა უიშვიათესი წერილი, რომელმაც იმ საშინელი პერიოდისთვის დამახასიათებელი ყველანაირი რეკორდი მოხსნა. რას შეეხებოდა ეს წერილი? უმჯობესია, ჯერ სათაურს გავეცნოთ. "სარეველა" - ასე ერქვა ახალგაზრდების ჯგუფზე, ანუ "გორგასლიანის" წევრებზე დაწერილ საშინელ პასკვილს თუ იდეოლოგიურ "ხორცსაკეპს", არ ვიცი, რა დავარქვა და რომელ ჟანრს მივაკუთვნო. გადავწყვიტე, შემოგთავაზოთ ნაწყვეტები "კომუნისტის" ამ "შედევრიდან"."წარმოიდგინეთ სულისა და გულის გამხარებელი მოხასხასე მდელო, მწვანედ მობიბინე ჯეჯილი, როგორ გატკბობთ იგი! ეს არის ჩვენი ჩინებული ახალგაზრდობა, საბჭოთა ახალგაზრდობა-მშობლიური პარტიისა და მთავრობის მზრუნველობით აღზრდილი. ეს ახალგაზრდობა ახარებს ჩვენს ქვეყანას, ხალხს, ყოველი საბჭოთა პატრიოტის გულს შესანიშნავი თვისებებით, გმირული შრომის, ბრძოლისა და ბეჯითი სწავლის შთამაგონებელი მაგალითებით, შორეულ მელბურნში მოპოვებული ოლიმპიური მედლებით, ჭადრაკის დაფებზე მიღწეული გამარჯვებებით, თეატრის, მუსიკის, ფერწერის, კინოს ნიჭიერი ნაწარმოებებით. და ხალხი ერთნაირი სიყვარულით და სიამაყით ულოცავს შემოქმედებით წარმატებებს ქართველ ჭაბუკ მეფოლადესაც და სცენის ოსტატ ქართველ ქალიშვილსაც. მაგრამ, წარმოიდგინეთ, ამ მდელოში, ამ ყვავილნარში ზოგან მოდებული სარეველა ბალახი, როგორ აფერხებს და ზიანს აყენებს იგი საღი მცენარეების გაშლა-გაფურჩქვნას"."მწვანედ მობიბინე ჯეჯილი" და ოაზისი საბჭოთა იდილიაა. ეს სავალდებულო ნაწილია წერილისა. არავის ეგონოს, ამ ქვეყნად სულ ანტისაბჭოთა იდეოლოგიით გაჟღენთილი ახალგაზრდობა ცხოვრობსო.

 


"სამწუხაროდ, ქვემოთ ლაპარაკი გვექნება სწორედ ამ სარეველაზე, უღირს ახალგაზრდებზე, პირდაპირ ხულიგნებზე, უსაქმურობისა და დებოშის "რომანტიკოსებზე", ჯერ კიდევ აქა-იქ რომ მოსდებიან ჩვენს ლამაზ ყვავილნარს. მათ არ გააჩნიათ ქცევის რაიმე ნორმა, ერთმანეთს ეჯიბრებიან შორს გადაფურთხებაში, საზოგადოება მათთვის თითქოს კოჭებამდე წყალი იყოს, რომელსაც შეიძლება თავისუფლად გადაახტე, გასტოპო, გასცურო, მკლავის ძალა გამოსცადო.ადამიანის ქცევის ნორმების განმსაზღვრელი ხომ სინდისია, შეგნებაა, საზოგადოებისა და საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობაა. ამ პრინციპებიდან თავისუფალი, ესე იგი შუბლგარეცხილი კაცი საშიში მოვლენაა, მისი გამოჩენა საფრთხეა."ქცევის ნორმები კომუნისტურ იდეოლოგიას დადგენილი ჰქონდა. ადამიანები არ უნდა გამორჩეულიყვნენ სხვებისგან არც საქციელით, არც ჩაცმულობით და არც იდეებით. მხოლოდ კომუნისტური მსოფლმხედველობა უნდა ყოფილიყო საბჭოთა ახალგაზრდების მასაზრდოებელი."ვინ არიან ესენი, ადამიანთა რა კატეგორიას განეკუთვნებიან? ესენი სავსებით ნორმალური ადამიანები არიან, თავიანთი სიცოცხლის ნამდვილი გაფურჩქვნის, ნამდვილი გაზაფხულის პერიოდში-ჩვიდმეტი-ცხრამეტი წლის ასაკში, ტანაშოლტილნი, გარეგნული სილამაზით დაჯილდოებულნი, უკანასკნელი მოდის ტანსაცმლით შემკულნი და დამშვენებულნი, წვერულვაშაკოკრილნი.ეს გარეგნობაა.

 


ახლა ჩავიხედოთ მათს სულში, მათ შინაგან სამყაროში - რით სუნთქავენ, რა იდეალები ამოძრავებთ, რისკენ მიისწრაფვიან, რით არის გართული მათი გული და გონება?აქ კი ჩვენ სრულ ქაოსს ვაწყდებით. ლამაზი გარეგნობის მიღმა ვხედავთ მხოლოდ სიცარიელეს, ქარაფშუტა სულს, აღტყინებულ ბუნებას, დახურდავებულ ხასიათს, ყველაფერს, გარდა ნამდვილი, ჭეშმარიტი ადამიანური თვისებებისა".იერემია წარბას და ტარიელ მკლავაძის პროტოტიპებად ხატავდა მაშინ კომუნისტთა პარტიული ორგანო იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ხულიგნებად მიიჩნევდნენ და მავნე სარეველას დარად, ამოსაძირკვად ამზადებდნენ. თუ საბჭოთა ადამიანები სადმე, თუნდაც, რუსთაველის პროსპექტზე გადაეყრებოდნენ ამ ჭაბუკებს, მათი ლაღი გამომეტყველების მიმბაძველებად არ უნდა ქცეულიყვნენ, პირიქით, თვალი უნდა აერიდებინათ და გასცლოდნენ აბეზრებსა და გაყოყოჩებულ თავხედებს. მათთან გასაუბრებისა და ურთიერთობის სურვილი არც უნდა გასჩენოდათ ადამიანებს, რადგანაც შესაძლოა, სხვებიც მოეწამლათ ანტისაბჭოთა იდეებით."გავხსნათ ფრჩხილები, ვამხილოთ ჩვენი დროის ქუჩის "რაინდები". ესენი გახლავან: ზვიად გამსახურდია, ანატოლი მიქაძე, თამაზ გუნჯუა, თეიმურაზ ცერცვაძე, თემურ მეტრეველი, მერაბ კოსტავა... თითქმის არ ყოფილა საღამო, რომ მათ ქუჩაში დებოში არ აეტეხოთ, ხულიგნური გამოხდომებით გამვლელ-გამომვლელნი, ჩვენი ქალაქის მშრომელები არ აღეშფოთებინოთ. ამ ხულიგნების თავაშვებულობის გამო ამას წინათ ქალაქის ერთ-ერთ ბაღში სისხლიც კი დაიღვარა. ჩვეულებრივ აყალმაყალს დანის ტრიალი მოჰყვა. დაიჭრა ხულიგნების ჯგუფის წევრი გურამ დოჩანაშვილი, 47-ე სკოლის მეათეკლასელი მოსწავლე. ხულიგნების ჯგუფმა გადაწყვიტა "შური იძიოს ამხანაგისათვის". გამსახურდიას წინადადებით ისინი იარაღდებიან - ზოგი რეზინის ჯოხით, ზოგიც დანით. ზვიად გამსახურდიამ სპეციალური დიდი საკეცი დანაც კი მოიმარჯვა - "წამოიღეთ რამე, თუნდაც რკინის კეტები, რომ თავში ჩავცხოთო".

 


სტატიის ავტორი, როგორც ჩანს, მართლაც სანაქებო კომუნისტი, გვარად ქებაძე, კომკავშირული ორგანიზაციების კრიტიკასაც არ ერიდება და სვამს რიტორიკულ და ზოგადსაკაცობრიო შეკითხვას: "რატომ არ იმაღლებენ ამ ავადმყოფური მოვლენების წინააღმდეგ ხმას კომკავშირული ორგანიზაციები?"ამის მერე კი ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდების მშობლების, უფრო სწორად, მამების საქმიანობაზე. ანატოლი მიქაძის მამა - აბესალომ მიქაძე, თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის სექტორის გამგე ყოფილა; ვოვა სიხარულიძის მამა - ვასო სიხარულიძე, პასუხისმგებელი საბჭოთა მუშაკი; თამაზ გუნჯუას მამა - ტარას გუნჯუა, სამედიცინო ინსტიტუტის დოცენტი; თემურ ცერცვაძის მამა - გიორგი ცერცვაძე, საბჭოთა არმიის პოდპოლკოვნიკი; თემურ მეტრეველის მამა - დიმიტრი მეტრეველი, საქართველოს სსრ სახელმწიფო კონტროლის სამინისტროს უფროსი კონტროლიორი; რაც შეეხება მერაბ კოსტავას, წერილის ავტორის თქმით, "განათლების დარგის მუშაკია ვლადიმერ დემურიაც, ვისთანაც იზრდება ამ ხულიგანთა "თაიგულის" წევრი მერაბ კოსტავა, პატივცემული პედაგოგის შვილიშვილი".ყველაზე მნიშვნელოვანი ის ნაწილია, სადაც დემოკრატიის კომუნისტური განმარტებაა მოცემული: "თავაშვებული ახალგაზრდები ხშირად "დემოკრატიაზეც" გაჰყვირიან. მათი გაგებით, აი, რას ნიშნავს ეს. თუ მათ სცემეს სუსტსა და უდანაშაულოს, მილიციელს არ უნდა ჰქონდეს საქმეში ჩარევის უფლება, საზოგადოებას არ უნდა მიეცეს დაზარალებულისადმი გამოქომაგების საშუალება."ჩვენი ამ წერილის ვაიგმირები მალე წარდგებიან ხალხის სამსჯავროს წინაშე და დამსახურებულ სასჯელს მიიღებენ ხულიგნობისა და სხვა ანტისაზოგადოებრივი მოქმედებისათვის. ხულიგნების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს!"

 


გურამ დოჩანაშვილი

"მხოლოდ ერთი კაცი" კი არა, ქართული სიტყვის "ბაქანი"-ა "სარეველაში" არაფერია ნათქვამი გურამ დოჩანაშვილის მშობლებზე. იმხანად, როცა ეს პასკვილი დაიწერა, დოჩანაშვილი დაჭრილი იწვა თბილისის მეორე საავადმყოფოში და სიკვდილს ებრძოდა. როგორც ჩანს, სუკ-მა საჭიროდ აღარ მიიჩნია მის პიროვნებაზე ყურადღების გამახვილებაგურამ დოჩანაშვილი ექიმ პეტრე დოჩანაშვილისა და გულნარა ემხვარის ოჯახში დაიბადა 1939 წლის 26 მარტს. იზრდებოდა რუსთაველზე, სოლოლაკსა და ვერაზე. ბაბუა - სილოვან ემხვარი, აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი იყო. გGურამ დოჩანაშვილი 1946 წელს მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში, ხოლო 1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე სკოლა. როგორც თვითონ აღნიშნავს, 1966 წელი განსაკუთრებული იყო, როცა შვიდ აპრილს შვილი - ქეთო შეეძინა და გამოიცა მისი პირველი წიგნი "მთის გადაღმა". პირველი მოთხრობა ჟურნალ "ცისკარში" 1961 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ ერთგული მკითხველი სულმოუთქმელად ელოდება მწერლის ნაწარმოებებს. წელს ქართული პროზის კლასიკოსი 70 წლის შესრულდა. "გორგასლიანი" მწერალი, რომელსაც ლიტერატურა და სამშობლო ძლიერ უყვარს, იმედი მაქვს, რომ კიდევ მრავალი შედევრით გაგვახარებს.

 


ის დღესაც ისეთივე გულწრფელია, როგორიც მაშინ, ანტისაბჭოთა პროკლამაციებს რომ ბეჭდავდა მეგობრებთან, თანამოაზრე "განსხვავებულ" ბიჭებთან ერთად. "დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო. ასე რომ არა, დაიქცეოდა, - მკაფიოდ გაისმოდა ბნელში, - ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, დომენიკო, ვეღარ შეძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა" (რომანიდან "სამოსელი პირველი"), ღრმად სწამს 70 წლის გურამ დოჩანაშვილს.ხშირად მიფიქრია, ტრაგედია რომ მოხდარიყო და 17 წლის დოჩანას, გურამ დოჩანაშვილის გადარჩენა შეუძლებელი გამხდარიყო, ქართველებს არც "სამოსელი პირველი" და არც "ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები", არც "ხორუმი ქართული ცეკვაა" და არც "კაცი, რომალსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" გვექნებოდა. ის "მხოლოდ ერთი კაცი", "ლოდი ნასაყდრალი", "ძნელი" და ქართული სიტყვის "ბაქანი"-ა.

 


ლეილა კვირიკაშვილი 

 

 

ambebi.ge

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016