სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. „საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,9% შეადგინა.
„საქსტატის" წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,9%, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,7 % შეადგინა.
„2012 წლის იანვრიდან „საქსტატი" ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა, განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს", - ნათქვამია „საქსტატის" განცხადებაში.