reportiori.ge - შალვა ხაჭაპურიძე: დიახ, სამართლიანობა უნდა აღდგეს და რაც წაართვეს თამაზ ნიჟარაძეს, უნდა დაუბრუნდეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:24
ინტერვიუ
შალვა ხაჭაპურიძე: დიახ, სამართლიანობა უნდა აღდგეს და რაც წაართვეს თამაზ ნიჟარაძეს, უნდა დაუბრუნდეს!
15 ოქტომბერი, 2013. 21:48

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ცოტა ხნის წინ, მომჩივანი ბიზნესმენის თამაზ ნიჟარაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

 

თამაზ ნიჟარაძის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, 2010 წელს დავით კეზერაშვილმა თამაზ ნიჟარაძეს ფოთის პორტის ნავსადგომის საკუთარი წილი იძულებით და შანტაჟით გადააფორმებინა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „რეპორტიორი" ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს დაუკავშირდა:

- 2010 წელს ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე ფლობდა ფოთის საზღვაო ნავსადგურში ნომერ მეორე და მეხუთე ტერმინალს. დავით კეზერაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე აღარ იყო თანამდებობაზე, დაიბარა თამაზ ნიჟარაძე ჭავჭავაძეზე არსებულ დღევანდელი „პიქსელის" შენობაში და უთხრა, რომ ფოთის პორტის ნავმისადგომი, პლიუს ამას რამდენიმე მილიონი დოლარი, თუ არ ვცდები 10 მილიონ დოლარზე იყო საუბარი, „ვაკე-პლაზა" და კიდევ სხვა ქონებები გადაეფორმებინა მის მიერ დასახელებულ კომპანიაზე... ბუნებრივია, ნიჟარაძემ ამაზე უარი უთხრა, რის პასუხადაც კეზერაშვილმა განუცხადა, - შენი სისხლით მოვრწყავ შენს სახლს, თუ ამ ყველაფერზე არ დათანხმდებიო!

 

- როგორ განვითარდა ამის შემდეგ მოვლენები?

- ამის მერე, ნიჟარაძეს „სოდის" ოთხმა თანამშრომელმა მიაკითხა სახლში და უთხრეს, რომ კეზერაშვილის ბრძანებით იყვნენ მისულები და ჩასახლდნენ ნიჟარაძის სახლში. ეს ჩასახლება, ბუნებრივია, არ იყო ნებაყოფლობითი, ამას არ მოჰყოლია არანაირი დამადასტურებელი და კანონიერი დოკუმენტი.

 

- მაშინვე რატომ არ მიმართა თამაზ ნიჟარაძემ სამართალდამცავ ორგანოებს?

- ვისთვის უნდა მიემართა? კეზერაშვილმა უთხრა, რომ ამ ყველაფერს აკეთებდა მერაბიშვილისა და ადეიშვილის დავალებით! შანტაჟითა და დაშინებით ხდებოდა ყველაფერი! მან იცოდა კეზერაშვილის კავშირები და ურთიერთობები ხელისულფების მაღალჩინოსებთან და, ბუნებრივია, მიმართვას აზრი არ ჰქონდა ასეთ პირობებში.

 

- რა პირობებში და რის სანაცვლოდ დათანხმდა ნიჟარაძე მის მფლობელობაში არსებული ქონების კეზერაშვილისთვის გადაცემას?

- როცა თამაზ ნიჟარაძე მიხვდა, რომ ნამდვილად არ ხუმრობდა კეზერაშვილი და მეტიც, - საფრთხე დაემუქრა ოჯახის წევრების უსაფრთხოებას, იძულებული შეიქმნა, დათანხმებოდა მის პირობებს. ფაქტობრივად, გადაფორმებაც არ მომხდარა, წაართვეს ეს ყველაფერი!

 

- ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თუ მიმართა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფმა თამაზ ნიჟარაძემ სასამართლოს?

- დიახ, ხელისულფების შეცვლის შემდგომ, ნიჟარაძის ადვოკატებმა მივმართეთ გამოძიებას, პროკურატურას, რათა დაწყებულიყო კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ამ ქონებების უკანონო წართმევებისა და კეზერაშვილის მიერ უკანონოდ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე. როდესაც ქონება სახელმწიფო სახელზეა გადაცემული, მაშინ კი ბატონო, ეკონომიკის სამინისტროს შეუძლია ეს ქონება გადმოგცეს, მაგრამ თუ მესამე პირებზეა გადაყიდული, დგება სამართლებრვი იპრობლემები ამ თემასთან დაკავშირებით. თუმცა, ამის შემდეგ ჩვენ ჩვენს კოლეგებთან, იურისტებთან გავიარეთ კონსულტაციები, შევისწავლეთ სტრასბურგის სასამართლოს პრეცენდენტული მაგალითები... პლიუს ამას, დღევანელმა ხელისუფლებამ მოსვლიდან დაახლოებით 2-3 თვეში მიიღო კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის წესის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ფაქტობრივად, აიკრძალა ყველანაირი მონოპოლიები ბიზნესში და ამ გარემოებებზე დაყრდნობით, თამაზ ნიჟარაძემ, რომელიც წარმოადგენს ბ.გ.დ. კომპანია ელკო-ჯორჯიას და მისმა ადვოკატებმა მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოვითხოვეთ, ალგო-ტრას ლიმიტების (რომელიც არის კეზერაშვილის ფირმა) და ფოთის საზღვაო ნავსადგურს შორის 2010 წელს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

2010 წელს ამ ორ კომპანიას შორის დაიდო 27 წლიანი ხელშეკრულება, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში ვერავინ ვერც შემოიტანს და ვერც გაატარებს ვერანაირ პროდუქციას! განსაკუთრებით ეს ეხება ნავთობპროდუქტებს, თუ ამის ნებართვა არ გასცა ალგო-ტრას ლიმიტედმა!

მსგავსი კონკურენციის საწინააღმდეგო და მონოპოლიური ხელშეკრულება, სიმართლე გითხრათ, არათუ პრაქტიკაში, თეორიაშიც არ შემხვედრია! პირდაპირ წერია ხელშეკრულებაში, რომ ექსკლუზიური უფლება აქვს ალგო-ტრას ლიმიტერს! დავიწყეთ ამ ალგო-ტრას ლიმიტერთან მოლაპარაკება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიუხედავად ამ ხელისუფლების ცვლილებისა, ალგო-ტრას ლიმიტერს დღემდე განაგებს კეზერაშვილი! ჩვენ მოვითხოვეთ სასამართლოსგან, დაეყადაღებინა კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული ბიზნესწილები და ქონებები, რის შემდეგაც შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში და პირველ ინსტანციაში მოვიგეთ ეს დავა! სასამართლომ თქვა, ეს ხელშეკრულება არღვევს მონოპოლიურ კანონმდებლობას, რომ ეს არის მონოპოლისტური ხელშეკრულება და უნდა გაუქმდეს! როგორც ჩანს, კეზერაშვილი თავისი ქონებების დაყადაღებას არ ელოდა. ამის შემდეგ, განხორციელდა გარკვეული მუქარები ნიჟარაძეზე, მისი ოჯახის წევრებზე, შვილთან და ოჯახთან მიმართებაში. ნიჟარაძეს სახლის წინ ავტომანქანა დაუწვეს დაახლოებით 2-3 თვის წინ! იყო შვილის განადგურების მუქარაც!

 

- დავით კეზერაშვილმა თამაზ ნიჟარაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სასამართლოში...

- თბილისის საქალაქო სასამართლოში მიდის კეზერაშვილის საქმის განხილვა უგულავასთან ერთად, ტელეკომპანია „იმედის" უკანონო ჩამორთმევის ფაქტთან დაკავშირებით... გარდა ამისა, სხვა უამრავი საქმეა აღძრული კეზერაშვილის წინააღმდეგ!

 

მის წინააღმდეგ კეთდებოდა განცხადებები მასმედიაშიც, თუმცა, მას ერთხელაც კი არ მოსვლია იდეა - წასულიყო და სარჩელი შეეტანა სასამართლოში.

კეზერაშვილს მხოლოდ ნიჟარაძის შემთხვევაში გაახსენდა, რომ მის პატიოსნებასა და ღირსებას ლახავენ...

ოთხი სარჩელი აქვს შეტანილი ჩემი და ჩემი კლიენტის წინააღმდეგ... თურმე, მე და ნიჟარაძემ შევლახეთ კეზერაშვილის პატივი და ღირსება, ვინაიდან მას კრიმინალი ვუწოდეთ. ქონებები ხომ წაართვა ნიჟარაძეს, ათას უბედურებაში გახვია და ახლა კიდევ იქით ედავება და ერთი მილიონი დოლარის გადახდას ითხოვს პატივისა და ღირსების შელახვის გამო.

 

ყველაზე დიდი უბედურება, რაშია, იცით? აღმოჩნდა, რომ კეზერაშვილს, რომელზეც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს საქართველოში, დღემდე თითქმის, არავინ ეძებდა. თუმცა, დღეს ის უკვე პატიმარია და დანარჩენს სასამართლო გადაწყვეტს! ის თავისუფლად დადიოდა მთელს ერვოპაში და ხსნიდა „GULF-ის ბენზინ და გაზგასამართ სადგურებს!

 

ნიჟარაძისა და კეზერაშვილის საქმეს იხილავს სააპელაციო სასამართლო. საქმეს უძღვება სამი მოსამართლე: ვანო წიკლაური, ალექსანდრე იოსელიანი და ხათუნა არევაძე. ამ მოსამართლეებზე ადეიშვილი და კეზერაშვილი აქ დარჩენილი, საქართველოში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მეშვეობით ახორციელებენ ზეწოლას! დიახ, პირდაპირ არის დავალება გაცემული, რომ მათ ყველაფერი გააკეთონ ჩვენს სასარგებლოდ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაუქმებლად!

 

- თუ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება, როგორ აპირებთ სიმართლის დამტკიცებას?

- დღეს პრემიერი შეხვდა იუსიციის საბჭოს მდივანს. ლევან მურუსიძემ აღუთქვა პრემიერს, რომ სასამართლო იქნება სამართლიანი. მივმართავ იუსტიციის საბჭოს მდივანს: აგერ არის პირველი საქმე... გაერკვეს ამ საქმეში, რადგან ცერცვაძე და კუბლაშვილი აშკარა ზეწოლას ახორციელებენ მოსამართლეებზე! აღკვეთოს სასამართლოზე და მოსამართლეებზე ზეწოლა, ვინაიდან ვიდრე თითოეული მოსამართლე არ იქნება თითოეულ საქმეზე დამოუკიდებელი, მანამდე რაიმე ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებაზე ფიქრიც ზედმეტია! დიახ, სამართლიანობა უნდა აღდგეს და რაც წაართვეს თამაზ ნიჟარაძეს, უნდა დაუბრუნდეს!


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016