reportiori.ge - რა ინტერესები აქვს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს პოლიტიკაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:52
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რა ინტერესები აქვს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს პოლიტიკაში
ავტორი:
31 მარტი, 2015. 18:18


ვის ლობირებს ბადრის ქვრივი პრემიერის პოსტზე და როდის აფინანსებდნენ ისინი ირაკლი ალასანიას


ირაკლი რუხაძის სახელი და გვარი ჯერ მხოლოდ ბადრის მეგობრებმა და თანამებრძოლებმა იციან. ჯერ მხოლოდ მათ ჰყავთ ნანახი ადამიანი, რომელიც პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ, როგორც ამბობენ, მისი ბიზნესიმპერიიის მემკვიდრე გახდა.


ბადრის ძველი მეგობრები ამბობენ, რომ ირაკლი ამბიციური ყოველთვის იყო და რომ მას პოლიტიკური ინტერესებიც შეიძლებოდა გასჩენოდა.


„პრაიმტაიმის" წყაროს თქმით: „ყურმოკრული მაქვს, რომ ამბიციები აქვს. „იმედმა" უნდა აკრიფოს ახლა და სერიოზული მუხტი უნდა შექმნას, როგორც ბადრის დროს... ახლა რაც „იმედზე" ხდება, ნაცნობია. ეგ ეტაპი ყველას გვინახავს და გავიარეთ".


ბადრის დროს „იმედმა" აკრიფა გირგვლიანის თემით და შემდეგ მისი რეპორტაჟები სულ უფრო და უფრო მწვავე ხდებოდა. მაშინ არხზე გიორგი თარგამაძეს საავტორო გადაცემა ჰქონდა და ინგა გრიგოლიასაც მიჰყავდა საკუთარი თოქ-შოუ. „იმედი" გახდა ოპოზიციის რეალური დასაყრდენი. ეს ის ოპოზიცია იყო, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა. როგორც ამბობენ, მან სოლიდური ფული დახარჯა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, როგორც კი თავად გამოჩნდა, მარტო დარჩა და ყველამ უღალატა.


როგორც ამბობენ, ირაკლი რუხაძე ამ შეცდომის განმეორებას არ აპირებს. რუხაძე პატარა და ჭრელი პოლიტიკური სპექტრის შეკოწიწებას არ გეგმავს. საერთოდ, სტერეოტიპია ასეთი - აქცენტი ხშირად რაოდენობაზე აქვთ ხოლმე და არა ხარისხზე. ეს შემდეგ კოალიციის ხარისხსაც ეტყობა.


ვარაუდობენ, რომ ირაკლი რუხაძე ამბიციურთან ერთად ჭკვიანიც არის და ის აქცენტს ხარისხზე გააკეთებს. ამ კონტექსტში არ არის გამორიცხული, მან ფსონი კვლევების იხედვით ოპოზიციაში ყველაზე რეიტინგულ ფიგურაზე - ირაკლი ალასანიაზე დადოს.


პოლიტიკურ კულუარებს ვინც კარგად იცნობს, მან ისიც იცის, რომ რუხაძე და ალასანია ერთანეთს კარგად იცნობენ. პოლიტიკაში ისინი პირველად 2011 წელს შეხვდნენ. კულისებში ამბობენ, რომ ირაკლი რუხაძე მაშინ ალასანიას საარჩევნო მარათონს აფინანსებდა კიდეც. ეს მაშინ იყო, როცა ალასანია ალიანსის ლიდერი გახლდათ და საარჩევნო რინგზე გიგი უგულავას მერის ტიტულში ეცილებოდა. „პრაიმტაიმის" წყარო: „ზუსტად ვიცით, რუხაძე აფინანსებდა პირადად ალასანიას, არჩევნებში ეხმარებოდა..."


საქმეში ჩახედული პირები აცხადებენ, რომ ირაკლი რუხაძეს ურთიერთობა გიგი უგულავასთანაც უწევდა.


„პრაიმტაიმის" წყაროს თქმით: „ბადრის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებასა და ბადრის ოჯახს შორის მოლაპარაკებებს სწორედ ირაკლი რუხაძე აწარმოებდა და სწორედ ის იყო ჩართული ამ საიდუმლო დოკუმენტის გაფორმებაში, რომელსაც ხელი მოეწერა ხელისუფლებასა და ოჯახს შორის... ეს სწორედ ის დოკუმენტია, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, გავეცანი და თმები ყალყზე დამიდგაო".


თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც. მიაჩნიათ, რომ „იმედის" ხელმძღვანელობასა და ინგა გრიგოლიას დაპირისპირების თემამ თავი ჯერ მხოლოდ იჩინა და ის შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს. რადგანაც ინგა ძირითადად რეიტინგზეა ორიენტირებული, პატარკაციშვილის ოჯახი კი - კონსტრუქციულობაზე. ხელისუფლებასთან ოჯახს ურთიერთობა დალაგებული აქვს და მის გადახედვასა და კონფრონტაციას არ აპირებს. შესაბამისად, არც რეიტინგი აინტერესებს და არც ხელოვნური დაძაბულობის შექმნა. სწორედ აქ გაჩნდა ჟურნალისტ გრიგოლიასა და ბადრის ოჯახს შორის კონფლიქტი.


თუმცა, ოჯახის პოლიტიკურ ინტერესებზე კულისებში უკვე თამამად საუბრობენ. სხვათა შორის, ისინი, ვინც ბადრის ოჯახს კარგად იცნობენ, ყვებიან, რომ პატარკაციშვილის მეუღლე ბადრის პოლიტიკის დატოვებას ურჩევდა. მან რამდენჯერმე მის პოლიტიკურ თანამებრძოლებსაც სთხოვა, ბადრისთვის თავი დაენებებინათ. თუმცა, უშედეგოდ. „დღეს კი ინა კატეგორიულ პოზიციებზეა და ის „იმედისგან" მუხტის შექმნას ითხოვს", - ამბობს პრაიმტაიმთან" საუბარში ჩვენი წყარო.


ბადრის მეუღლის ასეთ ცვალებადობას სწორედ ირაკლი რუხაძეს უკავშირებენ. ამბობენ, რომ ბადრი პატარკაციშვილის კარზე ის საკუთარ ამბიციებს ადრეც ავლენდა. რამდენჯერმე ბადრისა და ირაკლის შორის „რაზბორკებიც" გაიმართაო. ამ ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს.


ასე რომ, არ არის გამორიცხული, სულ მალე ირაკლი რუხაძე პოლიტიკაში ღიადაც ჩაერთოს და პოლიტიკურ საყრდენად ირაკლი ალასანიას პარტია გამოაცხადოს. თუმცა, ექსპერტების ვარაუდით, ბევრი რამ იქნება ამ გარიგებაზე დამოკიდებული, რომელიც ხელისუფლებასა და ბადრის ოჯახს შორის შეიძლება გაფორმდეს. არ არის გამორიცხული, ირაკლი რუხაძემ ალასანიასთან ერთად ნაციონალების ალტერნატიული ძალა შექმნას და ამით დააინტერესოს ვერტიკალი. ან პირიქით, დაუპირისპირდეს და ხელისუფლებაში მოვიდეს. რესურსები აქვს - ტელევიზია და ფინანსები, ასევე გავლენები და კავშირები საზღვარგარეთ.


ვალერი გელბახიანის ინფორმაციით, ინა გუდავაძის პოლიტიკაში ჩართვის იდეა შესაძლოა, გია ხუხაშვილის მოფიქრებულიც იყოს. თავად გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ვალერი გელბახიანს კარგი ანალიტიკური მონაცემები აქვს, თუმცა, ამ შემთხვევაში მისი ანალიზი რეალობას სცილდება. მისივე თქმით: „ინა გუდავაძე მხოლოდ ოჯახის ინტერესების დაცვით არის დაკავებული და სხვა ინტერესები მას არ გააჩნია, პოლიტიკაში მისი ჩართულობა სასაცილოა". რაც შეეხება რუხაძეს, ხუხაშვილმა თქვა, რომ მას არ იცნობს და მასთან არანაირი შეხება არ აქვს.


ვალერი გელბახიანმა გუდავაძის პოლიტიკურ ინტერესებზე ინტერვიუ მედიას ჯერ კიდევ გასულ წელს მისცა. კერძოდ, მან აღნიშნა:


- ბადრის ოჯახი ბიძინა ივანიშვილთან დიდი ხანია არ მეგობრობს. მეტიც, ინა გუდავაძის პარტნიორი ირაკლი რუხაძე პრემიერ-მინისტრთან მივიდა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მათ მფლობელობაში გადაცემა მოითხოვა. ჩემი ინფორმაციით, მან ღარიბაშვილის დაშანტაჟებაც სცადა - თუ ქარხანა არ დაგვიბრუნდება, პარიზის სასამართლოში 400 მილიონი ლარის კომპენსაციას მოვითხოვთო. პატარკაციშვილის ოჯახის ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებაზე მიანიშნებს ისიც, რომ ივანიშვილის საინვესტიციო ფონდიდან განსვენებულის ოჯახის წევრები მალევე გამოვიდნენ. მათი გადაწყვეტილება სწორედ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას უკავშირდება. ულტიმატუმი, შანტაჟი, გაუგებარი პრეტენზიები - ეს ამ ადამიანების ტექნოლოგიაა, ყველაფრის უკან კი ოჯახის მრჩეველი გია ხუხაშვილი დგას. ბადრის ოჯახს დიდი ხანია „იმედის" გაყიდვა უნდა. თუმცა მრჩევლების დამსახურებით, ტელეკომპანია ჯერ კიდევ მათ საკუთრებაშია. კარგად იციან, რომ „იმედი" ხელისუფლების წინააღმდეგ სერიოზული ინსტრუმენტია, რაც ამ ტელეკომპანიამ ბადრის სიცოცხლეშიც დაამტკიცა. კულუარული ინფორმაციით, ინა გუდავაძე, არაპირდაპირი ფორმით, პოლიტიკურ პროცესებში ჩასართავად ემზადება. რა თქმა უნდა, ესეც გია ხუხაშვილის ინიციატივაა. იქმნება ჯგუფი, რომელიც ლევან გაჩეჩილაძეს ადგილობრივ არჩევნებში მერობის ერთ-ერთ კანდიდატად ამზადებს. მის პიარს კი ტელეკომპანია „იმედი" მოემსახურება. შესაბამისად, ტელევიზია ხელისუფლების კრიტიკას უფრო გააძლიერებს.


ირაკლი ალასანიასთვის ბადრი პატარკაციშვილის რესურსები ნამდვილად იქნება მაშველი რგოლი. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ყველაზე რეიტინგული ფიგურაა, ფინანსებისა და საეთერო დროის გარეშე რეიტინგის დაჭერა გაუჭირდება. პოლიტიკური საყრდენის გარეშე გაუჭირდება თავად ირაკლი რუხაძესაც. რაც შეეხება მათ პოლიტიკურ ინტერესებს, ირაკლი ალასანიას ამბიცია მაინც პრეზიდენტობა იყო. რაც შეეხება რუხაძეს, როგორც ამბობენ, მას პრემიერის პორტფელის ხელში ჩაგდება სურს.

 

ქეთი ხატიაშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016