მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე 1937 წლის 1 აპრილს დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1961-1964 წლებში მოღვაწეობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში მსახიობად. 1964 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის" მსახიობი იყო.
1999-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.
გამოსცა სამეცნიერო გაზეთი „შუმერი". დააარსა ამავე სახელწოდების სამეცნიერო ცენტრი. 40 წლის შრომის შედეგად, როგორც თვითონ იყო დარწმუნებული, ახსნა ძვ. წ. V-III ათასწლეულების შუმერული თიხის ფირფიტები და ბეჭდები, თიხის შუმერული ჭურჭლის მოხატულობა და სარკოფაგთა წარწერების ხაზობრივი სისტემა. მისივე მტკიცებით, აღმოაჩინა ანბანის რიცხვობრივი ხაზობრივი და კოსმიური სისტემის ფორმულა, რითაც, თითქოსდა, ცხადი გახდა უძველესი ქართული ასომთავრულის შუმერული წარმომავლობა. ასევე ამტკიცებდა, რომ აღადგინა ძვ. წ. 5604 წლის შუმერული კალენდარი.
ქაფიანიძის მოსაზრებები მეცნიერებაში გაზიარებული არ არის.
1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1985 წელს კი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.
მსახიობი 2011 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.