მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2015 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4,9 % შეადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა აქვე განმარტა, რომ ქვეყანაში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, მთავრობამ მოახერხა, რომ თებერვლის თვეში ეკონომიკა გაიზარდა 4,9 %-ით.
„გუშინ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2015 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ შეადგინა 4,9 %. ასევე მინდა გითხრათ, რომ საშუალო რეალური ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის ამ წლის იანვარ-თებერვალში შეადგენს 2,7 %-ს. ეს მართლაც დამაიმედებელია, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენ ამ პირობებში ვახერხებთ იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა გავზარდეთ 4,9 %-ით თებერვლის თვეში. ასევე თებერვლის მონაცემებით, სამეწარმეო სფეროს სტატისტიკის მაჩვენებლებში, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 13,1%-ით.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ეკონომიკური აქტივობის დინამიკა არის ძალიან დამაიმედებელი. მშენებლობა 31,5%-ით არის გაზრდილი, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა -14%-ით, ვაჭრობა - 11 %-ით, საფინანსო შუამავლობა - 7,5 %-ით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.