ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სულამანიძემ საკუთარ მანქანაში ხელყუმბარა და მუქარის წერილი აღმოაჩინა. აღნიშნულ ფაქტს სააგენტოს თანამშრომლებიც ადასტურებენ. მათი განცხადებით, ეს გიორგი სულამანიძეზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე წლის წინ მას მანქანა უკვე დაუზიანეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გიორგი სულამანიძემ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსთან ერთად განმარტება გააკეთა. როგორც სულამანიძე აცხადებს, მან ხელყუმბარა საბარგულში აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით ხელყუმბარა ნახევრადსაბრძოლო მოქმედებაში იყო მოყვანილი. სულამანიძე ასევე განმარტავს, რომ ხელყუმბარაზე ამოტვიფრული იყო წარწერა და გაფრთხილება, რომ დაეტოვებინა თანამდებობა.
„რაღაც უცხო საგანი იყო. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ხელყუმბარა, რომელზეც იყო წერილი ამოტვიფრული. ეს არის გაფრთხილება, რომელზეც ეწერა - წადით. ასეთი ფაქტი იყო 2010 წელს, როდესაც ახალი დანიშნული ვიყავი თანამდებობაზე. მაშინ გადამიჭრეს მანქანის მუხრუჭის მილი", - განაცხადა სულამანიძემ.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ნათია კობახიძე აცხადებს, გამოძიება დაწყებულია და დამნაშავე დაისჯება.
„გამოძიება დაწყებულია. იმედი გვაქვს, რომ გამოძიება წარმატებით დასრულდება, დამნაშავე გამოჩნდება და დაისჯება შესაბამისად", - განაცხადა ნათია კობახიძემ.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს.