თუ აღმოაჩენთ, რომ ვინმე თქვენი ნების საწინააღმდეგოდ „გიმესიჯებათ", ან სადმე ქუჩაში გხვდებათ, აგედევნათ და გაწუხებთ, რის გამოც ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდით, ან ამის გამო ოჯახში გექმნებათ პრობლემები, მალე ამისგან დაცული იქნებით - კანონში შევა შესაბამისი მუხლი, რომელიც თქვენს დაცვას უზრუნველყოფს.
კონკრეტულად რა შემთხვევაში დაისჯება თქვენი შემწუხებელი? რა სანქციები დაწესდება და როდის აპირებს პარლამენტი მის მიღებას?
„ალიას" ორგანიზაცია „საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია ესაუბრა:
- ბაია, რა მოტივაციით იყო ნაკარნახევი შესაბამისი მუხლის გაჩენა კანონში?
_ ჩვენი მოტივაცია იყო ის, რომ ეს პრობლემა - გადაკიდება არის აუტანელი. ძალიან ბევრი ქალი, რომელიც მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის „საფარს", რეალურ პრობლემად ასახელებს სწორედ გადაკიდებას. ძირითადად ეს ხდება მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მიერ განხორციელებულ ზეწოლად. ქალი განიცდის მუდმივ შეწუხებას, მუდმივ კონტაქტს, ყველგან ხვდება, სამსახურსა და სახლში აკითხავს მისი სურვილის მიუხედავად. ამ პრეტენზიით მიმართავენ ხოლმე შსს-ს, მაგრამ ის ვერაფერს აკეთებს, რადგან ეს დღეს დასჯადი ქმედება არ არის. მუხლში უნდა იყოს კონკრეტული შემადგენლობა, ეს შემადგენლობა უნდა იყოს სახეზე, თუ გინდა, რომ პასუხი მოსთხოვო ადამიანს. პოლიციას მხოლოდ ის შეუძლია, რომ დაიბაროს გადამკიდებელი პირი და დაელაპარაკოს მას. საქმე წინ ვერ მიდიოდა, თუ არ გადაიზრდებოდა მუქარაში, რომელიც უკვე სხვა მუხლია. ან უნდა გადაზრდილიყო პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში. ასეთი ტიპის ქმედება იყო სრულიად დაუსჯელი. ასეთი მუხლი არის ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა შინაარსით. სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია, რომელიც ქალთა ძალადობაზეა და ჩვენ 2014 წელს მოვაწერეთ ხელი, 2015 წელს უნდა მოხდეს. საკანონმდებლო ხარვეზი გვქონდა, როცა არ იყო რეგულირებული ეს თემა, მაგრამ პრობლემა სახეზე იყო. ჩვენ დავიწყეთ კვლევის კეთება, შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება და დავამუშავეთ შესაბამისი მუხლი, რომ ყოფილიყო ქართული კანონმდებლობისთვის მორგებული. კომისია
- რას შეიცავს მუხლი?
- თვითონ მუხლი კვლევაზეა დაფუძნებული, 1 წლის წინათ მოეწყო მისი განხილვა. სტამბულის პროტოკოლზეც შედგა შეხვედრა, ჩვენ იუსტიციის სამინისტროს მივაწოდეთ ჩვენი დასკვნა და მათ თქვეს, რომ ეს მუხლი შევა ცვლილებათა პაკეტში, კანონში ჩაემატება ეს მუხლი და თვლიან, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში უნდა იქნას შეტანილი. თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ეს უნდა იყოს სისხლის სამართალში. იუსტიციამ განსაზღვრა სახელიც - „უკანონო თვალთვალი და ადევნება". მუხლი კი ასე გამოიყურება: მუხლი 148. გადაკიდება:
1. არაკანონიერი თვალთვალი, განმეორებითი შევიწროება, დევნა, მუქარა, პირადი, სატელეფონო, ელექტრონული ან მესამე პირის მეშვეობით კომუნიკაციის დამყარება ან სხვა ქმედება, რომელიც მსხვერპლში იწვევს მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს და მის, მისი ახლობლის ან საკუთრების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს და აიძულებს მსხვერპლს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის გამოყენებით; გ) მსხვერპლისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით; დ) მსხვერპლის მიერ ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით; ე) სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით; ვ) თექვსმეტ წლამდე არასრულწლოვნის მიმართ; ზ) მსხვერპლის ნივთის დაზიანებით ან განადგურებით, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე;
3. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) მსხვერპლის ან მისი ახლობლის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნით, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე; 4. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ან მისი ახლობლის ჯანმრთელობის დაზიანება, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.
- მოდი, დავკონკრეტდეთ. მყავს მეუღლე და ვიღაც მწერს არასასურველ მესიჯებს, ამის გამო მე მაქვს სახლში პრობლემები. როგორ უნდა მოვიქცე?
- ასეთი ფაქტები ხშირია. იმისთვის, რომ ამ მუხლმა იმოქმედოს, აუცილებელია, შემადგენლობა დადგეს. ის, რომ თქვენ მუდმივად ვინმე გწერთ, ეს უნდა იწვევდეს შედეგს.
- შედეგი არაა მეუღლის ეჭვიანობა, გამუდმებული კამათი და ახსნა-განმარტებები?
- დიახ, ასეთ შემთხვევაში მიდიხართ პოლიციაში, ან გამოიძახებთ პოლიციას და აკეთებთ განაცხადს. ასევე, გადის შედეგში ის, თუ მაგალითად, ვიღაცის მესიჯები და ზარები იწვევს ფსიქოლოგიურ შიშს, რომ მისი ან მისი ახლობლის საკუთრების წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ძალადობა და უნდა აიძულებდეს მსხვერპლს, რომ მნიშვნელოვნად შეცვალოს მისი ცხოვრების სტილი.
- კონკრეტულად რა წესზეა საუბარი?
- მაგალითად, თუნდაც ტელეფონის ნომრის შეცვლა, როცა მარტო არ დადიხართ და ცდილობთ, ვინმე გაიყოლოთ, როცა სადმე მიდიხართ, როცა საჯარო ტრანსპორტით აღარ მგზავრობთ და ცდილობთ, ტაქსით გადაადგილდეთ. გადაკიდება, რომელსაც ადამიანში ნერგავს შიშს, მისი ქმედებების ცვლილებას უნდა იწვევდეს. როცა ეს მუხლი შევა ძალაში, პოლიცია ჩაერევა. მთავარია აქ, რომ ამ დროისთვის პოლიცია უნდა გადამზადდეს და ჩაუტარდეს მათ შესაბამისი ინსტრუქცია. გადაკიდება ძირითადად ვრცელდება იმ ტიპის ურთიერთობებზე, რომლის მსხვერპლიც ქალია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მიზეზი არ არის კავშირში არც ქალთან, არც რომანტიკულ ურთიერთობებთან. იგივე შეიძლება მოხდეს საქმიანი ურთიერთობების დროს, როცა ერთი მეორეზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება. ხშირია ხოლმე შემთხვევები, რომ ლექტორები გადაკიდებიან სტუდენტებს, ან პირიქით, ხვდებიან ქუჩაში. სცენარი შეიძლება ბევრნაირად ვითარდებოდეს და მსხვერპლი იყოს სხვადასხვა ტიპის. ჩვენთან ძალიან გახშირებულია ქალების მიმართ ასეთი დამოკიდებულება, არის შემთხვევები, როცა ქალი უკვე ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას და უკიდურესად შეწუხებულია.
- სხვა ქვეყნებში როგორ მუშაობს ეს მოდელი?
- ბევრგან არის და აქტიურად გამოიყენება. როცა მუხლს მიიღებენ, უნდა გადამზადდეს ჯერ პოლიცია, რომ ახალი შემადგენლობა იცოდნენ. პრაქტიკული მაგალითებით როგორ რეგულირდება ეს საკითხები, ეს უნდა იცოდეს და მეორე, მოსახლეობის ინფორმირებაა ყველაზე მთავარი კიდევ. მან უნდა იცოდეს, რომ ეს არის სამართალდარღვევა და ეს უნდა იცოდეს ჩამდენმაც და მსხვერპლმაც.
- როგორ ფიქრობთ, იუსტიცია თავის ვარიანტს გაიტანს და ეს იქნება მსუბუქი დანაშაული?
- ჩვენი ვარიანტით უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის დანაშაული დამამძიმებელი გარემოებების გარეშე, ეს იყო მსუბუქი დანაშაული, თუ არ დამძიმდა დაშინებით ან სხვა ფორმით. იუსტიციას უნდა, რომ იგივე კვალიფიკაციის, მაგრამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანოს, როგორც ხულიგნობა.
- როდის გავა ეს კანონპროექტი პარლამენტში?
- იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ მთელი კონვენციის შესახებ სამუშაოები დასრულებულია და უნდა, რომ საგაზაფხულო სესიაზე შევიდეს. მანანა კობახიძემ თქვა, რომ პარლამენტი იქნება მოწადინებული, დაჩქარებული წესით იქნას მიღებული. წესით, წელს უნდა მოესწროს.
ჟანა ასანიძე
გაზეთი „ალია"