ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზარზე საქართველომ მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა, - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
კერძოდ, გერმანიის ეროვნული ლიტერატურული პრემია ახალგაზრდულ ლიტერატურაში თამთა მელაშვილსა და ნათია მიქელაძე-ბახსოლიანს გადაეცათ რომანისთვის „გათვლა".
როგორც კულტურის მინისტრმა განაცხადა, მომავალ წელს დაგეგმილია 40-მდე წიგნის ქართული თარგმნა, სადაც შევა ქართული პოეზიის და ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები. გარდა ამისა, გაიმართა უამრავი მოლაპარაკება, დაიგეგმა სამომავლო ურთიერთობები, რის საფუძველზეც, ქართულ ლიტერატურას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაეცდნობიან. მინისტრის განცხადებით, ასევე ფრანკფურტში გაიმართა შეხვედრა ლონდონის წიგნის ბაზრობის დირექტორ ჯექს ტომასთან და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებთან, რამაც ლონდონის წიგნის ბაზრობასთან კულტურის სამინისტროს სამომავლო თანამაშრომლობა განსაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ეროვნული სტენდით და განახლებული პროგრამით წარსდგა. წიგნის ბაზრობაში წელს საქართველოდან 15 მწერალი მონაწილეობდა. მოეწყო 9 პრეზენტაცია, ქართველი ავტორების საჯარო კითხვა, გერმანიაში გამოცემული თანამედროვე მწერლების წიგნების პრეზენტაციები. წიგნის 400 000-მდე მოყვარულს საქართველოს წიგნის ბაზრის შესახებ შთაბეჭდლებას ქვეყნის 25-მდე გამომცემლობის უახლესი გამოცემებმა შეუქმნა. ამ ღონისძიებითვის საგანგებოდ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვაჟა-ფშაველას სამი ცნობილი პოემის ფრანგული, გერმანული და ინგლისური თარგმანებიც გამოიცა.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 500-წლიანი ისტორია აქვს, მასში ასიათასობით დასახელების წიგნია წარმოდგენილი, მათ გვერდით ქართულიც, რომელთა ნახვის და შეფასების შესაძლებლობაც ამ უდიდესი ფორუმის სტუმრებს 9-დან 13 ოქტომბრამდე მიეცათ. საქართველო თითქმის ათი წელია ფრანკფურტის წიგნის გამოფენაში მონაწილეობს.