აფაქიძე ლისის ტბაზე აიყვანეს, ხეზე მიაბეს და დახვრეტის იმიტაცია მოუწყვეს, მერე გვარიანად სცემეს და 100 000 დოლარის მიტანაც მოსთხოვეს
1993 წლის 22 დეკემბერს, დილით, თბილისში სროლები გაისმა. დედაქალაქისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა კი იყო, მაგრამ ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე მხედრიონელების, ჯაბა იოსელიანის უახლოესი გარემოცვის წევრების"- ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანაძის მკვლელობამ მაინც დიდი ხნით აალაპარაკა ქალაქი. ისინი ავტომანქანაში ჩაცხრილეს (თავდამსხმელებს ემსხვერპლა აგრეთვე თენგიზ ჩანტლაძე, რომელიც იმ დროს ავტომანქანაში იჯდა). იმ დღეებში დიდს თუ პატარას ერთი კითხვა ეკერა პირზე - ვის უნდა გაებედა ყველაზე მძიმეწონიანი მხედრიონელების ასე სახალხოდ ჩაცხრილვა მაშინ, როცა "მხედრიონთან" დაპირისპირებას იმ დროს ეროვნული გვარდიაც ვერ ბედავდა, ეს ხომ არ უკავშირდებოდა 11 დეკემბერს "კანონიერი ქურდის", არსენა მიქელაძის მკვლელობას? თბილისში შიშობდნენ, რომ ვეფხვაძე-სვანაძის მკვლელობის გამო "მხედრიონი" ქალაქში სისხლიან კალოს დაატრიალებდა, თუმცა, "მხედრიონი" დუმდა, რაც მორიგი მითქმა-მოთქმის მიზეზი გახდა!..
დღემდე ამ გახმაურებული მკვლელობის მიზეზად ქურდული შემოწირულობა სახელდება. გავრცელებული ვერსიით - აფხაზეთის ომის დროს რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა ქართული ჯარის დასახმარებლად ფული შეაგროვეს, მათ არც ჩვენებური კრიმინალური ავტორიტეტები ჩამორჩნენ და საბოლოოდ, შემოწირულობა - რამდენიმე მილიონი - თბილისში "კანონიერ ქურდს", ჯემალ (არსენა) მიქელაძეს გამოატანეს. მიქელაძემ ფული ყოფილ "კოლეგას", ჯაბა იოსელიანს გადასცა...
აფხაზეთის ომის დამთავრების შემდეგ ქურდულმა სამყარომ არსენას შემოწირულობის ანგარიში მოსთხოვა. მანაც ჯაბა იოსელიანს მიაკითხა. "მხედრიონის" ლიდერმა ხელები გაასავსავა - ფულისა არაფერი ვიცი, თუმცა ვეცდები, რამდენიმე დღეში სიტუაციაში გავერკვეო.
რამდენიმე დღეში"არსენა მიქელაძე მოკლეს - (სოლოლაკში სტუმრად მყოფი, მასპინძელს დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდომისას ჩაცხრილეს). მაშინ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა ბუბა კიკაბიძე, რომელიც რატომღაც მასპინძელმა დააყოვნა. როგორც ამბობენ, ვეფხვაძე და სვანაძე "მხედრიონში" სიტუაციის გარკვევას შეეწირნენ. დრო გადიოდა, გამოძიებას კი ხელმოსაჭიდი არაფერი გააჩნდა. არ არსებობდნენ მკვლელობის მოწმეებიც, ამიტომ პროკურატურამ საქმე გაუხსნელად გამოაცხადა და კარგა ხანს არავის გახსენებია...
სამი წლის შემდეგ ციხეში მოხვდა კაცი, რომელიც შატბერაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველი აღმოჩნდა, ის მხედრიონელი მალხაზ ხაჟომია გახლდათ. საქმე ასე იყო: ნავთობის ბიზნესში თორნიკე აფაქიძის (ყოფილი მხედრიონელი, საქართველოს საპასპორტო მაგიდის უფროსი - ჯაბა იოსელიანის წყალობით) პარტნიორები ვეფხვაძე და სვანაძე იყვნენ. ერთ-ერთი ფინანსური ოპერაციის შემდეგ ამ ვერსიის თანახმად აფაქიძემ პარტნიორებს დიდი რაოდენობის თანხა დაუმალა, მხედრიონელები თანხის დაბრუნებას ითხოვდნენ, თუმცა ამაოდ. მალე ზუგდიდში მყოფ მხედრიონელებს შიფროგრამა ჩაუვარდათ ხელში - თორნიკე აფაქიძე ზუგდიდის პოლიციის უფროსს, ვინმე ქირიას, სთხოვდა, - მხედრიონელები ჭკუაზე მოიყვანე და გვერდში დაგიდგებიო. შიფროგრამამ ჯაბა იოსელიანამდეც მოაღწია. 1993 წლის 15 სექტემბერს აფაქიძე, ჯაბას დავალებით, "იმელის" შენობაში მიიყვანეს და "ყური აუწიეს", შემდეგ ხაჟომიამ, სვანაძემ და ვეფხვაძემ ის ლისის ტბაზე აიყვანეს, ხეზე მიაბეს და დახვრეტის იმიტაცია მოუწყვეს, მერე გვარიანად სცემეს და 100.000 დოლარის მიტანაც მოსთხოვეს. აფაქიძე მიხვდა, რომ""მხედრიონი" აღარ ხუმრობდა და დასახმარებლად ჯაბას შვილს, კოტია იოსელიანს მიმართა, თუმცა, სოხუმზე განახლებული იერიშების გამო აფაქიძისთვის აღარავის ეცალა. ცოტა ხანში შს მინისტრმა
შოთა კვირაიამ თორნიკე აფაქიძე სამსახურიდან გაათავისუფლა (ამბობენ, ჯაბამ სთხოვაო). 1996 წელს, როდესაც შოთა კვირაიას წინააღმდეგ ტალღა აგორდა (სატელეფონო მოსმენებსა და 5 ახალგაზრდის დახვრეტაში დასდეს ბრალი), აფაქიძე მოულოდნელად ალაპარაკდა და იჩივლა კიდეც - კვირაიამ სამსახურიდან გამათავისუფლაო... მისი გატაცების ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რადგან ვეფხვაძე და სვანაძე ცოცხლები აღარ იყვნენ, ციხეში მალხაზ ხაჟომიას უკრეს თავი ...
1996 წლის 13 ნოემბერს "გუბერნსკის" ციხის უფროსს ხაჟომიამ განცხადებით მიმართა... მან ვეფხვაძე-სვანაძის მკვლელობის ფაქტზე მისცა ჩვენება, რომელმაც თავდაყირა დააყენა ყველა მანამდელი ვერსია.
სტილი დაცულია:""1993 წლის 22 დეკემბერს 9 საათზე წყნეთიდან ჩამოვედი ზაზა ვეფხვაძესთან სახლში, შატბერაშვილის ქუჩაზე. ვსაუბრობდით, რომ უნდა მივსულიყავი ე.წ. აფრიკაში ერთ-ერთ ორგანიზაციაში და იქიდან უნდა წამომეღო სამშენებლო ბლოკი სვანაძის მშენებარე სახლისთვის. გია, ზაზა და თენგიზ ჩანტლაძე მიდიოდნენ მინისტრთა საბჭოში ოთარ ფაცაციასთან ერთად, როგორც საუბრიდან შევიტყვე, უნდა მოეგვარებინათ თამბაქოს ფაბრიკის დირექტორის ვაკანტურ ადგილზე თუ ვინ უნდა დაენიშნათ. ზაზასთან მოსული ვიყავი ჩემი "ვაზ 21-21" მარკის ავტომანქანით. როდესაც მანქანა დავაყენე, იქვე იდგა"06 მარკის ავტომანქანა, ვის ეკუთვნოდა არ ვიცი, ხოლო მის უკან - ზაზას მანქანა. ჩემი მისვლიდან 15-20 წუთის ვეფხვაძის ბინიდან ოთხივე (ვეფხვაძე, სვანაძე, ჩანტლაძე და ხაჟომია. - ავტ.) ერთად გამოვედით, მე მივედი მანქანასთან და დავიწყე მოძრაობა შატბერაშვილის ქუჩის მიმართულებით, სადაც უნდა მომებრუნებინა მანქანა და უკან გავყოლოდი სვანაძის მანქანას, გიამ, მახსოვს, ადგილზე დაიწყო მანქანის მობრუნება და როცა გავედი 20-30 მეტრ მანძილზე, შემომესმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ხმა, სროლა მიმდინარეობდა რამდენიმე წამი და ისროდა რამდენიმე ავტომატი. როდესაც მოვტრიალდი და დავინახე, რომ სვანაძის მანქანა ნახევრად ამობრუნებული იყო და მის წინ იდგა სამი პიროვნება, რომლებსაც ავტომატები ეჭირათ ხელში. სამი პიროვნებიდან ერთი იყო მაღალი, სუსტი, ეცვა შავი ფერის ტანსაცმელი, მეორე იყო საშუალო ტანის, ხოლო მესამეს ეცვა ჯინსის კურტკა და მუქი ფერის შარვალი. ისინი ჩემკენ მობრუნდნენ, რა დროსაც მე ისინი ვიცანი... სამივემ ჩამოუშვეს ავტომატები და ნელი ნაბიჯით ჩაუყვნენ შატბერაშვილის ქუჩას, სადაც ელოდებოდათ თეთრი ფერის 09"მარკის ავტომანქანა, ისინი ჩასხდნენ და გაემართნენ მრგვალი ბაღის მიმართულებით. როდესაც შევნიშნე, რომ მკვლელები თვალს მიეფარნენ, გავაჩერე ავტომანქანა და მივედი სვანაძის მანქანასთან, საიდანაც გადმოვიყვანე ბიჭები, რომლებიც ფაქტობრივად მკვდრები იყვნენ. ზაზა ჩავისვი მანქანაში და მივიყვანე მე-9 საავადმყოფოში, იქვე გარდაიცვალა."
მალხაზ ხაჟომიას ჩვენება იმით იყო გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი, რომ მან ერთადერთმა დაასახელა მკვლელების გვარები; მაგრამ მართალს ამბობდა თუ არა, გამოძიებამ ვერ დაადგინა, რადგან ხაჟომია ჩვენების მიცემიდან რამდენიმე დღეში ციხეში მოკლეს(?!). მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვეფხვაძეს და სვანაძეს კონფლიქტი ჰქონდათ "მხედრიონის" ერთ-ერთ განშტოებასთან. მიზეზი კი, თუ სანდო წყაროებს დავუჯერებთ, თამბაქოს ფაბრიკა""ქართლის" დირექტორის სავარძელი გახდა, რომელიც ვეფხვაძეს და სვანაძეს ვინმე კოზმავასთვის უნდოდათ, ხოლო დაპირისპირებულ მხარეს სულ სხვა კანდიდატურა ჰყავდა. ითქვა, მხარეები მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა, მოლაპარაკება ურთიერთმუქარით დასრულდაო.
თენგიზ ჩანტლაძე შემთხვევითი მსხვერპლი აღმოჩნდა - ვინმე ლობჟანიძესთან კონფლიქტის გამო გია სვანაძესთან შუამავლობის სათხოვნელად იყო მისული.
საინტერესოა, რომ ზაზა ვეფხვაძის და გია სვანაძის მკვლელობას კიდევ ერთი თვითმხილველი ჰყავდა, კახა ლელაძე, იგივე "მუსტაფა" (ის შემთხვევის დროს აივანზე სიგარეტს ეწეოდა), რომელიც მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1994 წლის აპრილში, საკუთარ სახლში მოკლეს. მასთან ერთად დახოცეს ზვიად საღინაძე, პაატა მომცემლიძე და გიო წერეთელი. ჭორებს თუ დავუჯერებთ, მკვლელი მათივე ახლობელი იყო...
მოგვიანებით ზაზა ვეფხვაძის და გია სვანაძის წილებს ბიზნესში დაპირისპირებული მხარე დაეპატრონა...
შატბერაშვილის ქუჩაზე მომხდარი ყველაზე გახმაურებული მკვლელობიდან 21 წელი გავიდა...
(წყარო: kvirispalitra.ge, ნინო ბურჭულაძე)