მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, საბჭოთა ფეხბურთელთა უმეტესობა საბრძოლველად გაეშურა. მათი საკმაოდ დიდი ნაწილი გერმანელთა ტყვეობაში აღმოჩნდა. როდესაც გერმანელები უკრაინაში შევიდნენ და ფაშისტურმა მოძრაობამ ფესვები გაიდგა, ფიურერმა უკრაინაში ფეხბურთის განახლების ბრძანება გასცა. ეს ერთგვარი პიარ-კამპანია იმას ემსახურებოდა, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ ის „აყვავების გზა", რომელზეც ფაშისტური უკრაინა იდგა. შეიქმნა გუნდი „Старт", რომელიც ძირითადად ტყვეობიდან გათავისუფლებული კიევის „დინამოს" ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. აღსანიშნავია, რომ „Старт"-ში „ლოკომოტივის" ყოფილი ფეხბურთელებიც ასპარეზობდნენ.
ტყვეობიდან გათავისუფლებული საბჭოთა ფეხბურთელები პურის ქარხანაში დაასაქმეს, სადაც ისინი ჯოჯოხეთურ პირობებში შრომობდნენ. აღსანიშნავია, რომ მათ მატჩის დღესაც კი არ ჰქონდათ დასვენების უფლება და სამუშაოდან პირდაპირ მოედანზე დაღლილ-დაქანცულებს უხდებოდათ გასვლა.
„Старт"-მა 8 შეხვედრა ჩაატარა და რვავეში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. 6 აგვისტოს „Старт" გერმანულ „Flakelf "-ს დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით - 5:1 სძლია.
3 დღის შემდეგ, გუნდები ერთმანეთს მატჩ-რევანშში დაუპირისპირდნენ. „Flakelf" გაძლიერებული შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე, „Старт"-ის ერთ-ერთი ლიდერი კი, მატჩის წინა დღეს გაუგებარ ვითარებაში მოკლეს. შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან გამარჯვებულის ვინაობა ერის სიძლიერეზე მეტყველებდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. გერმანელები 2:0 იგებდნენ, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს, კიეველებმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს - 2:1. შესვენებაზე, „Старт"-ის გასახდელში გერმანელი სამხედრო პირი შევიდა და მხოლოდ ერთი წინადადება თქვა: „Flakelf"-მა ამ მატჩში უნდა გაიმარჯვოს", შემდგომ იმავე პირმა გერმანელთა გასახდელს მიაშურა და ფეხბურთელებს ნებისმიერ ფასად გამარჯვება მოსთხოვა.
მატჩის მეორე ნახევარიც დაძაბულ დაპირისპირებაში წარიმართა. კიეველები გაცილებით თავდადებით იბრძოდნენ და ანგარიში გაათანაბრეს - 2:2. „Flakelf"-ის ფეხბურთელებმა მალე მოახერხეს მატჩში უკანასკნელად წინ გასვლა - 3:2, რის შემდეგაც 3 უპასუხო გოლი გაუშვეს და 3:5 დამარცხდნენ. კიეველები წარსულშიც (როგორც დღეს) ლუჯ-თეთრ ფერებში ასპარეზობდნენ, თუმცა კონკრეტულ შეხვედრაში, მათ წითელი ფერის ფორმები ეცვათ. ამის მიუხედავად, სტადიონზე შეკრებილი უკრაინელი გულშემატკივარი მეორე ტაიმის მიწურულს „დინამოს" სკანდირებდა. ეს მარცხი სამარცხვინო გამოდგა ფაშისტური სამყაროსთვის, კიეველი ფეხბურთელებისთვის კი - საბედისწერო.
16 აგვისტოს, „Старт"-მა უკანასკნელი შეხვედრა „რუხის" წინააღმდეგ გამართა. აღნიშნულ დაპირისპირებაში კიეველებმა მეტოქეს 8:0 სძლიეს. ეს მატჩი „Старт"-ის მოთამაშეთათვის უკანასკნელი აღმოჩნდა.
ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, კიევის „დინამოს" ყველა ფეხბურთელი, რომელიც „Старт"-ის რიგებში „Flakelf"-ის წინააღმდეგ თამაშობდა, დააპატიმრეს და შემდეგ დახვრიტეს. მათი დაპატიმრების ოფიციალური მიზეზი უცნობია, გერმანელებმა ხმები გაავრცელეს, რომ თითქოს მათ ქარხნიდან პური მოიპარეს. „Старт"-სა და „Flakelf"-ის განმეორებითი დაპირისპირება ისტორიაში „Матч смерти"-ის („სიკვდილის მატჩი") სახელით შევიდა.
ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს აწმყოს და გარკვეული პარალელები გავავლოთ საბჭოური ფეხბურთის წარსულთან. გუშინ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონთან ორი გოლით დამარცხება არც ისე კატასტროფულად ჟღერს და გაცილებით უარესი შედეგიც შეიძლებოდა გვენახა, მაგრამ უკეთესიც ხომ შეიძლებოდა?!
უკვე რამდენიმე დღეა მესმის ფრაზები „ეს ხომ გერმანიაა, მსოფლიო ჩემპიონი..." ფეხბურთი იმითაა მომხიბვლელი, რომ აქ დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს. რაღაც არა მგონია, ნოდარ ახალკაცს იგივე ერთქვა ჩვენი ლეგენდარული „დინამოელებისთვის" „ლივერპულის", „ვესტ ჰემის", „კარლ ცაისის" და სხვათა წინააღმდეგ დაპირისპირებების წინ.
სწორედ ამის გააზრება და საკუთარი თავის რწმენა აკლიათ ქართველ ფეხბურთელებს. კახა ცხადაძემაცაღნიშნა, რომ ჩვენი მოთამაშეები სტანდარტულის გამომუშავებისთვის მიდიან ბურთთან და არა გოლის გასატანად. უბრალოდ, სწორი სათამაშო ტაქტიკა უნდა აირჩიო და თავდაუზოგავად იბრძოლო. პირადად მე, გუშინდელ მატჩში ჯაბა კანკავასა და გიორგი ნავალოვსკის გამოვარჩევდი, რომლებიც სათანადო სულისკვეთებით იბრძოდნენ ბურთისთვის 90 წუთის მანძილზე. ვერც ისინი დაიკვეხნიან ძლიერი ფიზიკური მომზადებით, თუმცა თავდადებულმა თამაშმა მაინც თავისი ქნა და მოედანზე მათი ვერშემჩნევა შეუძლებელი იყო.
აღსანიშნავია ლაშა დვალის ბრწყინვალე სანაკრებო დებიუტიც, რომელსაც საწყის წუთებზე მოუწია შეცვლაზე შესვლა. ამ ბიჭის შემხედვარე ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ ქართულ ფეხბურთს საკმაოდ ნათელი მომავალი აქვს, თუ სწორად ვიმუშავებთ!
კოლექტიური თამაშის არცოდნის გარდა, ჩვენს ფეხბურთელებს აშკარად ეტყობათ, რომ ფიზიკური მომზადების მხრივ საგრძნობლად მოვიკოჭლებთ. ეროვნულ ნაკრებში 2-3 ფეხბურთელი თუა, რომელსაც ორი ტაიმის მანძილზე სირბილი და თამაში შეუძლია. მეტ-ნაკლებად გამოირჩეოდა დაცვის ცენტრი, რომელიც შეუპოვრად ეფარებოდა მეტოქის ყუმბარისებულ დარტყმებს.
პირადად ჩემი აზრით, უკანასკნელ ორ შეხვედრაში, გუნდის უსუსტესი რგოლები მარჯვენა ფლანგი და ბურთის ამომტანი საყრდენია. მარჯვენა ფლანგზე ლობჟანიძისა და კობახიძის უსუსურობა როგორც დაცვით, ასევე შეტევით მომენტებში კარგად ჩანდა. რაც შეეხება მახარაძეს, პირადად მე ამ ფეხბურთელში ვერ ვამჩნევ იმ დადებით თვისებებს, რასაც მისგან გვპირდებოდნენ. ჯერ კიდევ მალტასთან დაპირისპირებისას ჩანდა, რაოდენ ცუდი ორიენტირება აქვს მას და მოედნის ვერხედვასთან ერთად, პასსაც არაზუსტად აკეთებს. გუშინდელ მატჩში მისმა უმოქმედობამ კულმინაციას მიაღწია.
რაც შეეხება შეტევით პოტენციალს, გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მჭედლიძისგან ქართველი ერი „ტარანის" ტიპის ფორვარდობას მოითხოვს და ელიან, რომ იგი ბურთს მოედნის ცენტრში მიიღებს, ორ მცველს მოატყუებს და გოლს გაიტანს. ეს ხომ ფანტასტიკის სფეროა?! ამ ფეხბურთელს გააჩნია სხვა თვისებები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ - პოზიციური თამაში, მეორე სართულზე თამაში და ა.შ.
ხშირად მესმის, ვითამაშოთ შემტევი ფეხბურთი და დაე 0:7 დავმარცხდეთ. ანტიფეხბურთის თამაშით მოგებას ფეხბურთის თამაშით წაგება სჯობსო. ვინ და როდის დაადგინა, რომ დაცვითი ფეხბურთი ანტიფეხბურთია? თანამედროვე ფეხბურთში ხომ სწორედ დაცვითი ფეხბურთითა და „ავტობუსების" ჩადგმით აღწევენ წარმატებებს სუსტი გუნდები მათზე ძლიერ მეტოქეებთან?!
ქართველებს უკიდურესობებში გადავარდნა გვჩვევია, თემურ ქეცბაიას მინუსი საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობისას ის იყო, რომ ძლიერ და სუსტ მეტოქესთან, ყველგან „ავტობუსს" დგამდა დაცვის ხაზში, ეს კი ხან ამართლებს და ხან ვერა. სუსტ მეტოქესთან კი, შემტევი თვისებების გამოყენების საშუალებას ფეხბურთელებს არ აძლევდა.
ახლა შთაბეჭდილება მრჩება, რომ კახა ცხადაძე მეორე უკიდურესობაში ვარდება და გუნდს გახსნილი ფეხბურთის თამაშს ნებისმიერ მეტოქესთან მოუწოდებს. იგი იმ „ანტიფეხბურთის" მომხრეა, რასაც ქეცბაია ავალებდა ფეხბურთელებს, თუმცა გადავხედოთ ამ უკანასკნელის მიღწევებს ძლიერ მეტოქეებთან. სწორედ ამ „ავტობუსის" კარგად ჩადგმისთვის უწოდეს გასულ სეზონში საქართველოს ნაკრებს „კერკეტი კაკალი".
ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი რამ არის გამოსასწორებელი ქართულ ფეხბურთში როგორც საკლუბო დონეზე, ისე სანაკრებოზე. ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა უნდა დაუბრუნდეთ და მეტი მუშაობა მართებთ. იმის მტკიცება კი, რომ მთავარი თამაშის ხარისხია და არა შედეგი, ბევრს ვერაფერს მოგვიტანს, თანაც მაშინ, როცა არც ხარისხია დამაკმაყოფილებელი.