მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივი პროექტის - „რეპორტიორის თვალით..." სტუმარია პიარტექნოლოგი, პროფესორი ლალი მოროშკინა:
- თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყველა დროში არის საინტერესო და არ კარგავს აქტუალობას. როგორ ახერხებთ?
- დროს მივყვები. რთულია, რადგან დგება ხოლმე მომენტები, როცა ვფიქრობ, ხომ არ ჯობს, დავისვენო? უფრო ყურადღებით მოვეკიდო ოჯახს, მოვეკიდო ისეთ საქმიანობას, რასაც უფრო ქალური ჰქვია, სადღაც წავიდე, დავისვენო... მაგრამ მერე ვხვდებო, რომ ჯერ არ არის ამის დრო და გასაკეთებელი ბევრია. ძალიან ხშირად მეუფლება შეგრძნება, რომელიც მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ მართალი იყო. ზურგის ტვინით ვგრძნობ ხოლმე, რა მომენტში რა უნდა გავაკეთო და დრო რომ გადის, მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ მე მართალი ვიყავი მაშინაც, როცა ვიბრძოდი, მაშინაც, როცა რაღაცას ვაშენებდი, როცა რაღაცას ვანგრევდი. ის გზა, რომელიც მე გამოვიარე, საკმაოდ დახუნძლული იყო საინტერესო ფაქტებით და ვფიქრობ, გასავლელი კიდევ ბევრია.
- გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა, იმ პერიოდშიც ასეთივე აქტიური იყავით?
- მუდმივად აქტიური ვიყავი და როცა ჩემს დროს მიღებული იყო, რომ გოგონას უნდა ეარა ცეკვაზე, მე ამ დროს ჩუმად ფარიკაობაზე დავდიოდი, რადგან შინაგანად ვფიქრობდი, რომ უნდა ვყოფილვიყავი მუდმივად მზად ბრძოლისთვის. ბავშვობაში მუდმივად ყველაფრის თავი ვიყავი.
- სკოლა როგორ გახსენდებათ?
- ვინაიდან რუსული გვარი მაქვს, მუდმივად გაისმოდა შეკითხვა - რა უნდა ამ გოგონას ქართულ სკოლაში?! მახსოვს, როგორ მტკიოდა ეს ყველაფერი, როგორ განვიცდიდი... მერე, მთელი ცხოვრება ვამტკიცებდი, რომ მეც ქართველი ვარ, ისეთივე ჩვეულებრივი, როგორიც სხვა დანარჩენი ბავშვები და როცა მეკითხებოდნენ, ვინ არის რუსი? მე ვპასუხობდი - დედა, მაშინ, როცა დედა არის ყარყარაშვილი, სხვათაშორის, დედაჩემი და გია ყარყარაშვილი ბიძაშვილები არიან. დედა გაიზარდა სოჭში და რუსულენოვანია, შესაბამისად, ასეთი არეულობა - კარგი გაგებით - იყო ჩვენს ოჯახში...
მუდმივად მინდოდა, რაღაც მქონოდა ქართული და მოვახერხე, ორი წლის წინ პაწაწინა მიწის ნაკვეთი მეყიდა მცხეთასთან ახლოს, ძეგვში და ვფიქრობ, იქ უნდა შევხვდე ჩემს სიბერეს. თუ მოვახერხე, პატარ-პატარა მიწის ნაკვეთები მქონდეს გურიაში, სამეგრელოში. ვინაიდან მეუღლე მყავს სვანი - უკვე არის სვანეთში... მე ეს მიწა-წყალი მჭირდება. მე ენერგეტიკულად აქ ვგრძნობ თავს კარგად.
- საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო თქვენი სკოლელი...
- ჩვენ ვმეგობრობდით, საერთო წრე გვყავდა. ის მუდმივი წნეხის ქვეშ იყო კლასელებისგან... სკოლაში ძალიან ადვილია, მოახდინო ლუსტრაცია თანაკლასელებში - მაგალითად - ფეხბურთია, ყველა თამაშობს ერთის გარდა, იმიტომ, რომ არ დაისვაროს... ბიჭები მიდიან საჩხუბრად და ერთი რჩება, კლასი მიდის შატალოზე და ერთი რჩება... ასეთ რამეს სკოლა არ გპატიობს და შესაბამისად, მიშა მუდმივად იყო ნაცემი. მე გულით მეცოდებოდა, არ შეიძლება, ადამიანს ასე მოექცე. წლები გადის და სულ მინდა ვუთხრა ყველა სკოლის პედაგოგს - თუ ასეთ სცენას უყურებენ, დაუყოვნებლივ გაანეიტრალონ. სააკაშვილი ჩამოყალიბდა ამ ბოღმით და პირველი, რაც გააკეთა, ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში, სადაც დაწია დანაშაულის ასაკი. ის ასაკი, რაც მას ყველაზე მწარედ ახსენდება - 13-15 წლის ასაკი, ამ ასაკის ყმაწვილებზე იყარა ჯავრი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ზრდასრული იყო. ის პრეზიდენტად ამ ბავშვური ფობიებით შეპყრობილი მოვიდა. მას ჩამოუყალიბდა ასეთი ფსიქოლოგია და ამიტომ მივიღეთ ასეთი მიშა. სააკაშვილმა დაიჭირა პრაქტიკულად, მთელი კლასი, მათგან ძალიან ბევრი ცოცხალიც არ არის, მათ შორის ჩემი ყოფილი მეუღლეც. მან შური იძია.
- ადამიანებს ბავშვობაში მიღებული დარიგებები გვამახსოვრდება მთელი ცხოვრება, რომელსაც სულ ვითვალისწინებთ. რა გახსენდებათ ასეთად?
- ცუდი რამ უნდა ვთქვა. მეც ისეთივე დარიგებებს ვიღებდი, როგორსაც ყველა გოგონა იღებდა მოსიყვარულე ოჯახისგან - დაუთმე გზა სხვა ადამანებს, არ არის აუცილებელი პირველობა, უფრო მნიშვნელოვანია ოჯახი... მე ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ ვცურავდი. ამას დედაჩემი ცოტა ადრე მიხვდა და სადღაც 13 წლის ასაკში მითხრა - შეგიძლია, მოწიო სიგარეტი. რადგან ამის ნება დამრთეს, სიგარეტი ჩემთვის დღემდე მიუღებელია. რომ ეთქვათ, არ მოწიო - აუცილებლად მოვწევდი. მე ყოველთვის ყველაფერს უკუღმა ვაკეთებდი. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, ვყოფილვიყავი პირველი, მე ამეღო საკუთარ თავზე დიდი პასუხისგებლობები... კარგია ოჯახი, მე მათზე ძვირფასი არავინ მყავს, მაგრამ ჩემი მთავარი ლოზუნგია - იმ შვილებსაც სჭირდები ახალგაზრდა, ლამაზი, მარტერიალურად შეძლებული, წელში გამართული... მაშინაა შენს გვერდით ყველა კარგად. შესაძლოა, მე ვიტვირთე მამაკაცის ფუნქციაც, მაგრამ ეს მიმაჩნია სწორად. არასდროს წამიყვანია შვილები სადმე დასასვენებლად ერთი თვე, ეს რომ გამეკეთებინა, ალბათ სადმე ჩამომხრჩვალს მიპოვიდნენ, იმიტომ რომ ერთი თვე ჩემთვის უმოქმედობა სიკვდილის ტოლფასია, მაგრამ ამას დედაჩემი აკეთებდა. ზრუნავდა ჩვენზე, მაგრამ მე სხვანაირად ვზრუნავ ჩემს შვილებზე. ჩემს შვილებს ვატარებ ჩემს პიარის მასტერკლასებზე... ვასწავლი, რომ ცხოვრებაში უნდა ჰქონდეთ დამალული იარაღი, რომლითაც აირიდებენ დარტყმას.. არ შეიძლება მიჰყვე დინებას. არ უნდა იყო ნაცრისფერი. ჩემთვის შუალედური ფერები არ არსებობენ. მე ან კარგად ვარ, ან ცუდად. მე არასდროს გიპასუხებთ კითხვაზე - როგორ ხარ? - ისე რა. მე ან ძალიან კარგად ვარ და თუ არ ვლაპარაკობ - ე.ი. ცუდად ვარ. ასე რომ, ბავშვობაში მიღებული რჩევები მე არ გავითვალისწინე.
-როგორ შეარჩიეთ პროფესია?
- ჩემი თაობის ჟურნალისტებს, ყველას, ფილოლოგიური გვაქვს დამთავრებული, ამან განაპირობა ჩემი კარგი წერა-კითხვა. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაშინ ყალიბდებოდა. ტელევიზიასთან შეხება 8 წლიდან მქონდა. მოგვიანებით აღმოვჩნდით ტელევიზიაში, რისთვისაც მამუკა არეშიძეს არ შემიძლია არ გადავუხადო მადლობა. ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული. მამუკა არეშიძემ ამირჩია „ქვიშის საათის" წამყვანად. მაშინ იყო მცდელობა, ახალი სიტყვა გვეთქვა ჟურნალისტიკაში. ხშირად ისეთ რამეს ვამბობდით ეთერში, რისთვისაც მამუკა არეშიძეს ზემოდან თითს უქნევდნენ, მაგრამ ის ამბობდა - რა ვქნა, პატარები არიან. იმ თაობის ჟურნალისტები, დღეს ყველა ცნობადი სახეები არიან.
მე შეყვარებული ვარ ჩემს პროფესიაზე, ღამე მეღვიძება და სიუჟეტებს ვალაგებ თავში. მთელ ჩემს ცხოვრებას ვალაგებ სიუჟეტურად. ის, რომ ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ვარ, მიადვილებს ცხოვრებას, ეს მაძლევს საშუალებას, შევალამაზო, როგორც მე მინდა და დავბურო ის, რაც ნაკლებად დადებითია. ყველას ცხოვრებაშია რაღაც ნაკლი, არავინაა იდეალური. მე საერთოდაც არ მიყვარს იდეალური ხალხი.
-თქვენი და ედუარდ შევარდნაძის ურთიერთობიდან რა გახსენდებათ?
- ესეც იმ ბედნიერ ქვაკუთხედშია, რასაც ჰქვია საინტერესო ხალხთან ურთიერთობა. ჩვენ ვიყავით ძალიან დიდი მეგობრები და გეტყვით, საიდან დაიწყო ეს მეგობრობა. ბატონი ედუარდი უყურებდა საინფორმაციო გამოშვებას, სადაც ერთ სიუჟეტში მე ახალქალაქში ადგილობრივ სომხებთან ერთად ვაპროტესტებდი იმას, რომ იქ ნაკლებად ასწავლიან ქართულს, ყველა აბრა არის რუსულად... ეს ადამიანები ვერ გრძნობენ, რომ საქართველოში ცხოვრობენ. ფოკის მონასტერთან მივიყვანე სომხების დელეგაცია. ამ დროს დარეკეს და მითხრეს, რომ დაბარებული ვარ კანცელარიაში. თავიდან ჩემი მეგობრების ხუმრობა მეგონა და მერე, როცა მივედი ბატონ ედუარდთან, მისი პირველი კითხვა იყო - რატომ შემჭამე, რატომ შემაწუხე? სადაც გადავრთავ ტელევიზორს, ყველაგან შენ ხარო... ავუხსენი, რაც მინდოდა. მან მითხრა - მე ვიცი, შენ რა გინდა და რაც უნდა აკეთოო და გამაფრთხილა, რომ დამირეკავდა 5 დღეში და მომიჩენდა ჩემს ადგილს. ზუსტად 5 დღეში დამიბარა და დამნიშნა მინისტრის მოადგილედ კონფლიქტებში და პირადად მე ჩამაბარა ცხინვალის კურირება. ეს იყო წარმოუდგენელი ამბავი, მეგონა, მესიზმრებოდა. შემდეგი ორი კვირა ჩავიკეტე და ვსწავლობდი ისტორიას ორივე მხარის დაწერილს, როგორც აფხაზური, ასევე ოსური მხარის, ასევე ჩვენს მიერ დაწერილს და და აღმოვაჩინე, რომ დიდი განსხვავებები იყო. მერე ვეძებდი ოქროს შუალედებს ისტორიებს შორის. მე ვფიქრობ, ის პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო კონფლიქტების მოგვარების კუთხით. ჩვენ ავამუშავეთ სამშვიდობო გეგმა - რითაც ხაზი გავუსვით, რომ ჩვენ მარტო ტერიტორიები კი არ გვაქვს დასაბრუნებელი, არამედ ჯერ ადამიანები უნდა დავიბრუბოთ და ჩვენ ამას მივაღწიეთ და ისტორია იტყვის, რომ კონფლიქტების მოგვარების კუთხით ყველაზე წარმატებული ეს დრო იყო.
- თქვენი შესაძლებლობების რეალიზება რამდენად შეძელით?
- 10-ქულიანი სისტემით, 8 ქულას მივცემდთ. დროში ვერ მოვასწარით, სააკაშვილმა და მისმა მილიტარისტულმა გეგმამ მოგვისწრო. მე ვიყავი პირველი, რომელსაც სააკაშვილმა შესთავაზა მინისტრობა, მაგრამ არ დავეთანხმე.
- რა გეგმა იყო?
- არასამშვიდობო გეგმა იყო და ეს განახორციელა 2004 წელს, როცა პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ოსურ მხარეს და ოსური მხარის დაბომბვა დაიწყო. მაშინ ლოკალიზდა ეს შემთხვევა და ბევრმა ვერ გაიგო. რა მოხდა 2004 წელს? მოხდა ქართველების მხრიდან შეტევა ოსურ მხარეზე, მაგრამ დაისაჯნენ ისევ ქართველები, რომლებიც დააჩოქა ოსურმა მხარემ, და ქართველ მშობლებს შემოუთვალა, თუ თქვენ ჩამოხვალთ, მაშინ გაგატანთო. იყო დიდი ღალატი, პირველი ღალატი იყო - როცა ოსების წინააღმდეგ მოხდა გალაშქრება და მეორე, როცა ჩვენს ჯარისკაცებს სამხედრო ვაზნების ნაცვლად ხელში აღმოაჩნდათ ქაღალდში გახვეული რიყის ქვები. მე მაშინ იქ ვიყავი, როგორც ადამიანი, ვხვდებოდი ჩვენს ჯარისკაცებს და ვხედავდი, როგორ სჯიდნენ მათ მაღალი სამთავრობო პირები, როგორ სცემდნენ და როგორ უხდიდნენ 10-10 ათას ლარს მშობლებს, რომ არ ეთქვათ, როგორ დაეღუპათ შვილები ამ ბრძოლაში. ეს ისტორია რომ არ გახმაურებულიყო. მაშინ ინტერნეტი და სოციალური ქსელი არ იყო ასე აქტუალური და ეს ამბავი ჩაიფარცხა, მაგრამ მოვა დრო და ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებთ.
-პენიტენციარულ სისტემაში გაქვთ გაკეთებული არაერთი რამ...
- ჯერ კიდევ 1 ოქტომბრის არჩევნებამდე, მარტო, პირისპირ აღმოვჩნდი ანთებულ ციხესთან. ეს იყო 4200 ადამიანის ბუნტი. ისინი აბუნტდნენ იმ კადრების გამო, რომელიც 1 ოქტომბრამდე გავრცელდა. მათი რეაქცია გამწვავდა მაშინ, როცა აჩვენეს, ბავშვები რა წნეხს განიცდიდნენ. მახსოვს, ამ დროს ერთიანად აინთო გლდანის ციხე. ეს იყო გარდამავალი პერიოდი და ამ დროს ციხის თანამშრომლები ძირითადად იყვნენ ანტიტერორისტული სამსახურიდან და მაშინ მე, რომელიც გარე ტერიტორიაზე ვშიმშილობდი, უცებ აღმოვჩნდი შიდა ტერიტორიაზე, წამავლეს ხელი, შემიყვანეს და მითხრეს - ჩვენ გაძლევთ 10 წუთს - 10 წუთის მერე ჩვენ შტურმით ავიღებთ ციხეს. ეს 10 წუთი გაგრძელდა მთელი ცხოვრება... მე სულ ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრება გაიყო ორ ნაწილად - გლდანის ციხის საზარელი სცენა, როცა ილეწებოდა ფანჯრები და სადაც იყო გისოსები უნდა გადმოვარდნილიყო და მე პირისპირ აღმოვჩნდებოდი ამდენ ადამიანთან. ალბათ მაშინ ჩვენ გადავრჩით მარტო იმიტომ, რომ მე ვიყავი ავტორი წიგნისა - „გისოსებს მიღმა საქართველოა"... რომელიც აკრძალული იყო ციხეებში და მე დავიწყე ყვირილი - ბიჭებო, მე ლალი ვარ მოროშკინა, მე დავწერე წიგნი „გისოსებს მიღმა საქართველოა", მე ვიცი, თქვენ რა გაწუხებთ და რა გტკივათ... ახლა მარტო „ნაციონალებს" აწყობთ თქვენი ბუნტი, რადგან კანონი აძლევთ საშუალებას, რომ ცეცხლი გახსნან. და მე დავინახე, რომ ნელ-ნელა სარკმელში სანთელი დაინთო და დღემდე ვერ ვლაპარაკობ ამაზე წყნარად. ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მუშაობა გააგრძელეთ პენიტენციარულ სისტემაში...
- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სოზარ სუბარისგან მივიღე შემოთავაზება, რომ მუშაობა დამეწყო მის მრჩევლად და უკვე ადგილზე მისულმა აღმოვაჩინე, რომ გაცილებით ძლიერია დეპარტამენტი, სადაც ხდება კონტაქტი ციხეებთან და მე ავირჩიე დეპარტამენტში მუშაობა. რაც იყო ძალიან რთული, თითოეულ საკანში შესვლა, თითოეული ისტორიის მოსმენა, დაოქმება იყო საოცრად რთული. მე ვესწრებოდი პრაქტიკულად ყველა ოპერაციას, იმიტომ, რომ ძალიან შეშინებულები იყვნენ მსჯავრდებულები. ჰქონდათ შიშები, რომ წამლის ნაცვლად გაუკეთებდნენ შხამს... მათ წლობით ტანჯავდნენ... როცა თავი სტკიოდათ და წამალს ითხოვდნენ, მათ ამ თავში ურტყამდნენ და როცა ექიმს უძახდნენ, ექიმის ნაცვლად ჯალათი შედიოდა. მე, სამწუხაროდ, პირველი ვიყავი, რომელიც ბავშვებთან შევიდა და მე პირველმა მოვისმინე საზარელი ისტორიები. მე მიხარია, რომ დღეს არც ერთი მათგანი არ არის სისტემაში. ბევრმა დატოვა საქართველო, რომ თავის წარსულს არ შეხვდეს არასდროს. მე ამას არასდროს არავის არ ვაპატიებ, არც ერთ ზონდერს, რომელმაც ხელი ასწია არასრულწლოვანზე, მე უბრალოდ არ ვაპატიებ და ჩემი პირადი მტერი იქნება ცხოვრების ბოლომდე. მადლობა ღმერთს, რომ 1 ოქტომბერი დადგა საქართველოს ისტორიაში. ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს, მაგრამ რომ არა ბიძინა ივანიშვილი - ეს დღე არ დადგებოდა.
პენიტენციარული სისტემა თავისთავად ურთულესია, ხარ მუდმივ ზღვარზე. ბასრ დანასავითაა, ერთი არასწორი ნაბიჯი და შესაძლოა, გამოგასალმონ სიცოცხლეს, იმიტომ რომ შენ გაქვს საქმე სამუდამო პატიმრებთან, რთულ კატეგორიასთან, რომლებიც არ მოდიოდნენ ყველასთან მოლაპარაკებაზე, მე მათთან შევდიოდი და გამოვდიოდი რეზულტატით.
მერე მოხდა წყვეტა და ის, რასაც მე ვაპროტესტებდი, 9 წელი ვებრძოდი, ისინი, ვინც ჩვენ გვირტყამდა 15 ივნისს, 26 მაისს, 7 ნოემბერს, აღმოჩნდნენ თანამდებობებზე. მე ამოვიცანი ადამიანი, რომელიც მე მირტყამდა აქციაზე და ის გახდა ჩემი უშუალო უფროსი. მე მახსოვს იური ვაზაგაშვილის ზარი - „ლალი, შენ მუშაობ ჯალათებთან, აირჩიე შენი გზა, ან შენ დააფასებ სავარძელს, ან ჩვენს გვერდით დადგები". მე მახსოვს „რეპორტიორის" პრესკლუბი, როცა ჩვენ, ია მეტრეველთან ერთად პრესკონფერენცია ჩავატარეთ და ეს ადამიანები ვამხილეთ. ამის მერე მომიწია სისტემიდან წამოსვლა, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რადგან სიამრთლე ჩემს მხარეს იდგა. გავიდა ერთი წელი და ამ ადამიანებმა დატოვეს საკმაოდ საპასუხისგებლო თანამდებობები.
ჩემი კრედოა ასეთი - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. შესაძლოა საკუთარმა თანაგუნდელებმა გითხრან - რა გინდა ახლა, სამსახური გაქვს, თბილი სავარძელი, მანქანა გემსახურება... ხომ შეიძლება, ახლა მაინც გაჩუმდე... მაგრამ არ ვჩუმდები, იმიტომ, რომ სიმართლე ჩემს მხარესაა.
-პატიმრების ნდობის მოპოვება არ არის მარტივი...
- არ შეიძლება იყო არსაიდან და მიხვიდე მათთან. ეს ურთიერთობები დაიწყო 2001 წელს ცხინვალის ციხით და გაგრძელდა. წლების განმავლობაში მათგან ვიღებდი წერილებს, წლების განმავლობაში მათი უფლებებისთვის ვიბრძოდი, ბუნტის დროს ვიდექი ორთაჭალის ციხესთან... არ არსებობდა ფაქტი, როცა მე მათ გვერდით არ ვმდგარვარ და მე მათ უფლებებს არ ვიცავდი. მქონდა მათთან ურთიერთობა. მარიამობის დღესასწაულზე, წლების განმავლობაში მივდიოდი რუსთავის მე-6 დაწესებულებაში და მიმქონდა ხილი. ვიცოდი პატიმრები, რომლებსაც არავინ ჰყავდათ. როცა ერთ-ერთ ასეთ პატიმარს შევუგზავნე ხილი, უკან დამიბრუნა - ალბათ შეეშალათ, ჩემთან არავინ არაფერს არ მოიტანდაო... მე მას შევუთვალე - ჩათვალე, რომ დედამ მოგიტანა ეს ყველაფერი-თქო... მერე, როცა გამოვიდა, ამბობდა, რომ დედა ჰყავს... ჩემი შვილის ტოლია. ასე მოვიდა ეს ურთიერთობა.
- ჩვენს ქვეყანაში არსებობს მიდგომა, რომ ქალს უნდა ჰქონდეს ან კარგი კარიერა, ან კარგი ოჯახი...
- მე გეტყვით ჩემს ფორმულას. ვიღაცისთვის მიუღებელი იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქალის ბედს ეს რამდენიმე ათწლეული განაპირობებს. მაგალითად - 20 წლის ასაკში გოგონას უნდა ჰყავდეს კარგი მშობლები, რომლებიც მას კარგ განათლებას მისცემენ. კარგი მშობლობა მარტო კარგი ფაფის გაკეთება არ არის. 30 წლის ასაკში ქალს სჭირდება კარგი ქმარი, რომ ჯანსაღი თაობა დაუტოვოს ქვეყანას. სადღაც 30 წლის ასაკში ქალი უნდა გათხოვდეს იმისთვის, რომ ქვეყანას მომავალი თაობა აჩუქოს. 40 წლის ასაკში ქალს უნდა ჰყავდეს გვერდში ძლიერი მამაკაცი. თუ ისე მოხდა, რომ 30 წლის ასაკში ყველაფერი კარგად წავიდა და მის გვერდით ისევ ის მეუღლეა, ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე, ჩემი - მითუმეტეს და შესაძლოა, არ მოხდეს ისე, რომ გათხოვდე, ყველაფერი კარგად აეწყოს... მე არ მიმაჩნია საჭიროდ, ცხოვრება გააგრძელო ისეთ ადამიანთან, რომელთანაც ის მუხტი აღარ არის და დაიკარგა. 50 წელი ძლიერი ქალისთვის არის გადამწყვეტი ასაკი, სადაც მას უნდა ჰქონდეს ძალაუფლება, მატერიალური ძალაუფლება, იმისთვის, რომ მართოს პროცესები. ჩემს ცხოვრებაში ზუსტად ასე მოხდა. 20 წლის ასაკში მე მომცეს კარგი განათლება. 30 წლის ასაკში გავაჩინე შვილები, 40 წლის ასაკში გვერდით მყავს ძალაინ ძლიერი და მოსიყვარულე მეუღლე და მე ზუსტად ვიცი, რომ 50 წლის ასაკში მე მექნება ზუსტად ის, რაც მინდა - ეს იქნება მატერიალური კეთილდღეობა და საბოლოოდ ჩამოყალიბებული ძლიერი ღერძი. დღეს მე ვმუშაობ ძალიან სერიოზულ კომპანიაში, ვარ ბიზნესსექტორში და ზუსტად ამ გზით მივდივარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დღევანდელი მდგომარეობა არის სრული კომფორტი, როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად და ეს არის თეთრი ხელთათმანებით საქმე, მე მზად ვარ, თუ საჭირო იქნება, ჩავიცვა რეზინის ხელთათმანები და ხაოიან საქმეს მოვკიდო ხელი, მაგრამ სამი თვის თავზე ყველას დავანახო რეზულტატი. ასე რომ, მე ბრძოლისთვის ყოველთვის მზად ვარ.
- პოლიტიკური მიმართულებით ხომ არ აპირებთ გააქტიურებას?
- გავაქტიურდები, თუ ამის აუცილებლობა იქნება. ვხედავ რამდენიმე რეგიონს, სადაც შევძლებდი მუშაობას, მათ შორის სამცხე-ჯავახეთს, იმიტომ, რომ ეს რეგიონი უპატრონოდაა მიგდებული. ეს ის რეგიონია, სადაც მე ურთულეს წლებში ლექციებს ვკითხულობდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წლები იყო ჩემს ცხოვრებაში. მე იქ ვიცნობ თითოეულ ოჯახს, ვიცნობ მათ პრობლემებს, მათ აქვთ უპატრონობის შეგრძნება. ეს უნდა დამთავრდეს, ისინი არ უნდა იყვნენ გარიყულები. სამცხე-ჯავახეთი არის საქართველოსთვის სტრატეგიული ადგილი, მაგრამ უპატრონო. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება, ისეთი მოლაპარაკების, რომელიც არ დააკნინებს საქართველოს და ჩვენ ვიქნებით მოლაპარაკების მაგიდასთან ისეთივე სრულუფლებიანი წევრები, როგორც რუსეთის მხარე და მე მაქვს ამბიცია, რომ შევძლებ ამ ურთიერთობის დალაგებას.
- მიიჩნევთ თუ არა თქვენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპს შეცდომად?
- ასეთად არც ერთი ეტაპი არ მიმაჩნია. მიყვარს ჩემს მიერ განვლილი ყველი წუთი, დღე... მიმაჩნია, რომ სწორად ვიარე. მაქვს რაღაც შინაგანი სიხალისე და ბევრ რაღაცას ვუყურებ იუმორით. შესაძლოა, ცოტა მეტი მარგალიტი ვუყარე ღორებს, იმიტომ, რომ რაც უფრო გადის დრო, ვიწროვდება ახლობელი ადამიანების წრე, იმ ადამიანების, რომლებიც პრაქტიკულად ჩემი ოჯახის წევრები არიან.
- ვინ არის ლალი მოროშკინა?
-მებრძოლი, მებრძოლი... არ ვიცი, იყო თუ არა შეცდომა ჩემი ქალად დაბადება, მაგრამ მე მუდმივად მზად ვარ საბრძოლველად. იმდენად მზად ვარ, რომ ამას ფიზიკურად ვგრძნობ. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ბრძოლით გამარჯვება, ვიდრე მორთმეულის აღება.
ინტერვიუს სრული ვიდეოვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე: