ბათუმის პროკურატურაში „ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლების მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის წინააღმდეგ განცხადება შევიდა. 28 ოჯახი, კომპანიას ბაგრატიონის ქუჩაზე , მშენებარე ბინაში შეტანილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და მითვისებაში სდებს ბრალს.
როგორც ერთ-ერთი დაზარალებული მზევინარ გვასალია აცხადებს, მას წასასვლელი არსად აქვს და უმოკლეს ვადაში პროკურატურას საქმის გამოძიებას სთხოვს.
„მთლიანი თანხა მაქვს შეტანილი. პროკურატურას მივმართავთ, გამოიძიონ და დაკითხონ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. ბინა გავყიდე და მთლიანი თანხა შევიტანე. წასასვლელი არსად მაქვს, ვაპირებ ბინის შეტეხვას და შესვლას", - აღნიშნა მზევინარ გვასალიამ.
როგორც დაზარალებულების ადვოკატი რამინ პაპიძე აცხადებს, განცხადება აჭარის მთავარი პროკურორის სახელზე შევიდა. მისივე თქმით, დაზარალებულები „ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლების დაკითხვას კონკრეტულად ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებარე ბინის საკითხზე ითხოვენ.
ბაგრატიონის ქუჩაზე „ცენტრ-პოინტმა" მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 2009 წელს უნდა დასრულებულიყო.