ამ დედადალოცვილებს ის ჩემი უწმაწური შეძახილი მეორე ყურით რომ არ გაეშვათ, იური ვაზაგაშვილიც ცოცხალი იქნებოდა, ეროსი კიწმარიშვილიც და ბესარიონ ხარძიანიც!
ჩვენი საუბარი გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს" მთავარ რედაქტორთან თამაზ წივწივაძესთან გალაკტიონის უკვდავი პალინდრომით დაიწყო, რომელიც წაღმა-უკუღმა ერთნაირად იკითხება.
- „აირევი ივერია!" - ბრძანა გალაკტიონმა... ახლა უკუღმა წავიკითხოთ ეს სტრიქონები და ისევ „აირევი ივერია!" გამოდის... ნუთუ მართლა ბედისწერად გვექცა პოეტის ეს სტრიქონები?
- შენს თანარაიონელ პოეტს ვანიდან, გალაკტიონ ტაბიძეს, არათუ სიფხიზლეში, სიმთვრალეშიც არაფერი ერეოდა! მით უფრო პალინდრომში, სადაც ყველაფერი როგორც წაღმა, ასევე უკუღმაც, ერთნაირად იკითხება! დარწმუნებული ვარ, „ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი" (შემდგომში - გალაკტიონი!) ისეთს არაფერს იტყოდა, თუკი პიტალო ჭეშმარიტება არ იქნებოდა! ჰოდა, რაკი თქვა: „აირევი ივერია", ე.ი. აირევა კიდეც! ოღონდ მე და შენ, დროში უნდა შევთანხმდეთ - „მთაწმინდის მთვარის" ავტორმა სამომავლოდ ივარაუდა, „აირევა"-ო! და აირია კიდეც! აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი სიტუაციის შესაფასებლად ყველა ის ხალხური გამოთქმა უნდა გამოვიყენოთ, რაც კი ამ თემაზე ქართველ ხალხს შეუქმნია! მაგალითად, „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს!.." ან თუნდაც „დედა შვილს ვერ აიყვანს ხელში!.." გნებავთ, როგორც ჯანსაღ ჩარკვიანი იტყოდა: „კაციშვილი ვერ გაიგებს, ვისი ვიოლინო ვის როიალშია!" ან, როგორც მე ვიტყოდი, კაცი ვერ გაიგებს, მისი თხლე ვის კასრშია! და ა.შ. და ა.შ. საერთოდ კი, ქვეყანაში საქმე კარგად რომ არ მიდის, ეს ყველაფერი თქვენს რედაქტორსა და ჩვენს საერთო მეგობარს ლაშა ნადარეიშვილსაც ზუსტად შეუმჩნევია და საკუთარი გაზეთის ფურცლებიდან კატეგორიულად კითხულობს:
„მიპასუხე ქართველო:
მამული ვინ არია?!"
და ამ ერთს მეორე თავზარდამცემი კითხვაც მიაყოლა:
„სვეტიცხოვლის გამთლელო,
ესენი ვინ არიან?!"
რა ვქნა ახლა ან რა ვუთხრა, ან რა ვუპასუხო?! არადა, აქედან ერთი, კერძოდ, ქვეყანა, რომ „ნაცებმა" არიეს, ეს - „მამაო ჩვენოსავით" ვიცი, ოღონდ, „ქოცებზე" რომ მეკითხება , „ესენი ვინ არიანო", ნეტა, მაგის ტურა გამხადა და ეს მაცოდინა და, მეტი არაფერი მინდა!
- შევარდნაძე თავისმა გამოზრდილმა ლეკვებმა შეჭამეს, ვის უკაწკაწებს კბილები ბიძინა ივანიშვილის შესაჭმელად?
- სხვა დროსაც მითქვამს, რომ მე ფუტუროლოგის მცირე ნიჭით დაჯილდოებული კაცი ვარ და ხშირად ისეც ხდება, რომ ამა თუ იმ პიროვნების ბევდი თითქმის შეუმცდარად ამომიცნია! კი, თავის დროზე მე ბატონ ედუარდ შევარდნაძეს იმ ბებერი მგელი ტოტიას ბედი ვუწინასწარმეტყველე, თავისმა გამოზრდილმა ლეკვებმა რომ შეჭამეს! მეხუმრებოდა კიდეც ხანდახან: „შენ რა გითხარი, თამაზ, ეს ხუმრობა ოჯახშიც გაიგეს და ახლა სახლში ისე ვერ შევსულვარ, შვილივილებმა ერთმანეთს რომ არ გადაულაპარაკონ: ნახეთ, „ტოტიაბაბუ" მოვიდაო! მე კიდევ, მთელი ჩემი სერიოზული მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით დავაჯერე, რომ არ ვხუმრობდი და, თუ ფრთხილად არ იქნებოდა, ჩემი ნათქვამი მალევე აუსრულდებოდა! ერთი სიტყვით, როგორც იყო, დიტო, ისე დავტოვოთ! რაც შეეხება ივანიშვილისთვის კბილების კაწკაწს, აქ საქმე გაცილებით რთულადაა! მის შესაჭმელად კბილები ბევრს უკაწკაწებს, ბევრიც ფაშვს ბერავს - დაკუწმაწების გარეშე თავფეხიანად რომ გადაყლაპოს! ისეთებიც არიან, მარტო თავფეხიანად კი არა, თავის სარჩო-საბადებლიანად მუცელში რომ გადაუძახონ! ზოგიც, აგერ უკვე კარგახანია, ჭიქის ჭამასა და „სტეკლოიანი" საგნების ღეჭვაშიც ვარჯიშობს - სოლოლაკის მინის სასახლე კვირა-ნახევარში რომ გაკვნიტოს!
- ბატონო თამაზ, ეს ხელისუფლება „დედამოკლულებად" რატომ გამოაცხადეთ?
- საერთოდ კაცი რისთვის იგინება?! ჰოდა, მეც გულმოსული ვიყავი! თითქმის ორწელიწადნახევარი იყო გასული და - „ამ დედამოკლულებს" სამართლიანობის აღსადგენად ერთხელაც არ ჰქონდათ თვალი გახელილი! პირველად მაშინ იყო, რომ „შევიგინე"! არადა, ამ დედადალოცვილებს ის ჩემი უწმინდური შეძახილი მეორე ყურით რომ არ გაეშვათ, იური ვაზაგაშვილი ცოცხალი იქნებოდა, ეროსი კიწმარიშვილიც და ბესარიონ ხარძიანიც! იცი შენ, ლაშას „ასავალ-დასავალი" და ჩემი „ლიტერატურული" თითქმის ერთდრულად, თითქმის ერთსა და იმავე სათაურიან წერილებს აქვეყნებდნენ - „თამაზ წივწივაძეს ქილერის ტყვია ელოდება!" კი, მე ჩემმა „უიღბლობამ" გადამარჩინა იმჟამად - რასაც ველოდები, ის არასდროს ამისრულდება.
- ბიძინა ივანიშვილისაგან განატყორცნ კაცთაგან ვინ „ბრუნავს, ვითა ტანაჯორი?"
- მე პირადად, ასეთად, სააკაშვილი მეჩვენება!
ჯერ ერთი, იმიტომ რომ ტანადია! - „ბრუნავს ვითა ტანაჯორი" (რუსთაველი).
მერე კიდევ, ჯორივით ჯიუტია! - „უცილობლობს ვითა ჯორი" (რუსთაველი).
ესეც იმ შემთხვევაში, თუკი აქ, რუსთაველი, ზემოთ დასახელებულ ცხოველს გულისხმობს! ხოლო, თუ ამ მოცემულობაში პოეტს მცურავი მწერი ჰყავს მხედველობაში, რომელიც წყალზე ფეხებამოტრიალებული სასაცილოდ დაცურავს ზურგით, ესეც სააკაშვილის მოძრაობებს მოგვაგონებს და თავისთავად სასაცილო იქნება! მეც უნდა გამოგიტყდე, სამი პიროვნებაა ამქვეყნად, რომელთა უბრალო დანახვაც კი, ჩემში მხიარულ განწყობას იწვევს და, ხშირად, ვიცინი კიდეც! - ესენი არიან: ფრანგი მსახიობი ფიუნესი, ქართველი მსახიობი იპოლიტე ხვიჩია და, თქვენ წარმოიდგინეთ - მიხეილ სააკაშვილი თავისი მოკლეტოტებიანი შარვლით!
- როგორ მოიქცეოდა ამ სიტუაციაში შევარდნაძე?
- ა) თუ ამ კითხვაში მხოლოდ ის იგულისხმება, როგორ მოიქცეოდა შევარდნაძე იმ შემთხვევაში, თუკი ხალხი გადადგომას მოსთხოვდა, ამის გამოცდილება მას ჰქონდა - „სახლში წავალო", ეტყოდა!
ბ) მჟავანაძის მმართველობის პერიოდში მე პოლიტიკაში არ ვერეოდი და მართლა არ ვიცი, როგორ მოიქცეოდა ვასილ პავლოვიჩი!
გ) თუ სააკაშვილს ძალით არ ჩამოვაგდებდით ტახტიდან, სამჯერ პრეზიდენტად აგვარჩევინებდა თავს, სამჯერ - ქვეყნის პრემიერ-მინისტრად! ახალ დაბერებულზე კი ჩვენი მეფე ან იმპერატორი გახდებოდა!
გარდაცვალებისას კიდევ ყველა ტიტულს საფლავში წაიღებდა!
- მას შემდეგ, რაც უკრაინაში დურთა თავი, ვინ აცოცდა მიშას „ხეზე" და ვინ არ ჩამოდის სააკაშვილის მუხლებიდან?
- რამ გაგახსენა! ეს იყო წინათ, კარგა ხნის წინათ - ახალგაზრდა ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სააკაშვილის მუხლებიდან ძლივს რომ ჩამოჰყავდათ! დღეს კი სააკაშვილის „ხეზე" ასვლას ბევრი აპირებს თუკი, რასაკვირველია, საჯდომით არ მოცოცდნენ! მე ამათთვის კიდევ ერთი წელი მიმიცია უკრაინის მთავრობაში, მერე კი წინ პოროშენკო და უკან - სააკაშვილი! სხვებიდან ვინ სად იქნება ამ დროისთვის, ეს მხოლოდ ღმერთს ეცოდინება! კომისია
- რეზო ამაშუკელი აკუკი მინაშვილს ვარდისფერი კოლგოტკების ჩაცმასა და რუსთაველზე „რბენინებას" დაჰპირდა... თქვენი აზრით, როგორ დასრულდება ეს „ეპოპეა"?
- ბატონ რეზო ამაშუკელს სრულიად საქართველო სიტყვის კაცად იცნობს! ამიტომ, თუკი დაჰპირდა, შეუსრულებს კიდეც! - და ახლა, ალბათ, ვარდისფერ კოლგოტკებს როგორი ფერის „ლიფჩიკი" მოუხდება, იმის შესარჩევად თუ დაბრძანდება „შოპინგებზე"!
- ბატონო თამაზ, რა აზრის ხართ მთავრობის წევრებისთვის ქამრის შემოჭერაზე?
- ცუდის! ამათ ქამარი კი არ უნდა შემოუჭირო, უნდა შეხსნა და ფეხის წვივებზე ურტყა!
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ-დასავალი"