reportiori.ge - არქივიდან - შოთა ხაბარელი: პრეზიდენტ სააკაშვილს სწორი გზით მიჰყავს ქვეყანა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:08
ინტერვიუ
არქივიდან - შოთა ხაბარელი: პრეზიდენტ სააკაშვილს სწორი გზით მიჰყავს ქვეყანა!
ავტორი:
06 აპრილი, 2015. 20:46


 

 

ეს ინტერვიუ, შოთა ხაბარელთან, რომელიც დღევანდელი „ქართული ოცნების" ერთ-ერთი სახე და პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, 2008 წელს („ასავალ-დასავალი", 24-30 ივლისი) გამოქვეყნდა აღნიშნულ გაზეთში. გვინდა კარგად დააკვირდეთ თარიღს. მასალას, ამჯერად, უფრო სწორად, ჯერჯერობით, უკომენტაროდ გთავაზობთ. უკომენტაროდ იმიტომ, რომ ბევრი ვინმეს აზრი აქეთ გვაინტერესებს?! ...განსაკუთრებით კი მათი, ვისაც ეს ინტერვიუ, 2008-ში თუ არა, 2012-ში მაინც უნდა წაეკითხა ყურადღებით!!!

 

 


„ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის", - ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი შოთა ხაბარელი. მისი მოსაზრებების შესახებ უფრო ვრცლად ინტერვიუდან შეიტყობთ.


- ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ ჩვენს ქვეყანაში წარმატებით ვითარდება ბევრი რამ საერთო ჯამში, დადებითად შევაფასებდი განვლილ ოთხ წელიწადს და ვფიქრობ, მომავალი ოთხი წელიწადი უკეთესი იქნება. ჩემ გარშემო უკმაყოფილოს ვერავის ვხედავ. ბევრი რამ მოწესრიგდა, თუნდაც დაფინანსებისა და ხელფასების საკითხი. ჩემს სფეროში ათჯერ უკეთესადაა ყველაფერი, ვიდრე მანამდე იყო.

 

- არაერთი ადამიანი, მათ შორის სპორტში მოღვაწენიც ამბობენ, რომ ბევრი რამ პიარკამპანიის ნაწილია, დღეს ხელისუფლება სპორტზე იმ დოზით ზრუნავს, რამდენიც მის პიარკამპანიას სჭირდებაო...

 

- არ ვფიქრობ ასე. ბევრი რამ კეთდება და ვისაც უნდა ამის დანახვა, დაინახავს. თანდათან გვარდება სოციალური საკითხებიც, მართალია, ხელისუფლებას ამის ხშირად თქმისთვის აკრიტიკებენ, მაგრამ ფაქტია, რომ გზები დაიგო...

 

- თუ ყველაფერი ასე კარგადაა და ქვეყნის საქმე წინ მიდის, რამ გამოიყვანა ათიათასობით ადამიანი ქუჩაში?

 

- უკმაყოფილო ადამიანი ყველა ქვეყანაშია, ყველა კმაყოფილი ვერ იქნება. ცხადია, შეცდომებიც იყო დაშვებული. გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანა ახლა დგება ფეხზე. შეცდომას ის უშვებს, ვინც საქმეს აკეთებს.


- მაინც რა მიგაჩნიათ ამ ხელისუფლების მთავარ შეცდომად და წარმატებად?

 

- კიდევ ერთხელ ვამბობ, ბევრი რამ გაკეთდა: დაიგო გზები, მოწესრიგდა საპატრულო სისტემა, გაილაშქრეს ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ, რომელიც ხელს უშლიდა სახელმწიფოს ნორმალურ განვითარებას. კიდევ ბევრ წარმატებაზე შეიძლება თამამად ლაპარაკი.


- შეცდომა?!

 

- ვფიქრობ, სახელისუფლებო წრეების ახალგაზრდა კადრებით დაკომპლექტებამ საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. პრეზიდენტმა თვითონაც აღიარა, რომ საქმიდან პროფესიონალთა უცებ ჩამოცილება არ იყო გამართლებული, მაგრამ თანდათან ეს პრობლემაც მოგვარდება.


- დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ნაბიჯებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ გადადგა?


- ამ თემაზე ჩემი პოზიცია მაქვს. ოლიმპიურ კომიტეტთან დაკავშირებული საკითხები შეიძლებოდა უფრო ცივილიზებულად მოგვარებულიყო. ალბათ, ცოტა იჩქარა ხელისუფლებამაც, მაინცდამაინც არ ვამართლებ მათ გადაწყვეტილებას... არ შემიძლია ეს ყველაფერი განვსაჯო, ამაზე სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, ერთი რამ კი ვიცი - სპორტს სათუთი მიდგომა სჭირდება. ოლიმპიურ კომიტეტთან მიმართებაშიც საერთაშორისო კანონები უნდა დავიცვათ.


- როგორ ფიქრობთ, სამართლიანია სპორტის აკადემიის დახურვა?


- ვფიქრობ, სპორტის აკადემიამ დიდი როლი ითამაშა ქართული სპორტის განვითარების საქმეში. ბევრი მწვრთნელი, მასწავლებელი და ჩემპიონი გაიზარდა იქ, ასე რომ, სპორტის აკადემია აუცილებლად უნდა მუშაობდეს, სხვაგვარად ძნელი წარმოსადგენია სპორტის განვითარება.

 

- ბევრს მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები არ გამოხატავდა ხალხის განწყობას...


- რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, პარლამენტში მეტი ოპოზიციონერი შესულიყო და უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო, მაგრამ საქმის კეთება ვისაც უნდა, ისედაც გააკეთებს.


- ოპოზიციის აზრით, ასეთ პარლამენტში შესვლას აზრი არ ჰქონდა...


- ოპოზიცია რომ პარლამენტში შესულიყო, თავისი თვალსაზრისის გამოხატვის მეტი საშუალება ექნებოდა, ხშირად ისარგებლებდნენ ტრიბუნით. პირველ რიგში, ეს მათთვის იქნებოდა უკეთესი.

 

- ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ შემოდგომისთვის კვლავ განახლდეს საპროტესტო აქციები...

 

- ხელისუფლებას უნდა მივცეთ საშუალება,რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს...

 

- ბატონო შოთა, დღეს ბევრი, მათ შორის თქვენი კოლეგებიც ლაპარაკობენ, რომ საზოგადოება დაშინებულია, ხალხი ხმამაღლა პროტესტს შიშის გამო ვერ გამოხატავს...

 

- არ ვიცი, ვინ და რატომ უნდა იყოს დაშინებული, მით უმეტეს, ხედავენ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა საქართველოში, ამის უარყოფა არ შეიძლება.


- არაფერი გაქვთ სათქმელი ქვეყნის პირველ პირთან?

 

- სწორად მიჰყავს ქვეყნის საქმე და გაორმაგებული ენერგიით უნდა გააგრძელოს მუშაობა. ვიმედოვნებ, რომ ეს ოთხი წელიწადი მისთვის წარმატების ოთხი წელიწადი იქნება.

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი" (24-30 ივლისი, 2008 წ.)


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016