სამშენებლო კომპანია „კალასის" ირგვლივ მედიაში გავრცელებულ ჭორებსა თუ ცილისწამებებზე კომპანიის დამფუძნებლებს ვესაუბრეთ.
ის, რასაც კომპანიის დამფუძნებლები გვიყვებიან, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია - თუ როგორ ხდებოდა ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ბიზნესის ტერორი!
გიორგი თოხაძე, კომპანია „კალასის" დამფუძნებელი:
- სამშენებლო ბიზნესში საქმიანობა 90-იანი წლების ბოლოს დავიწყეთ. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახელები გვერქვა - „დიზაინ სერვისი", მერე „ნიუ ლაინი"... 2005 წლის დასაწყისში კომპანიას გადავარქვით საბოლოოდ სახელი და ვუწოდეთ „კალასი". სულხან-საბას ლექსიკონში მოცემულია სიტყვა „კალასი", რაც ნიშნავს ხის მასალას, რომელსაც წყალში დებდნენ, რომელიც შემდეგ იჟღინთება და რკინაბეტონის სიმტკიცე აქვს. კალასი წმინდა სამშენებლო მასალაა - ქართული.
- სხვათაშორის, სახელის გამო თქვენს კომპანიას სხვადასხვა პირებსაც უკავშირებენ...
- 2006 წლიდან „კალასი" საქმიანობდა სამშენებლო სფეროში, პირველ ეტაპზე ვეწეოდით ბინათმშენებლობას, აშენებული გვაქვს სახლები მცხეთის ქუჩაზე, ჩვენი ყველაზე დიდი პროექტია „ვაკე-პალასი", რომელსაც 60 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი უჭირავს. ასევე, სხვადასხვა შენობები საბურთალოზე, ნუცუბიძის პლატოზე, ავლაბარში...
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კრიზისი სამშენებლო ბიზნესსაც მწვავედ შეეხო. წარმოიშვა გარკვეული პრობლემები, პირველად ამ პერიოდში მოგვიწია კავშირი სახელმწიფო პროექტებთან.
დათო გურგენიძე, კომპანია „კალასის" დამფუძნებელი:
- აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენს კომპანიას შედარებით კარგი მდგომარეობა ჰქონდა. სწორედ ამიტომ „საქართველოს ბანკმა" პირველი სესხი ბინათმშენებლობისთვის ჩვენ დაგვიმტკიცა. ეს იმიტომ, რომ ხალხის შემოტანილ თანხებს პატიოსნად ვახმარდით მშენებლობას. სხვათაშორის, ამ სესხის დამტკიცებამდე, სახელმწიფო პროექტებთან შეხება არ გვქონია. 2009 წლის დასაწყისში დაგვიბარა მთავრობამ - ყველა კომპანია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, თქვენ უკეთესი მდგომარეობა გაქვთ, არტილერისტებმა გვასახელეს, საარტილერიო ბაზას ვაშენებთ და გთხოვთ, იქნებ თქვენ შეასრულოთ ეს სამუშაოებიო. პირველად მაშინ მოგვიწია შეხება სახელმწიფო პროექტებთან.
გიორგი თოხაძე:
- ამ პერიოდში ქვეყანაში კრიზისული სიტუაცია შეიქმნა, ოფისის შენახვაც კი ძალიან ძნელი გახდა. 700 თანამშრომელზე მეტი გვყავდა და მათი შენარჩუნებაც გაგვიჭირდა. მიუხედავად ამისა, ვაგრძელებდით ბინათმშენებლობას. ასევე ვახორციელებდით სახელმწიფო პროექტებს: განბაჟების ეკონომიკური ზონა, თავდაცვის სამინისტროს ობიექტები და ლტოლვილთა კორპუსები ავაშენეთ ფოთში. ამის მერე მოხდა ის, რაც ამ ქვეყანაში დაემართა ძალიან ბევრს - სახელმწიფოს დასჭირდა ფული.
დათო გურგენიძე:
- 2010 წელს მე, როგორც კომპანია „კალასის" დირექტორი, ნივთის დაზიანების მუხლით დამაკავეს. 9 თვე „ვიჯექი" ციხეში.
- რა ნივთის დაზიანებაზეა საუბარი?
- კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა შემოუშვა კაცი, რომელსაც კამერა ღილში ჰქონდა ჩამაგრებული. ამ ადამიანმა გაგვიჩინა ეჭვი და მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ამასობაში ეს კამერა დაზიანდაო, ასე ამბობენ. ვერაფერი გვიპოვეს, ვერანაირი დარღვევა, მაგრამ ორი წელი მაინც მომისაჯეს კამერის დაზიანებისთვის - 250 ლარზე მეტი ღირდაო.
- რისთვის ჰყავდათ შემოგზავნილი კუდ-ის თანამშრომელი?
- პროვოკაციას მიწყობდნენ, ფინანსური დარღვევა რომ ჩამედინა. კუდ-ში საღამოს რომ მიმიყვანეს და ის 45-წუთიანი ჩანაწერი ნახეს, მითხრეს - სწორედ მოიქეცი, უკანონობა რომ არ ჩაიდინე, მაგრამ ნივთი რომ დააზიანე, იმაზე რა ვქნათო? ამის გამო ჩამსვეს ციხეში. ანალოგიური მუხლით იმ პერიოდში დაპატიმრებული არავინ იყო.
- რაში აწყობდათ ციხეში თქვენი ჩასმა და საერთოდაც, ამ ამბების დატრიალება?
გიორგი თოხაძე:
- აუდიტი შემოუშვეს და დაიწყო კომპანიის შემოწმება. კომპანიას ამ დროისთვის 20 მილიონზე მეტი ბრუნვა ჰქონდა. შეამოწმეს 2006-დან 2010 წლამდე ყველაფერი. ვერ იპოვეს ფინანსური დარღვევა. დაგვიბარეს კომპანიის დამფუძნებლები და გვითხრეს - წინსწრებით გადაიხადეთ დღგ ან კიდევ 2 კაცს დავაპატიმრებთ თქვენგანო.
ფული არ გვქონდა და კიდევ დაგვიპატიმრეს კომპანიის ორი დამფუძნებელი. მესამე გაუშვეს - პირად ანგარიშებზე რომ ვერ აღმოგვიჩინეს ვერაფერი, ამის მერე თუ რამე ქონება გააჩნდა კომპანიას და დამფუძნებლებს, ყველაფერი ჩაგვადებინეს, 3 მილიონამდე კრედიტი აგვაღებინეს, წინსწრებით გადაგვახდევინეს დღგ და დამატებით, 3 მილიონ ლარამდე - ინვესტიციის ვალდებულებით - სასტუმრო აგვაშენებინეს გუდაურში.
მეტიც: ეს ხალხი მუქარით გამოუშვეს, რამდენიმე კაცის საქმე დატოვეს გახსნილი და თუ სასტუმროს არ ავაშენებდით, უკან შეაბრუნებდნენ. ამ დროს კომპანია იყო კატასტროფულ მდგომარეობაში, გვქონდა უზარმაზარი ვალები, ფაქტობრივად, 2011 წელს გაჩერებული ვიყავით, ამის მიუხედავად, ჩვენ საზოგადოებასთან ჩვენი ვალდებულება შევასრულეთ!
2012 წელს არაფერი გვიკეთებია, 2013 წლიდან დავიწყეთ მუშაობა ჰიდრომელიორაციის არხების მიმართულებით. ახალი მთავრობა რაც მოვიდა, სოფლის მეურნეობის წყალმომარაგებაზე დაიწყეს მუშაობა. სოფლებზეა საუბარი, რომლებსაც 10-15 წელია, წყალი საერთოდ არ ჰქონიათ. შარშან ჩავაბარეთ სამი ობიექტი, მეოთხეს ახლა ვაბარებთ, გაზაფხულზე... ინფრასტრუქტურის სამინისტროში მყარი ნარჩენების სამსახურის დაკვეთით განვახორციელეთ რიგი სამუშაოები. პარალელურად, გეგუთის მხარეს ვაკეთებთ ჰიდრომელიორაციის არხებს, რომელიც 9-10 სოფელზე გადის. ჩვენს მიერ ჩატარებული ყველა სამუშაოს შედეგად, 2014 წლის ოქტომბერში აღმოვჩნდით წარმატებული კომპანიების „თეთრ სიაში".
ერთიც არის: 2014 წლის დეკემბრის ბოლოს ჩვენს კომპანიას დაუკავშირდა „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი". მათ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ბაზიდან მოიძიეს ყველაზე გამოცდილი სამშენებლო კომპანიების სია, რომელშიც „კალასი" ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. შესაბამისად, მივიღეთ მონაწილეობა ფასთა გამოკითხვაში და უმცირესი ფასის პრინციპით გავიმარჯვეთ.
პროექტი არის საკმაოდ რთული, მაგრამ ამაზე დიდი და რთული პროექტებიც გვაქვს შესრულებული. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, აღნიშნული სამუშაოები დიღმის ოლიმპიური კომპლექსის ინფრასტრუქტურულ მოწყობას მოიცავს.
- ამჟამად რა ეტაპზეა ზემოაღნიშნული პროექტის მიმდინარე სამუშაოები?
- ობიექტზე მუშაობა დავიწყეთ 5 იანვარს. რისი გაკეთებაც შეიძლებოდა ამ ეტაპზე, ყველაფერი გაკეთებული გვაქვს. მოგეხსენებათ, დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში რამდენიმე სხვა კომპანიაც მუშაობს (შენდება ტანვარჯიშის, ფრენბურთისა და მძლეოსნობის მოედნები, საცურაო აუზი და სასტუმრო). შესაბამისად, სამუშაოების დასრულება მარტო „კალასზე" არ არის დამოკიდებული. მხოლოდ აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ შევძლებთ შევასრულოთ ტერიტორიების მოპირკეთებისა და გამწვანების სამუშაოები.
- თუ შედარების პრინციპით ვიმსჯელებთ, შეძლებთ პარალელის გავლებას განვლილ წლებთან? და, საერთოდ, რა ხდება ბიზნესსექტორში დღეს?
- ამ მხრივ დღეს მდგომარეობა ბიზნესთან მიმართებაში ნორმალურია. უფრო სხვა პრობლემებია - საქმის გამკეთებელი კომპანიები კი გვყავს, მაგრამ ბოლო 10 წლის ბიზნესის ტერორის გამო დღეს ფინანსურ-მატერიალური რესურსი პრაქტიკულად აღარ გააჩნიათ. მაგალითად, ჩვენ გვინდა, ბინათმშენებლობის მიმართულებით გავაქტიურდეთ, მაგრამ ბანკს მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს. საბანკო კუთხით თუ მოგვარდება პრობლემა, ხალხს გაცილებით მეტი შესაძლებლობა მიეცემა, ბინათმშენებლობის კუთხით დაინტერესდეს. რაც შეეხება თქვენს კითხვას... ყველაფერი შედარებითია და ცალსახად გეტყვით, რომ დღეს გაცილებით უკეთესი პირობები აქვს ბიზნესს...