„ალიას" „ნაცმოძრაობის" ლიდერებთან დაახლოებულმა კონფიდენციალურმა წყარომ მეტად საყურადღებო ინფორმაციები მოაწოდა იმის შესახებ, რა განწყობაა თავად „ნაციონალთა" ლიდერებს შორის, რა გეგმით, რა საშუალებებით აპირებენ ისინი სხვათათვის წართმეული უზარმაზარი ქონების შენარჩუნებას. მიუხედავად იმისა, რომ წყარო სანდოა და მის მიერ მოწოდებული არაერთი ასეთი, კონფიდენციალური ინფორმაცია დადასტურებულა, „ალია" ამ შემთხვევაში, ინფორმაციის უტყუარობაზე პასუხს არ აგებს, რადგან მისი გადამოწმება ვერ მოხერხდა. თუმცა, ამ მოვლენების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციას მაინც ვაქვეყნებთ.
კიევში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ჭკუაზეა გადასული ამ პროცესის დაწყებით - მისი ხელისუფლების მიერ ხალხისთვის წართმეული ქონების კანონიერი მფლობელებისთვის გადაცემით. ექსპრეზიდენტი რამდენიმე მომაკვდინებელ საფრთხეს ხედავს ამ ყველაფერში. ერთი, რომ სააკაშვილი ძალიან შეშინებულია, თუ პროცესი წარმატებით წარიმართა და ასევე, დასრულდა, ცხადია, მისი ხელისუფლების ძალადობისა და სხვა უკანონობის არაერთი უტყუარი მტკიცებულება დაიდება.
არა, ეს მტკიცებულებები დღესაც არსებობს, მაგრამ სულ სხვა ფასი აქვს სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის, სასამართლოს მიერ დადასტურებულ, იურიდიულად გამყარებულ ფაქტებს. მიშას ამისი ძალიან ეშინია. თანაგუნდელებისთვის შემოუთვლია, ათეულ ათასობით ადამიანს სასამართლო რომ დაუბრუნებს ქონებას, მერე, დასავლეთში ვერავის დავუმტკიცებთ, რომ ჩვენ სახელმწიფო რეკეტს არ ვეწეოდით, 180 პოლიტპატიმრის საქმემ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა და ამდენ უსამართლობას არავინ გვაპატიებს, დედა გვეტირება დასავლეთში და მერე, ჩვენი მომხრეებიც კი არ დაგვიჯერებენ იმასაც კი, რაშიც დღეს უპრობლემოდ ვარწმუნებთო.
წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილი ერთ საფრთხესაც ხედავს ამ საქმეში. თუ ხალხს „ნაციონალების" მიერ წართმეული ქონება დაუბრუნდებათ, ამ უკანონობაში გარეული არა ერთი ადამიანი სისხლის სამართლის წესით დაისჯება, ზოგს შესაძლოა, ჯარიმა ან სხვა მსუბუქი სასჯელი აკმარონ, მაგრამ მათ სახელმწიფო სამსახურში მუშაობა გარკვეული ვადით ან სამუდამოდ აეკრძალებათ, ვინც ასეთ სამსახურშია, ის კი ავტომატურად განთავისუფლდება. მოკლედ, „ნაციონალთა" მხარდამჭერი, მათ ბინძურ საქმეებში გარეული ჩინოვნიკები, შსს-ს, პროკურატურისა და ფინანსური პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც მათ ბინძურ საქმიანობაში მონაწილეობდნენ, ხალხს ატყავებდნენ, ზოგი ციხეში წავა და ზოგს კი - სამსახურს დატოვებინებენ. ეს კი სააკაშვილს, ცხადია, დიდ პრობლემად მიაჩნია, რადგან მათ აღარ ეყოლებათ საკუთარი ხალხი სახელმწიფო სტრუქტურებში, რომლებიც მათ ინფორმაციას, ზოგჯერ დახურულსაც, სისტემატურად აწვდიან და რიგ შემთხვევებში, არც საბოტაჟზე ამბობდნენ უარს. მოკლედ, სახელმწიფო სტრუქტურების დიდი ნაწილი „ნაციონალთა" აგენტურისგან გაიწმინდება და ეს ცხადია, კატასტროფაა სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის.
ცხადია, სააკაშვილს, უპირველესად, საკუთარი უსაფრთხოება, საქართველოში დარჩენილი საკუთარი ქონება აინტერესებს, ასევე, ის ბიზნესი, რომელიც ზოგადად „ნაცმოძრაობისაა" და პარტია დიდწილად მისგან ფინანსდება. მიშას თანაგუნდელები სულ ფეხებზე ჰკიდია, ისინი იმდენად სჭირდება, რამდენადაც საკუთარი მიზნების განხორციელებაში გამოადგება. თუმცა, ამას ხომ ვერ ეტყოდა თბილისში მყოფ პარტიის ლიდერებს და მათთვის შემოუთვლია, ამ ქონების წართმევის მრავალ საქმეში მეც გარეული ვარ, დათო კეზერაშვილი, ზურა ადეიშვილი, როლანდ ახალაია თავისი ბიჭებით, ერეკლე კოდუა, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, გივი თარგამაძე, ლევან მხეიძე, ზაზა გოროზია, დათო კირკიტაძე, რამაზ ნიკოლეიშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, თენგიზ გუნავა და კიდევ ბევრი სხვა იყო ამ ქონების წართმევაში ჩართული, თუ ამ საქმეებზე მართლა ჩატარდა ნორმალური გამოძიება, მაშინ ჩვენზე ერთი და ორი კი არა, ათეულობით სისხლის სამართლის საქმეც შეიძლება აღიძრას თითოეულს რამდენიმე დანაშაულს მაინც დაგვიმტკიცებენ და ვიც ჩვენგან დაჭერილია, იმათ სასჯელს დაუმატებენ და შესაძლოა, ციხიდან ვეღარც კი გამოვიდნენ, მე, ზურა ადეიშვილს, დათო კეზერაშვილს, ერეკლე კოდუას, დათა ახალაიასა და უცხოეთში მყოფ სხვა დევნილებს კი ისე გაგვიხდება საქმე, არც ერთი ქვეყანა არ მოგვცემს პოლიტიკურ თავშესაფარს და დიდი შანსია, ყველას „მატროსოვზე" ამოგვაყოფინონ თავიო.
სააკაშვილს თავისი ხელქვეითებისთვის უთქვამს, მანდ არხეინად ნურავინ იქნება, რადგან არ მეგულება ჩემი ხელისუფლების მეტ-ნაკლებად გავლენიანი წარმომადგენელი, რომელსაც თუნდაც ერთი სახლი და აგარაკი მაინც არ აქვს სხვისგან მითვისებული, მე, ადეიშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები გამდიდრებდით, კომფორტულ ცხოვრებას გიწყობდით და თუ ახლა ვინმემ გვიღალატა, ყველას დედას ვუტირებთო. სააკაშვილს ამ კონტექსტში ის ბიზნესმენებიც უხსენებია, რომლებიც ხელისუფლებასთან გარიგებაზე წასვლას, სხვისგან უკანონოდ მითვისებული ქონების კანონიერი პატრონისთვის გადაცემასა და ზედმეტი პრობლემებისგან თავის არიდებას აპირებენ.
სააკაშვილი შეშინებულია, მაგრამ სამოქმედო გეგმა, მაინც აქვს. რამდენად გადაარჩენს ეს იმ ხალხს, ვისაც ქონება უნდა ჩამოართვან, ვერ გეტყვით, მაგრამ მიშა დანებებას არ აპირებს. მიშამ თანაგუნდელებს შემოუთვალა, არანაირად არ უნდა დაუშვან, რომ „ნაციონალთათვის" ქონების ჩამორთმევამ მასობრივი ხასიათი მიიღოს, განსაკუთრებით კი, მსხვილ ბიზნესს უნდა გადაეფოფრონ.
გეგმის მიხედვით, ზურაბ ადეიშვილს დავალებული აქვს, მათ ახლობელ უცხოელებზე, ფიქციური გაყიდვის გზით, გადააფორმონ ყველა მსხვილი ბიზნესის წილი, მათ შორის, ცხადია, უცხოეთის მოქალაქე ქართველებიც იქნებიან. ზოგიერთებს ამისთვის იქით ფულსაც გადაუხდიან. ამ გეგმის მიხედვით, კონკრეტული ქონების კანონიერი მფლობელისთვის გადაცემის პროცესში, ეს უცხო ქვეყნების მოქალაქეები ატეხენ ხმაურს, რომ ქონებას უკანონოდ ართმევენ, საქმეში თავიანთი ქვეყნების საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩარევენ და ეს „ნაცმოძრაობას" მისცემს საშუალებას, რომ დასავლეთში ახლა იმაზე ატეხონ ხმაური, რომ საქართველოში უცხოეთის მოქალაქეებს ჩაგრავენ და პატიოსანი გზით ნაყიდ ქონებას ართმევენ.
ამ გზით აპირებენ ნაძარცვი ქონების ნაწილის შენარჩუნებას.
ეს გეგმის ერთი ნაწილია. ასევე, სააკაშვილს შემოუთვლია, რომ გაააქტიურონ თავიანთი „ზონდერები" და რამდენიმე ბიზნესმენი და მათი ოჯახის წევრები სასტიკად სცემონ, რათა ხალხს დაანახონ, რომ ვინც სამართლიანობას აღდგენასა და ამ გზით წართმეული ქონების დაბრუნებას დააპირებს, ყველა სასტიკად დაისჯება. წყარო, ცხადია, ვერ აკონკრეტებს, რომელი ბიზნესმენებისა და მათი ოჯახის წევრების ცემას აპირებენ „ნაცზონდერები", მაგრამ იმას კი აცხადებს, რომ ისინი ცნობილი ბიზნესმენები იქნებიან. ასევე, ამავე გზითა და საშუალებით გაუსწორდებიან იმ ბიზნესმენებს, ვინც ქონების დაბრუნებას შეძლებს. იმ დღეს თუ არა, მეორე დღესვე ისე სასტიკად უნდა სცემოთ, რომ რამდენიმე თვე ფეხზე ვერ დადგნენ, რომ ხალხში აზრი გაჩნდეს, რომ არანაირი ქონება არ ღირს ამ უბედურებადო, - უთქვამს სააკაშვილს.
გარდა ამისა, ამ გეგმის თანახმად, ასევე სასტიკად გაუსწორდებიან იმ ბიზნესმენებს, რომლებიც სამართალდამცავებთან გარიგებაზე წავა და სახელმწიფოსგან თუ კერძო პირებისგან მითვისებულ ქონებას უკან ჩააბარებს.
სააკაშვილს უბრძანებია, რომ ამნაირ მოღალატეებს, რომლებმაც „ნაციონალთა" დახმარებით ბიზნესი აიწყვეს, სხვისგან წართმეული ამ ბიზნესით უკვე მილიონები იშოვეს და უზარმაზარი ქონების პატრონები გახდნენ, დღეს თავის გადარჩენისა და ბიზნესის ნაწილის შენარჩუნების მიზნით, „ქართულ ოცნებას" დაუწვებიან და ჩვენს საწინააღმდეგო ჩვენებებსაც კი მისცემენ, რომ თავად სუფთად გამოძვრნენო.
სააკაშვილის გეგმით, მათ მომხრე ბიზნესმენებს, ვინც ხელისუფლებასთან კომპრომისზე წავა, შავ დღეში ჩააგდებენ - არც მათ და არც მათი ოჯახის წევრებს არ დაინდობენ. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ არც ერთი მათგანის ვინაობა არ დაიმალება, რადგან შესაბამის სტრუქტურებში ჯერ ისევ მრავლად არიან „ნაციონალთა" აგენტები და თუ რომელიმე ბიზნესმენი სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართავს საკუთარი ნებით ქონებიც ჩაბარების მოთხოვნით, მათი გვარ-სახელი უმალ „ნაციონალთა" ოფისში ეცოდინებათ და ვიდრე იმ ქონებას უკან დააბრუნებენ, მანამდე დედას უტირებენ.
ლევან ჯავახიშვილი
გაზეთი „ალია"