reportiori.ge - რაიან გრისტი: სააკაშვილმა მითხრა, ჩემი ქვეყანა შენ დაანგრიეო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:19
ინტერვიუ
რაიან გრისტი: სააკაშვილმა მითხრა, ჩემი ქვეყანა შენ დაანგრიეო
ავტორი:
07 აპრილი, 2015. 13:01



"როდესაც ასეთი მიზნები გაქვს, რუსეთს შემოსასვლელი გზები უნდა დაუხშო - დაბლოკე გვირაბები, ააფე­თქე ხიდები"

 



.. სამ­­რეთ ოსეთის "მოგება" უსისხლოდ, ერთი ტყვიის გასროლის გარეშეც კი შეიძლებოდა

 



ბრიტანეთის არმიის კაპიტანი, დიპლომატიური მისიების ნამდვილი ვეტ­ერანი და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ რუსეთის ჯაშუშად შერაცხილი რაიან გრისტი ის ადამიანია, ვისმა სიტყვებმაც განსაზღვრა დასავლეთის შეფასება იმის შესახებ, თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. "კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს, ქართული მხარის საპასუხო რეაქცია აბსოლუტურად არაპროპორციული იყო", - განუცხადა 2011 წელს Wall Street Journal-ს რაიან გრისტმა, რომელიც ომის პერიოდში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. 2008 წელს მას ეს სიტყვები და თვითნებური გამგზავრება ცხინვალში ეუთოში სამსახურის ფასად დაუჯდა. თუმცა, 2012 წელს გრისტი ქართულ "დიდ ავიაციაში" დაბრუნდა - ამჯერად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე (რომელიც ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა). ,,ეს იყო აბსოლუტური კრახი", - ასე შეაფასა ეუთოს, როგორც დამკვირვებლის, საქმიანობა გრისტმა, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან უცხოელთაგან, ვინც დასავლელი დიპლომატების გაკრიტიკებასაც არ მოერიდა. მეტიც, როგორც აღნიშნა, სულ მალე მოგონებების წიგნად გამოცემასაც აპირებს. რაიან გრისტმა ექსკლუზიური ინტერვიუ "კვირის პალიტრას" მისცა.


-   
როგორ ფიქრობთ, ევროკავშირმა, როგორც მედიატორმა საქართველოსა და რუსეთს შორის, მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენა? იქნებ მეტი ზეწოლა, სანქცია იყო საჭირო, რათა, სხვა რომ არაფერი, 6-პუნქტ­იანი შეთანხმება მაინც შესრულებულიყო

 


- შეიძლება მართალიც ხართ. ალბათ, ომის შემდეგ მეტი ზეწოლა იყო საჭირო. განსაკუთრებით, თუ იმას გავიხსენებთ, რომ რუსეთმა ე.წ. დიპლომატიურ "ბირთვულ ღილაკს" დააჭირა თითი - აფხაზეთისა­ და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღი­არა, რითაც გართულდა ამ კონფლიქტებიდან დიპლომატიური გამოსავლის მოძიება.




-
და ახლა, როდესაც .. მოსკოვ-სოხუმ­-ცხინვალს შორის სტრატეგიული ხელშეკ­რულებები­ უკვე რატიფიცირებულია, ეს უფრო გართულდება

 


- რეალური, არსებითი ჩართულობაა საჭირო საქართველოსა და ამ რეგიონებს შორის, თორემ ფაქტია, ნაპრალი თანდათან ღრმავდება. ხელშეკრულებები სხვა არაფერია, თუ არა ამ უკანასკნელის მტკიცებულება. პრივატული საუბრებისას ამ ქვეყანაში მოღვაწე ნებისმიერი უცხოელი დიპლომატი იმავეს გეტყოდათ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: დღევანდელი სიტუაცია ჩრდილო და სამხრეთ კორეის ურთიერთობას ჰგავს. ორ მხარეს შორის ყოველთვიურად შეხვედრები იმართება კარავში, რომელიც გამყ­ოფ ზოლზე დგას. გარშემო ისევ კონფლიქტი, მტრული ატმოსფეროა. საჭიროა, მთელი დინამიკა შეიცვალოს. მეტიც, კარგა­ ხნის წინ უნდა გექნათ ეს. ამის გამკეთებელი­ ხალხი დღეს საქართველოში არის, მაგრამ ჯერჯერობით წარმატებას ვერ აღწევენ. მაგალითად, პაატა ზაქარეიშვილს პატივს სცემენ აფხაზეთშიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც, მაგრამ ცხინვალშიცა და სოხუმშიც მშვენივრად იციან, რომ ზაქარეიშვილი ერთი ადამიანია და ზოგადად, ქართველების განწყობა სხვაგვარია. კიდევ ერთი პრობლემა­: საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტებ­ის კრემლიზაცია და პუტინიზაცია სხვა არაფერია, თუ არა ინტელექტუალური სიზარმაცე. იმის მიღმა, რაც უკრაინაში ხდება და საქართველოში მოხდა, ბევ­რად კომპ­ლექსური მოტივები იმალება, ვიდ­რე ერთი პირის ამბიციებია. ასე რომ, მეტი გამჭრიახობაა საჭირო... 


- რამდენად შესაძლებელია ოკუპირებული­ ტერიტორიების დანარჩენ საქართველოსთან რეალური ინტეგრაცია იმის ფონზე, რომ რუსეთი ამ 

რეგიონებს მარიონეტებად იყენებს

 


- არ ვდაობ, რომ რუსეთს სწორედ ეს მიდგომა აქვს, მაგრამ მინდა ერთი რამ გავიხსენო: 2008 წლამდე, ეუთოს მანდატით ოსებთან მუშაობისას, უმრავლესობას ჰქონდა განცდა, რომ საბოლოოდ რუსეთი მათ გაყიდდა, უკანვე მიჰყიდიდა საქართველოს, მაგალითად, ამ უკანასკნელის მიერ ნატოში­ გაწევრების დათმობის სანაცვ­ლოდ. რატომ­ გავიხსენე ეს? 



ვფიქრობ, რომ ომამდე ე.წ.­ სამ­ხ­რეთ ოსეთის "მოგება" უსისხლოდ, ერთი ტყვიის გასროლის გარეშეც კი შეიძლებოდა, მაგრამ სააკაშვილს საკუთარი პროექტი ჰქონდა: ალტერნატიული მთავრობით, სანაკოევით. სანაკოევს ბევრჯერ შევხვედრივარ და პირადად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მას არავითარი წონა არ ჰქონდა ოს მოსახლეობაში, აღიქმებოდა, როგორც გარე ძალების მიერ თავს მოხვეული კანდიდატურა. თვითონ პროექტი, იდეაც, ვფიქრობ, არასწორი და დასაწყისშივე წამგებიანი იყო. 


- რა იქნებოდა უკეთესი ალტერნატივა?

 


- უკეთესი ჩართულობა: ვაჭრობა, გზების გახსნა, კომუნიკაციები, სახალხო დიპლომატია. თუმცა, საქართველოს კონფლიქტები მრავალფენოვანია - დაწყებული ადგილობრივი დე ფაქტოებით და დამთავრებული კრემლითა და ნატოთი. ასეთი კონფლიქტის აღმოსაფხვრელად ყველა ფენასთან ერთდროულად უნდა იმუშაო, რაც ადვილი არ არის. მაგრამ კარგი მთავრობა, რომელსაც უნდა ცვლილებები, ამას უნდა აკეთებდეს.




- თქვენი აზრით, აკეთებს ამას საქართველოს დღევანდელი მთავრობა?

 


- მგონია, ჯერ აქამდე შორი გზა გაქვთ. თუმცა, შეუძლიათ, გააკეთონ, თუ სათანადო ენერგიასა და ინტელექტუალურ რესურსებს დახარჯავენ. ამასთან, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - საქართველოს რთული გეოგ­რაფიული მდებარეობა­ აქვს და ამას ვერსად გაექცევა. მშვენიერი ქვეყანა გაქვთ, მაგრამ გარშემო მძიმეწონოსანი მეზობლები გახვევიან. ამის ფონზე არსებობა და განვითარება ურთულესია. აი, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გყავდეთ ჭკვიანი და მამაცი ხალხი. აქ კარგა ხანია, ამგვარი პოლიტიკური ჭკუისა­ და სიმამაცის ნაკლებობა იგრძნობა... მაგალითად, 2008 წელს არავის ეგონა,­ თუ საქმე ასე შორს წავიდოდა და ასეთ შედეგებს­ მივიღებდით...




-
მაინც რატომ არ ეგონათ? ბოლოს და ბოლოს, რუსეთზე ვსაუბრობთ...

 


- ვფიქრობ, არავინ ელოდა იმ უგუნურებასა და ნამდვილ სიგიჟეს, რაც საქართველოს მთავრობის უმაღლეს ეშელონებში სუფევდა. ეს პირადად ვუთხარი იმ ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.



- სააკაშვილს გულისხმობთ? და როგორი­ იყო მისი რეაქცია?

 


- დიახ. ის საკმაოდ გაუწონასწორებელი ტიპია და მისი რეაქციაც სწორედ ასეთი იყო. გეტ­ყვით, რა და როგორ მოხდა: წელს, ზამთარში, სტამბოლის აეროპორტში ვიჯექი და ჩემს ფრენას ველოდებოდი, როდესაც საა­კ­ა­შვილი ზუსტად ჩემ გვერდით მაგიდას მიუჯდა. ავიხედე და, აჰ, ამას ხომ ვიცნობ-მეთქი! კომპიუტე­რი­ დავხურე, გვერდით მივუჯექი­ და ვუთხარი: "სალამი­, პრეზიდენტი სააკაშვილი ხართ, არა?" ძალიან გაუხარდა, რომ იცნეს. გულწრფე­ლად ვუთხარი, რომ მან და მისმა პარტიამ ბევრი კარგი გააკეთეს საქა­რთველოსთვის, მაგრამ 2008 წლის ომი სრული სიგიჟე იყო. სანამ­ რამეს მიპასუხებდა, ვუთხარი, ვინც ვიყავი. სახელი წამიერად ეცნო და მერე ჩვენი­ საუბარი უკვე სხვაგვარად წარიმართა. ძალიან გაღიზიანდა და ჩვეული ეპითეტით შემამკო, რუსეთის ჯაშუში ხარ, ჩემი ქვეყანა შენ დაანგრიეო! არადა, არა მგონია, ეს მე მექნა. მერე უკვე ხმას აუწია და ხალხმა­ ყურადღება მოგვაქცია. საბედნიეროდ, თემურ იაკობაშვილი გამოჩნდა, სააკაშვილი ადგა და დემონსტრაციულად გავიდა, მე და თემურმა კი, როგორც ძველმა კოლეგებმა, კიდევ ცოტა ხანი ვისაუბრეთ. მერე სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ კიდევ ერთი რამის თქმა ვერ მოვასწარი: იმიტომ მივედი და მივესალმე, რომ ვიმედოვნებდი, მისი ჩემეული აღქმა არასწორი იყო და არსებობდა რაციონალური მიზეზები, რაც ახსნიდა მის საქციელს 2008 წლის ომის დროს, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, უარესი შთაბეჭდილება დატოვა. არადა, ძალიან მინდოდა, მტყუანი აღმოვჩენილიყავი. ჩემი თავისთვის მეთქვა, ნახე, ცდებოდი, ნორმალური ტიპია, გონიერი-მეთქი, მაგრამ მოვტყუვდი­. ამიტომ­ მგონია, რომ ასეთ ადამიანებს უფლება არ უნდა ჰქონდეთ,­ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც მან 2008 წლის ომის დროს მიიღო. მე ერთ-ერთი ვარ იმ მცირერიცხოვანი უცხოელი დიპლომატებიდან,­ ვინც უშუალოდ იყო ჩართული 2008 წლის ომში და ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას ახალგაზრდა ქართველი მეომრების ცხედრები, რომლებიც ცხინვალში ეყარა. დღემდე ვბრაზობ, ვერ გამიგია, რატომ­ უნდა დაღუპულიყვნენ ეს ახალგაზრდები ვიღაცების ბრიყვული გადაწყვეტილების­ გამო. დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ბრაზობენ თამარაშენის, ქურთას მკვიდრნი და კიდევ ბევრი სხვა.   




-
თქვენ იყავით პირველი, ვინც თქვა, რომ მიუხედავად .. სამხრეთ ოსეთის პროვოკაციებისა, საქართველოს პასუხი ყოვლად არაპროპორციული იყო. იმ დროს თქვენ ეუთოს მისიის თავმჯდომარის მოადგილე ბრძანდებოდით...

 


- დიახ, თუმცა, უშუალოდ ომის წინ მისიას მე ვხელმძღვანელობდი - ტერი ჰაკალა, თავმჯდომარე, საქართველოში არ იმყოფებოდა. როდესაც სიტუაცია დაიძაბა, ოფისში თათბირი გავმართე: სწორი იქნებოდა თუ არა, ჩვენი ცხინვალის ოფისიდან პერსონალის ევაკუაცია მოგვეხდინა. საბოლოოდ, კომპრომისამდე მივედით: ოფისში დავტოვეთ სამი კაცი, რათა ეუთოს დროშა, ასე ვთქვათ, არ დაშვებულიყო. იმ საღამოს ოფისში გვიანობამდე დავრჩი და ტელევიზორში სააკაშვილის გამოსვლას ვუყურებდი. ამბობდა, ქართველები და ოსები ძმები ვართო და ა.შ. ცოტა დავმშვიდდი. გვიან ღამით კი დამირეკა ცხინვალში დატოვებული სამი სამხედრო დამკვირვებლიდან ერთ-ერთმა, რომ მათ ბომბავენ, რომ ბომბები ჩვენი ოფისის ბაღშიც კი ჩამოვარდა და თავი სარდაფს შეაფარეს. მაშიIნვე სხვადასხვა საელჩოს გადავურეკე და გავაგებინე, რა ხდებოდა. მეორე დილით სხვა დიპლომატებთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმიწვიეს. ჩატარდა ბრიფინგი, სადაც შეგვატყობინეს, რომ ცხინვალში მხოლოდ სამხედრო სამიზნეები დაიბომბა. შეხვედრის შემდეგ, ევროპელმა დიპლომატებმა პირად საუბარში მკითხეს: "აბა, რაიან, რას ფიქრობ? სიმართლეს გვეუბნებიან?" - და მე მომიწია, მეთქვა, რომ რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ტყუილი იყო.­ ეს სამხედრო სამიზნეებია უნივერსიტეტი და საერთაშორისო მისიის ეზო? სააკაშვილის გადაწყვეტილება (დარწმუნებული ვარ, ასეთ გადაწყვეტილებას მის გარეშე არ მიიღებდნენ), ქალაქი ღამით დაებომბა, უზარმაზარი შეცდომა იყო, შენს მოქალაქეებს "გრადის" რაკეტებით ბომბავ? გაუგონარია! და ამას გარდა, იქვე განლაგებული იყო რუსეთის ე.წ. მშვიდობისმყოფელების კონტინგენტი.


მშვიდობას "ყოფენ" ისინი თუ მტრობას, სხვა საქმეა, მაგრამ 
ფაქტი ერთია - რუსეთი იყო და არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და არ შეეგუება საკუთარი მშვიდობისმყოფელების დაბომბვას, აუცილებლად მიაყენებს მასირებულ საპასუხო დარტყმას. იცით, რა? იმავეს იზამდა დიდი ბრიტანეთი, იმავეს იზამდა შეერთებული შტატებიც. გარდაუვალი იყო რუსეთის საპასუხო, უმძიმესი შედეგების მქონე რეაქცია.



ვფიქრობ, სააკაშვილი იმედოვნებდა ერთგვარი შოკური თერაპიის ჩატარებას და ყველაფრის მანამდე მომთავრებას, სანამ­ სხვები გონს მოვიდოდნენ - სურდა­ ე. წ. პატარა ომის მოგება 24 საათში. 




მაგრამ, მორალურ მხარეზე რომ არაფერი ვთქვათ, როდესაც ასეთი მიზნები გაქვს, რუსეთს შემოსასვლელი გზები უნდა დაუხშო - დაბლოკე გვირაბები, ააფე­თქე ხიდები და  ა.შ. მას ასეთი არაფერი გაუკეთებია. არადა, ამისთვის სულაც არ არის საჭირო დიდი სამხედრო სტრატეგობა. როდესაც ბრძოლებს შუა ქალაქში მართავ, მსხვერპლს ვერ აიცილებ თავიდან და შეუძლებელია, ეს ელვისებურად გააკეთო. მერე ქართული ტანკები ცხინვალის ქუჩების "ჭაობებში ჩაეფლნენ, იმიტომ, რომ არავის მოაფიქრდა ქვეითი რაზმების გაგზავნა, რომლებიც მანევრირებაშეზღუდულ სამხედრო ტექნიკას დაიცავდა... 



ყველაფერი, რაც მე ვთქვი, ასახულია­ ტალიავინის დასკვნაში. რაც შეეხება იმათ, ვინც ჩემეულ ხედვას არ იზიარებს, რას იზამ, დიპლომატები დიპლომატიურები არიან. ტერი ჰაკალაც ნამდვილი დიპლომატი იყო. შესაძლოა, სურდათ, კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინათ საქართველოს მთავრობასთან, რაც გასაგებია. მე არავის ვადებ ხელს, მაგრამ მწამს, რომ ჩვენს სამყაროში დიპლომატიას ზოგჯერ სრული უსუსურობის დასაფარავად იყენებენ. ჩემი აზრით, სწორედ მსგავსი ელემენტები იყო 2008 წლის მოვლენების მიმართ ზოგი საერთაშორისო დიპლომატის მიდგომაში. მაგრამ მე ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი თავიდანვე და რაც წერია კიდეც ტალიავინის­ ანგარიშში: შეიძლება იყო პროვოკაციები, სისულელეების მეტი რა ხდება, მაგრამ გადაწყვეტილება, დაებომბათ ცხინვალი, მიღებულ იქნა უმაღლეს ეშელონებში და ეს გადაწყვეტილება იყო კატასტროფული და უგუნური.



ჰაკალასთან შეხვედრის შემდეგ ვფიქრ­ობდი, ახლა რა ვქნა-მეთქი? ეს იყო უზარმაზარი დაპირისპირება დასავლეთს, რუსეთსა და საქართველოს შორის. გადავწყვიტე, წავსულიყავი და თავად მენახა ყველაფერი. ვაღიარებ, შეიძლება, ეს არ იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც ოდესმე მიმიღია, მაგრამ მაშინ გონივრულად მეჩვენა. დილით ეუთოს მანქანაში ჩავჯექი და ცხინვალისკენ გავეშურე. გადასახვევამდე ისე მივედი, არც ოსები და არც რუსები არსად ჩანდნენ. 




მერე დავინახე რუსების არმია. რუსული ტანკები ცხინვალისკენ მიდიოდნენ. ტანკებს მივადექი და რუს ოფიცერს ვკითხე: "უკაცრავად, ცხინვალისკენ მივდივარ, შეიძლება გავიარო?" "შეიძლება. უკან გამოგვყევით", - მითხრა და ასე, რუსების კოლონასთან ერთად შევედი ცხინვალში. 




პირველი ნაცნობი სახე, რომელიც შემხვდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო. მკითხა, რაიან, გაგიჟდიო? მგონი კი-მეთქი, ვუპასუხე. ცხინვალიდან ამერიკელებსა და ფრანგებს დავუკავშირდი, - ამ უკანასკნელებს განსაკუთრებით გამოადგათ ჩემი მონაყოლი, რადგან რუსებთან სწორედ ისინი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. გარდა ამისა, სწორედ ცხინვალში ვნახე, რა დაჯდა ეს ომი. იყო თუ არა სიგიჟე ცხინვალში წასვლა? შესაძლოა, მაგრამ საჭიროც იყო. იყო თუ არა სახიფათო? მეშინოდა თუ არა? ძალიან. 
მე არა ვარ რელიგიური ადამიანი, მაგრამ მახსოვს,­ ჯვრის მონასტერთან მანქანა გავაჩერე და ჩემი შვილების ფოტოებით ხელში ვილოცე. 




ვიცოდი თუ არა, რომ ეს წერტილს დაუსვამდა ჩემს კარიერას ეუთოში? - ამის მიხვედრა ძნელი არ იყო, რადგან უფლებამოსილებას აშკარად გადავაჭარბე...




როდესაც ცხინვალის დატოვება გადავწყვიტე, ბორის ჩოჩიევს შევატყობინე, ესკორტი გამომიყვეს, რომელიც ერთხანს უკან მომყვებოდა, შემდეგ კი ცხინვალისკენ გაბრუნდნენ. როცა ქართულ სოფლებს მივაღწიე, ორმა მანქანამ გამაჩერა. ათამდე­ იქნებოდნენ, აშკარად ოს მოხალისეთა რაზმი იყო, ქართული სოფლების გასაძარცვად იყვნენ გამოსული. მანქანიდან გადმომათრიეს, მუხლებზე დამაყენეს და კეფაზე იარაღი მომადეს. ჩემი დამტვრეული რუსულით­ ვცდილობდი, რამე გამეგებინებინა მათთვის, მეთქვა, რომ ჩოჩიევს ვიცნობდი, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, ისევ მანქანაში შემტენეს და მაიძულეს, კვლავ ცხინვალისკენ ამეღო გეზი. სანამ ცხინვალამდე მივაღწევდი, კიდევ ერთმა ჯგუფმა გამაჩერა. ისევ გადმომათრიეს მანქანიდან, დამაჩოქეს და კეფაზე ლულა მომაბჯინეს. ჩემი მწირი ოსურით გავარკვიე, რომ მსჯელობდნენ, შეიძლებოდა თუ არა ჩემი მოკვლა. საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ - არა, ჩასხდნენ­ ჩემს მანქანაში და წავიდნენ. დავრჩი შუა გზაზე - მანქანის, პასპორტის, ტელეფონის გარეშე. ცხინვალისკენ გზას ფეხით დავადექი. სანამ ჩავაღწევდი, ახლა რუსულ ტანკებს გადავაწყდი, ჯარისკაცები ვახშმობდნენ. უეცრად სროლა ატყდა და შემდეგი საათ-ნახევარი ტანკის ქვეშ შემალულმა გავატარე. საბოლოოდ, მივაღწიე ცხინვალამდე. პირდაპირ ჩოჩიევთან შევედი, მკერდში თითი ვატაკე და ვუთხარი: "ბორის ჩოჩიევ, ეს ხალხი გააჩერე. თუ ამას არ იზამ, ჰააგაში ამოყოფ თავს-მეთქი. იმ დღეს ორჯერ გადავურჩი სიკვდილს. რამდენიმე დღის შემდეგ, რუსული ესკორტი გამომიყვეს, რომელმაც იგოეთთან ჩემი თავი ქართველებს გადააბარა. 




- თქვენი ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ­ მკითხველები ორად გაიყოფიან: ნაწილი დაიჯერებს, რომ გულწრფელი ხართ და საქართველოს ბედი ნამდვილად გადარდებთ, ნაწილი კი უბრალოდ იტყვის, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ომის "რუსულ ვერსიას" ავრცელებს... 

 


- ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს რუსული­ ვერსიაა. ეს ევროკავშირის დასკვნაა. ტალიავინის ანგარიშიც ამას ამბობს. რაც შეეხება­ რუსეთის ჯაშუშობას, ეს სააკაშვილმა მიწოდა. მე არ ვამართლებ რუსეთის მოქმედებებს, უბრალოდ, მე ვხედავ მიზეზებს მათ უკან. არასდროს ვყოფილვარ ანტიქართველი ან პრორუსი. აქ უამრავი ძვირფასი მეგობარი მყავს და ჩემს გოგონასაც­ უმიზეზოდ არ ჰქვია ჯორჯია. ვარ თუ არა ანტიომისტი? დიახ! განსაკუთრებით თუ იმ ბრიყვულ 2008 წლის ომს ეხება საქმე, რომელიც არ უნდა მომხდარიყო, რომელმაც ათასჯერ უფრო გაურთულა საქმე საქართველოს. თქვენ რა, გგონიათ, რუსეთი უცებ იტყვის, უი, შეგვეშალა, არ უნდა გვეღიარებინა ამათი დამოუკიდებლობა, აჰა, უკან წაიღეთო? გამორიცხულია. აუცილებელი იყო ასე მომხდარიყო? არა. ეს იყო სულელური შეცდომა და ეს არ იყო საქართველოს, ქართველი ხალხის შეცდომა. ეს იყო სააკაშვილისა და მისი გუნდის შეცდომა.  



- დასასრულ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში თქვენს დანიშვნაზეც ვისაუბროთ, რომელსაც მედიაში აურზაური მოჰყვა და ყოფილი მთავრობის წევრების მხრიდან მძაფრი კრიტიკის მიზეზი გახდა... 

 


- როდესაც ეს პოზიცია გამოაცხადეს და ბრიტანეთმა წარმადგინა, დარწმუნებული ვიყავი, არ ამიყვანდნენ სწორედ ჩემი წარსულის გათვალისწინებით. და სიხარულისგან ცას ვეწიე, როდესაც მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ დამნიშნეს. ჩამოვედი და სწორედ ეს მედიააურზაური დამხვდა, აკრიტიკებდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელსაც თითქოსდა თანხმობა არ უნდა მიეცა ჩემს დანიშვნაზე, მაშინ როცა ეს საკითხი ბრიუსელში წყდება­, საქართველოს ჩაურევლად. სამწუხაროდ, ალბათ, სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღემდე საგარეო საქმეთა სამინისტრო უარს აცხადებს, დიპლომატიური აკრედიტაცია გასცეს ჩემს სახელზე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ბრიუსელშივე მითხრეს, რომ მაინცდამაინც არ გამოვჩენილიყავი და მედიის ყურადღებას მოვრიდებოდი. ასეც მოვიქეცი: ეს ინტერვიუ ერთადერთია, რაც ამ სამი წლის მანძილზე გავეცი. როცა აქ ჩამოვდიოდი, ვფიქრობდი, სათანადოდ გამომიყენებდნენ, მე ბევრ ადამიანს ვიცნობ აფხაზეთსა და ოსეთში და შემიძლია ვთქვა, მათი ნდობა წლების მანძილზე მოვიპოვე, მაგრამ ამის ნაცვლად მითხრეს, რაიან, ნუ გამოჩნდებიო. რას იზამ!




(წყარო: kvirispalitra.ge, ვაჟა თავბერიძე) 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016