reportiori.ge - როგორ უნდა დავწეროთ ჟურნალისტებმა ინკოგნიტო წყაროების მიერ მოწოდებული მასალები, რომ საქმე სასამართლო დავამდე არ მივიდეს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:16
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
როგორ უნდა დავწეროთ ჟურნალისტებმა ინკოგნიტო წყაროების მიერ მოწოდებული მასალები, რომ საქმე სასამართლო დავამდე არ მივიდეს?
ავტორი:
07 აპრილი, 2015. 17:06


რა მექანიზმები არსებობს ამისთვის? რა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები გვაქვს ჟურნალისტებს?


ჟურნალისტის პრაქტიკაში ძალზე ხშირია შემთხვევები, როცა მას დახურული, კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გავრცელება უწევს. უმთავრეს შემთხვევაში, ეს კონფიდენციალური წყაროები ჟურნალისტთათვის ინფორმაციის მიწოდებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებიან, თუ მათ ვინაობას არ გავამხელთ, ბოლომდე ინკოგნიტოდ დარჩებიან, ქვეყანაც რომ დაიქცეს. ეს ასეც უნდა იყოს და ასეც ვიქცევით. ჟურნალისტმა წყაროს ვინაობა არამც და არამც არ უნდა გაამხილოს, რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალისტი და ის მედიასაშუალება, სადაც ეს ჟურნალისტი მუშაობს, სანდოობას დაკარგავს, მას ინფორმაციას აღარ მიაწვდიან, ეს ინკოგნიტო წყაროები მათგან თავს შორს დაიჭერენ. ვერ გეტყვით, რამდენად თანაბარზომიერი შედარებაა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ - ჟურნალისტის მიერ წყაროს გამხელას, მოძღვრის მიერ აღსარების საიდუმლოს გათქმას შევადარებ. არც ისეთ მოძღვარს ენდობა ვინმე, ვინც აღსარების საიდუმლოს გაამხელს. ხშირ შემთხვევაში, ამ კონფიდენტების მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადამოწმებას, ელემენტარულად, არ ექვემდებარება. დავუშვათ, წყარო მაწვდის კონკრეტული საჯარო პირის სავარაუდო დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. სუბიექტი, რომელიც დანაშაულშია ეჭვმიტანილი, ცხადია, არ დაადასტურებს ამ დანაშაულს. სხვა არხი და საშუალება კი ინფორმაციის გადამოწმებისა, ჩვენთვის არ არსებობს, რადგან ერთადერთი, წყაროა თვითმხილველი ამ დანაშაულებრივი ფაქტისა ანდა, მას აქვს ინფორმაცია ამის შესახებ. ალბათ, იკითხავთ, გვაქვს თუ არა კანონით უფლება, დაუდასტურებელი ინფორმაცია არ გამოაქვეყნოთ? არის შემთხვევები, როცა წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იმ ელემენტარული მიზეზის გამო ვერც გადავამოწმებ, რომ მასალის გამოქვეყნებამდე წყარო გაიშიფრება და მასზე ზეწოლა მოხდება, კონკრეტული ინფორმაციის შესახებ, მხოლოდ ორმა ან სამმა ადამიანმა იცის და ერთ-ერთი ეს ინკოგნიტო წყაროა. ინფორმაციის გადამოწმების პროცესში, შესაძლოა, მას სერიოზული საფრთხე შეექმნას. ჩემს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევებიც ყოფილა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მასზე ვეღარანაირ ზეწოლას ვეღარ მოახდენენ, რადგან, თუ რაიმე დაუშავდა, მერე უკვე თავადვე განაცხადებს, რომ მან მიაწოდა მედიას ინფორმაცია და ამის გამო შურისძიებას უპირებენ. მოკლედ, ჟურნალისტთა მიერ დახურულ წყაროებზე მუშაობის ნაირგვარი ფაქტის მოყვანა შემიძლია, მაგრამ აქ შევჩერდები. მთავარი აქ ის არის, რის გამოც, ჩვენ, „ქრონიკის" ჟურნალისტები, ხშირად თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში ვვარდებით, რადგან ბევრჯერ გვიწევს დახურული, კონფიდენციალური წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გავრცელება და მათი უმეტესობა დასტურდება. თუმცა, ყოველთვის არსებობს საფრთხე, სასამართლოში გიჩივლონ და ურთმელიძის მსგავსი მოსამართლის „წყალობით" გაგამტყუნონ და ფინანსური სანქციებიც დაგაკისრონ. დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას, რა უნდა ვქნათ იმ შემთხვევაში ჟურნალისტებმა, როდესაც კონფიდენციალური წყარო ინფორმაციას გაწვდის? უნდა გამოვაქვეყნოთ ეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია? ჩვენ უკან თითქმის არასდროს დაგვიხევია და ასეთი ფაქტები ბევრჯერ გამოგვიქვეყნებია, მაგრამ მთავარი მერე იწყება. დავუშვათ, ინფორმაცია კონკრეტული პიროვნების ან იურიდიული პირის მადესკრიდეტებელი ხასიათისაა (აბა, სხვაგვარი ინფორმაციის გამოქვეყნებას რა აზრი აქვს?) შემდეგ, ეს კერძო თუ იურიდიული პირი რედაქციას უკავშირდება, კატეგორიულად მოითხოვს ჩვენგან, შელახული ღირსებისა და პატივის აღდგენას და ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას. მერე მიდის სასამართლოში და უკვე იქ ითხოვს იგივეს, ანუ შავზე უნდა ვთქვათ, რომ თეთრია. თანაც, ფულად კომპენსაციასაც ითხოვს, რომ ეს შელახული ღირსება ბოლომდე აღიდგინოს. მოკლედ, გავრცელებული ინფორმაციის მტკიცების მთელი ტვირთი, ჟურნალისტისა და რედაქციის კისერზე გადადის, რადგან კონფიდენციალური წყარო დაჟინებით მოითხოვს, რომ მისი ვინაობა არ გავამხილოთ. კარგი, ბატონო, ბოლომდე ვიცავთ ამ დაუწერელ თუ დაწერილ წესსა და კანონს, წყაროს არ ვამხელთ. მაგრამ რა ვქნათ სასამართლოში? რით დავიცვათ თავი? რომელი კანონის რომელი მუხლები გვიცავს ჩვენ, ჟურნალისტებს, ასეთ შემთხვევაში? ყველაზე მთავარი - როგორ უნდა დავწეროთ ჟურნალისტებმა ინკოგნიტო წყაროების მიერ მოწოდებული მასალები, რომ საქმე სასამართლო დავამდე არ მივიდეს? რა მექანიზმები არსებობს ამისთვის? რა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები გვაქვს ჟურნალისტებს? ეს ყველაფერი ჩვენ ისედაც კარგად ვიცით, თუმცა, ბოლო დროს ბეჭდური მედია დაუმსახურებლად ხშირად ჩავვარდით ცუდ სიტუაციაში. ამიტომ ახლა იურისტებიც ჩავრთეთ საქმეში და შავით თეთრზე ვწერთ იმას, რაც ყველამ უნდა დაიზეპიროს.


გელა ნიკოლაიშვილი, ადვოკატი.


- როდესაც წყარო არის კონფიდენციალური, როდესაც მას არ სურს, მოხდეს მისი ლეგალიზაცია და წარმოჩენა, ასეთ შემთხვევაში, ჟურნალისტს აქვს უფლება და ვალდებულებაც კი, რომ გამოაქვეყნოს ამ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია. თუ ამ წყაროს მიერ ადრე მოწოდებული ინფორმაცია, დავუშვათ თქვენ ადრეც გამოგიქვეყნებიათ და ინფორმაცია უტყუარი აღმოჩნდა, მაშინ უნდა მიუთითოთ, რომ ამ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციები რამდენჯერმე გამოაქვეყნეთ და ეს ინფორმაციები დადასტურდა. ხოლო თუ წყარო პირველად გაძლევთ ასეთ ინფორმაციას, ესეც უნდა მიუთითოთ. რადგან წყარო გენდოთ და მოგაწოდათ ინფორმაცია, თქვენ, ერთი მხრივ,  ვალდებული ხართ, დაიცვათ წყაროს ინტერესები და არ გაამჟღავნოთ მისი ვინაობა, მეორე მხრივ, უფლებამოსილი ხართ, დაბეჭდოთ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, წყარო ახალია თუ თქვენთან ის დიდხანს თანამშრომლობდა, უნდა მიუთითოთ, რომ ინფორმაციის გადამოწმებას ვერ ახერხებთ, თქვენ არ ამტკიცებთ, რომ ეს არის უტყუარი ინფორმაცია და მის სიზუსტეზე პასუხს არ აგებთ. მოკლედ, ინფორმაციის მტკიცებულების ვალდებულებას თქვენს თავზე არ იღებთ. თუმცა, იქვე უნდა მიუთითოთ, რომ, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევთ, ეს ინფორმაცია გამოაქვეყნოთ. გავიმეორებ, წყარო რომ კონფიდენციალურია, ამის მითითება აუცილებელია. ჩემი რჩევა იქნება, მესამე პირში მიაწოდოთ მკითხველს ასეთი ინფორმაცია, ეს გადამწყვეტი არ არის, თუმცა, ვფიქრობ, ასე სჯობს. თუმცა, თუ სტატიის დასაწყისში მიუთითებთ იმას, რაც უკვე გითხარით, მაშინ არც პირველ პირში წერა და ინფორმაციის მიწოდებაა პრობლემა. ეს, ასე ვთქვათ, მეორეხარისხოვანი დეტალია. ეს არის თქვენი დამცავი მექანიზმი, ვერავინ შეგედავებათ, თქვენ არ ამტკიცებთ არაფერს, თქვენ არ გამოგიგონიათ ეს ინფორმაცია, თქვენ ინფორმაცია მიიღეთ წყაროსგან, რომელიც მიზეზთა გამო, კონფიდენციალურად უნდა დარჩეს. ჩვენთანაც ხშირია ამ სახით ინფორმაციის გავრცელება და ასეა უცხოეთშიც. რა ვიცი, კვირა არ გავა, რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროდან სწორედ დახურულ, კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით არ გაჟონოს ინფორმაციამ. ზოგჯერ საქმე მსოფლიო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პროცესებს ეხება და ასეთი სახის ინფორმაციებს იქ ეჭვქვეშ არავინ აყენებს, არც ჟურნალისტებს ედავება ვინმე რაიმეს. დემოკრატიული საზოგადოებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, მიიჩნევენ, რომ საგარეო სამინისტროს მავანმა თანამშრომელმა ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია.


კატეგორიულად ვაცხადებ, ჟურნალისტს სრული უფლება და მოვალეობა აქვს, კონფიდენციალური წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია გაავრცელოს. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტში გარკვევით წერია: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია". ეს ცხადია, მედიასაც ეხება. რაც მთავარია, აქ არსად არ წერია, რომ კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გავრცელების უფლება არ გაქვთ. რაც აკრძალული არ არის, ის ნებადართულია. გარდა ამისა, თქვენ მიერ კონფიდენციალური წყაროს გამოქვეყნებისა და ამ წყაროს არგათქმის სასარგებლოდ, მეტყველებს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ". ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს... ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოება და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილება. ამავე კანონის მე-11 მუხლის მიხედვით: 1. პროფესიული საქმიანობის წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელის ვალდებულება. 2. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა თვით მისი მფლობელის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე". აი, ეს არის თქვენი დაცვის სამართლებრივი გარანტიები, როცა დახურულ წყაროსთან თანამშრომლობთ. ამ კანონის თანახმად, ჟურნალისტი იმ შემთხვევაშიც დაცულია და არ არის ვალდებული, გაამჟღავნოს თავისი წყარო, თუ საქმე სასამართლო დავამდე მივა. ვფიქრობ, საკმაოდ სოლიდური სამართლებრივი დაცვის მექანიზმებია. თქვენ მეტყვით, რომ პრაქტიკაში სხვაგვარად ხდება, ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მავანნი სასამართლოში უჩივიან, ითხოვენ შელახული ღირსებისა და პატივის აღდგენას გავრცელებული ინფორმაციის უარყოფის გზით, ხშირ შემთხვევაში, მორალური ზიანის სანაცვლოდ, ჟურნალისტსა და მედიასაშუალებას სთხოვენ ფულად კომპენსაციას და მათ მოთხოვნებს, სასამართლო აკმაყოფილებს, ანუ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს ამტყუნებს. ამის შესახებ გეტყვით, რომ ეს არის უკანონო, უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებები და კარგად ვიცი, რომ ეს უსამართლობა, „ქრონიკასაც" განუცდია საკუთარ თავზე.


შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე:


- კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით მუშაობს მთელი მსოფლიოს მედია და გამონაკლისი საქართველო ვერ იქნება. ცხადია, ხშირია შემთხვევები, როცა  ასეთი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება, სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო. მიუხედავად ამისა, თუ ჟურნალისტი წყაროს ენდობა, ეს ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნოს, საზოგადოების მაღალი ინტერესების გათვალისწინებით, ეს მისი მოვალეობაა. თუ ჟურნალისტს აქვს ინფორმაცია რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტის შესახებ, მით უფრო, ვალდებულია, ის გაასაჯაროოს. შესაძლოა, ინფორმაციის დამალვა უფრო დიდი დანაშაულის ხელშეწყობად იქცეს, ხოლო გამოქვეყნებამ პრევენციის როლი ითამაშოს და ახალი დანაშაული ააცილოს საზოგადოებას. ეს ინფორმაცია თქვენ ჩვეულებრივად უნდა მიაწოდოთ მკითხველს, უნდა აღნიშნოთ, რომ კონფიდენციალური წყაროსგან გაქვთ ინფორმაცია და ამას დაწერთ, თქვენ არ შედიხართ ამ ინფორმაციის განსჯაში. კი, მერე შეიძლება გაშალოთ თემა, მაგრამ იმ ინფორმაციას ზუსტად ისე აწვდით მკითხველს, როგორც მიიღეთ. აუცილებელია, რომ ინფორმაციის სიზუსტის მტკიცების ვალდებულება საკუთარ თავზე არ აიღოთ და რაც მეტჯერ მიუთითებთ, რომ ის კონფიდენციალურმა წყარომ მოგაწოდათ, მით უკეთესი. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერი სამართლებრივი, მათ შორის, დახურული წყაროების მეშვეობით, მოიპოვოთ და გაავრცელოთ ინფორმაცია. ასევე, თქვენი კონფიდენციალური წყაროების ვინაობა არ გაამხილოთ. ამის სამართლებრივი გარანტიები გაქვთ. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი, სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-18 მუხლი, ასევე, კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ". ამ კანონის მე-11 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი სწორედ თქვენ მიერ წყაროს არგათქმის სამართლებრივი გარანტიებია. პრაქტიკაში შესაძლოა, სხვაგვარად ხდება, მაგრამ მე იმას მოგახსენებთ, რაც კანონში წერია და რითაც შეგიძლიათ, სამართლებრივად დაიცვათ თავი...


დაბოლოს, ვისაც „ქრონიკის" კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობილი ინფორმაციები ემცხეთება ხოლმე, მათთვის ერთ ისტორიას გავიხსენებ. მსოფლიოს საგამოძიებო ჟურნალისტიკის მწვერვალად და შედევრად აღიარებული „უოტერგეიტის საქმის" გამოძიება მთლიანად კონფიდენციალური წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ 1992 წლის 17 ივნისს, ამერიკის პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის საარჩევნო შტაბის 7 თანამშრომელი, უოტერგეიტის საოფისე კომპლექსში შეიჭრა, სადაც კონკურენტი დემოკრატიული პარტიის ყრილობა უნდა გამართულიყო. შეჭრის მიზანი კი ფარული მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება იყო. სკანდალი ჩაიფარცხებოდა, რომ არა „ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტები, ბობ ვუდვორდი და კარლ ბერბსტაინი. მათ ნიქსონის საარჩევნო შტაბში ჩახედვა გადაწყვიტეს და რამდენიმე მამხილებელი წერილიც დაბეჭდეს. ამის შემდეგ მათ ინკოგნიტო წყარო დაუკავშირდა და ნიქსონისა და მისი პოლიტიკური გუნდის შესახებ მომაკვდინებელ ინფორმაციებს აწვდიდა. სწორედ „ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე დაიწყო სენატმა ნიქსონის საქმის გამოძიება - პოლიტიკური შპიონაჟი და საბოტაჟი, არალეგალური მოსმენები, საარჩევნოდ უკანონო საიდუმლო ფონდების გამოყენება, უოტერგეიტის კომპლექსში შეჭრილი 7 თანაპარტიელის მოქრთამვა გაჩუმების სანაცვლოდ... დიახ, ამ და სხვა დანაშაულებს ნიქსონს ვერ დაუმტკიცებდნენ, რომ არა ჟურნალისტებისა და კონფიდენტის ეფექტური მუშაობა. წყაროს ვინაობა კი, რომელსაც ამერიკელებმა „ღრმა ხახა" შეარქვეს, მხოლოდ სამმა ადამიანმა იცოდა - ვუდვორდმა, ბერნსტაინმა და „ვაშინგტონ პოსტის" მთავარმა რედაქტორმა. როგორ დასრულდა ეს სკანდალი, მოკლედ მოგახსენებთ. ამერიკის ისტორიაში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, 1974 წლის 9 აგვისტოს ვადაზე ადრე გადადგა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი და ვიცე-პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. გადაუჭარბებლად ვიტყვი, ეს, უპირველეს ყოვლისა, ჟურნალისტების დამსახურება იყო. ნიქსონი ისე გადადგა და სენატსა და კონგრესში, ასევე, გამოძიების ფედერალურ ბიუროში 2.5 წლის მანძილზე ისე მიმდინარეობდა გამოძიებები, რომ ვუდვორდისა და ბერნსტაინისთვის, კანონის ძალით, არავის დაუძალებია წყაროს გამხელა, თუმცა, სხვა, არაკანონიერი, გზებით ამის მცდელობა იყო. სამეულმა, რომელთათვისაც წყაროს ვინაობა ცნობილი იყო, ფიცი დადეს, რომ ვიდრე წყარო ცოცხალი იყო, მის ვინაობას არ გაამხელდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ნიქსონის გადადგომის შემდეგ, მას აღარანაირი საფრთხე აღარ ემუქრებოდა. თუმცა, „უოტერგეიტის სკანდალიდან" ზუსტად 31 წლის შემდეგ, წყარო თვითონ გამოჩნდა. 2005 წლის ივნისში, ჟურნალ „ვენიტი ფეარს" ინტერვიუ მისცა ნიქსონის პრეზიდენტობისას გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილემ, მარკ ფელტმა და აღიარა, რომ ის იყო „ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტებისთვის ინფორმაციით მომმარაგებელი, ის იყო „ღრმა ხახა".


აი, ასე შეცვალა ამერიკის ისტორია ორმა ჟურნალისტმა და მათმა მთავარმა რედაქტორმა დახურულ, კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობილი მასალების გამოქვეყნებით.

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016