თარგამაძე შსს-დან უკანონოდ მოპარულ ინფორმაციას სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს ხომ აწვდიდა თურმე, გარდა ამისა, ის ინფორმაციებს აწვდიდა კრიმინალურ ავტორიტეტებსა და „კანონიერ ქურდებს" არამხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც. სავარაუდოდ, ამას ფულის სანაცვლოდ აკეთებდა, „კანონიერი ქურდები" მათთვის საჭირო ინფორმაციას გივი თარგამაძისგან ყიდულობდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გომელაურმა უკვე დაიწყო „ნაციონალთა" აგენტების გამოვლენა და გამოყრა თავისი უწყებიდან. პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი და მისი სხვა თანამშრომლები „ნასედკობაში" გამოიჭირეს და სამსახურიდან გამოყარეს. სამინისტროს დაცული ბაზიდან „ნაცმოძრაობის" წევრებსა და კერძო პირებს ინფორმაციებს აწვდიდნენ. ამათგან მხოლოდ ერთის ვინაობა გაახმაურა სამინისტრომ. პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი სისტემატურად აწვდიდა საიდუმლო ინფორმაციებს გივი თარგამაძეს, რასაც მერე თარგამაძე პარტიული ინტერესებისთვის იყენებდა, „ნაცმოძრაობა" ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ბრიფინგებს მართავდა და ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდენდა... რუსლან ბაზიაშვილს, სავარაუდოდ, მალე წაუყენებენ ბრალს სს კოდექსის 332-ე მუხლით. რაც სამსახურებრივი უფლებამისილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სწორედ ამ მუხლით მიმდინარეობს. ამ ამბის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა და მეტს აღარ გავაგრძელებ. მკითხველს მხოლოდ იმ ინფორმაციას ვთავაზობ, რომელიც მედიით არ გახმაურებულა. ჩვენ პროკურატურასთან დაახლოებულმა კონფიდენციალურმა წყარომ მეტად საყურადღებო ინფორმაციები მოაწოდა. მიუხედავად იმისა, რომ წყარო სანდოა და მის მიერ მოწოდებული არაერთი ასეთი, კონფიდენციალური ინფორმაცია დადასტურებულა, ჩვენ ამ შემთხვევაში, ინფორმაციის უტყუარობაზე პასუხს არ ვაგებთ, რადგან მისი გადამოწმება ვერ მოხერხდა. გივი თარგამაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, პროკურატურის პრესსამსახური კი, როგორც წესი, საგამოძიებო მოქმედების დეტალების შესახებ კომენტარს არასდროს არ აკეთებს. თუმცა, ამ მოვლენების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციას მაინც ვაქვეყნებთ, რისი უფლებაც კანონით გვენიჭება.
26 მარტს პროკურატურამ გივი თარგამაძეც დაკითხა, 9 საათს გაგრძელდა ეს პროცესი. დაკითხვის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, კონფიდენციალური წყაროს დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, თარგამაძე შეუძლოდ გახდა დაკითხვის დროს და ამის გამო სამჯერ გადაიდო დაკითხვა. გივი თარგამაძე პროკურატურაში შესვლამდე ყელყელაობდა და ამბობდა, უდანაშაულო ვარ, ფეხებს ვერავინ მომჭამს, პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ხელისბიჭის, „ჰაკიმ ფაშას", ანუ ირაკლი ღარიბაშვილის დაკვეთას ასრულებს და ჩემ მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდებაო. მაგრამ გამომძიებლებთან პირისპირ დამჯდარა თუ არა, ეგრევე გული გახდომია ცუდად და სამჯერ მოუსულიერებიათ. ამის მიზეზი კი მხოლოდ რუსლან ბაზიაშვილი არ ყოფილა. „ქრონიკას" სანდო წყარომ აცნობა, რომ გამოძიებამ გივი თარგამაძეს დაუდო რამდენიმე სახის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, რომელთაც ის სისტემატურად აწვდიდა კონკრეტულ პირებს. თარგამაძე შსს-დან უკანონოდ მოპარულ ინფორმაციას სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს ხომ აწვდიდა თურმე, გარდა ამისა, ის ინფორმაციებს აწვდიდა კრიმინალურ ავტორიტეტებსა და „კანონიერ ქურდებს" არა მხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც. სავარაუდოდ, ამას ფულის სანაცვლოდ აკეთებდა, „კანონიერი ქურდები" მათთვის საჭირო ინფორმაციას გივი თარგამაძისგან ყიდულობდნენ. ახლა რა გამოდის? თარგამაძე ბაზიაშვილების მიერ მისთვის გადაცემულ ინფორმაციას კრიმინალებზე ყიდდა და ამას პარლამენტარი, მეტიც, პარლამენტის „ნდობის ჯგუფის" წევრი აკეთებდა. წყარო აცხადებს, რომ თარგამაძის მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე, სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანილმა დაახლოებით ათზე მეტმა კრიმინალმა საქართველოდან გაქცევა მოასწრო, ისინი თარგამაძემ გააფრთხილა, რომ დაჭერას უპირებდნენ. ეს უკვე საბოტაჟი, გამოძიებისთვის ხელის შეშლა და მეტიც, დანაშაულში თანამონაწილეობაა. ეს ის გივი თარგამაძეა, რომელიც დღე და ღამე ხელისუფლებას უმაღლესი თანამდებობის პირებს „კანონიერ ქუდებთან" ალიანსში სდებს ბრალს. გივი თარგამაძეს, წესით და რიგით, დაცული ინფორმაციის გასაჯაროებისთვის ბრალი უნდა წაუყენონ. თავად აცხადებს, მე, როგორც დეპუტატსა და როგორც პარლამენტის „ნდობის ჯგუფის" წევრს, უფლება მქონდა, ბაზიაშვილისგან ინფორმაცია გამომეთხოვაო. თუმცა, ასე არ არის. გივი თარგამაძეს თუ დანაშაული დაუმტკიცდა, დეპუტატის მანდატი შეუძლია წვრილად დაახვიოს, რადგან დეპუტატის იმუნიტეტი ვერ დაიცავს. „ნდობის ჯგუფის" წევრობაც არ გამოადგება დანაშაულის ჩასაფარცხად, რადგან დაცული ინფორმაციის გამოთხოვა, ამ ჯგუფის წევრს დამოუკიდებლად არ შეუძლია, ის ჯგუფის სხვა წევრებთან უნდა შეათანხმოს და მერე გამოითხოვოს. ასევე, არსებობს რიგითი დეპუტატისა თუ „ნდობის ჯგუფის" წევრის მიერ ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა და თარგამაძეს არც ეს პროცედურა დაიცავს.
პროკურატურას, სავარაუდოდ, გივი თარგამაძის დანაშაულებრივი ქმედებების სხვა მტკიცებულებებიც აქვს. წყარო აცხადებს, რომ თარგამაძეს არა მხოლოდ შსს-ში, პროკურატურაშიც ჰყავდა „ნასედკები" და მათი ნაწილი დღესაც იქ მუშაობს. თარგამაძე, სავარაუდოდ, თავისი აგენტურისგან მიღებულ ღირებულ ინფორმაციებს აწვდიდა დათა ახალაიასა და დავით კეზერაშვილის დაცვის მხარეებს და ამას, ცხადია, უკანონოდ აკეთებდა. კანონით, ბრალდების მხარემ, დაცვის მხარეს სასამართლო სხდომამდე ხუთი დღით ადრე უნდა გადასცეს მის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, ხოლო ერთი მტკიცებულება, შეუძლია შეინახოს და პირდაპირ სასამართლოს სხდომაზე წარმოადგინოს. წყარო აცხადებს, რომ დათა ახალაიასა და დავით კეზერაშვილის ადვოკატებმა, არათუ სასამართლომდე 5 დღით ადრე, არამედ ერთი თვით ადრე მაინც იცოდნენ ბრალდების ყველა მტკიცებულების შესახებ და მათ შორის, იმ ერთი, პროკურატურის გაუხმაურებელი მტკიცებულების, ე.წ. კოზირის შესახებაც. შესაბამისად, დაცვას მეტი დრო და საშუალება ჰქონდა, განეჭვრიტა პროკურატურის სავარაუდო ქმედებები, მისი შემდგომი ნაბიჯები, სტრატეგია, ტაქტიკა და თავად კი უფრო ეფექტურად განახორციელებინა ბრალდებულის დაცვა. ეს თუ ასეა და ეს დაუმტკიცდა გივი თარგამაძეს, მაშინ თავად ხომ „ვირის აბანო" არ ასცდება, დათა ახალაიასა და დავით კეზერაშვილის ადვოკატებიც დიდ შარში გაეხვევიან და შესაბამისად, ეჭვქვეშ დადგება ბერძნული და ფრანგული სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელთაც მათს საქართველოში ექსტრადიციაზე უარი განაცხადეს. სასამართლო უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებს არ ცნობს. როცა ეს ყველაფერი წინ დაუდიათ, აი, ეს გამხდარა გივია თარგამაძის სამგზის გულყრის მიზეზები.
კარგი, შსს-დან უკვე დაიწყო „ნაცების" აგენტების გამოყრა, მაგრამ პროკურატურა როდის დაიწყებს ამ პროცესს, ეს არის საინტერესო. ზემოთ რაც მოგახსენეთ, იქიდან გამომდინარე, პროკურატურის ხელმძღვანელებმა იციან თარგამაძისა და სავარაუდოდ, სხვა „ნაციონალთა" აგენტურის ვინაობა, შესაძლოა, ყველასი არა, მაგრამ ნაწილისა. კი, გაშიფრული აგენტი უკვე აღარ არის სახიფათო, მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქმედებებით ქვეყანას ძირს უთხრიდნენ, კრიმინალთა სასარგებლო ინფორმაციას თარგამაძეს გადასცემდნენ, კინწისკვრით უნდა გამოყარო პროკურატურიდან, ცხადია, ციხეშიც უნდა ჩასვა და არა მარტო ძალოვან უწყებებში, საერთოდ უნდა აუკრძალო სახელმწიფო სამსახურში მუშაობა. ეს სხვებისთვის მაგალითი იქნება და ალბათ, ბევრი აიღებს ხელს `ნაცების~ აგენტობაზე.
უარესის ღირსია ეს ხელისუფლება, გივია თარგამაძის დასაცინ-გასაქილიკებელი რომ ხდება ყოველდღე და მათ პრემიერს ხან „ჰაკიმ ფაშად" მოიხსენიებენ და ხან „ხელისბიჭად". უნდა დაგცინოთ თარგამაძემ, აბა, რა უნდა ქნას, როცა კაცი 3 წელია ხელისუფლებაში აღარ არის და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციებს ისევ ისე ეზიდება ძალოვანი უწყებებიდან, როგორც ძველ დროში, როცა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. გივი თარგამაძე, სავარაუდოდ, „კანონიერ ქურდებს" მნიშვნელოვან ინფორმაციებს აწვდის, მერე გადმოდგება და ხელისუფლებას ადანაშაულებს მათთან კავშირში. ვის აბლატავებთ და აყელყელავებთ? გივია თარგამაძეს? ადექით რა, აღასრულეთ ეგ დედანატირები დაპირებული სამართლიანობა, ჩაავლეთ ხელი ქეჩოში და წაათრიეთ „ვირის აბანოში". აი, მერე ვნახავთ, როგორ იბლატავებს. მაგ ნაკაცარის დაჭერის საფუძვლიანი მიზეზი გინდათ? ინებეთ! კობა ოთანაძე აცხადებს, რომ „მუხროვანის ამბოხის" შეთითხნილი საქმის შემდეგ, როცა ვითომ ამ ამბოხის მეთაურების აყვანის სპეცოპერაცია ჩატარდა და გია კრიალაშვილი მოკლეს, სწორედ გივი თარგამაძემ ესროლა მას იარაღიდან და ხელისგულები დაუხვრიტა. მეტი რაღა მიზეზი გინდათ? ან რა უნდოდა დეპუტატ გივი თარგამაძეს იქ, სადაც სოდ-ის სპეცრაზმი სპეცოპერაციას ატარებდა? არსებობს უამრავი მოწმე, რომლებიც აცხადებენ, რომ გივი თარგამაძე, არაუფლებამოსილი პირი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, სამხედროებს ბრძანებებს აძლევდა და ისინიც უსიტყვოდ ასრულებდნენ მის ამ ბრძანებებს. ეს უმძიმესი სამხედრო დანაშაულია და ორივე მხარე - ბრძანების გამცემიცა და შემსრულებელიც უმკაცრესად დაისჯება. გივია თარგამაძე იყო დარბეული „იმედიდან" და სხვა ტელევიზიებიდან ჟურნალისტთა გადამბირებელი და „დამვერბოვკებელი". ამის შესახებ აუდიოჩანაწერიც გავრცელდა, მაგრამ 2 თვე გავიდა და პროკურატურას ამ საქმესთან დაკავშირებით ჯერ არაფერი განუცხადებია. გივია თარგამაძე იყო უამრავი ბიზნესმენისთვის ბიზნესისა და ფულის „ამხევი" დავით კეზერაშვილთან ერთად, ისიც გულმოდგინედ ავსებდა `ნაციონალთა~ „ობშიაკს", ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ფონდებში არიცხვინებდა მათ ფულს. ამის შესახებ ათობით საჩივარია პროკურატურაში შეტანილი, მაგრამ არც ერთი საქმის ბოლომდე მიყვანას არ დაადგა საშველი, რომ ეს ნახევრად მუნჯი, საბოლოოდ დაამუნჯონ. აი, ამ ხელისუფლების უუნარობით, უნიათობით გათამამებული გივია თარგამაძე იქით იმუქრება, მალე დავბრუნდებით ხელისუფლებაში და ამ ხელისუფლებას ძალიან ბევრ დანაშაულს დავუმტკიცებთ, ბევრს ციხე არ ასცდებაო. მეტი რაღა უნდა გითხრათ ამ ძალად კაცმა, რომელიც მთელი 2012 წელი შიშით არ გამოჩენილა, თვალს მიეფარა, რადგან დაჭერისა ეშინოდა, მაგრამ ხელისუფლება იმდენად სუსტი გამოდგა, რომ გამოჩნდა კი არა, უკვე შეტევაზეც გადმოვიდა.
ლევან ჯავახიშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა"