reportiori.ge - დომენტის მომენტი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:17
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
დომენტის მომენტი!
08 აპრილი, 2015. 04:35


 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ დომენტი სიჭინავას აღნიშნულ თანამდებობაზე მოღვაწეობის ვადა 2015 წლის 22 იანვარს ამოეწურა, თუმცა, ფედერაციის წესდების თანახმად, რომელიც „ფიფასთან" და „უეფასთანაა" შესაბამისობაში, მოქმედ პრეზიდენტს არჩევნების დანიშვნა 2015 წლის ბოლომდე შეუძლია. ვადის ამოწურვიდან 2 თვე გავიდა, არჩევნების ჩატარების თარიღი კი, კვლავინდებურად უცნობია.


დომენტი სიჭინავას ისიც კი უთქვამს, პლატინის პირობა მივეცი, რომ მის მესამედ არჩევამდე უნდა ვიყო პრეზიდენტი და რომ 8 წელი ვიქნებოდი ამ პოსტზეო. ეს არა მხოლოდ სასაცილო მიზეზი, არამედ შეურაცხმყოფელიც კია, რადგან ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ პრეზიდენტს არ ესმის, რომ ის უპირველეს ყოვლისა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, რომელსაც ვალდებულება და პასუხისმგებლობა აკისრია ქართველი საზოგადოების წინაშე და შემდეგაა „ფიფა" და „უეფა".


დომენტი სიჭინავა შეიძლება კარგი მენეჯერია, რომელმაც ფედერაციის ბიუჯეტი, მისივე თქმით, 120 მილიონამდე გაზარდა, თუმცა ნათელია, რომ ფეხბურთთან მწყრალად არის. ერთია ფინანსების მოზიდვა და ბიუჯეტის შევსება, ხოლო მეორე ამ თანხების სწორად გახარჯვა, რასაც, ალბათ დამეთანხმებით, ფაქტობრივად ვერ ახერხებს.


თუ არ ჩავთვლით ტექნიკურ ცენტრ „ბასას", რუსთავის აკადემიას, ლაგოდეხის ბაზას, „მიხეილ მესხის" კოსმეტიკურ რეკონსტრუქციას, თბილისის „დინამოს" ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ეს უკანასკნელი კლუბის მფლობელ რომან ფიფიას ჯიბიდან ფინანსდება და არავითარი კავშირი არ აქვს GFF-თან, დაყვედრებულ რამდენიმე მოედნის საფარს და ასაკობრივი ნაკრებების წარმატებას, რაც მეტწილად ახალგაზრდა თაობის ნიჭსა და ტალანტზეა დამოკიდებული, ქართულ ფეხბურთში ბოლო 10 წელიწადში საამაყო არაფერი მომხდარა და გაკეთებულა.


ბოლო წლებში, ქართული კლუბებიდან მეტ-ნაკლებ წარმატებას მხოლოდ თბილისის „დინამო" და „ზესტაფონი" თუ აღწევდნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანმა კერძო პირის საკუთრებაში ყოფნისას გამოიჩინა თავი, რომელთა მფლობელებმაც საკუთარი ჯიბიდან გასული ფინანსების მეათედიც კი ვერ ამოიღეს. შედეგად, კოკაიამ ისიც განაცხადა, რომ სანამ სიჭინავა იქნება პრეზიდენტი, მანამდე ფეხბურთის განვითარებაში ფინანსებს არ ჩავდებო.


ბოლო წლებში გარკვეული წარმატებით სარგებლობდნენ გორის „დილა" და საჩხერის „ჩიხურა". ეს ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი ბნელი მხარე გახლავთ. როგორც მოგეხსენებათ, „დილა" შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი იყო და მას ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პატრონობდა. ახალი ხელისუფლების მოსვლასთან ერთად, დაწინაურდა საჩხერელთა კლუბიც, რაც საკმაოდ საფუძვლიან ეჭვებს ბადებს ქართული ფეხბურთის აქტიურ გულშემატკივრებში, რომლებსაც ჯერ კიდევ არ დავიწყებიათ თასის ფინალი, რომელშიც მატჩის არბიტრმა წინა ხელისუფლების პატრონაჟით მოასპარეზე „დილას"გადაულოცა ტიტული. დიდი მითქმა-მოთქმის მიუხედავად, ფეხბურთის ფედერაცია დადუმდა, ილია კოკაიამ გული აიცრუა, ქართული ფეხბურთი კი კვლავ დაზარალდა. GFF-მ არაერთხელ გვიჩვენა, რაოდენ უსუსურია ფეხბურთის გაპოლიტიზირებასთან და ჩაწყობილი თამაშების წინააღმდეგ ბრძოლაში.


ერთი რამ შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბრწყინვალედ „გაართვა თავი" ეროვნულ ნაკრებში მაღალანაზღაურებადი მთავარი მწვრთნელების დანიშვნის საკითხს. მათი მიღწევებისა და ანაზღაურების კოლოსალურ შეუსაბამობას კი მხოლოდ იმით ამართლებს, რომ GFF-ის წინა ხელისუფლებაც მაღალანაზღაურებად მწვრთნელებს უნიშნავდა ეროვნულ გუნდს და ჩვენ რატომ გადაგვეკიდეთო? ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, სულელები - საკუთარზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კი, ერთსა და იმავე ხაფანგში მერამდენედ გაეხვა, უკვე სათვალავი ამერია.


ღმერთმა ყველას მეტი მისცეს, მაგრამ თავად განსაჯეთ, რამდენად მიზანშეწონილია, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაახლოებით 2 მილიონს იღებდეს წლიურ ანაზღაურებას, ეროვნულ ჩემპიონატში კი, გუნდების უმეტესობას 2 მილიონი ბიუჯეტში არასდროს ჰქონიათ. ეროვნული ნაკრების წარმატება ეროვნული ჩემპიონატის დონეზეა დამოკიდებული, უმაღლეს ლიგაში კი, თავმოყვარე ფეხბურთელი არ ჩერდება.


საფეხბურთო საკითხების უცოდინრობის კიდევ ერთი მიზეზი 16-გუნდიანი ეროვნული ჩემპიონატია, რომელიც ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს. 16-გუნდიანი ქვეყნის პირველობის ჩატარებამ საგრძნობლად დასწია უმაღლესი ლიგის ისედაც დაბალი დონე. სიჭინავამ ჟურნალისტებთან საუბრისას არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნულ გუნდებზე ზრუნავს და არა კერძო და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ კლუბებზე და მათი სიღარიბე მათსავე არასწორ მარკეტინგულ საქმიანობასა და უნიათო მენეჯმენტს დააბრალა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში პროფესიული ფეხბურთის ლიგის გაუქმების შემდეგ, კლუბებს ფაქტობრივად ზედამხედველი აღარ ჰყავთ, GFF კი მათ დახმარებას სავალდებულოდ არ მიიჩნევს. თავად განსაჯეთ, რამდენად უნდა ეხებოდეს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბების ბედი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.


ასეა თუ ისე, GFF-ის დღევანდელი მმართველები ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული ნაკრების ერთმანეთზე დამოკიდებულებაზე სხვაგვარი წარმოდგენა აქვთ, ახლა კი თავად განსაჯეთ, ამ ყოველივეს შემდეგ ქართული ფეხბურთი რამდენად დიდი წარმატებით სარგებლობს.


16-გუნდიანი ჩემპიონატის მთავარ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ 8 ან 10-გუნდიანი ჩემპიონატის შემთხვევაში სხვა რეგიონებს ფეხბურთს ვართმევთო. რა გამოდის? ყველა გუნდი უმაღლესში უნდა ასპარეზობდეს იმსახურებს ამას თუ არა? მაშინ რატომ არის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში რამდენიმე ლიგა? თუ გუნდი ღირსეულია, მოიპოვოს მოწინავე ადგილები ქვედა ლიგაში და გამარჯვებებით დაიმსახუროს ადგილი უმაღლეს ლიგაში. სწორედ ამგვარი მიდგომა ქმნის კონკურენტულ პირობებს, რაც განვითარების საწინდარია.


აღნიშვნის ღირსია ზემოხსენებული სუპერთასის მატჩი, რომელზეც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იმხელა აქცენტს აკეთებს, თითქოს ამ ერთი შეხვედრით ქართულ ფეხბურთს ყველა პრობლემა მოუგვარდება. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ასეთი ღირსშესანიშნავი დაპირისპირების მასპინძელი თბილისია, მაგრამ მგონი უპრიანი იქნება, GFF-სგან არანაკლები ყურადღება ეროვნულ ჩემპიონატს ეთმობოდეს.


რაც შეეხება თავად სუპერთასის შეხვედრას, მსგავსი მატჩები სერიოზულ ორგანიზებასა და უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას მოითხოვს. იმის ფონზე, რომ გერმანიასთან სანაკრებო დაპირისპირებისას მოედანზე 7 გულშემატკივარი შერბის, გადამყიდველები ბილეთებს დაუმალავად, კამერების წინ და ინტერნეტ სივრცეში ყიდიან, თავად განსაჯეთ, რამდენად წარმატებით ართმევს თავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტი მათზე დაკისრებულ საქმეს. გერმანელთა ვარჯიშის დროს, შვაინშტაიგერს სულაც მედიააკრედიტაციით შესული 17 წლის ახალგაზრდა მივარდა...


ქართულ ფეხბურთს სწორი გზა და პროფესიონალი გუნდი სჭირდება, რომელიც კარგად იცნობს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ვდგავართ და გააჩნია გეგმა, რომლითაც ისინი უნდა გადაიჭრას. საზოგადოებამ კი, ჯერ კანდიდატთა ვინაობაც კი არ იცის, არათუ მათი გეგმები და ამოცანები.


ასეა, დომენტის მომენტი ჩაუვარდა და - არჩევნების თარიღი კვლავ უცნობია! არადა, რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს ცნობილი არჩევნების ჩატარების თარიღი, რომ კანდიდატებიც გამოჩნდნენ და ამჯერად მაინც გავაკეთოთ ისეთი არჩევანი, რომელიც ქართულ ფეხბურთს ამ ჭაობიდან ამოიყვანს!




 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016