reportiori.ge - „ბუნებრივია, რუსეთისთვის ერთ-ერთი პირველი სამიზნე საქართველოა“ - ექსკლუზიური ინტერვიუ ირინე იმერლიშვილთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 19:57
ინტერვიუ
„ბუნებრივია, რუსეთისთვის ერთ-ერთი პირველი სამიზნე საქართველოა“ - ექსკლუზიური ინტერვიუ ირინე იმერლიშვილთან
ავტორი:
08 აპრილი, 2015. 10:35


„რუსეთი ყველა მიმართულებით ააქტიურებს საკუთარ ე.წ. „რბილ ძალას" და ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი პირველი სამიზნე საქართველოა"


რუსეთის პროპაგანდა, რეალური საფრთხეები და გამოწვევები. „პრაიმტაიმი" უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს ესაუბრა:

 

- როგორ ფიქრობთ, რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო? რა არის ის მთავარი საკითხი, რომელიც დაუყოვნებლივ მოითხოვს ხელისუფლების ყურადღებას?


- სახელმწიფოს უშიშროების კუთხით უმნიშვნელოვანესი საფრთხეებია საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია და მილიტარიზაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას, უარს ამბობს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებაზე, განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობას, რასაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან გაფორმებული ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებებიც ადასტურებს.


კიდევ ერთი სერიოზული და, შეიძლება ითქვას, გლობალური ხასიათის გამოწვევა საერთაშორისო ტერორიზმის მზარდი მასშტაბებია, რამაც ახალი განზომილება შეიძინა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" სახით. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომები უშუალოდ აისახება უსაფრთხოების გარემოზე კავკასიაში. და ის სამწუხარო ფაქტი, რომ ჩვენი მოქალაქეებიც მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე; გარეშე მეთვალყურის როლში ვერ გვამყოფებს. საჭიროა პრევენციული ზომების გატარება და უსაფრთხოების სექტორის გაძლიერება პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობით.

 

- ოპოზიცია ხშირად გვიმტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიცვალა ორიენტაცია და რუსეთისკენ დაიწყო მიბრუნება, რეგიონში მიმდინარე კრიზისებმა შეცვალა ქვეყნის შიგნით პოლიტიკა და საგარეო ვექტორი? პრეზიდენტი ამ თემას ორაზროვნად შეეხო და პოლიტიკურ ძალებს ამ თემით სპეკულაციის საშუალება მისცა. თქვენ როგორ თვლით, მთავრობამ კურსს გადაუხვია?

 

- საქართველოს ორიენტაციის თემა სრულიად ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული: საქართველო ევროპული სახელმწიფოა და საკუთარი ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. თავისი ყოველწლიური მოხსენების პირველივე წინადადებაში პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო ისტორიულად, კულტურულად ევროპაა - არა უბრალოდ ევროპის ნაწილი, არამედ საუკუნეების განმავლობაში ევროპის განვითარების აქტიური მონაწილე. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ღვაწლი, ამ მხრივ, შეუფასებელია, რადგან გეოგრაფიული თუ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩვენ ხშირად მარტო, მოკავშირეების გარეშე, გვიწევდა ევროპული ცივილიზაციისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვა. არა მგონია, ამ სიტყვების „ორაზროვნად" გაგება შესაძლებელი იყოს.


ასევე, შეუძლებელია შარშან ევროკავშირთან ასოცირებული ურთიერთობების დამყარება და NATO-სთან თანამშრომლობისა და თავსებადობის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა რუსეთისკენ მიბრუნებას ნიშნავდეს. საქართველო ევროპის ნაწილია - ამ არჩევანზე თანხმდება პრეზიდენტი, პარლამენტის სრული შემადგენლობა,მთავრობა და რაც მთავარა, საქართველოს მოქალაქეები.

 

- NATO-ს ინფრასტრუქტურის განთავსებამ, NATO-ს სასწავლო ბაზას ვგულისხმობ, შეიძლება რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს? არის რუსეთის მხრიდან შესაბამისი სიგნალები? ჩვენ მოვისმინეთ ლავროვის კრიტიკული განცხადება. რუსეთი ხელისშემშლელი ფაქტორია NATO-ში ინტეგრაციის პროცესში?

 

- ლავროვის განცხადება იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი შეშფოთებულია საქართველოს NATO-სთან დაახლოებით. თუმცა, ახლა, როდესაც მსოფლიო პრაქტიკულად, ახალი წესრიგის ძიებაშია, არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ ევროპასა და დასავლეთსაც სჭირდებათ ძლიერი, განვითარებული, დემოკრატიული საქართველო. საქართველო-NATO-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი მოემსახურება არა მხოლოდ ჩვენი ჯარისკაცების პროფესიული უნარების ამაღლებას, არამედ სხვა პარტნიორი ქვეყნების სამხედროებსაც. ეს ცენტრი მიზნად ისახავს საქართველოს მომზადებას NATO-ში გასაწევრიანებლად და ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლორბების გაძლიერებას. ცენტრის შექმნა არავის წინააღმდეგ არაა მიმართული და ემსახურება უსაფრთხოების გამტკიცებას რეგიონში.


ყველა, მათ შორის ბოლო გამოკითხვების შედეგები ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობის არჩევანია. შესაბამისად, საქართველოს სურვილი, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წევრი, ჩვენიქვეყნის სუვერენული არჩევანია. არაერთხელ აღინიშნა, რომ მესამე ქვეყნებს ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩარევის უფლება არ აქვთ.


- რუსეთი აქტიურად მუშაობს ევრაზიული კავშირის შესაქმნელად, ის სამხედრო მოქმედებებსაც კი არ ერიდება გავლენების მოსაპოვებლად, უკრაინა ამის ნათელი მაგალითია, საქართველოს ხელისუფლებაში განიხილება ამ კავშირთან საქართველოს ურთიერთობა რაიმე ფორმით?

 

- რუსეთს სრული უფლება აქვს, შექმნას ნებისმიერი კავშირი, ნებისმიერ ქვეყანასთან, ვისაც რუსეთთან პარტნიორობა სურს. ჩვენ პატივს ვცემთ სხვა სახელმწიფოების სუვერენულ არჩევანს და იგივეს ველოდებით ჩვენი მისამართით, როდესაც ვაცხადებთ, რომ ევროკავშირისკენ მივდივართ.


- ერთ-ერთი ინფორმაციით, რუსეთმა გამოყო სოლიდური თანხები პრორუსული პოლიტიკის პროპაგანდისთვის. ითქვა, თითქოს ამ თანხების ასევე სოლიდური ნაწილი ქართულ პოლიტიკასა და მედიაში იწყებს დაბანდებას. გაქვთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია?

 

- რუსეთის პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური გააქტიურება არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს; რუსეთი ყველა მიმართულებით ააქტიურებს საკუთარ ე.წ. „რბილ ძალას" და ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი პირველი სამიზნე საქართველოა. საქართველოში პროევროპული ძალების რიცხობრივი და ღირებულებითი უპირატესობა პრორუსულ ძალებზე სრულიად აშკარაა, მაგრამ ეს არ იძლევა მოდუნების უფლებას. პირიქით, საჭიროააქტიური პოლიტიკა და ქვეყნის შიგნით პროდასავლური დღის წესრიგის კოორდინაცია. რაც შეეხება მედიასა თუ პოლიტიკაში რუსული კაპიტალის დაბანდებას, ეს შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების საქმეა. კანონი კრძალავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას საზღვარგარეთიდან, ხოლო ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება გარანტირებულია, თუკი ის კანონის ფარგლებში ხორციელდება.

 

- შეიძლება ითქვას, რომ დღეს პოლიტიკური პროცესები კრიზისში შედის? შეგიძლიათ, მიზეზები დაასახელოთ? თქვენი აზრით, კრიზისს ოპოზიცია ქმნის? ჩვენ აქ ორმხრივი ბრალდებები გვესმის. თუ ფიქრობთ, რომ ასეთი შეფასებები მაინც გაზვიადებულია?

 

- გასული სამი წელი განსაკუთრელბული იყო საქართველოსთვის. პირველად ისტორიაში მოხდა ხელისუფლების სრული ცვლა არჩევნების გზით. ჩატარდა საპრეზიდენტო, საპარლამენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - სრული ციკლი.ეს არჩევნები საყოველთაოდ არის აღიარებული, როგორც ღია, დემოკრატიული და სამართლიანი პროცესი. შესაბამისად, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის მოქალაქეების ნების გამოხატულებაა. ცხადია, როგორც პარლამენტში, ასევე, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში არსებობს ოპოზიციური ჯგუფებიც, რომელთა მთავარი ამოცანა არსებულ ხელისუფლებასთან ოპონირებაა, რაც ხშირ შემთხვევაში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მუქ ფერებში წარმოჩენას, დრამატიზებას შეიცავს. თუმცა, ამას პოლიტიკურ კრიზისს ვერ დავარქმევდი.

 



ქეთი ხატიაშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016