reportiori.ge - ჯონი გიგანი: ბესო ხარძიანი ციხიდან რომ გამოვიდა, პირველ რიგში გია უდესიანი უნდა მოეკლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:11
ინტერვიუ
ჯონი გიგანი: ბესო ხარძიანი ციხიდან რომ გამოვიდა, პირველ რიგში გია უდესიანი უნდა მოეკლა
ავტორი:
08 აპრილი, 2015. 10:37


„ამ საქმეს ლაშა ნაცვლიშვილი კურირებდა და დებილმა კბილაშვილმაც ფეხებზე დაიკიდა!"


ბიზნესმენი ჯონი გიგანი ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ დაიწყოს მთავრობაში წმენდა და ყველა საქმე გამოიძიოს:


„იმის გამო, რომ პოლიტიკაში ყოფნა არ მინდა, რატომ უნდა ველოდო ისეთი ნაძირალების ტყვიას, როგორებიც არიან გია უდესიანი, დავით კეზერაშვილი და სხვები"?


გიგანის თქმით, საქართველოში ბიზნესმენებს საფრთხე ემუქრებათ არა მხოლოდ ყოფილი, არამედ მოქმედი ხელისუფლებისგანაც, რადგანაც კლავენ იმათ, ვის საქმეშიც ბევრი მოქმედი სახელმწიფო მოხელის დანაშაული იკვეთება. როგორც ჯონი გიგანი ამბობს, გია უდესიანმა, „ნაციონალების" ზონდერმა მას ჯერ კიდევ „ნაციონალების" ზეობის პერიოდში ესროლა და მხოლოდ შემთხვევით გადარჩა:


- გია უდესიანსა და „ნაციონალებს" ჩემი ბიზნესის, „მორკინალის" წართმევა უნდოდათ. როგორც კი „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, და მეც მაქვს წვლილი ამათ მოსვლაში შეტანილი, მაშინვე შევიტანე განცხადება პროკურატურაში, მაგრამ მას მერე მხოლოდ ხარძიანის მკვლელობის შემდეგ დამიბარეს.


- ჯონი, „მორკინალის" მითვისებაში კონკრეტულად უდესიანი მონაწილეობდა?


- მე მყავდა უცხოელი ინვესტორები, ეგ პარტნიორად შემოსული არ იყო ჩემთან, არ შემოვუშვი, ახლოს არ გავიკარე, რადგან ვიცოდი, რა ნაძირალაც იყო, ყველგან თაღლითური გზებით ძვრებოდა. იმ პერიოდში მე უკვე მყავდა ბალტიისპირელი პარტნიორები, პირველი ტრანშიც ჰქონდათ მოცემული და ამ დროს გამომეცხადა უდესიანი, რომელიც მეუბნება, მე უფრო დიდი ინვესტორები მყავსო. მე ვუთხარი: შენი ჭირიმე, ახლა უკვე აღარაფრის გაკეთება აღარ შეიძლება, ხელშეკრულება გაფორმებული მაქვს, პირველი ტრანშიც აღებულია, დაფინანსება დაწყებული აქვთ-მეთქი. ჩემდა საუბედუროდ, წამომცდა, ორ კვირაში მეორე ტრანშსაც ველოდები-მეთქი. გავიდა ორი კვირა და ეს ხალხი აღარ გამოჩნდა, თურმე ამ გარეწარს შეუშინებია. მათი წარმომადგენელი 2012 წლის შემდეგ გამოჩნდა და გავიგე ყველაფერი. ინვესტორების გაყრის შემდეგ უნდოდა ჩემი ლიკვიდაცია და მთლიანად დაეუფლებოდა „მორკინალს" თავის ძმაკაც ქურასბედიანთან ერთად. „მორკინალის" ადგილზე უნდოდათ კორპუსის აშენება. მე პროკურატურაში იმიტომ შევიტანე განცხადება, რომ ეს ყველაფერი გამოსაძიებელია. თუმცა ამ უდესიანს მაიმუნი ჩინოვნიკები მფარველობდნენ და არაფერი არ გამოიძიეს. ამიტომ ვართ დღეს ბიზნესმენები ორმოში, ვინ მოგვკლავს, არ ვიცით. აქეთ „ქართული ოცნების" მექრთამე ჩინოვნიკებს არ აწყობთ, რომ გამოიძიონ და იქით „ნაციონალები" პარპაშებენ, საქმეები ჩაწყობილი აქვთ. მკვლელობები კიდევ გაგრძელდება, თუ ხმა არ ამოვიღეთ, მერე გვიანი იქნება.


- გია უდესიანმა როდის და სად გესროლათ?


- სამი-ოთხი მეტრიდან პირდაპირ შუბლში მესროლა, მაგრამ ამაცდინა. თავიდან მეგონა, მაშინებს-მეთქი. იქ იყვნენ ლადო კვარაცხელია, დათო მიქაბერიძე და სხვები. ხელზე მიქაბერიძე მიახტა, ხელი აუკრა, სულ ოთხი გასროლა იყო.


- ამდენ ხალხში გკლავდათ, კაცო?


- აბა, რა? მაშინ „ნაციონალები" მაგრად იყვნენ და არაფრისა არ ეშინოდა. ასულები ვიყავით ლადო კვარაცხელიას ოფისში, საქმეზე ვლაპარაკობდით. უდესიანიც მოვიდა და ძალიან არ მომეწონა, აქეთ-იქით დარბოდა, ორი პისტოლეტი ჰქონდა გარჭობილი, ტელეფონით ვიღაც გენერალს ელაპარაკებოდა, ვიღაც პოლკოვნიკს, ვიღაც „ძმაოს". ამის შემდეგ ჩვენს ლაპარაკში ერთხელ ჩაეჩხირა, გამიკვირდა, ახლო ურთიერთობა მაგასთან არასოდეს მქონია, რადგან ვიცნობდი, „მხედრიონში" იყო რაღაც წუმპე. ვთხოვე, დაბრძანდით და გვაცალეთ ლაპარაკი-მეთქი. მერე კიდევ აგრძელებდა თავისას, გვეჩხირებოდა ლაპარაკში. ჩვენ რაღაც პროექტზე ვლაპარაკობდით. თავისი საქციელით იმიტაციას მიქმნიდა, რომ უნდა შევეშინებინე, მესამედაც რომ გაუტია, ფეხზე წამოვდექი, უკაცრავად, თუ არ გვაცდით, მაშინ გარეთ გაბრძანდით, ტყუილად ნუ ბუტბუტებთმეთქი. ეს მიიღო შეურაცხყოფად, რას ჰქვია, ვბუტბუტებო? ამოიღო, ბიჭო, იარაღი და მესროლა. როგორც უკვე გითხარი, მისცვივდნენ, ოთხჯერ კიდევ გაისროლა და მერე გაიყვანეს. ჩვენც დავიშალეთ, გარეთ გამოვედით, უცებ დამწვარი თმის სუნი მეცა, საფეთქელთან მოვისვი ხელი და ერთი მუჭა თმა შემრჩა ხელში. აი, იქ მართლა შემეშინდა, უკვე ვიფიქრე, რომ მკლავდა.


- შემთხვევით ხართ გადარჩენილი.


- კი, ერთი ხანობა ისიც ვიფიქრე, შეიძლება სნაიპერია, ასე როგორ მესროლა, რომ მხოლოდ თმა შემიტრუსამეთქი?


- ეს ყველაფერი პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში გიწერიათ?


- კი, ყველაფერი დავწერე, მაგრამ ამ საქმეს ლაშა ნაცვლიშვილი კურირებდა და დებილმა კბილაშვილმაც ფეხებზე დაიკიდა. ეს საქმე გადასცეს მთაწმინდის პოლიციის სამმართველოს და დამკითხა ინსპექტორის თანაშემწემ.ეს საქმე კარგ გამოძიებას საჭიროებდა, უამრავი ქონება დავკარგე, ერთ ადგილას 20 მილიონი წავაგე, მეორეადგილას - 7 მილიონი და ამ დროს მეძახის ვიღაც ინსპექტორის თანაშემწე. ჯანდაბას, აღარ დავეძებ, რაც დავკარგე, მაგრამ უკვე სირცხვილია, რასაც ესენი შვრებიან, წართმევაც არ იკმარეს და ახლა გვხოცავენ.


- ჯონი, ბესო ხარძიანთან რამეურთიერთობა გქონდათ, ახლოს იცნობდით?


- ძალიან ახლოს ვიცნობდი, ბავშვობიდან ერთად დავფრთიანდით. ბიზნესში ცალ-ცალკე ვიყავით, მაგრამ როცა ციხეში იყო, როგორც შემეძლო, გვერდში ვედექი. ამ გარეწარმა უდესიანმა ჯერ მოსასმენი აპარატი ჩაუდო, მერე კი ჰეროინი ჩააყარა პირში. დღე და ღამე სცემდნენ, ამ ყველაფრის მომსწრე ვარ. ბესოს ძმაც შეშინებული ჰყავდათ, ისე სცემეს და შეაშინეს, განცხადებაც კი ვერ დაწერა პროკურატურაში, ერთი პროცენტი მაინც იყო შანსი, რომ გამოძიება დაიწყებოდა. ქონება ტერორით გადააფორმებინეს ოჯახს, ტერორით დააქციეს მთელი ოჯახი და ყველა გააუბედურეს. ბესო ხარძიანი ციხიდან რომ გამოვიდა, პირველ რიგში გია უდესიანი უნდა მოეკლა, მაგრამ არ უნდოდა, სამართალს ეძებდა. ჩვენ არ გვინდა შურისძიება, არც ერთს არ გვინდა, ის გავაკეთოთ, რაც ამათ დაგვმართეს. უდესიანმა პირადად ესროლა თუ არა ბესო ხარძიანს, რა მნიშვნელობა აქვს, რაც მას გაუკეთეს, ეს არ არის საკმარისი, რომ დააპატიმრონ? ეს არ არის საკმარისი, მე რომ მესროლა? მე რომ დღეს ამაზე ვყვირი, ხელისუფლებას არ რცხვენია? თუ „ქართული ოცნება" სამი წლის წინათ დაარსდა, მე და ჩემი ოჯახი მთელი 9 წელი ვყვიროდით, რომ ქვეყანაში სამართალი არ იყო. ბევრ რამეზე არ ვწუწუნებდი, ბევრ რამეზე არ ვლაპარაკობდი იმიტომ, რომ ჩემზე მეტად სხვებს უჭირდათ. კი, ამ ნაძირალამ ყველანაირად გამანადგურა, მაგრამ ჩემი პარტნიორებიდან 6 კაცი ციხეში იჯდა. ესე იგი, ბევრი რომ წამართვეს, ამით სიკვდილს გადავრჩი, არა? ეს გარეწარი უდესიანი მერე ჩემთან შერიგებას ცდილობდა, ლადო კვარაცხელია მომიგზავნა. მე ვუთხარი, მაგას არც ვიცნობ და არც მინდა, რომ ვიცნობდე, შესარიგებელიც არაფერი მაქვს, მირჩევნია, ჩემგან შორს იყოს-მეთქი. არავითარი ინვესტორები მაგას არ ჰყავდა, ჩემს ბიზნესში უნდოდა შემოძრომა და „მორკინალის" მთლიანად ახევა. ამ ყველაფერში ხელს უწყობდა თავისი კუდი, რევაზ ქურასბედიანი. ეს არის წურბელების ბანდა. ქურასბედიანს ფული ჩაადებინეს კუს ტბაზე და ასე „აახიეს" ხარძიანს ბიზნესი, ასეთი ყაჩაღი ბიზნესმენი ვერასოდეს ვერ გახდება. რაც მაგათ ბესოს გაუკეთეს, ეს გაუგონარი ამბავია და დაუსჯელი არავინ არ უნდა დარჩეს. 




გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016