ბაჩო ახალიას სასამართლო პროცესი, რომელიც ოთხჯერ გადაიდო, დღეს უნდა გაიმართოს. ახალაიას ადვოკატმა გოგა ონიანმა „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, რომ დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ უნდა წარმოთქვას საბოლოო სიტყვა. ვინაიდან, პროკურატურა დროს წელავს და ამ ხნის განმავლობაში ახალიასთვის ბრალის დამტკიცება არ მოხდა, მოსამართლემ წინა პროცესზე ცალსახად განაცხადა, რომ თუკი პროკურატურა საბოლოო პოზიციას არ დააფიქსირებს, მაშინ ახალაიას ბრალს მოუხსნიან.
„ოთხჯერ გადაიდო სასამართლო სხდომა, მაშინ როცა მისულები ვართ დასკვნით სიტყვამდე. არ ხდება მტკიცებულებების გამოკვლევა. უბრალოდ, პროკურატურამ უნდა ჩამოაყალიბოს საბოლოო პოზიცია, რაში სდებს ბრალს ახალაიას, თუმცა ეს ვერ მოახერხეს ოთხი პროცესის განმავლობაში. საზოგადოება ხვდება, რომ მომიზეზებული იყო თითქოს რეზო ნადოი ცუდად გახდა, შემდეგ ვითომ ია დარჯანიამ ვერ გაიხსენა რომ მიცნობდა. მესამე სხდომაზე გაახსენდა, რომ ერთადაც გვიმუშავია. ეს ყველაფერი საზოგადოებაში კითხვებს აჩენს. გამოდის, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ პოზიცია, ვინაიდან მტკიცებულებები არ არის, ვერ აყალიბებენ თავიანთ ბრალდებებს და აქედან გამომდინარე წელავენ პროცესს, პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით. აღნიშნულის გამო, მოსამართლემ განაცხადა, რომ თუკი პროკურატურას არ ექნება პოზიცია, ჩათვლის რომ ბრალი არ უმტკიცდება და მოუხნის ბაჩო ახალაიას ბრალს. ვინაიდან მოსამართლემ ასეთი განცხადება გააკეთა, მიმაჩნია რომ დღეს მოვლენ, ისაუბრებენ, მაგრამ ეს არ იქნება მტკიცებულებებზე დაყრდნობით. შემდეგ ჩვენ დაკვნით სიტყვაში, ნათელს გავხდით თუ რასთან გვაქვს საქმე, არსებობს თუ არა რაიმე სახის მტკიცებულება ახალაიას საქმესთან და შემდგომ უკვე დაველოდებით მოსამართლის გადაწყვეტილებას." - განაცხადა ადვოკატმა „რეპორტიორთან" საუბარში.
შეგახსენებთ რომ ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი, დღეს 12 საათზე უნდა გაიმართოს.