„კარგია, როდესაც სწაფად ხდება რეაგირება დანაშაულის ჩადენის ფაქტზე",- ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შალვა აბულაძის დაკავებას და სასამართლოს გადაწყვეტილებას.
როგორც ბესელიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აბულაძის დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა ზუსტი გათვლებით. მისი განმარტებით, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სპეცოპერაციას მსხვერპლი არ მოჰყოლოდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულიად ახალი სტანდარტი დამკვიდრდა სამართალდამცავ სისტემაში. ეს მეტყველებს ჩემთვის, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, იმ სრულიად ახალ წესებზე, რომლითაც ხელმძღვანელობს დღეს სამართალდამცავი უწყება, როდესაც მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირის მიმართ ხდება მაქსიმალური სიფრთხილით და სიზუსტით სპეცოპერაციის ჩატარება. მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ სპეცოპერაციას არ მოჰყოლოდა მსხვერპლი.
ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფოს მხრიდან სწრაფად მოხდა რეაგირება, რადგან საზოგადოებაში მიზანმიმართულად ხდებოდა ნეგატიური, მძიმე ფონის ხელშეწყობა და ეს ცუდად მენიშნა. საჭიროა ყველაზე კრიტიკულ სიტუციებში მაქსიმალური ძალისხმევა, რომ არ შეიქმნას მძიმე ემოციური ფონი",- განაცხადა ბესელიამ.