წმინდა ცეცხლს თბილისში თელ-ავივიდან 23:30 საათზე ჩამოაბრძანებენ.
აეროპორტის საინფორმაციო სამსახურის ცნობით, წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში ჩარტერული რეისით ჩამოაბრძანებენ. წმინდა ცეცხლს აეროპორტში სხვადასხვა ტაძრების სასულიერო პირები და მრევლი დახვდება.
უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:16 საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე 15:12 საათზე შევიდა. მანამდე იგი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხრიკეს, მათ შორის პოლიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა უფლის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის საგანგებო ლოცვა შეასრულა.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)